№13 ექიმის რჩევები
კითხვა: ადრე ენის ბოლოში პატარა გამონაყარივით მქონდა. ახლა ცოტა ამტკივდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რით ვიმკურნალო?
პასუხი: შეიძინეთ აფთიაქში სტომგინის სავლები და ხოლისალი, სანკამისტადისგელი (ეს გელები მოხსნიან ტკივილის შეგრძნებას). აგრეთვე, ძალიან ეფექტურია შაბი, დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე 5-10 წუთის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ.
კითხვა: ვიცი, რომ სახსრებისთვის კარგია ჟელატინი. მაინტერესებს კუჭ-ნაწლავზე ხომ არ იმოქმედებს და გამოიწვევს რამეს, მაგალითად, შეკრულობას. ან ორგანიზმისთვის ხომ არ არის საზიანო მხოლოდ წყალდასხმული ჟელეს მიღება?
პასუხი: ჟელატინი მართლაც სასარგებლოა სახსრებისთვის, მაგრამ მხოლოდ ეს საშუალება რამდენად მოაგვარებს თქვენს პრობლემას, ძნელი სათქმელია. რაც შეეხება მის მავნე გავლენას ჯანმრთელობაზე: ჟელატინი დიდი სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევებისკენ მიდრეკილ ადამიანებში. მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება, გამოიწვიოს ნაღველ-კენჭოვანი ან შარდ-კენჭოვანი დაავადება, შეკრულობა და გაზარდოს სისხლის შედედების უნარი. იშვიათ შემთხვევაში იწვევს ალერგიასაც.
კითხვა: მაქვს დაბალი სიცხე – 37, ყელში კი – ისეთი შეგრძნება, თითქოს ვერაფერს ყლაპავ და ასევე, აკვიატებული აზრები, შეიძლება, ეს ნევროზის ნიშნები იყოს?
პასუხი: როცა სხეულის ტემპერატურის მომატების სხვა შესაძლო მიზეზები გამოირიცხება, მაშინ შეიძლება, ვთქვათ, რომ მას ნევროზული ხასიათი აქვს. დიფერენცირებისთვის გირჩევთ, კვლევის საწყის ეტაპზე ოჯახის ექიმს მიმართოთ.
კითხვა: გთხოვთ, ამიხსენით რა არის ანემია?
პასუხი: ანემია პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც სისხლში ჰემოგლობინის ოდენობის შემცირება განაპირობებს. ანემია მეორეული წარმოშობისაა და ამა თუ იმ ძირითადი დაავადებით გამოწვეულ სინდრომს წარმოადგენს. ეს დაავადება შეიძლება იყოს ტრავმული სისხლდენა, რკინის ნაკლებობა, ვიტამინ B12-ის დეფიციტი, ფერმენტების უკმარისობა. ანემიურ სინდრომს ახასიათებს საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი, სიფერმკრთალე, ასევე, ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და სხვა სისტემების მხრივ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე