№13 ვის შთამომავლებად მიიჩნევდნენ მონღოლი ქრისტიანები ბაგრატიონებს და რატომ თვლიდნენ მათ განსაკუთრებულ დინასტიად
ლაშა-გიორგის ანდერძის მიხედვით, სამეფო ტახტის მემკვიდრე იყო მისი ვაჟი, რომელსაც დავით მეშვიდე ულუს სახელით ვიცნობთ. ჯერ იყო და, ჩვილობაში დედა ჩამოაშორეს, შემდეგ მამა მოუკვდა და მამიდა ზრდიდა. ლაშას ანდერძის მიხედვით, სრულწლოვანების მიღწევისას, მამიდას მისთვის ტახტი უნდა დაეთმო. მაგრამ, გათხოვდა მეფე-მამიდა რუსუდანი, შეეძინა ვაჟი და გადაწყვიტა, თავიდან მოეცილებინა ძმისწული. ამ მიზნით, როცა თავისი ასული თამარი რუმის სულთანს მიათხოვა, დავითი მაყრად გააყოლა. სიძეს კი მისწერა, მოკალიო. რუმის სულთანმა ციხეში ჩააგდო ქართველთა ობოლი უფლისწული. დაახლოებით შვიდი წელი ხაროში იყო გამომწყვდეული ლაშას ძე. ტყვეობა დაეტყო და საუბრის დროს ენას უკიდებდა. ფიცხიც გახდა და ხანდახან დაუფიქრებლადაც იღებდა გადაწყვეტილებას.
არც სიჯიუტე აკლდა მეფეს. მართალია, მონღოლების დახმარებით გადარჩა და სამეფო ტახტიც მიიღო (სანახევროდ, მამიდაშვილ დავითთან ერთად), მაგრამ, დამპყრობლებს ვერ იტანდა. გამწარებული იყო მონღოლების მიერ ჩატარებული აღწერის გამო. დიდი გადასახადები დაუწესეს ქვეყანას და თან, აკრეფისას თვითნებობდნენ. განსაკუთრებით ცუდად იქცეოდა გაქნილი ვაჭარი, მონღოლების მოხელე, სპარსელი მაჰმადიანი – ხოჯა აზიზი, რომელიც ხალხს დიდ გადასახადს ართმევდა და თვით მეფის სამზარეულოც კი დაბეგრა. ამიტომ, აჯანყდა დავით მეშვიდე. თუმცა კარგი ორგანიზება არ გამოუვიდა და დამარცხდა.
ყაენ ჰულაგუმ კი დაამარცხა ჩვენი ხელმწიფე, მაგრამ ვერც ხელში ჩაიგდო და ვერც დაიმორჩილა. არადა, სჭირდებოდა საქართველოს სახელმწიფოს სამხედრო რესურსი. თან ეშინოდა, მის მტრებს, ოქროს ურდოს არ მიმხრობოდა დავით მეფე. მით უმეტეს, დავით ნარინი, ფაქტობრივად, არც ემორჩილებოდა მონღოლებს.
ყაენმა თავის ვაზირს, არღუნს უბრძანა, გაეგზავნა ელჩი დავით მეფესთან და ფიცით დაუმტკიცა უვნებლობის გარანტია. დავით ულუს ცოლი, დედოფალი გვანცა და პატარა უფლისწული დიმიტრი, საილხანოში ჰყავდა ტყვეებად ყაენს. ისინი აჯანყების დროს ჩაიგდეს ხელში. ჩვენს მეფეზე გამწარებულმა ყაენმა კინაღამ დახოცა დედოფალი გვანცა და უფლისწული დიმიტრი.
ყაენი წერილით ჰპირდებოდა დავით მეფეს, რომ კვლავ აღიარებდნენ მეფედ.
დავით მეშვიდემ მისწერა ჰულაგუს: „ხოჯა აზიზის გამო ავჯანყდი. თუ ყაენს ჩემი შეწყნარება ნებავს, გამოვაგზავნი ჩემს უფროს ვაჟს, გიორგის და მას უბოძოს ჩემი სამეფო. დედოფალი გვანცა და დიმიტრი უფლისწული გამოაგზავნოს ჩემთან. ხოჯა აზიზი კი გადმომცეს, რათა სიკვდილით დავსაჯო და შური ვიძიო მისი ბოროტი საქმეებისთვის.“
ყაენს მოეწონა მეფის წინადადება, გამოითხოვა უფლისწული გიორგი და ფიცით მისცა გარანტია ლაშას ძეს, რომ უვნებლად დაიცავდა მის ვაჟს. მეფეს შეჰპირდნენ, თუ დავით მეფე ყაენ ჰულაგუსთან მივიდოდა, მას არაფერს დაუშავებდნენ, ხოჯა აზიზს კი გადასცემდნენ.
ყაენის ელჩი მივიდა დავით მეფესთან, შეჰფიცა და წაიყვანა უფლისწული გიორგი. დავითი დაბრუნდა თავის სატახტო ქალაქ ტფილისში.
ყაენის ელჩმა, ენუქ არქუნმა ურიცხვი საჩუქარი მიართვა გიორგი უფლისწულს და ურდოში წაიყვანა. ჯერ ჰულაგუს უფროს ცოლს, ტონღუზ ხათუნს ეახლნენ, რომელიც ნესტორიანელი იყო. ნესტორიანელები აღიარებდნენ ქრისტეს. ჰულაგუ ყაენის უფროსი ცოლი მფარველობდა ქრისტიანებს. ტონღუზ ხათუნი დიდ პატივს სცემდა ნესტორიანელ ენუქ არქუნს. მას ძალიან მოეწონა პატარა გიორგი უფლისწული. მერე გიორგი დავითის ძე ილხანთან შეიყვანეს. ყაენმაც ტკბილად მიიღო და პატივი სცა. გიორგი უფლისწული ერთი წელი იყო ყაენთან. ილხანმა ის ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა და მამამისს შეუთვალა, მასთან მისულიყო.
მაგრამ დავით ულუმ უპასუხა: „თუ არ გადმომცემთ ხოჯა აზიზს, ურდოში არ მოვალო“.
ყაენი გაამწარა ჩვენი მეფის პასუხმა. მას არ უნდოდა ხოჯა აზიზის სიკვდილი. ვასალის მოთხოვნით საკუთარი მოხელის დასჯა მისთვის შეურაცხყოფა იქნებოდა. ყაენს ვეზირმა არღუნმა ურჩია: „არ მოვა მეფე დავითი შენთან სამსახურისთვის, გატყუებს, გვაწვალებს. გირჩევ, მოკალი მისი ძე, მომეცი ჯარი საქართველოში სალაშქროდ და ქართველთა მეფეს შეკრულს მოგიყვანო.“
გაცოფებულმა ყაენმა გაგზავნა ხალხი უფლისწულისა და სხვა ქართველების მოსაკლავად, რომლებიც მეფის ძეს ახლდნენ. ენუქ არქუნი სასწრაფოდ ეახლა ტონღუზ ხათუნს და და ყველაფერი აუწყა. ტონღუზ ხათუნი ენუქ არქუნთან ერთად მიეჭრა ქმარ ყაენს და მიმართა:
„დიდო ყაენო, მაღალო ხელმწიფეო, რა უსამართლო ბრძანება გაგიცია, მეფის ძე გინდა მოკლა და მისი მსახურები? განა არ იცი, რომ ბაგრატიონი უფლისწული წინასწარმეტყველთა ბრწყინვალე და გამორჩეული გვარის შვილია. შენ არ იყავი ხელუხლებლობის ფიცით რომ მოიყვანე ის?! მე და ენუქ არქუნს გვირჩევნია, თავი გავწიროთ მეფის ძისთვის! განა არ იცი, რომ შენი ბიძაშვილი, ბათო ყაენი ელჩებს უგზავნის და დიდ საჩუქრებს უძღვნის უფლისწულის მამას, დავით მეფეს და სთხოვს, მისცეს დარიალისა და დასავლეთის გზა, რომლებიც მეფის ხელშია. გირჩევ, ერთი სპარსელი ვაჭარი ბერიკაცის გამო, დიდ ხელმწიფეს სამუდამოდ ნუ გადაიკიდებ და ნუ გადაიყვან შენი მტრების მხარეს. იცოდე, თუ ბათო ყაენის ულუსი და საქართველო შეიკვრებიან, დიდი ხიფათი გელის“.
ჭკუაში დაუჯდა ცოლის გონივრული რჩევა ჰულაგუს, მოაყვანინა გიორგი უფლისწული, გულუხვად დაასაჩუქრა, შემოსა ბრწყინვალე სამოსლით, გადასცა ტუნღუზ ხათუნს და ენუქ არქუნს და უთხრა: „აჰა, მეფის ძე, ჩემი მტკიცე ფიცით გაძლევთ. წადი, ენუქ, წაიყვანე მეფის ორივე შვილი – გიორგი და დიმიტრი და დედოფალი გვანცა. როგორც გენებოთ, შენ და ტონღუზ ხათუნს, ისე მოიქეცით და მომიყვანეთ დავით მეფე“.
წამოვიდა ენუქ არქუნი საქართველოსკენ, წამოიყვანა მეფის ორივე ვაჟი და ხოჯა აზიზი. მიუყვანა შვილები ჩვენს ხელმწიფეს, მიართვა ყაენისგან წიგნი ფიცისა და მიჰგვარა ხოჯა აზიზი.
მეფის ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს ხარბ ხოჯას. აღმართეს ძელი საქართველოს დედაქალაქში და ხოჯა-აზიზის მიერ გამწარებულმა თბილისის მოქ ალაქეებმა ნახეს, როგორ ჩამოაცვეს მათი მჩაგვრელის, ხარკის ამკრეფის თავი ძელზე.