№13 როგორ გაუფრინდა აწყობილი ბიზნესი ქართველ ფერმერს
ცნობილი მსახიობი ბორის წიფურია ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) ბიზნესგეგმა შეადგინა. ბანკიდან სესხი აიღო და ბატების ფერმა გააკეთა, რომ მათი ქონიანი ხორცი რესტორნებში ჩაებარებინა, რაც იმ დროს საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი იყო. ნასესხები ფულით ჰოლანდიაში 200 ბატის ჭუჭული იყიდა, რომლებიც უკლებლივ ჩამოუვიდა და თან ინგლისურ ენაზე 500-გვერდიანი ინსტრუქცია მოჰყვა. როგორც მერე გაირკვა, ჩემმა ახლობელმა ბატებს მოყოლებული ინსტრუქცია წაუკითხავად თაროზე შემოდო და კარგა ხანს არც კი გახსენებია. ჰოლანდიური ბატის ჭუჭულები კი უდანაკარგოდ იზრდებოდნენ და ზამთრისთვის უკვე კარგი შემოსავალი უნდა მოეცათ. თუმცა, სექტემბრის მიწურულს, ერთ მთვარიან ღამეს ფერმის ყველა ბატი ჰაერში აიჭრა და სამუდამოდ დატოვა იქაურობა – ერთ გუნდად შეკრული ბატები თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ.
საქმე კი ის იყო, რომ ინსტრუქციაში, რომელიც ბატის ჭუჭულებს მოჰყვა, ეწერა: თბილ ქვეყნებში რომ არ გაფრენილიყვნენ, შემოდგომაზე მათთვის ფრთები უნდა შეეჭრათ.“