№13 უცნაური ძარცვა
აგათა კრისტი
პუარო ინსპექტორ ჯეპს ელოდებოდა. სწორედ ის იძიებდა ვენჰეიმის საქმეს.
ბოლო სამი დღე გაზეთები მისტერ ვენჰეიმის – ცნობილი საბანკო ფირმის „ვენჰეიმის და სალმონის“ უფროსი კომპანიონის უცნაური გაუჩინარების ამბით იყო აჭრელებული.
– საქმის გახსნისთვის მხოლოდ ტვინის ნაცრისფერი უჯრედებია აუცილებელი, – თქვა პუარომ და ხელი შუბლზე მიირტყა.
– მოსიე პუარო, გინდათ თქვათ, რომ შეგიძლიათ, საქმე ისე გახსნათ, სავარძლიდან არც კი წამოდგეთ? – გაიღიმა ჯეპმა, – ხუთ ფუნტს ჩამოვდივარ, რომ ერთი კვირის ვადაში ვენჰეიმის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნებთ.
– ჯერ ფაქტები! – წარმოთქვა პუარომ.
– წინა შაბათს მისტერ ვენჰეიმი მატარებელში ჩაჯდა, რომელიც 12 საათსა და 40 წუთზე ვაგზალ „ვიქტორიიდან“ ჩინგსაიდისკენ გადიოდა. იქ მას ვილა აქვს. ლანჩის შემდეგ პარკში სასეირნოდ წავიდა. ვისაც ველაპარაკეთ, არავის მის საქციელში უცნაური არაფერი შეუმჩნევია. ჩაის შემდეგ ცოლს უთხრა, რომ სოფელში წერილების გასაგზავნად მიდიოდა. ამასთან, დაამატა, რომ ვინმე მისტერ ლოვენს ელოდებოდა. მთავარი კარიდან გავიდა და ამის შემდეგ აღარავის უნახავს. 15 წუთში შავთმიანმა კაცმა, რომელსაც ფუმფულა ულვაშები ჰქონდა, კარზე ზარი დარეკა და განაცხადა, რომ მისტერ ვენჰეიმთან პაემანი ჰქონდა. იგი ბანკირის კაბინეტში შეიყვანეს. გავიდა ერთი საათი, ვენჰეიმი არ ბრუნდებოდა. მისის ვენჰეიმმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ლოვენი წავიდა.
ვენჰეიმი კი არ დაბრუნებულა. კვირა დილით ეს ამბავი პოლიციაში განაცხადეს, ვერაფერი გაირკვა: ვენჰეიმი, უბრალოდ, აორთქლდა. ფოსტაში არ მისულა. სოფელში არავის უნახავს, მატარებელში არ ჩამჯდარა, არც მანქანა გამოუყვანია ავტოფარეხიდან. მისი ფოტო და აღწერილობა თითქმის ყველა გაზეთში გამოქვეყნდა. ჯილდოდ მსხვილი თანხაც დაწესდა, მაგრამ არანაირი გამოხმაურება და დამატებითი ინფორმაცია არ ყოფილა.... ორშაბათ დილით ვენჰეიმის კაბინეტში გატეხილი და გაძარცული სეიფი აღმოაჩინეს. კაბინეტის ფანჯრები დაკეტილი იყო. ასე რომ, გარედან ვერავინ შეიპარებოდა. არ არის გამორიცხული, ქურდს ჰყოლოდა თანამზრახველი, რომელსაც ფანჯრების დაკეტვა მერეც შეეძლო.
– გასაგებია, – თქვა პუარომ, – რა მოიპარეს?
– მისის ვენჰეიმის აზრით, იქ ბოლო გარიგების შედეგად მიღებული აქციების დიდი ნაწილი და ფული ინახებოდა. მისი ბრილიანტებიც სეიფში იყო. ბოლო წლებში ქმარი ბრილიანტების შეგროვებამ გაიტაცა და ლამის თვეში ერთხელ, ცოლს რაღაც არაჩვეულებრივ ნივთს ჩუქნიდა.
– მშვენიერი ნადავლია, – ჩაფიქრებით წარმოითქვა პუარომ, – ლოვენზე რას იტყვი?
– ლოვენი წვრილი სპეკულანტია. ერთი-ორჯერ მოახერხა და ვენჰეიმის ხარჯზე, ბირჟაზე დიდი კუში მოხსნა, თუმცა ერთმანეთს არც შეხვედრიან. მათი შეუმდგარი პაემანი სამხრეთ ამერიკულ აქციებს ეხებოდა. მისის ვენჰეიმმა ახსენა, რომ მისმა ქმარმა მთელი შემოდგომა ბუენოს-აირესში გაატარა.
– მტრები ჰყავდა?
– ფინანსურ ასპარეზზე ბევრი კონკურენტი ჰყავდა, მაგრამ მტერი – არა მგონია. რომც მოეკლათ, სად არის გვამი? სხვათა შორის, მებაღემ ვიღაც კაცი დაინახა, რომელმაც სახლთან ჩაიარა და საყვავილისკენ გაემართა, თუმცა მებაღე ძალიან შორს იყო და დარწმუნებით ვერ ამბობს, ეს პატრონი იყო, თუ არა.
– სახლის უკან რა არის?
– წყალსატევი.
– ნავებით და ნავების შესანახი სახლით?
– კი. თვითმკვლელობაზე ფიქრობთ? თუ ასეა, მილერი იქ ხვალვე წავა და იმ გუბეს გულმოდგინედ გამოიკვლევს.
პუარომ გაიღიმა, შემდეგ „დეილი მეგაფინის“ ერთი ნომერი აიღო, რომელშიც ვენჰეიმის ფოტო იყო დაბეჭდილი. დაკარგულს გრძელი თმა, ულვაშები, წვეტიანი წვერი და ხშირი წარბები ჰქონდა. მეორე დღეს, საღამოს ჯეპი ისევ გამოჩნდა.
– მისი პიჯაკი ვიპოვეთ, ის, რომელიც იმ დღეს ეცვა. ლოვენიც დავაპატიმრეთ. ერთ-ერთი მოსამსახურე ამტკიცებს, რომ იგი წასვლამდე ათი წუთით ადრე, ბაღში ნახა. ლოვენი თავიდან უარყოფდა, რომ სახლიდან სადმე გავიდა, მაგრამ მერე აღიარა, რომ ცოტა ხნით უცნაური ვარდების სანახავად გარეთ გამოვიდა. მის წინააღმდეგ კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ვენჰეიმი ყოველთვის ოქროს მასიურ ბეჭედს ატარებდა, ბრილიანტის თვლით. ჰოდა, ეს ბეჭედი შაბათს საღამოს ლონდონში, ვინმე ბილი კელეტმა დააგირავა! მერე, დათვრა, პოლიციელს თავს დაესხა და დაიჭირეს. ამბობს, შაბათს ენტფილდში დოღზე იყო. როცა ბრუნდებოდა ჩიგსაიდის გზაზე, არხთან დასასვენებლად ჩამოჯდა. გზაზე მიმავალი კაცი შეამჩნია. შავგვრემანი იყო და დიდი შავი ულვაშები ჰქონდა. აღწერილობით ლოვენისას ემთხვევა, მან ჯიბიდან რაღაც ამოიღო და გადააგდო. კელეტმა მოძებნა ნივთი და ბეჭედი აღმოჩნდა. კელეტის ნდობა არ შეიძლება. ვფიქრობ, იგი ვენჰეიმს შეხვდა, მოკლა და გაძარცვა.
პუარომ თავი გადააქნია.
– ნაკლებ სავარაუდოა. პირველი – მას არანაირი საშუალება არ ჰქონდა, გვამი დაემალა. მეორე – მან იმავე დღეს გადაწყვიტა ბეჭდის დაგირავება, რაც ამტკიცებს, რომ ნივთი მას მკვლელობის გზით არ მოუპოვებია. მესამე – ჯიბის ქურდი მკვლელობაზე იშვიათად მიდის.
– შეიძლება, მართალი ხართ, – თავი დააქნია ჯეპმა, – უცნაურია, რომ ლოვენმა ბეჭდის მოსაშორებლად სხვა გზა ვერ იპოვა. მოსიე პუარო. იცით, რომ წყალსატევის ახლოს, სპეციალური გამოსაწვავი ღუმელია? ცეცხლი, რომელიც გვამს გაანადგურებდა, ბეჭედს ვერ მოერეოდა?
მოულოდნელად პუარო ჯეპს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ცოლ-ქმარს ერთ ოთახში ეძინა?
კითხვა იმდენად უცნაური იყო, რომ ჯეპმა გაიცინა.
– არ ვიცი, მოსიე პუარო, მაგრამ გაგიგებთ. თუმცა, მე რომ მკითხოთ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სეიფი ლოვენმა გატეხა. მას ვენჰეიმთან თავისი ანგარიში ჰქონდა. ლოვენი უდაოდ გარეულია ამ საქმეში.
– მონ ამი, მთავარი დეტალები გამოგრჩათ, – პუაროს მზერაში თანაგრძნობა გაკრთა. პირველი – მისტერ ლოვენი წინასწარ ვერ იქნებოდა დარწმუნებული, რომ სეიფის გატეხვის საშუალება მიეცემოდა, რომ საამისო ინსტრუმენტები წამოეღო. მეორეც – გაბრაზებული არა ლოვენი, არამედ ვენჰეიმი უნდა ყოფილიყო, რადგან ბირჟაზე რამდენჯერმე სწორედ ლოვენმა აჯობა. მხოლოდ იმაში დაგეთანხმებოდით, რომ თუ კელეტის მონათხრობი მართალია, მაშინ ლოვენი მართლაც გარეულია ამ საქმეში. მაგრამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩათ. პირველი: ვენჰეიმის ძვირფასეულობის ყიდვისკენ მიდრეკილება და მეორე: გასულ შემოდგომაზე მისი ბუენოს-აირესში გამგზავრება.
ჯეპს დაურეკეს. გავიდა და ცოტა ხანში დეპეშით ხელში დაბრუნდა:
„გასული ზამთრიდან მოყოლებული, ცოლ-ქმარი სხვადასხვა ოთახში ცხოვრობდა.
– აი! – წამოიძახა პუარომ, – ახლა ივლისია. ყველაფერი ნათელია! იმედი მაქვს, თქვენ არანარი დანაზოგი არ გაქვთ „ვენჰეიმისა და სალმონის ბანკში“, მონ ამი?
ინსპექტორს თვალები გაუფართოვდა.
– არა. რაშია საქმე?
– უახლოეს დღეებში ამ ბანკის გაკოტრებაა მოსალოდნელი.
მეორე დილით, ყველა გაზეთი სენსაციური ცნობით აჭრელდა: ბანკირი ვენჰეიმი გაკოტრდა. პუარომ საუზმის დასრულება ვერ მოასწრო, რომ ოთახში ჯეპი შემოვარდა.
– როგორ გაიგეთ ეს, პუარო?
პუარომ გაიღიმა.
– დეპეშის მოსვლის შემდეგ ეს სავსებით ნათელი იყო. სეიფის უცნაურმა გაძარცვამ თავიდანვე დამაფიქრა. ბრილიანტები, აქციები, ფული – თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ გაამზადეს. ვისთვის? ეს ყველაფერი მისტერ ვენჰეიმს თავისთვის ჰქონდა მომზადებული. ფულს ბრილიანტებში აბანდებდა, რომლებსაც მერე ყალბი ასლებით ცვლიდა. ამგვარად, მან გვარიანი თანხა გადარიცხა სხვა ანგარიშზე. ქონება, რომლითაც უნდა დამტკბარიყო იმ დროს, როდესაც ყველა მისი ძებნით იქნებოდა დაკავებული. იგი ლოვენს საქმიან პაემანს უნიშნავს, ტეხავს სეიფს და სახლიდან მიდის. სად? რა თქმა უნდა, თავის თავშესაფარში... – პუარო გაჩუმდა. მას სახეზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა, – იცი, რა ვიფიქრე, – მე რომ მნდომოდა პოლიციას დავმალვოდი, იცი, სად წავიდოდი? – ციხეში! ის უკვე იქ არის.
– ამით რისი თქმა გსურთ? – ამოღერღა ჯეპმა.
– დარწმუნებული ვარ, თუ მისის ვენჰეიმს ციხეში მიიყვანთ და ბილი კელეტს აჩვენებთ, საკუთარ ქმარს იცნობს! მიუხედავად იმისა, რომ მან წვერი და ულვაშები გაიპარსა და თმაც მოკლედ შეიჭრა.
– ბილი კელეტი?
– ჰო, მე ხომ გითხარით, ვენჰეიმი ჭკვიანი კაცია-მეთქი? გასულ შემოდგომაზე იგი ბუენოს-აირესში ყოფილა. სწორედ მაგ დროს ქმნიდა ბილი კელეტის პერსონაჟს. დიდი თამაში წამოიწყო. ყველაფერი გათვალა, თუმცა მიწებებული წვერისა და პარიკის ტარება, მას შემდეგ, რაც იგი ისევ საკუთარ თავს დაუბრუნდა, ცოტა რთული აღმოჩნდა. განსაკუთრებით ძილის დროს ქმნიდა პრობლემებს. ვენჰეიმს შეეშინდა, რომ ცოლი მიხვდებოდა. ამიტომაც ბუენოს-აირესიდან ჩამოსვლის შემდეგ მას და მისის ვენჰეიმს სხვადასხვა ოთახებში ეძინათ. მებაღე, რომელსაც მოეჩვენა, რომ პატრონი დაინახა, მართალი იყო. ვენჰეიმი ნავების ფარდულში შევიდა, გახუნებული ტანსაცმელი ჩაიცვა, თავისი არხში ჩააგდო და გეგმის განხორციელებას შეუდგა. დანარჩენი ისედაც გასაგებია – ბეჭედიც, ქუჩის სკანდალიც და დაკავებაც. მან იცოდა, რომ ციხეში ძებნას არ დაუწყებდნენ... წაიყვანეთ მისის ვენჰეიმი ამოცნობაზე.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ