№13 რატომ არიან დღეს თანამედროვე ქრისტიანები ხატმებრძოლები
„პავლე მოციქული ტიტეს მიმართ ეპისტოლეში ამბობს: ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი ყველა ადამიანის მხსნელი ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარჰყოთ უღმერთოება და ამქვეყნიური გულისტკივილი და ამქვეყნიური გულისთქმანი, ვიცხოვროთ ამ საუკუნეში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისმოსაობით. მოველოდეთ ნეტარ სასოებას ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვარი იესო ქრისტეს დიდებით გამოცხადებას, რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი უსჯულოებისგან...” აი, ეს არის მართლმადიდებლობა: მოძღვრება, გამოსყიდვა, მადლი, კეთილი საქმეები, პატიოსნება და იესო ქრისტეს ერთგულება.
მამა გიორგი თევდორაშვილი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): მერვე საუკუნეში განსაკუთრებული ერესი იყო, კბილებით უწევდათ მართლმადიდებლობის დაცვა. ებრძოდნენ ხატებს, წვავდნენ, ფეხით დგებოდნენ, ანადგურებდნენ: ეს არის კერპი, არ შეეხოთ არავინო. ხალხი ხატებს არ ეამბოროსო – ისინი ძალიან მაღლა დაკიდეს. ბუნებრივია ამან არ გაჭრა. მაგრამ ხალხის ქცევაც იმ დროს გადამეტებული იყო. ხატებს ფხეკდნენ და ნაფხეკს ბარძიმში ყრიდნენ, ისე ეზიარებოდნენ. ბავშვებს ნათლიებად ხატებს უყენებდნენ: ადამიანი არ არის ღირსი ნათლია იყოსო. დღეს რომ ვინმეს ჰკითხო, ვინ არიან ხატებზე გამოსახულიო, შეიძლება, სწორად ვერც გიპასუხოს. როცა იესოს ხატს ხედავთ, უნდა იცოდეთ, რომ მასზე ღმერთი კი არ არის გამოსახული, არამედ სამების მეორე ჰიპოსტასი, განკაცებული ღმერთი. როცა მოციქულების ხატს შეხედავ, უნდა იცოდე, რომ იქ განღმრთობილი ადამიანები არიან გამოსახული. თუ შენ ხატს პატივს არ მიაგებ, ყველა წინა საეკლესიო კრებას გმობ, რადგან მათზე იყო საუბარი, რომ ქრისტე განკაცებული ღმერთია და მას ორი ბუნება აქვს. საუკუნეების წინ ამ ყველაფერზე გაიმარჯვა ეკლესიამ და ეს დიდმარხვაში მოხვდა, როდესაც დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი. ის ადამიანი, ვინც არ არის მართლმადიდებელი, თავის თავს ღმერთიდან განაყენებს და ვერ ცხონდება. სამწუხაროდ, ხატმებრძოლება დღესაც გრძელდება.
– რას გულისხმობთ, მამაო?
– ადამიანებს დღეს სახლში აქვთ ხატების კუთხე და საინტერესოა, მივაგებთ მათ სათანადო პატივს? სამწუხაროდ, ხშირად მათთან ახლოსაც არ მივდივართ. ტელევიზორის ან კომპიუტერის გვერდით გვაქვს მოწყობილი კუთხე, არ ვლოცულობთ, არ ვეამბორებით და ღვთისმოშიშებით არ ვუდგებით. ნებისმიერ ხატს, დახატული იქნება თუ დაწერილი ან რეპროდუქცია, ერთნაირი წყალობა და პატივი უნდა მიაგო და მათგან მადლი და პატივი მიიღო. თუ განკაცებულ ღმერთს, წმიდანებს არ სცემთ პატივს, გამოდიხართ ხატმებრძოლები. ჩვენს წინაპრებს სახლში ბევრი ხატი არ ჰქონდათ, ერთი ან შეიძლება ორი, სამი ჰქონოდათ. მაგრამ ქართველები დიდი მოშიშებით ეპყრობოდნენ ხატებს და ეკლესიას. ხატთან შენი დამოკიდებულება შენს სარწმუნოებას გამოხატავს. შენ კი არ ეამბორები საღებავს, არამედ იმ პიროვნებას, რომელიც მასზეა გამოსახული, ესაუბრები და მის წინ შიშველი არ უნდა დადგე, თამბაქო არ უნდა მოსწიო, არ უნდა ეჩხუბო მეუღლეს, არ უნდა იყვირო. როგორი სამზარეული გვაქვს – ძალიან კარგი, როგორი მისაღები გვაქვს – კარგი, როგორი საძინებელი გვაქვს – კარგი და სამლოცველო სად გვაქვს, სადღაც კედელზე მიწებებული გვაქვს ხატები. ყველაფერს მოვაწესრიგებთ ხოლმე და ვკითხულობთ: მამაო, სად დავკიდო ხატები? ხატები კი არ უნდა დაკიდო, უნდა დააბრძანო იქ, სადაც სიმშვიდე, სიმყუდროვეა, არ უნდა იყოს სამზარეულო, კორიდორი, საძინებელი, რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალება არის. როგორ მდგომარეობაშიც არის თქვენი ხატები, ისეთივე სულიერება გაქვთ და ისეთივე მართლმადიდებლები ხართ. ოჯახში რომ შევდივარ, ხატებს ვეძებ და ბიბლიას. თუ ხატები ოჯახში უწესრიგოდ არის, სახარება და ბიბლია არ არის, მაშინ ყველაფერი გასაგებია. სახლში აუცილებლად უნდა იყოს ხატები, რადგან იმ სახლში ცხოვროს გიორგი, ნინო, დავითი და როდესაც ვკითხულობ: თქვენი წმიდანი სად არის, იჩეჩავენ მხრებს. სამაგიეროდ, ფეხბურთელების, მომღერლების ფოტოები გვაქვს გაკრული. ზოგჯერ იმასაც მეკითხებიან: პაპის ფოტო სად წავიღოო. მე ვპასუხობ: შენს სურათზე რომ იკითხავენ ასე, რა პასუხს გასცემ-მეთქი. თქვენ იცით პატრიარქის ოთახში მისი მშობლების, ასევე ბებია, ბაბუების ფოტოებია, რომელთა წინაც კანფეტები, ტკბილეული ალაგია. ეს არის პატივისცემა. თუ შენი მშობლების, მათი მშობლების ფოტოები გეხამუშება, მაშინ მატყუარა და ფლიდი ხარ და მოციქულებს შენი ლოცვა, პატივისცემა არაფერში სჭირდება. პირველი სწორედ პავლე მოციქული გამხელს: არც შენ იქნები დიდხანს ამქვეყანაზე. უსიყვარულო, ცივი ადამიანები ვართ და დედამიწა ყველაფრით არის სავსე, მაგრამ ამ სამყაროს აკლია სიყვარული, რწმენა, ლოცვა. თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავს უნდა ამოწმებდეს პირველი ადამიანის საზომით. ადამი ჩვენნაირი არ იყო, ის ქალის საშოდან არ დაბადებულა, ისევე როგორც ევა. მათი პირველი შვილი იყო კაენი. როცა ღმერთმა სთხოვა, მსხვერპლი შემომწირეო, ის შესწირა, რაც ხელში მოხვდა. აბელმა კი, მისმა ძმამ, საუკეთესო კრავი აარჩია და მიიყვანა სამსხვერპლოზე. ღმერთმა მოხედა აბელის მსხვერპლს და კაენს შეშურდა საკუთარი ძმის. ღმერთმა გააფრთხილა: როცა შენი ძმის შეგშურდება, ცოდვა იქვეა ჩასაფრებული და შენ უნდა იბატონო მასზეო. მაგრამ კაენმა ვერ იბატონა ცოდვაზე და მოკლა თავისი ძმა. სულ ოთხი ადამიანი იყო დედამიწაზე, ძმამ მოკლა ძმა იმიტომ, რომ შეშურდა მისი. ჩვენც ასე ვართ. როდესაც ვინმეზე გავიგებთ, რომ კარგია, ვიწყებთ მის გაკრიტიკებას, შურიანები ვხდებით. კაენივით არ უნდა ვუყუროთ საკუთარ თავს, უნდა ვიფიქროთ: კაენი ხომ არ არის ჩვენში.
– როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კაენს არ მივემსგავსოთ?
– საკუთარ თავს, სულს უნდა ვუთხრათ, რომ არ მივემსგავსოთ კაენს, უარყოფით პიროვნებებს, რადგან ამპარტავნებასა და შურში ვიქნებით და შემდეგ მკვლელი გავხდებით ჩვენი მეუღლის, ოჯახის წევრების, თანამშრომლების. დიდმარხვის მოსამზადებელ პერიოდშიც სულ უარყოფითი ადამიანები არიან მოხსენიებულნი, რომლებიც ღმერთთან მიდიან, ღმერთი გვანახებს მათ. მაგრამ ღმერთი არ გვტოვებს სასოწარკვეთილებაში და ჩვენში გამოისახება ჭეშმარიტებად. პავლე მოციქული ამბობს: მშობიარობის ტკივილებს განვიცდი მანამ, სანამ ჩემში იესო ქრისტე არ იშვებაო. მე ბრმად არ მივსულვარ ჭეშმარიტებამდე, ყველა არსებული მწვალებლობა ვნახე, ვინ იყვნენ და რას ქადაგებდნენ და მივხვდი, რომ მართლმადიდებლობა ყველაფერზე მაღლა დგას. შეიძლება, მოძღვარი არ იყოს ისეთი, როგორიც მოეთხოვება, შეიძლება, ისეთი წირვა არ ტარდებოდეს, როგორიც საჭიროა, მაგრამ იესო ქრისტეა მწირველიც, შემწირველიც და თავად ატარებს წირვას, ქადაგებას და თავად მაცხოვარი აზიარებს. დღეს გამოუცდელი სასულიერო პირებისგან, მრევლისგან გსმენიათ: მამაო, ეკლესიას ებრძვიანო. ეკლესიას უნდა ებრძოლო, რადგან ეკლესია ნავსაყუდელია, სამოთხე დედამიწაზე და ეშმაკს არ მოსწონს ის. ეკლესიაში რომ შემოდიხარ, ეშმაკს შემოასწარი, რომელიც უკან მოგყვება. ის ეკლესიაშიც შემოგყვება, რადგან აქაც ეშმაკის საქმეებზე საუბრობ, არ მიგიტოვებია სოფელი, შენ არ ხარ ეკლესიაში. ეკლესია სიმტკიცეა და სვეტი ჭეშმარიტებისა, მისტიკური სხეული იესო ქრისტესი, რომელიც გამარჯვებულია და ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. ღმერთმა ტელევიზებიც ჩვენს სამხილებლად გამოიყენა. ღმერთს რომ ვერ ხედავ, ამიტომაც დაგანახა კამერები, რომ შეგეშინდეს, შეუსაბამო მდგომარეობაში არ იმყოფებოდე და არ გადაგიღონ.