კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ღალატის საზღაური

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #10-12(951)


ყოველივე ეს ანზორიკომ იცოდა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა... და უცებ თითქოს გონება გაუნათდა: იაფფასიანი დეტექტიური სიუჟეტის გათამაშება ხომ არ გადაწყვიტეს „ვაჟკაცებმა“? აკი ამ რამდენიმე ხნის წინ ზინიკოს დედის ბინიდან ცალ-ცალკე მოითხოვეს სამემკვიდრეო წილი?! არადა, არც ზინიკომ და არც გოგოებმა არ იცოდნენ, რომ ანზორიკომ ორივე ვაჟიშვილს უყიდა სამ-სამოთახიანი ბინა საბურთალოზე, გაურემონტა და ავეჯითაც გაუვსო, მაგრამ არ იკმარეს ბიჭებმა.
ანზორიკოს ტვინის ერთი უჯრედი ჩაებღაუჭა იმ ვერსიას, რომ სინამდვილეში შვილები სძალავდნენ სახლ-კარს, მაგრამ მათი გადამოწმების არც მატერიალური საშუალება ჰქონდა, არც ფიზიკური და არც მათი ადგილსამყოფელი იცოდა, მაგრამ, გარდა ამისა, მის ოჯახს იმ ვიღაც უცნობისგან ფიზიკური განადგურების საშიშროება ელოდა და ამიტომ ვერ ბედავდა, სამართალდამცავი ორგანოები ჩაერია ამ საქმეში, მით უფრო, რომ თვითონაც დასაჭერად ჰქონდა საქმე. ამიტომ გაიფიქრა, მოსახდენი მაინც მოხდებაო და, გადაწყვიტა, ბედს მინდობოდა – შეესრულებინა, რასაც უცნობი ითხოვდა და, თუ თვითონ მას, ანზორიკოს, დაიჭერდნენ, იმ მომენტში ასე ერჩივნა კიდეც – ბოლოს და ბოლოს, დავისვენებ ამდენი ნერვიულობისგან, რადგან ყველაფერი უკვე ჩავლილი იქნება და ცოტას მაინც ამოვისუნთქავო.
– ზეგ იტალიაში მივდივარ, ჩემმა დეიდაშვილმა დამპატიჟა, – გაიგონა უცებ და ოთახში შემოსული ზინიკო დაინახა, რომელმაც გორგოლაჭებიანი ჩემოდანი გარდერობთან მიაგორა და თავისი ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო.
– მიყვარხარ, ზინიკო, –  მოულოდნელად ის უთხრა ანზორიკომ ცოლს, რაც იმწამს გაიფიქრა.
– ჰო, როგორც მდიდარი მოსამსახურე, რომლის ქონებითაც, გგონია, რომ კაცად იქეცი. თუმცა, ესეც საკითხავია, გამოგივიდა თუ არა.
– რომ არ მყვარებოდი, წავიდოდი შენგან.
– სად? რომელ მეძავთან? თუ, რომელიმე შვილის ნათლიასთან? მაგრამ ახლა იმათაც აღარ სჭირდები, – ირონიულად ჩაიცინა ზინიკომ, – ან, იქნებ, გურიაში დაბრუნდებოდი?
– როდის ჩამოხვალ?
– როცა მომინდება. არც ამ საკითხს შეგითანხმებთ შენ და შენს ქალიშვილებს. როგორმე ჩემი მომსახურების გარეშე მოუარეთ თავს ყველამ!
და უცებ ანზორიკოს კიდევ ერთხელ გაუნათდა გონება: „კარგია, რომ ახლა მიდის. სანამ ჩამოვა, ყველაფერი მომთავრებული მექნება!“
– კარგი, რამდენი ხნითაც გინდა, წადი, ჩვენ რამენაირად თვითონ მივხედავთ ერთმანეთს. გინდა, ნივთების ჩალაგებაში მოგეხმარო?
ზინიკოს გულში კი გაუკვირდა, მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია, თავისი ნივთები ჩაალაგა და უხმოდ გავიდა.
***
ზინიკო ოთხი თვის შემდეგ ჩამოვიდა იტალიიდან და თავის ბინას რომ მიადგა, კარი სხვამ გაუღო – უკვე სამი თვეა, ეს ბინა ვიყიდეთო. გაოგნებულმა მეზობლის კარზე დარეკა და იმისგანაც თითქმის იგივე გაიგო, რაც თავისი ბინის ახალი მეპატრონისგან:
– შენ რომ იტალიაში გაემგზავრე, რამდენიმე დღეში მიჰყიდა ანზორიკომ ვიღაც კაცს, ორ კვირაში კი იმ კაცმაც გაყიდა და მას შემდეგ ეს ოჯახი ცხოვრობს. კი გამიკვირდა, მაგრამ, მეგონა, შენ საქმის კურსში იყავი!
– ანზორიკო და ჩემი გოგოები არ გამოჩენილან?
– ერთხელ იყვნენ, სანამ ის პირველი მყიდველი ჯერ კიდევ აქ იყო და, ისე იჩხუბეს, დახოცეს ერთმანეთი. მას მერე აღარ გამოჩენილან, შეიძლება, თანხა ვერ გაიყვეს.
– ნუთუ გოგოებმა იცოდნენ ყველაფერი და დამიმალეს? – ტირილი აუვარდა ზინიკოს, – ჰო, ალბათ იცოდნენ და ამიტომაც ამ ოთხი თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დამირეკეს, რაღაც დაბნეულად მომიკითხეს და ყურმილი გათიშეს, ჩემს ზარებს კი არ პასუხობდნენ. ახლაც სამივეს ვურეკავ და ყველა ნომერი გამორთულია, ეტყობა, ახალი ნომრები იყიდეს.
– აეროპორტში არავინ დაგხვედრია?
– არ იცოდნენ, რომ დღეს ჩამოვიდოდი, არ შემიტყობინებია.
– შემოდი ჩემთან, დაისვენე და მერე წადი შვილებთან, ან, თუ გინდა, სულაც აქ დარჩი, მაინც მარტო ვცხოვრობ ამხელა ბინაში. ჩემს კალთაში გაიზარდე, შვილივით მიყვარხარ. ნინოს ერთადერთი ქალიშვილი ღია ცის ქვეშ როგორ დავტოვო!
– კარგი, დეიდა ლილი, თუ არ შეგაწუხებ, ხვალამდე დავრჩები.
ლილის გაუხარდა და მაშინვე გემრიელი ვახშამი გაუწყო, მაგრამ ზინიკომ ლუკმა ვერ გადაუშვა ყელში. ცრემლები ახრჩობდა:
– საწყალი დედა! ეს რომ გაიგოს, საფლავიდან ამოხტება.
– არ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ მაინც გეტყვი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საცოდავი ნინო სულ იმას მიმეორებდა, მე რომ არ ვიქნები, ეს ბიჭი მთელ ჩემს ქონებას გაანიავებს, თავის ბოზებს შეაჭმევს და შვილს ქუჩაში დამიტოვებსო, – თქვა მოხუცმა და ზინიკოს ჩაი დაუსხა.
– ჰო, ამას მეც მეუბნებოდა, მაგრამ ვინ დაუჯერა!
– ახლა რა უნდა ქნა, რომელ შვილთან იცხოვრებ? – დაინტერესდა ცნობისმოყვარე მეზობელი.
– არცერთთან. ისევ იტალიაში დავბრუნდები. მეხვეწებოდა ჩემი დეიდაშვილი და სულ ტყუილად არ დავუჯერე. საერთოდ, ეტყობა, ვინც ჭკვიანურ რამეს მირჩევს ან მთავაზობს, არავის ვუჯერებ და იმიტომაც აღმოვჩნდი ამ დღეში! მაგრამ თქვენ ჯერჯერობით ნურავის ნურაფერს ეტყვით, ლილი დეიდა, კარგი?
– როგორც შენ მეტყვი, შვილო.
– ლილი დეიდა, ანზორიკომ ბინა ავეჯიან-ნივთებიანად გაყიდა? გოგოებს არაფერი დარჩათ?
– არაფერი. იმიტომაც იჩხუბეს მამასთან მაშინ ასე ძალიან, – ქალმა სინანულით გადააქნია თავი და უცებ წამოიძახა: – უი, ღმერთო კი მომკალი! იმ წინა მყიდველმა გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ პატარა კოლოფით შენი ბავშვობის დროინდელი თოჯინა შემომიტანა და მთხოვა, თუ გამოჩნდებოდი, შენთვის გადმომეცა, – მოხუცი ოთახში გაკუნკულდა და მომცრო კოლოფი შემოიტანა, რომელსაც ლამაზი ასოებით ეწერა: „ჩემს უსაყვარლეს შვილს მამიკოსგან“.
ზინიკომ კოლოფი გახსნა და იქიდან პატარა თოჯინა ამოიღო, რომელმაც ბედნიერი ბავშვობა გაახსენა და აქვითინდა. ლილისაც მოეწონა თოჯინა, გამოართვა, ყურადღებით დააკვირდა და უცებ წამოიძახა:
– ნახე, კაბის ქვეშ რაღაც აქვს შეჩურთული!
ზინიკომ ქვითინი შეწყვიტა, თოჯინას კაბა აუწია და იქიდან კონვერტი ამოიღო, რომელშიც პატარა ბარათი და რამდენიმე ფოტო იდო. ჯერ ბარათი გაშალა და დედის ხელი იცნო: „არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, ამ სურათებს რომ გიტოვებ, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა იცოდე. ნუ ენდობი იმას, ვინც შენი ფასი არ იცის. ამ სურათების პირადად მოცემა ვერ გავბედე, მაგრამ ვერც გადავყარე. დანარჩენი შენ იცი, როგორ მოიქცევი – გინდა, ისევ აპატიე ყველაფერი, გინდა გაეყარე.
სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ!
თუ შეგიძლია, მაპატიე, ყველაფერი ჩემი ბრალია.
შენი დედიკო“.
ზინიკოს ისევ აუჩუყდა გული და ცრემლების წმენდით ამოიღო კონვერტიდან რამდენიმე ცალი სურათი, რომლებზეც დედიშობილა ანზორიკო ნებივრობდა რამდენიმე სხვადასხვა ქალთან, რომელთა შორის იყვნენ ლიზას და ნადიკოს ნათლიები და ზინიკოს ერთ-ერთი უახლოესი დაქალი და მესაიდუმლე.
ზინიკომ ჯერ სურათების დახევა გადაწყვიტა, მაგრამ მერე რატომღაც ისევ კონვერტში ჩააბრუნა და ხელჩანთაში შეინახა, დედის წერილი კი ისევ თოჯინას ჩაუდო კოლოფში და კოლოფიანად ჩემოდანში მოათავსა.
... რამდენიმე დღის შემდეგ ზინიკო ისევ იტალიაში დაბრუნდა, დეიდაშვილის დახმარებით მოკლე ხანში გახდა იტალიის მოქალაქე და კარგი სამსახურიც იშოვა. მხოლოდ ამის შემდეგ დაუკავშირდა შვილებს და უთხრა, რომ საქართველოში, ალბათ, აღარასოდეს ჩამოვალო. ქმარი არც მოუკითხავს.
შვილები კარგა ხანს უმალავდნენ მამის ამბავს, ბოლოს კი გადაწყვიტეს, გაემხილათ სიმართლე:
– მამას ბიჭების გამოსასყიდად ბინა წაართვეს, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი უმცროსი ძმის მოფიქრებული „ოპერაცია“ იყო. ძმებმა ბინაში აღებული ფულით თავიანთი ვალები გაისტუმრეს. მამა დაიჭირეს და ახლაც ციხეშია, – შვილებმა შეუთითხნეს რაღაც ბრალდებები, პლუს თავისი შავბნელი მაქინაციები. თვითონ კი დარჩენილი თანხით ამერიკაში მოახერხეს წასვლა.
ჩვენ ძალიან დამნაშავედ ვგრძნობთ თავს და, გვინდა, გვაპატიო და შეგვირიგდე. მამას აღარ ვამართლებთ, მაგრამ ძალიან გვეცოდება. თუ ჩამოსვლა და მისი ნახვა არ შეგიძლია, წერილი მაინც მისწერე, რომ ცოტა გაამხნევო, თორემ იქ საშინელ დღეშია. დედა, გვაპატიებ და შეგვირიგდები?
– მე თქვენ მეტი აღარავინ დამრჩა.
– მამას?
– მამასთან არც გავბუტულვარ, მაგრამ არის ცხოვრებაში რაღაც, რასაც ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი ვერ აპატიებ.
– აღარ გიყვარს?
– აღარ.
– იმიტომ, რომ ბევრჯერ გიღალატა?
– იმიტომ, რომ თქვენი თავი კინაღამ წამართვა; იმიტომ, რომ სულ მატყუებდა და მიყენებდა, თორემ, მხოლოდ რომ ეღალატა, ვაპატიებდი. თუმცა, იმასაც გააჩნია, ვისთან უღალატებს ქმარი ცოლს.
– არ ინახულებ ციხეში? შვიდი წელი აქვს მისჯილი. ძალიან დიდი თანხაა შესატანი, რომ სასჯელი გაუნახევრონ.
– აჰა, ესე იგი, ამდენს იმიტომ მებოდიშებით, რომ გული ამიჩუყოთ და ფული გამომტყუოთ? მე აღარ ვარ მდიდარი ქალი. ფული არც მაქვს და, რომც მქონდეს, მაინც არ გავუგზავნიდი. ყველამ უნდა ზღოს თავისი ცოდვები და დანაშაული. თუ ასე გეცოდებათ, გაყიდეთ თქვენი ოქროულობა, გამოიტანეთ კრედიტები და უშველეთ საყვარელ მამიკოს!..
– არც წერილს მისწერ? – გოგოებმა უკომენტაროდ გადაყლაპეს დედის სიტყვები.
– წერილს არა, მაგრამ სურათებს გამოვუგზავნი, ძალიან დააინტერესებს.
– როგორ, კომპიუტერით?
– არა, კონვერტით. არ მინდა კომპიუტერში ამ სურათების დადება.
– ისეთი რა არის?
– კარგს იზამთ, თუ არ ნახავთ, მაგრამ, ვიცი, რომ სული წაგძლევთ და ვერ მოითმენთ. ამიტომ, რაც გინდათ, ის ქენით.
... დაახლოებით ერთ კვირაში მილანიდან თბილისში ჩასულმა ზინიკოს ახლობელმა გოგონებს სახლში მიუტანა კონვერტში ჩადებული ის სურათები, თოჯინას კოლოფში რომ იპოვა და ათი ათასი ევრო, სურათები ცალკე ფურცელში იყო გახვეული და ზემოთ ეწერა: „უკანასკნელი სახსოვარი სიდედრისგან“. მეორე ფურცელზე კი, რომელშიც ევროებს ჰქონდა შემოხვეული: „უკანასკნელი შემოწირულობა ყოფილი ცოლისგან“.
ორიოდე წლის შემდეგ კი საქართველოს თითქმის ყველა ტელე და რადიოარხი ავრცელებდა ინფორმაციას:
„ამერიკის შეერთებული შტატების ამა და ამ შტატის ამა და ამ ქალაქში მოხდა საუკუნის ძარცვა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ქართველი ძმები, ზაქარია და ანზორ ... შვილები. მალე მოხდება მათი საქართველოში დეპორტაცია და საქართველოს სასამართლო გამოუტანს განაჩენს.“
ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ზინიკოს გონებაში ძველმა ეჭვმა გაიღვიძა: „დავიჯერო, ანზორიკოს შვილები არიან?! მაშ, არცერთი როგორ არ ჰგავს არაფრით?“ – და გადაწყვიტა, ყველა ღონე ეხმარა, რომ თავისი ეჭვი ან გაექარწყლებინა, ან დაედასტურებინა. ამიტომ, ჩამოვიდა იტალიიდან, მთა და ბარი შეძრა, ყველა ნაცნობი შეაწუხა, საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა და, ისე, რომ არც ანზორიკოს აეღო ეჭვი და არც ძმებს (აქაც ბევრი ნაცნობი და ფული დასჭირდა), სამივეს დნმ-ს ანალიზი აუღეს. განსაზღვრული დროის შემდეგ კი ზინიკოს მიუტანეს ექსპერტიზის დასკვნა: არც ბიჭები და არც ანზორიკო ერთმანეთის სისხლით ნათესავები არ არიან.
ზინიკომ ეს დასკვნაც გადასცა შვილებს და უთხრა, თქვენი გადასაწყვეტია, ეტყვით თუ არა ამ ამბავს მამათქვენსო. გოგოებმა თავი ვერ შეიკავეს და მამასთან პაემანზე მისვლისას აჩვენეს ფურცელი, რომლის წაკითხვამ ანზორიკოს მწვავე ინფარქტი გამოიწვია და ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ზინიკო სანახავად აღარ მისულა, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ იტალიაში დაბრუნდა.
ანზორიკო ციხიდან ნახევრად დაინვალიდებული გამოვიდა: გული ცალკე ჰქონდა მისახედი, დიაბეტი – ცალკე, მხედველობაც დაუქვეითდა და ხელჯოხითაც კი უჭირდა სიარული, მაგრამ ერთი პატარა ოთახიც აღარ ჰქონდა, სადაც ცხოვრებას შესძლებდა და არ იცოდა, სად წასულიყო.
შვილებიდან არცერთმა არ მოინდომა ავადმყოფი მამის სახლში წაყვანა. ამიტომ საერთო ძალებით უქირავეს პატარა ბინა და მომვლელი აუყვანეს, თვითონ კი ძალიან იშვიათად მიდიოდნენ მოსანახულებლად. ესეც იმიტომ გააკეთეს, რომ ხალხის საჭორაოდ არ გაეხადათ თავი, თორემ ახლა უკვე ყველაფერს მამას აბრალებდნენ. ანზორიკო გრძნობდა ამას, მაგრამ არაფერს ეუბნებოდა, რადგან თვითონაც საკუთარი თავი მიაჩნდა დამნაშავედ და იცოდა, რომ ხმა არ ამოეღებოდა. მაგრამ რატომ აღარ მოდიოდნენ სანახავად დედმამიშვილები, ამას ვერ ხვდებოდა. თუმცა, ალბათ, იმიტომ, რომ წასაღები აღარაფერი ეგულებოდათ.
ზინიკო პერიოდულად უგზავნიდა ყოფილ ქმარს (განქორწინება მაშინ გააფორმა, ანზორიკო ციხეში რომ იჯდა) მცირეოდენ თანხას წამლებისთვის, რომ შვილებს შეშველებოდა ხარჯებში.
საღამოობით, ძილის წინ, თავის ოთახში მარტოდ დარჩენილი ზინიკო ხშირად იხსენებდა ხოლმე ახალგაზრდობას, იმ წლებს, როცა ანზორიკო გაიცნო, შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა და ახლა უკვირდა, რამ შემაყვარა და ცოლად როგორ გავყევიო. ვერც იმის ახსნას პოულობდა, ამდენჯერ რატომ ვაპატიეო. ხანდახან მოენატრებოდა კიდეც ის დრო, მაგრამ შერიგებაზე არასდროს უფიქრია.
თავის მხრივ, ანზორიკოც ფიქრობდა წარსულზე და დაუფიქრებლად შეურიგდებოდა ზინიკოს, მით უმეტეს – ახლა, როცა თვითონ თითქმის ბომჟად იყო ქცეული, თანაც უმწეო და დაინვალიდებული, ზინიკო კი წარმატებული ქალი გახდა იტალიაში. ერთხელ კი, როცა ცხოვრებაში პირველად იყო ბოლომდე გულწრფელი საკუთარ თავთან, გამოტყდა (ფიქრებში, რა თქმა უნდა), რომ ძალიან ენატრებოდა ზინიკო, როგორც გემრიელი კერძების ოსტატი, როგორც კარგი ძიძა, როგორც კარგი დამცველი, კარგი დამფინანსებელი, მაგრამ არ ენატრებოდა ზინიკო, როგორც ქალი – ამ „სფეროში“, ახლაც კი, მარტოდ დარჩენილი და დაინვალიდებული, სხვა ქალებზე ფიქრობდა.
ქალის, მით უმეტეს ქმარზე შეყვარებული ცოლის გული კი უტყუარად გრძნობს ყველაფერს და, ბოლოს მაინც ვერ ინელებს ვერაგობას. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ, როდესაც ანზორიკო გარდაიცვალა და შვილებმა ტელეფონით შეატყობინეს დედას, მიუხედავად იმისა, რომ ზინიკო თბილისში იმყოფებოდა, არც პანაშვიდზე მისულა და არც დაკრძალვაზე, მხოლოდ დაკრძალვისთვის საჭირო თანხა მისცა შვილებს და ამით დაასრულა თითქმის ოცდაათწლიანი ურთიერთობა კაცთან, რომელსაც ოდესღაც ქმარი ერქვა. თუმცა, ამდენი ცრემლის, ტკივილის, დამცირების, დანაკარგის მიუხედავად, ბოლომდე მაინც არ ნანობდა მის გაცნობას, რადგან ამ კავშირმა ორჯერ განაცდევინა განსაკუთრებული ბედნიერება – მაშინ, როცა მისი შვილები მოევლინენ ქვეყნიერებას.
ზინიკოს ანზორიკო კარგა ხანია, აღარ უყვარდა, არც ენატრებოდა, მხოლოდ ეცოდებოდა. ორიოდე წლის შემდეგ კი ქალმა თავისდა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ყოფილი ქმრის ხმაც კი აღარ ახსოვდა...
დასასრული
скачать dle 11.3