№13 როგორ გაიტანა 7 მილიონი დოლარი ქართველმა თაღლითმა „პერესტროიკის“ დროს
ჩარტერული რეისები
გორბაჩოვისეული „პერესტროიკა“ თითქმის სრული ბრუნვით მუშაობდა, მაგრამ ქვეყანა ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე. თუმცა, „სოციალისტური სული“ დიდი სისწრაფით ეცლებოდა და ამის ნათელი დასტური კოოპერატივები და სანქციონირებული კერძო ვაჭრობა იყო. მთელი საბჭოთა კავშირი სოკოებივით აღმოცენებული, კერძო მაღაზიებითა და კიოსკებით იყო მოფენილი და იქ გამოტანილი „ფირმა“ (უცხოური) საქონელი დიდი მოთხოვნით სარგებლობდა მოსახლეობაში. სინამდვილეში კი მთელი ეს „უცხოური ტავარი“ მხოლოდ და მხოლოდ ფერად-ფერადი მსოფლიო ბრენდების ფუტლარები იყო და მათი შიგთავსი (სიგარეტები, სასმელი) იმაზე მეტი „ხლამი“ იყო, რასაც იმ პერიოდში საბჭოური წარმოება უშვებდა. ანუ, მთელი ეს სიგარეტი, ვისკი, ძეხვი თუ კონსერვი – აბსოლუტურად ფალსიფიცირებული საქონელი – იატაკქვეშა საამქროებში მზადდებოდა. ეტიკეტებს, კოლოფებს, ქილებსა თუ სხვადასხვაგვარ შესაფუთ მასალებს კი მინი-სტამბებსა და მინი-საამქროებში აკეთებდნენ, რომელთა დანადგარები უკვე თავისუფლად შემოდიოდა საბჭოეთში. ამ უზარმაზარ ფალსიფიკაციას, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნებოდა, მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა და მფარველობდა. მასში შედიოდნენ პარტიული, სამხედრო, ძალოვანი სტრუქტურებისა და სამრეწველო სფეროს მსხვილი ფუნქციონერები. მათ მთელი ქვეყანა ტერიტორიებად ჰქონდათ დაყოფილი, თითოეულს კი თავისი მაყურებელი ჰყავდა. მაყურებლის ფუნქცია იყო მისადმი რწმუნებულ მხარეში იატაკქვეშა წარმოების უწყვეტი მუშაობა, პრობლემების მოგვარება ხელისუფლებასთან და შავ სამყაროსთან და ყოველთვიურად მონაგები ფულის ნაწილის ცენტრში, ანუ – მოსკოვში ჩატანა. საქართველო ერთ-ერთი ლიდერი იყო ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოება-გასაღებაში და თბილისიდან ცენტრში ყოველთვიურად დიდი „კუში“ იგზავნებოდა. საქართველოს მაყურებელი 1942 წელს დაბადებული გურამ ჩიხლაძე, პროფესიით ღვინის ტექნოლოგი იყო და 3 წელი ჰქონდა მოხდილი ფალსიფიცირებული ღვინის დამზადება-გასაღებისთვის. ჩიხლაძემ სწორედ პატიმრობის პერიოდში გააბა კავშირი მომავალ დიდ ფალსიფიკატორებთან და მათი რეკომენდაციით გახდა წლების მერე საქართველოს მაყურებელი. სხარტი გონებისა და კრეატივის წყალობით, გურამ ჩიხლაძემ ფრიადზე ააწყო საქართველოში ფალსიფიცირებული წარმოება. სამ უზარმაზარ ავიაბაზაზე – გუდაუთაში, სენაკსა და ვაზიანში ხორციელდებოდა უამრავი საქონლის ფალსიფიკაცია. შემდეგ ისინი იქვე, სატრანსპორტო თვითმფრინავებში იტვირთებოდა და ვითომ უცხოეთიდან ჩარტერული რეისებით ჩამოფრინდნენ, გუდაუთაში აფრენილი თვითმფრინავი სოხუმში ჯდებოდა, სენაკში აფრენილი თვითმრინავი – ქუთაისში, ვაზიანში აფრენილი თვითმფრინავი კი – თბილისის აეროპორტში. სამივე ადგილზე „უცხოურ ტავარს“ უამრავი კერძო კოოპერატორი ელოდა, რომლებიც თვალის დახამხამებაში იტაცებდნენ საქონელს. ფასს კი იქვე, ნაღდი დოლარებით იხდიდნენ და ხშირად ხდებოდა ისე, რომ „საზღვარგარეთიდან“ ჩამოტანილი „ტავარი“ ყველას არ ხვდებოდა. გურამს შტაბ-ბინა საბურთალოზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ჰქონდა. ადრე იქ შემნახველი სალარო იყო და როდესაც ეს შენობა მისმა კოოპერატივმა შეისყიდა, იქ საიმედო საცავი და ოთხი უზარმაზარი ცეცხლგამძლე სეიფი უკვე იდგა. თვის ბოლოს ეს სეიფები ათიათასდოლარიანი დასტებით იყო სავსე. ამ თანხიდან ნაწილი საქართველოში რჩებოდა და ნაწილდებოდა, საიდანაც გარკვეული თანხა გურამის წილი იყო. შემოსულის 50 პროცენტი გურამ ჩიხლაძეს მოსკოვში მიჰქონდა. ფულის ტრანსპორტირება თბილისი-მოსკოვის რეისის თვითმფრინავით ხორციელდებოდა. თანხა სპეციალურ კონტეინერში იყო მოთავსებული და მას გურამთან ერთად ექვსი კუნთმაგარი ახალგაზრდა აცილებდა. მოსკოვში ფულს უკვე „ცენტრის“ წარმომადგენლები ხვდებოდნენ და გურამს უკვე მათთან ერთად მიჰქონდა ფული და საერთო სალაროს აბარებდა, სადაც იმაზე მეტი თანხა გროვდებოდა, ვიდრე სახელმწიფო ბანკში.
სუპერაფერა
1988 წლის დასაწყისში უკვე აშკარა ნიშნები გაჩნდა, რომ უზარმაზარ საბჭოთა იმპერიას დიდი ბზარები გაუჩნდა და ქვეყანა დაიშლებოდა. მიუხედავად ამისა, ფალსიფიკატორთა კორპორაცია კვლავ აწყობილად მუშაობდა და დიდ ფულს „ღუნავდა“. სექტემბრის მიწურულს გურამმა შემოსავალი დაითვალა და აღმოჩნდა, რომ მან 5 მილიონ დოლარს მიაღწია.
საქართველოს მაყურებელმა, ჩვეულებისამებრ, წილისთვის მოსული ადგილობრივი პარტნიორები ფულის წასაღებად 2 ოქტომბერს დაიბარა და ისინი რომ წავიდნენ, საცავში ჩაიკეტა. ორიოდე საათის შემდეგ კი თავისი ექვსი კუნთმაგარი ხელქვეითი იხმო. საიმედოდ ჩაკეტილი ფულით სავსე კონტეინერი მიკროავტობუსში ჩაატვირთინა, თვითმფრინავის გაფრენამდე სამიოდე საათით ადრე აეროპორტში გაგზავნა, რომ კონტეინერი ბარგში შეენახათ და უთხრა, თვითმფრინავის გამგზავრებამდე ორმოცი წუთით ადრე მოვალო. გურამი წილს აეროპორტშიც იხდიდა და პასუხისმგებელ პირს თანხას ყოველთვის გაფრენის წინ აძლევდა. 30 სექტემბერს კი მან აეროპორტში დარეკა და ფულის გამომრთმევს უთხრა:
– ჩემები მოძებნე და უთხარი, რომ უჩემოდ გადაფრინდნენ მოსკოვში და აეროპორტში დამელოდონ. მე შემდეგი რეისით ჩავფრინდები, რადგან აქ საქმე გამომიჩნდა. შენს წილსაც როცა მოვალ, მაშინ გადაგიხდი. შემდეგი რეისისთვის კი ბილეთი დამახვედრეო.
ჩიხლაძის ხელქვეითები დალუქული კონტეინერით მოსკოვში ჩაფრინდნენ და „ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად გურამის შემდეგი რეისით ჩაფრენას დაელოდნენ. გურამს ელოდებოდა აეროპორტის პასუხისმგებელი მუშაკიც, რომელსაც მისთვის მოსკოვის თვითმფრინავის ბილეთი ჰქონდა გამზადებული, თან კუთვნილი წილი უნდა მიეღო. თუმცა, გურამი არც თბილისის აეროპორტში გამოჩენილა და არც მოსკოვში ჩაფრენილა. როცა ცენტრის წარმომადგენლებმა დალუქული კონტეინერი გახსნეს, იქ 3 მილიონი დოლარის ნაცვლად მსხვილ-მსხვილ დასტებად ჩაწყობილი ქაღალდები აღმოაჩინეს. მოსკოვსა და თბილისს შორის „ცხელი ხაზი“ ამუშავდა და 46 წლის გურამ ჩიხლაძეს მილიცია და „შავები“ ინტენსიურად ეძებდნენ. ხუმრობა ხომ არ იყო, მას 5 მილიონი დოლარი ჰქონდა გატაცებული. სინამდვილეში ამ თანხას გურამის მიერ ამ ხნის განმავლობაში ნაგროვები თანხაც ემატებოდა და მას 7 მილიონი დოლარი ჰქონდა წაღებული, რაც ასტრონომიული თანხა იყო.
P.S. გურამ ჩიხლაძე 2012 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა კუნძულ მალიორკაზე, სადაც საკუთარი ვილა ჰქონდა.