№13 გულყურშეუტოკებლები
სხვის ხარჯზე მამაცი დიაცები
ოკუპაცია კვლავ აქტუალურია და ან კი როგორ არ იქნება აქტუალური, როდესაც ოკუპანტები (მავთულხლართების გავლებას ვინ ჩივის ოკუპირებულ რაიონებში), როცა გაუხარდებათ, მაშინ შემოდრიგინდებიან ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე (მით უფრო, რომ საქართველოს გამო დასავლეთს არათუ სანქციები არ დაუწესებია რფ-ისთვის, არამედ „აიფონებით“ სარგებლობაც კი არ აუკრძალავთ). მაგრამ ეს კიდევ ნახევარი უბედურება იქნებოდა, ტრაგედიის სრულფასოვან მიზანსცენას საკუთრივ საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება რომ არ ქმნიდეს.
კერძოდ, ის, რომ სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლა არავის უნდა (ყოველ შემთხვევაში, აბსოლუტურ უმრავლესობას) და მათგან ნაწილი პროფესიულ ჯარს მოითხოვს (ფული გადავიხადოთო), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, შესაძლოა, ფულის სანაცვლოდ სიკვდილის სურვილი არც თუ ბევრს ჰქონდეს და ჩვენი მეზობლების რაოდენობის გათვალისწინებით, იმასაც, რომ ამ ქვეყნის დაცვა მხოლოდ დედაწულიანად მობილიზაციის შემთხვევაშია შესაძლებელი, ჩემი ახსნის გარეშეც გასაგებია, რომ საქმე მძიმედაა.
ამის მიუხედავადაც, სამოქალაქო აქტივისტები და პარტმუშაკები სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ (მაგალითად, უპირველესი და უცვლელი „ლეიბორისტი“ შალვა ნათელაშვილი ცეცხლის გახსნას მოითხოვს, ოღონდ დიდი ეჭვი მაქვს, მოწოდება სხვისი შვილების მისამართითაა, ვინაიდან არსად უხსენებია, სხვებთან ერთად, მეც ვიქნები წინა ხაზზე და ჩემი ნაშიერებიცო). მათი ეს მოწოდება ფრიად გულწრფელი იქნებოდა, რომ არა ერთი მაგრამ:
„გირჩმა“, არც აცია, არც აცხელა და, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ორი მოწვევის (მეექვსე და მეშვიდე) პარლამენტის იმ წევრთა სია გამოაქვეყნა, რომელთა შვილებს, უწევდათ და, ჯარში არ უმსახურიათ და რომლებსაც მისთვის მიუმართავთ დახმარებისთვის (იცით, რომ ზურაბ-გირჩმა რელიგიური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა დეზერტირთა თავშესაფრად და ვინ-ვინ და სწორედ მან უწყის ყველაზე უკეთ ჩვენებურ დეზერტირთა ოდენობა, ვინაობა და რაობა). სხვათა შორის, გასაჯაროების მიზეზად ბ-ნი ვაშაძის მიერ ზურაბ-გირჩის რელიგიური ორგანიზაციის დაწუნება იქცა (ჰოდა, ამ უკანასკნელმა, საპასუხოდ, ყოფილ თანაპარტიელებს ძველი ცოდვები გაუხსენა).
თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ ინფორმაციას საზოგადოების არც გულები შეუტოკებია და არც ყურები, მათ შორის, არც ზემონახსენები სამოქალაქო აქტივისტებისა და არც უპირველესი „ლეიბორისტის“.
რატომ?
იმიტომ რომ ყველა მხოლოდ სხვისი სიცოცხლის ხარჯზეა უხორცოდ მამაცი!