№12 რატომ გაწირა ერთი სოფლის ყველა მცხოვრებმა თავი სასიკვდილოდ
ანატორი პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში, რომელიც ისტორიული წყაროებით, მე-18 საუკუნეში ამოწყდა, ძირითადად, სისვაურებს უცხოვრიათ. ალბათ, უმეტესობას არ სმენია იმ სოფლის შესახებ, რომლის მოსახლეობაც გმირულად დაიღუპა. ანატორი – ესაა აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი პირიქითა ხევსურეთში.
შატილიდან ჩრდილო-დასავლეთით ორ კილომეტრზე, ანატორელთა ნასოფლარში, მიკვლეულ იქნა ოვალური წისქვილის ქვების ათეულობით ნატეხი. ნასოფლარის პირდაპირ არის, ეგრეთ წოდებული, „რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი“, ანატორისჯვარი, მთავარანგელოზი. ამ სალოცავში მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე არაქრისტიანებიც ლოცულობდნენ. ეტყობა, იქვე მდგომ მარიამწმიდის ეკლესიაში (მეცხრე-მეათე საუკუნეები) წარმართ ანატორელებსა და შატილელებს მოაქცევდნენ ქრისტიანებად. სოფელი ანატორი იმითაც არის საინტერესო, რომ აქ ორი ხეობის გზაჯვარედინია. აქ თავს იყრის ჩეჩენ-ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან, ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები. ანატორი მეთვრამეტე საუკუნეში ამოწყდა, ისე, რომ ერთი ადამიანიც არ გავიდა მეზობელ სოფლებში. რაღაც ინფექცია, იქაურად „ჟამი“, მოედო სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორლები აკლდამაში თავისი ფეხით მიდიოდნენ. ადრე გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოაგდებდნენ და მშიერ-მწყურვალნი ახლა თვითონ ელოდნენ სიკვდილს. ასეთი თვითდამარხვა კაცობრიობისთვის, ალბათ, უცნობია.
ხევსურეთში უმეტესად გვაროვნული სოფლები იყო. ერთ სოფელში ერთი გვარის ოჯახები ცხოვრობდნენ. სოფელში ქორწინება იკრძალებოდა. ასეთი სოფელი გახლდათ შატილიც. აქ ანატორელების გარდა ყველა ჭინჭარაული იყო, ამიტომ ქორწინება მხოლოდ ანატორელებსა და დანარჩენ შატილელებს შორის ხდებოდა. სისხლის აღრევა მოკვეთით მთავრდებოდა, რაც ყველაზე მძიმე სასჯელად ითვლებოდა. შატილელ ჭინჭარაულებს რძლები უმეტესად სხვა გვარებიდან (სხვა თემ-სოფლებიდან) მოჰყავდათ და ქალებსაც იქ ათხოვებდნენ.
ანატორელები მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში ჭინჭარაულებად (ჯინჭარაულებად) ეწერებოდნენ. პირაქეთი ხევსურეთის ლიკოქის ხეობაში მოსახლე ლიკოქელები თავს ანატორელების ჩამომავლებად თვლიან.
ანატორის ჯვარი – შატილის თემის საერთო სალოცავი იყო, რომელიც თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ანატორის ჯვრის შესახებ არსებობს ლეგენდა: ერთ კაცს ჯვრისთვის ისარი უსვრია, ჯვარს თემი დაუსჯია და 60 მამაკაცი ავადმყოფობით მოუკლავს.
ხატია ლიქოკელი: წარმოშობით ანატორიდან ვარ, თუმცა იქ ცხოვრების საშუალება არ მომეცა. პირველად სოფელი ანატორი 23 წლის ასაკში, 2013 წელს ვნახე და ის ემოციები არასოდეს დამავიწყდება. სოფლის განაპირას არის აკლდამები, სადაც მთელი სოფელი ამოწყდა. აკლდამები თავად რომ ვნახე, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო და თბილისში დაბრუნებული ინტერნეტში, არქივში ვეძებდი ინფორმაციას ანატორის შესახებ. იმ პერიოდში სულ ცუდ სიზმრებს ვხედავდი, თითქოს აკლდამაში ვიდექი, შავნაბდიანი ხალხი ირგვლივ მეხვეოდა, დამწუხრებული სახეებით მიყურებდნენ და ხშირად ტირილით მეღვიძებოდა. ბებიამ მიამბო, რომ ანატორში ჭირი გაჩნდა და მთელი სოფელი აკლდამებში გაიხიზნა, დაავადება სხვა სოფლებსაც რომ არ გადასდებოდათ, ხიდზე გადადიოდნენ, აკლდამაში შედიოდნენ და სიკვდილს იქ ელოდნენ. აკლდამაში იპოვეს აკვანზე გადამხობილი ქალის ჩონჩხი, რომელიც სავარაუდოდ, შვილს ძუძუს აწოვებდა, რადგან ჩვილის ჩონჩხიც იქვე ნახეს... ეს იყო ამ სოფლის მაცხოვრებლების გაუგონარი თავდადება, რადგან ბავშვებიც კი არ გააგზავნეს სხვა სოფლებში და დიდიან-პატარიანად დაიხოცნენ. გავიგე ისიც, რომ აკლდამებთან იარაღით იდგა ხალხი და ახლობლებს საშუალებას არ აძლევდნენ დასნეულებული ენახა, რომ ჭირი უფრო მეტად არ გავრცელებულიყო. მთელ ხევსურეთში რომ არ გავრცელებულიყო, არცერთ ანატორელს არ დაუტოვებია საკუთარი სოფელი. დაახლოებით სამოცი მამაკაცი ამოწყვეტილა. რაც შეეხება შავი ჭირის მიზეზს, ამბობენ, რომ ეს ანატორის ჯვრის რისხვა იყო. გადმოცემის მიხედვით, ერთ კაცს ჯვრისთვის ისარი უსვრია და სალოცავს მთელი სოფლის მამაკაცები ჭირით მოუკლავს. თუმცა არა მხოლოდ
მამაკაცები. იმდენად ბევრი ხალხი იყო აკლდამებში, მომაკვდავს კლდეზე გადააწვენდნენ და მის ადგილს იკავებდნენ. ამოხოცილები სისვაურები იყვნენ (სისაური სხვაა). სისვი ხევსურულად მწვანე ფერს ნიშნავს, მწვანე თვალები ჰქონდათ და მწვანე ტალავერი ედგათ. ჩემი ნამდვილი გვარიც სისვაური ყოფილა. ამ აკლდამებში ძვირფასეულობა ინახებოდა, რადგან ხევსურეთში საკმაოდ შეძლებული ხალხი ცხოვრობდა და ბევრი ვერცხლის სამკაული ჰქონდათ. სამწუხაროდ, აკლდამები გაიძარცვა, ბევრ შემთხვევაში – უცხოელებისგანაც კი და არათუ ძვირფასეულობა, ადამიანების თავის ქალები და ძვლებიც კი წაიღეს, გაქრა ის აკვანიც. ახლა აკლდამებს რკინის გისოსები აქვს და შიგნით ვეღარავინ შევა. რასაც ბებია ბავშვობაში მიყვებოდა, მითი მეგონა. ბებია გვარად არაბული, ხევსური გახლავთ და ხევსურეთზე ბევრი რამ იცის.
– თქვენი წინაპარი როგორ გადარჩა?
– ჭირმა პირიქითა ხევსურეთში – ანატორში იფეთქა. სანამ ჭირი გაჩნდებოდა, პირაქეთა ხევსურეთში ერთ ქალს ვაჟი ჰყოლია დედულეთში გამოგზავნილი. სავარაუდოდ, ის ბებიამ და პაპამ გაზარდეს, რომელიც ლიქოკის ჭალაში დასახლდა და გამრავლდა... ლიქოკი ამბობენ, რომ ქისტური სახელია და მთის ძირში მაცხოვრებელს ნიშნავს. ისეთი ვაჟკაცი გაზრდილა, ქისტები მისი შიშით შემოსევას ვერ ბედავდნენ – ყველას ხოცავდაო. აქედან წამოვიდა ჩვენი გვარიც.
– ანატორში დღეს რა ხდება?
– მდინარის გადაღმა რომ ვიხედებით, ნასახლარები ჩანს. არქეოლოგებისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანი ადგილია და თქვეს კიდეც, რომ ბევრი რამ აღმოაჩინეს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება ამ ყველაფრის ნახვა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ აკლდამებთან ყოველთვის იმდენად საშინელი ქარი ქრის, სანთლებსაც კი ვერ ვანთებთ. ძალიან მისტიკური და სევდიანი ადგილია. წინ უზარმაზარი შავი კლდეა. სოფელში დასახლება ვეღარავინ გაბედა, რადგან დაწყევლილ ადგილზე ხევსური არ დასახლდება. ძალიან მინდოდა ჩემი წინაპრების ნასახლარის ნახვა, მაგრამ იქ მესაზღვრეები დგანან და ნებართვაა საჭირო. ამ დროს უცხოელებს ვხედავდი, რომლებიც იქ დახტუნაობდნენ. არ იციან, რამდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა იქ და ძალიან კარგი იქნება, აკლდამის ისტორიის შესახებ რამდენიმეენოვანი წარწერა მაინც რომ გაკეთდეს, რომ ზედ აღარავინ ირბინოს. სამწუხაროდ, ეს ისტორია, ბევრმა ადგილობრივმაც არ იცის. მქონდა სურვილი, ძვლები დაგვემარხა, მაგრამ ასე შემოინახეს – ხევსურების უდიდესი ტკივილი თვალნათლივ რომ დარჩეს. აუცილებელია, ამ აკლდამებს სათანადო ყურადღება მიექცეს, რომ მსოფლიოს შემოვუნახოთ ისტორია ხევსურთა, ქართველთა თავდადებისა და გმირობის შესახებ.