№13 ვინც არ მუშაობს, არ ჭამს
ანუ საბჭოური „ურავნილოვკის“ დემოკრატიული საფანელი
ტარიელ ნაკაიძე, მუსლიმთა კავშირის თავკაცი, კიდევ ერთხელ გამომზეურდა საზოგადოების თვალთახედვის არეში, ამჯერად ამ უკანასკნელმა ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, გარდა მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა, ყველა დანარჩენ რელიგიურ პირს ევალება სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლა.
მისი პათოსი შემდეგნაირია: „არ შეიძლება, რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში“, რადგან ფიქრობს, რომ ეს დისკრიმინაციაა.
თუმცა იქვე დასძენს, რომ მუსლიმთა თემი არასდროს გაურბოდა სამხედრო სამსახურს (სამწუხაროდ, მე არ მაქვს სტატისტიკა, მიუღია თუ არა მონაწილეობა საქართველოს უკანასკნელ ომებში სხვადასხვა რელიგიური თემების წარმომადგენლებს შესაბამისი პროცენტული რაოდენობით), რადგან, დამეთანხმებით, ისიც დისკრიმინაციაა, თუკი სახელმწიფოს მხოლოდ ერთი აღმსარებლობის მოქალაქეები იცავენ. იმას გარდა, რომ საბჭოური „ურავნილოვკაა“ გათანაბრება ლხინში და უთანაბრობა ჭირში, ანუ დამსახურებები არავის გაუუქმებია. შესაბამისად, ვისაც მეტი დაუმსახურებია ამ სახელმწიფოს წინაშე, შეღავათიც მისია და, რა თქმა უნდა, არც ახლაა გვიან დამსახურებების მოსაპოვებლად. -