№13 რა განახორციელა სიონის ტაძარში პავლე ინგოროყვამ მის მიერ გაშიფრული ნოტების მიხედვით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით
„პავლე ინგოროყვა ქართველი ხალხის ცნობიერებაში დარჩა, როგორც ფუტკარივით დაუღლელი მეცნიერი, რომელიც ქართველი ერის ღირსებას მოწამებრივი თავგანწირვით იცავდა…“, – წერს იმდროინდელი კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი დვალიშვილი, რომელთანაც მეცნიერს ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი აკავშირებდა და ჩვენ პავლე ინგოროყვას დღიურებს სწორედ აკაკი დვალიშვილის ამ პერიოდის მოგონებებით ვიწყებთ რაც ვფიქრობ, ყველას დაგაინტერესებთ.
„ბატონმა პავლემ მთხოვა, მისი იდეის ხორცშესხმაში დავხმარებოდი. რამდენიმე დავალება მომცა: სახელმწიფო საგუნდო კაპელას უნდა შეესწავლა მიქაელ მოდრეკილის რამდენიმე საგალობელი, ბატონი პავლე ინგოროყვას მიერ გაშიფრული სანოტო ნიშნებით, რომელიც რედაქტირებული იყო კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის მიერ. ჩაწერის პირველი ცდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოხდა, მაგრამ ალექსი მაჭავარიანი და ანტონ წულუკიძე შედეგით უკმაყოფილო დარჩნენ. მათი აზრით, შესრულებას აკლდა სარწმუნოებრივი სულიერება და საეკლესიო გალობის ხმოვანება. მსჯელობის დროს გადაწყდა, ჩაწერა ეკლესიაში მომხდარიყო. ბატონი პავლე მოელაპარაკა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, მის უწმიდესობას დავითს. ნება დაგვრთეს, ჩაწერა სიონის საკათედრო ტაძარში ჩაგვეტარებინა. საღამოს 11 საათზე სახელმწიფო კაპელა გურამ ბაქრაძის ხელმძღვანელობით და ხმის ჩამწერი სტუდიის ბრიგადა მზად იყვნენ. ჩაწერას ესწრებოდა მისი უწმიდესობა დავითი, ბატონი პავლე ინგოროყვა, მუსიკათმცოდნე ანტონ წულუკიძე და მე – აკაკი დვალიშვილი. კაპელა იდგა საკურთხევლის წინ, საფეხურებზე. საყდარი, ძირითადად, კელაპტრებით იყო განათებული. ეკლესიაში რელიგიური ატმოსფერო სუფევდა. ამან გავლენა იქონია კაპელის მომღერლების განწყობაზე, გურამ ბაქრაძის პროფესიულ შთაგონებაზე და გალობის მანერა და ხარისხი თვისებრივად შეიცვალა. ჩაიწერა რამდენიმე საგალობელი. სწორედ ეს ჩანაწერი გაიგზავნა პარიზში – „იუნესკოში“ ბატონი პავლე ინგოროყვას გამოსვლის ტექსტით, რომელიც „იუნესკომ“ გადასცა რადიოთი პარიზიდან (ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებზე) 1962 წლის 22 აგვისტოს. ქართულმა მუსიკათმცოდნეობამ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა პავლე ინგოროყვას მეცნიერული მიგნებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ სოლიდური ალტერნატიული მოსაზრება არ გამოთქმულა. ასე
დაიწყო ბატონ პავლე ინგოროყვასთან ჩემი მოკრძალებული მეგობრობა…
მახსენდება ბატონი პავლეს ნაამბობი: გასაბჭოების პირველ წლებში, როცა ამიერკავკასიის რესპუბლიკის საზღვრების დადგენა მიმდინარეობდა, როგორ შემოუთვალა სერგო ორჯონიკიძემ: „გადაეცით პავლე ინგოროყვას, დაანებოს თავი საქართველოს საზღვრების ისტორიული რუკებით მეცნიერულ დადგენას, თორემ საქართველოს საზღვარი შაითან-ბაზარში გაივლისო“.
…1969 წლის თბილისური ცხელი ზაფხული იდგა. ბატონი პავლე კაბინეტში მუშაობდა, რომელსაც ხუმრობით „ჩეროს კაბინეტს“ ვეძახდით. ყველას არ გააჩნდა უფლება, იქ შესულიყო. ერთ დღეს გაისმა მთავრობის ტელეფონის ზარის ხმა – ეს გახლდათ ბეჭდვითი სიტყვისა და პოლიგრაფიის მთავარი სამმართველოს უფროსი, ბატონი ბორის ნანიტაშვილი, რომელმაც საიდუმლოდ მამცნო არასასიამოვნო ამბავი: ზემდგომი ორგანოების მითითებით, პავლე ინგოროყვას თხზულებათა მეორე ტომის ბეჭდვა შეჩერებულია და არსებული ტირაჟი დაიჭრებაო. ეს იყო პავლე ინგოროყვას ცნობილი ნაშრომი „გიორგი მერჩულე“ – კერძოდ, მისი მეოთხე თავი „დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო („აფხაზეთის სამეფო“) და ცნობები მის შესახებ გიორგი მერჩულეს ძეგლში“. ბატონმა ბორის ნანიტაშვილმა იცოდა, რომ პავლე ინგოროყვა კულტურის სამინისტროს ბინადარი და ჩემი უფროსი მეგობარი იყო. ამიტომ მაცნობა ყოველივე საიდუმლოდ და ყურმილი დამიკიდა. ასეთი ბარბაროსული გადაწყვეტილება საქართველოს ცეკამ მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის პარტიული ორგანოების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც აშკარად უჭერდა მხარს მოსკოვი. დიდად შევწუხდი… დღის ბოლოს ბატონ პავლეს მე და ანტონ წულუკიძემ შევთავაზეთ ჩვენი წინადადება (ქალაქგარეთ გასვლის თაობაზე). სიამოვნებით დაგვთანხმდა. ბატონი პავლე თავს კარგად გრძნობდა და ჩვენც ნაცნობი დიღმის დუქნისაკენ გავწიეთ. ანტონი და მე დაძაბულები ვიყავით. ლაპარაკს თავი ვერ მოვაბით და დაბნეულებმა „გიორგი მერჩულეს“ შესახებ დავიწყეთ საუბარი. ჩვენს კითხვებს ბატონი პავლე სიამოვნებით პასუხობდა. ისე გავერთეთ საუბარში, რომ კინაღამ დაგვავიწყდა თავშეყრის მიზეზი, ამასობაში შევზარხოშდით კიდეც. მახსოვს, საუბრისას ბატონი პავლეს კატეგორიული განცხადება: მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აფსუების ეთნოსი, რომელიც თავის თავს აფხაზებს უწოდებს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთიან აფხაზეთში მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში არიან გადმოსულები ჩრდილოეთ კავკასიიდან, მათ – აფსუებს, უფლება აქვთ იყვნენ საქართველოს მოქალაქენი, როგორც მკვიდრ აფხაზებს – ქართველებს. ჩვენ გატაცებით და რწმენით ვუსმენდით ბატონ პავლე ინგოროყვას… შეხვედრა დასასრულს უახლოვდება, გადავწყვიტე შეუმჩნევლად გავსულიყავ და სუფრის ანგარიში გამესწორებინა, მაგრამ ბატონმა პავლემ არ უღალატა თავის ტრადიციას და ჩვენგან მალულად სუფრის ანგარიში გადაიხადა. ფაქტის წინაშე დაგვაყენა, სიამოვნებით ასწია ჭიქა და აღნიშნა, რომ ამ სუფრას იგი სიამოვნებით უძღვნის გაავებულ აფსუა პოლიტიკოსებს, რომელთაც გული და გონება აემღვრათ იმ სიმართლით, რომელიც ჩადებულია „გიორგი მერჩულეში“ (გაირკვა, რომ ბატონ პავლესთვის დილით დაურეკავთ
სტამბის მუშებს და შეუტყობინებიათ ყოველივე). ბატონმა პავლემ გააგრძელა თავისი სიტყვა: „ჩვენს ქვეყანას – საქართველოს, განათლებული, ეროვნული თვალთახედვით მოაზროვნე ხელმძღვანელობა რომ ჰყავდეს, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ღრმა შეფასება სჭირდება და ამას არსებითი მნიშვნელობა ექნება საქართველოს უახლოესი მომავლისათვის (ისე ყველაფერი აგიხდეთ კარგად, როგორც პავლე ინგოროყვას წინასწარმეტყველება ახდა), დღეს სანატრელია ისეთი სახელმწიფო მოღვაწე, როგორიც იყო ლავრენტი ბერია!” ბერიას ხსენებაზე მე და ანტონმა დაზაფრულებმა თვალები დავჭყიტეთ და ყურები დავცქვიტეთ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ბატონ პავლეს, – დიახ, ყმაწვილებო, მართალია, ლავრენტი ბერიამ თავისი კარიერა ქართველი ხალხის სისხლსა და ძვლებზე ააგო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იგი თავისი ნიჭითა და მოწოდებით სახელმწიფო მოღვაწე გახლდათ. იგი დიქტატურის ერთგული მსახური იყო და დასანანია, რომ პოლიტიკური ბრძოლა წააგო, თორემ ღრმად ვარ დარწმუნებული, თავისი ქვეყნის მომავალს ღირსეულ სამსახურს გაუწევდა. და ის, რაც დღეს ხდება და უახლოეს მომავალში გველოდება, საქართველოში შეიძლება ფატალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ… – ენაჩავარდნილები ვუსმენდით ბატონ პავლე ინგოროყვას და ვცდილობდით, მისი ნათქვამის ჭეშმარიტებას ჩავწვდომოდით, – დიახ, ყმაწვილებო, დავით აღმაშენებელს ერთ ხელში სახარება ეჭირა, მეორე ხელში ულმობელი ორლესული მახვილი. სხვაგვარად პაწია საქართველოს გადარჩენა და დამკვიდრება კავკასიის სივრცეში წარმოუდგენელი იყო, – დაასრულა ბატონმა პავლემ სადღეგრძელო. დღესაც აუხსნელია ჩემთვის პავლე ინგოროყვას სუსტ სხეულში საიდან იყო ამხელა ძლიერება სულისა და ნათელხილვის ნიჭი…“