№12 რატომ სჭირდება გიორგი მუჯარიძეს სახლში შესასვლელად ოჯახის წევრებისთვის პასპორტის ჩვენება და რატომ ეშინია მას საყვარელი ქალის ჩხვლეტის
ახლახან სლოვაკეთში, ქალაქ შამორინში გამართულ შეჯიბრებაში საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ეროვნული ნაკრების წევრმა, 20 წლის გიორგი მუჯარიძემ ბირთვის კვრაში ევროპის თასი მოიგო. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, მან სპორტის ამ სახეობაში პირველი ადგილი დაიკავა, ოქროს მედალიც მოიპოვა და თან, ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა. როგორც თავად ამბობს, მისთვის ეს გამოსვლა იმდენად ემოციური გამოდგა, რომ ორი დღე და ღამე არ ეძინა. საქართველოში დაბრუნებული კი ისევ ვარჯიშს დაუბრუნდა. გიორგი ახლა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ემზადება.
გიორგი მუჯარიძე: გორში დავიბადე, გავიზარდე, ახლაც იქ ვცხოვრობ და თბილისში სავარჯოშოდ იქიდან დავდივარ. ბავშვობიდან აქტიური ვიყავი, ხან ჭიდაობაზე დავდიოდი და ხან კალათბურთზე. ოცნება მქონდა, მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა და ეს ოცნება სპორტში მიღწეული წარმატებებით ამეხდინა.
– სავარჯიშოდ თბილისში რატომ დადიხარ, გორში დარბაზი არ არის?
– გორში არც სტადიონია და არც სხვა პირობა, რომ ვივარჯიშო. ნაკრების მწვრთნელიც აქ არის და ამიტომ, შვიდი წელია, ყოველ დღე მიწევს დედაქალაქში ჩამოსვლა და უკან დაბრუნება.
– საქართველოში ბირთვის კვრა მაინცადამაინც პოპულარული არ არის. რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?
– სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცოდი მის შესახებ. სკოლაში სპორტის მასწავლებელმა შეამჩნია ჩემში ეს ნიჭი, მითხრა: მოდი, ამ სახეობაში სცადე ბედიო. მომკიდა ხელი და თბილისში წამომიყვანა. გზაში ვეკითხებოდი: მასწ, ამიხსენით, რა სპორტია-მეთქი (იცინის). დარბაზში რომ მივედი, შევხედე და მივხვდი, რაც იყო. პირველივე დღეს დავინტერესდი და თერთმეტ დღეში საქართველოს ჩემპიონატი მივიგე.
– ესე იგი, სკოლის სპორტის პედაგოგის წყალობით გახდი ევროპის ჩემპიონი, ოქროს მედლის მფლობელი და ამასთანავე, რეკორდსმენიც. ფაქტობრივად, სპორტის ამ სახეობაში მსგავსი წარმატება საქართველოს არ ახსოვს, ხომ არ ვცდები?
– არ ცდებით, ნამდვილად ასეა. ჩემპიონატი ბირთვის კვრაში სლოვაკეთში, ქალაქ შამორინში ჩატარდა და ამისთვის ერთი წელი ვემზადებოდი. შარშან პორტუგალიაში მეოთხე ადგილზე გავედი და ევროპის ჩემპიონატის მოგება იმ დღიდან დავისახე მიზნად. თავი არ დამიზოგავს და გაამართლა. რომ მითხრეს, რეკორდი დაამყარეო, ისე გამიხარდა, ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე (იცინის). მიჭირს გააზრება, რომ პირველი ადგილიც ავიღე, ოქროს მედალიც დავიკიდე და თან, რეკორდსმენიც გავხდი. ქართული სპორტის ბირთვის კვრის ისტორიაში ეს პირველად მოხდა და როცა სამშობლოში ვბრუნდებოდი, ზუსტად ვიცოდი, აეროპორტში რა ემოციითაც დამხვდებოდნენ. ახლა შევეცდები, გაორმაგებული ძალებით ვივარჯოშო, რომ ეს ტიტული შევინარჩუნო. მალე მეორე ჩემპიონატზე გამოსვლა მიწევს და მინდა, იქაც გავამართლო იმედები, დავამტკიცო, რომ მძლეოსნობა საქართველოში მაღალ დონეზეა.
– ესე იგი, რეკორდის რეკორდი გინდა დაამყარო?
– აბა, რა!
– ოჯახის წევრები როგორ დაგხვდნენ ჩემპიონსა და რეკორდსმენს?
– ისეთი გახარებულები იყვნენ, იტირეს. თურმე, დედა ვერ უყურებდა, ტელევიზიით ჩემპიონატზე რომ გამოვდიოდი და რომ უყვირიათ მოიგოო, კინაღამ გული წასვლია.
– მეგობრები ამბობენ, გიორგის გულისკენ მიმავალი გზა, კუჭზე კი არა, კუნთზე გადისო. ამაზე რას მეტყვი?
– მართალს ამბობენ, ვეთანხმები, მაგრამ ჩემი გულისკენ მიმავალი გზა კუჭზეც გადის და კუნთზეც (იცინის). ზოგადად, არ ვარ დიდად მჭამელი, მაგრამ სპორტის გამო, დღეში ოთხჯერ ჭამა აუცილებელია. განსაკუთრებით ხორცის, რომ ორგანიზმს ცილა არ მოაკლდეს. ამ მხრივ, ხელშეწყობაა საჭირო და ასე რომ, ჩემი ქმრობა ადვილი ნამდვილად არ იქნება (იცინის). დალევა კი არ მიყვარს, სასმელს საერთოდ არ ვსვამ.
– შენს კუნთებს რომ ვაკვირდები, შენი დარტყმა მტრისას.... მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ: „თუ დაგარტყი, ამერიკაში გაგაფრენო“ და მეგობრები არ გეხუმრებიან, მიდი, დამარტყი, იქნებ, შენ მაინც გამაფრინო ამერიკაშიო?
– სულ მაგას მეუბნებიან, დამარტყი და ამერიკაში გადამაფრინეო, მაგრამ ჯერ ევროპას მეც ვერ გავცდი (იცინის). სხვათა შორის, ჩემი კუნთის ძალა ჩხუბში არ გამომიყენებია. უბრალოდ, არ დამჭირვებია, სიტყვით ვაგვარებ საქმეს. რაც შეეხება სროლას, გორში, რკინიგზასთან ახლოს ვცხოვრობ, „ჩავუსატკავდებოდი“ მწვანე მატარებელს, შორიდან ვესროდი ქვას და იმ მატარებლის ნახევარი ფანჯრები, ჩემი ჩამტვრეულია. იხედებოდნენ, საიდან ისვრიანო, მაგრამ იმდენად შორიდან, დაახლოებით ასი მეტრიდან ვესროდი და ვამტვრევდი მინას, რას დამინახავდნენ? თან, ისე გავრბოდი, ვინ დამეწეოდა?! ახლა ვფიქრობ, დაჭერას ვარ გადარჩენილი (იცინის).
– რომანტიკული თუ ხარ და რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, შეყვარებული გყავს?
– არ ვიცი რამდენად რომანტიკული ვარ, რადგან შეყვარებული არ მყავს და არც არასდროს მყოლია. თუმცა, რაც ჩემპიონი და რეკორდსმენი გავხდი, ასპარეზზე აქტიურად გამოჩდნენ გოგოები (იცინის). სიყვარულისთვის ჯერ არ მცალია და რომც მოვიცალო, ცოდოა ის გოგო, ვინც შემიყვარებს. ფაქტობრივად, სულ ვარჯიშზე ვარ და სულ ქვეყნიდან გასული. სახლშიც, პასპორტი თუ არ ვაჩვენე, ისე არ მიშვებენ, ვეღარ მცნობენ (იცინის). აი, რეკორდის რეკორდს რომ დავამყარებ, სიყვარულის დროც მოვა. ჯერ, მხოლოდ ბირთვზე ვარ შეყვარებული (იცინის). მეხუმრებიან, შენ გვერდით რკინის ქალი გჭირდებაო. რკინის ბირთვიც მეყოფა, ქალი ნაზი მირჩევნია (იცინის). ასე რომ, რკინის ქალი კი არა, რკინის ნერვების ქალი მჭირდება, ჩემს აქტიურობას და აქეთ-იქით სიარულს რომ გაუძლოს. ჩემს საყვარელ ქალს ვარდივით გავუფრთხილდები და მოვუვლი, რომ არ გაბრაზდეს და ეკალი არ მიჩხვლიტოს. არაფრის მეშინია, მაგრამ ვაღიარებ, საყვარელი ქალის ჩხვლეტის მეშინია (იცინის).
– წარმომიდგენია, შენი შეყვარებული გოგონა მეექვსე სართულზე რომ ცხოვრობდეს, ისე ესვრი ყვავილების თაიგულს და შეუგდებ ფანჯარაში, არ ააცდენ.
– მეექვსეზე კი არა, ჩემი საყვარელი გოგო მეცხრეზეც რომ ცხოვრობდეს, არც იქ გამიჭირდება ყვავილების ასროლა და ფანჯარაში შეგდება, პრობლემა არ არის. სიყვარულის ასახსნელად, „ამწეკრანი“ არ დამჭირდება (იცინის).