№12 რატომ დაჰქონდა ზურა ქაფიანიძეს უბით დედის თმა და დის წინდები
ზურა ქაფიანიძის ნაბოლარა შვილი, ბექნუ ქაფიანიძე, მამის კვალს გაჰყვა და მსახიობი გამოვიდა. ის ძალიან ჰგავს მამას, როგორც ფიზიკურად და ბუნებით, ასევე ხმის ტემბრით, განსაკუთრებით კი, როცა ლექსს გამოთქმით კითხულობს. მართალია, ბექნუს უჭირს საკუთარ მამაზე საუბარი, მაგრამ სიცილით იხსენებს იმ სახალისო ამბებს, რაც უკვე, ისტორიას შემორჩა.
ბექნუ ქაფიანიძე: ცელქი ბავშვი ვიყავი, თუმცა მკაცრად არ მსიჯდნენ. მახსოვს, ერთხელ მასწავლებელმა უთხრა მამაჩემს: ეს ბავშვი ვერ ხვდება, მეოთხე გაკვეთილზე რატომ უნდა გაჩერდესო (იცინის). ყოფაქცევაში სულ ორიანები მეწერა. დედ-მამამ გამაფრთხილა: კიდევ თუ ვნახავთ შენს დღიურში ყოფაქცევაში წითელი კალმით ცუდ ნიშანს, არ ვიცით, რას გიზამთო. მოკლედ, ისევ ჩამიწერეს ცუდი ნიშანი და ასეთ ხერხს მივმართე: თმები ავიჩეჩე, ტანსაცმელი დავისვარე და რამდენიმე წიგნი და დღიური გადავაგდე. სახლში რომ ასეთ დღეში და ნატანჯი სახით მივედი, გადაირივნენ, რა მოხდაო. მეც თავი მოვიკატუნე, ჩავიკეცე და ვუთხარი: ვიღაც ბიჭები დამხვდნენ, ჩხუბი მოგვივიდა და ჩანთიდან დღიური და წიგნები გადმომეყარა-მეთქი. ამ ხერხმა გაჭრა, გაამართლა და აფერისტობის წყალობით, გადავრჩი (იცინის). რახან შენ კარგად ხარ, წიგნებს და დღიურს რას დავეძებთო.
– ბატონი ზურა, მკაცრი მამა იყო? როგორ გსჯიდა ხოლმე?
– მამისგან დასჯა არ მახსენდება. უბრალოდ, ვაანალიზებდი, რომ რაღაცების გაკეთების უფლება არ მქონდა. ანუ, ისეთ რამეს ვერ გავაკეთებდი, რაც ჩემს ოჯახზე ცუდად აისახებოდა. მე მამის რიდი მქონდა და არა შიში. ზურამ ჩხუბი არ იცოდა. ისეთი ტონით გეტყოდა, ეს საკმარისი იყო. მის სიტყვას ისეთი წონა და სიმძიმე ჰქონდა ჩემთვის, რომ ვცდილობდი, მისთვის მიუღებელი არ გამეკეთებინა. ამან სწორად ცხოვრება მასწავლა და ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ ცხოვრებაში რადიკალური შეცდომები არ დამიშვია.
– რაჭველ ბიჭს სვანური სახელი რატომ დაგარქვეს?
– ზურას ძალიან უყვარდა სვანეთი და ბევრი მეგობარიც ჰყავდა. ბექნუ იქ საკმაოდ გავრცელებული სახელია და ნაბოლარა შვილს ამ კუთხის პატივსაცემად დამარქვა. ჩემს ძმას ბერდია ჰქვია, დას კი – ლელა. მთის ხალხის გენეტიკის მატარებლები ვართ და აქედან გამომდინარე, მამამ მთიულური სახელები შეგვირჩია. ხანდახან, ბექას მეძახიან და არ მომწონს. ძალიან მომწონს ჩემი სვანური სახელი – ბექნუ და ამისთვის მამას მადლობას ვუხდი. სხვათა შორის, სვანებსაც ძალიან უყვარდათ ზურა და „მახვშის სკამი“, გამოუგზავნეს, რომელზეც მხოლოდ ოჯახის უფროსი მამაკაცი უნდა იჯდეს. სკამს თავისი ფორმა და ორნამენტები აქვს.
– ბექნუ, რაში ჰგავხარ მამას?
– ზურასავით, მეც ძალიან მიყვარს ადამიანების ჩახუტება და მოფერება. ალბათ, სიყვარულის გამოხატვით ვგავარ მამას და მიხარია. უცანური, თავისებური მოფერება იცოდა. რაჭაში რომ ჩავიდოდა, ბავშვების „ჩაჭმუჭვნა“ უყვარდა და რომ დაინახავდნენ, გარბოდნენ: გვიკინავს, გვიკინავსო (იცინის). იპოლიტე ხვიჩია კი, მოკვლით ემუქრებოდა, არ მომეკარო სასიკვდილოდ დაგჭრიო (იცინის). რომ დაინახავდა, აიყვანდა და ისე იხუტებდა, ძვლებს კნატა-კნუტი გაჰქონდა. ერთხელ, კალამი დებია გულის ჯიბეში იპოლიტეს და ისე ჩაუხუტებია, გამტყდარა, ჰგონებია ნეკნი გაუტეხა და ზურა კინაღამ შიშით გადარეულა (იცინის). ადამიანების მიმართ მთელი გულითა და სულით გამოხატავდა სითბოს. ყველა საკუთარი ძმა და შვილი ეგონა. მამას თეატრალურში აკაკი ხორავას ჯგუფი ჰქონდა დამთავრებული. ხორავას ზურა, როგორც საკუთარი შვილი, ისე ჰყავდა, მისი მეორე მამა, უფრო სწორად, მამობილი იყო. იმის უფლებასაც კი აძლევდა, ფული თუ დაჭირდებოდა, მის ქურთუკში ხელი ჩაეყო და რამდენიც უნდოდა, აეღო. სწორედ მან გააგზავნა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, აკაკი ვასაძესთან, რომელიც ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. უთხრა: რაც მე ვერ გასწავლე, ის გასწავლისო.
ზურას, ძირითადად, კინოდან იცნობენ, არადა, თეატრში ბევრი კარგი როლი აქვს განსახიერებული. თუმცა, იმდროინდელი სპექტაკლების ფირები შემორჩენილი არ არის. მე ამ როლებით მამა თავიდან აღმოვაჩინე.
– ამბობენ, ბატონ ზურას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა დედისა და დების მიმართ და დედის თმა და დის წინდები გულის ჯიბით
დაჰქონდაო. ეს სიმართლეა?
– ზურა ერთი შეხედვით ჩანდა ძალიან მკაცრი. ამ სიმკაცრის მიღმა დიდი სიყვარული და სიღრმე არსებობდა. ზურაზე ამბობდნენ: რაჭის ბუნებასავით ახოვანია, მკაცრი იერით, მაგრამ შინაგანად თბილია, ბავშვური ბუნება აქვსო. ერთხელ, ინტერვიუში უკითხავთ, ჩამოთვალეთ თქვენი წინაპრები ვინ იყვნენო და ჩამოუთვლია: ბაბუა – ვაჟკაცი ადამიანი იყო, სიტყვა რომ ეთქმოდა ისეთი... ბებია – თბილი, ტკბილი, გემრიელი... მამა – სამართლიანი, ძლიერი, მართალი კაცი... დედა კი – იყო დედა. რომ დაბეჭდილა პრესაში, დედას უსაყვედურია: რა იყო, ზურა, დაგენანა ჩემზე რამის თქმაო? ზურას უპასუხია: მეტი რაღა უნდა მეთქვა? შენ ხარ დედა და დედას დახასიათება არ სჭირდებაო. მეც მიჭირს მშობლებზე საუბარი, ამაშიც მამას ვგავარ (იცინის). რაც შეეხება დედის თმასა და დის წინდებს, მართლა უბით დაჰქონდა ზურას. 14 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა და მამიდები მზრდიდნენ. დები ზურაზე გაცილებით უმცროსები იყვნენ და ისინი განსაკუთრებულად უყვარდა. ხელში რომ აიტაცებდა და ატრიალებდა, ყვიროდნენ: გაგვიშვი, კაცო, სადმე არ დაგვყაროო (იცინის). პერანგის უბეში ჩაისვამდა ორივეს და ისე ეხუტებიდა. ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, ხალხი და სამშობლო – ამაზე ყველაზე მეტს ფიქრობდა. ადარდებდა ქვეყნის ბედი. არაჩვეულებრივმა პოეტმა, თემურ ჩალაბაშვილმა დაუწერა ეპიტაფია, რომელიც მის საფლავის ქვაზეა: „ვერ გაცეკვეს მეფის კარზე, ვერ შეგცვალა დრომო, საქართველოს ბედ-იღბალზე მოღრიალე ლომო“. შემდეგ მეუფე თადეოზმა ნახა ეს წარწერა და დაამატა: „დღესაც ციდან სამშობლოსთვის მაგ მარჯვენით ომობ“.
– რაჭველი კაცის წყობიდან გამოყვანა რთულია, თუმცა იუმორის გრძნობა აქვთ სასწაული. გინახავს მამა გაბრაზებული და იუმორით თუ შეეძლო სიტუაციის განმუხტვა?
– ამ კითხვაზე ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც მამამ მომიყვა. მოკლედ, პირველად რომ ჩავიდა სოჭში, გადახედა მიდამოს და გაცეცხლებულმა ლანძღვა-გინება დაიწყო. მიუახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი და ჰკითხა: რატომ ბრაზობთ, ბატონო ზურა? ზურამ უპასუხა: იცით, ადრე ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნოდა და იმიტომო. იმას კი უთქვამს: გპირდებით, მე ყველაფერს გავაკეთებ და ამ ტერიტორიას დავიბრუნებო. გავიდა წლები და ზურას შეხვდა მერაბ კოსტავა. უთხრა: გახსოვთ, ბატონო ზურა, სოჭში რომ ბრაზობდით და ახალგაზრდა ბიჭი მოვიდაო? ზურას უთქვამს, როგორ არ მახსოვსო. მერაბს გაღიმებია: ის ბიჭი მე ვარო. რაც შეეხება იუმორს, მარჯანიშვილის თეატრში ზურას 70 წლის იუბილე გაიმართა. სცენაზე რომ გამოვიდა, ჩემი პედაგოგები გიორგი შაუტაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი ისხდ;ნენ ჩემ გვერდით. ალეკო მომიბრუნდა და მითხრა: თავისი ვიზუალიდან გამომდინარე, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი იუმორის მქონე თუ იყოო. თენგიზ არჩვაძის ქალიშვილი, მანანა მომიყვა: ზურას და თენგიზს დაულევიათ და ზურა ნასვამი დამჯდარა საჭესთან. გაუჩერებია მილიციას და რომ დაუნახავთ ნასვამი, უთხოვიათ: ნელა იარე და ჩვენ წინ გაგიძღვებითო. გავიხედეთ ფანჯრიდან და პრეზიდენტის ესკორტივით იყვნენ მილიციელები გარშემორტყმული და ასე მოაცილეს ორივეო. ასე სცემდნენ პატივს ზურას და თენგიზს. ასეთი დამოკიდებულებებისა და სიყვარულის გამოხტვა იყო, იმ დროს.
– ის თუ არის მართალი, რომ სოფელში, საპირფარეშოს კარზე, სერგო ორჯონიკიძე ეწერა და ამის გამო მილიცია ხშირად აკითხავდა?
– (იცინის). რაჭაში, სოფელ ნაკიეთში, საპირფარეშოს კარზე, ნამდვილად ეწერა სერგო ორჯონიკიძე. ხელისუფლებიდანაც შეუთვალეს, უსაყვედურეს, მილიციაც არაერთხელ მივიდა და წაუშალა, მაგრამ ზურამ მაინც დააწერა. მოკლედ, ნაკიეთში სერგო ორჯონიკიძის სახელობის საპირფარეშო ჰქონდა, თან, იმ დროს (იცინის). რაჭველი კლასელები დასცინოდნენ მამას: ზურიკუნა, ბიჭო, აქ ჩადენილი „სუნელობები“, ქალაქში გამოგადგა, კაცი დადექიო. ამაზე გულიანად იცინოდა. გიჟდებოდა რაჭაზე. დედამიწაზე იქ იყო მისი სამოთხე. მეც ხშირად დავდივარ ცოლ-შვილთან ერთად და მამას არსებობას ვგრძნობ, ვხვდები, რომ ის ახოვანი „ზურიკუნა“ იქ დატრიალებს, ისევ დილის 6 საათზე იღვიძებს, შეშას აპობს და მიწას ბარავს. შვილებს ხშირად ვუყვები ბაბუაზე. მამა სულ მეუბნებოდა: თუ ბავშვი დაინახე და ხელის გული ჭუჭყიანი გაქვს, ხელის უკანა მხარე ჩამოუსვი სახეზე და ისე მოეფერეო.