კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ ეხმარება თიკო ბეკოშვილს იმქვეყნიდან გოდერძი ჩოხელი და როგორ აღუდგა მას მხედველობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

რეჟისორ თიკო ბეკოშვილის ცხოვრება გოდერძი ჩოხელის სიყვარულმა განსაზღვრა. სწორედ საყვარელი მწერლის გამო გადაწყვიტა ამ პროფესიას დაუფლებოდა და მისივე ძალიან დიდი დახმარებით და ნამდვილი სასწაულების წყალობით მოახერხა მნიშვნელოვანი ჩანაფიქრის განხორციელება.
თიკო ბეკოშვილი: როგორც დედა მიყვება, სტანდარტული ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. როცა ჩემი ტოლები თამაშობდნენ, მე ვწერდი და ვკითხულობდი. რადგან მხედველობის პრობლემა მქონდა, სკოლის პერიოდში სწავლაში დედა და მთელი ჩემი კლასი მეხმარებოდა. არ მიგრძნია, რომ რამე ნაკლი მქონდა. თავიდანვე მიმაჩვიეს იმ აზრს, რომ ყველაფრის კეთება შემეძლო. გადაწყვეტილი მქონდა, ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა. მაგრამ მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ქართულის მასწავლებელმა გოდერძი ჩოხელის ნაწარმოები წამაკითხა. იმდენად მომეწონა, რომ გაკვეთილის დამთავრების შემდეგ, მისი წიგნი ვთხოვე. კითხვა დავიწყე და მთლიანად ჩოხელის სამყაროში „გადავვარდი“, მასში ჩემი სამყარო დავინახე. გადავწყვიტე, ჟურნალისტი რომ გავხდებოდი, მასთან ინტერვიუ ჩამეწერა და გამეცნო, მაგრამ სამწუხაროდ, მალე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება ჩემთვის დიდი სტრესი იყო – ძალიან განვიცადე, დეპრესია მქონდა. შემდეგ დავინტერესდი, რისი ნახვა შემეძლო მის შესახებ და როცა აღმოვაჩინე, რომ არაფერი იყო გადაღებული, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, როგორ არ აფასებენ ასეთ ადამიანებს-მეთქი. ზუსტად მაშინ გადავწყვიტე, რომ მე რეჟისორი უნდა გავმხდარიყავი და გოდერძიზე ფილმი გადამეღო. მეუბნებოდნენ, რომ „პატრონის“ გარეშე ვერ ჩავაბარებდი, ბევრი დაბრკოლება იქნებოდა, მაგრამ უკანდახევას არ ვაპირებდი. მთელი წელი ძალიან ბევრს ვსწავლობდი, მხედველობა უკვე მიჭირდა და ტელეფონის ფანრის დახმარებით ვკითხულობდი. მაშინ ჩემს თავს ძალიან დიდი ზიანი მივაყენე, მაგრამ გამოცდაზე ასი ქულიდან 98 ავიღე, თუმცა ჩარიცხულთა სიაში ვერ აღმოვჩნდი – ადგილები არ არისო. ეს სრული შოკი და უსამართლობის საშინელი განცდა იყო. დაბალი ქულა რომ ამეღო, მეცოდინებოდა მაინც, რა უნდა გამეუმჯობესებინა შემდეგი მცდელობისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღა უნდა მექნა?! პარალელურად, ეროვნული გამოცდებით, „ილიაუნში“ მოვხვდი, თან, გრანტიც ავიღე, მაგრამ იქ სწავლაზე უარი ვთქვი და გადავწყვიტე, ისევ თეატრალურისთვის მოვმზადებულიყავი. ბავშვობაში შვიდი წელი ტაძარში ვგალობდი, ჩემი მოძღვარი „კუკარაჩაში“ რომ პატარა ბიჭია „კუკარაჩა მოკლესო“, რომ იძახის, ისაა. მან გამაცნო ბატონი ზაზა კოლელიშვილი, ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე. თუმანიშვილის თეატრში მივედით და ამ ადამიანებს ჩემი გულისტკივილი მოვუყევით. იქ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში დავიწყე სწავლა, სადაც რეჟისორი ბატონი გიორგი კახაბრიშვილი იყო. საოცარი პედაგოგები გვყავდნენ: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე. მათი წყალობით გავიცანი ოტია იოსელიანი, გურამ დოჩანაშვილი... ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ – გენიოსებთან მიწევდა ვახშმობა, საუბარი.  მათგან უამრავი რამ ვისწავლე, ყველა სიტყვაზე ჩასაფრებული ვიყავი და საოცარ აზრებს ვისრუტავდი. მაგრამ, როცა სადიპლომოზე დავიწყე მუშაობა, ამ დიდმა ადამიანებმა მითხრეს, რომ გოდერძი ჩოხელს დიდი მოფრთხილება სჭირდებოდა და მე ჯერ საჭირო გამოცდილება არ მქონდა. თუმცა, დავიჟინე, გავაკეთებ-მეთქი. გოდერძის ერთ-ერთ საღამოზე ნინო ზედელაშვილი – გოდერძის უახლოესი მეგობარი გავიცანი, დამპირდა, რომ ყველანაირად გვერდში დამიდგებოდა. ასეც მოხდა, მან გამაცნო გოდერძის ოჯახი, მის სახლში რომ მივედი, ტირილი ვერ შევიკავე.
– ფილმი შედგა და ამაში დიდი წვლილი თავად გოდერძის მიუძღვის, არა?
– გოდერძი კერპად მყავს. ხანდახან მეშინია, უფალმა არ მიწყინოს. რაღაც რომ გამიჭირდება, ჯერ გოდერძის საფლავზე მივდივარ, სანთელს ვანთებ, შევთხოვ და მერე შევდივარ ტაძარში. მწამს, რომ ეს ადამიანი ყველაფერში მეხმარება. ერთი წელია, მის საფლავზე არ ვყოფილვარ და სულ პრობლემებში ვარ. ზუსტად ვიცი, რომ მივალ, ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ თითქოს ხელ-ფეხი მაქვს შეკრული. მასთან კომუნიკაციას ჩვეულებრივ ვამყარებ, საფლავზე მივდივარ და ველაპარაკები. ისიც ვუთხარი, რომ მასზე ფილმის გადაღება მინდოდა და დახმარება ვთხოვე. მთავარი პრობლემა ფინანსები იყო, რომელიც ვერ მოვიპოვე და სოციალურ ქსელში დავწერე, რომ არ მაფინანსებდნენ. საფლავიდან უკან რომ ვბრუნდებოდი, გზაში ჩემს პოსტს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი – ასმათ ჩიტაური გამოეხმაურა. წერდა: ამ ფილმს მე დავაფინანსებო. თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. გადაღებები რომ დავიწყე, მხედველობა ძალიან ცუდ დღეში მქონდა. საქართველოში მეუბნებოდნენ, აღარაფერი გეშველება, სხვაგან წასვლასაც არ აქვს აზრიო. იმდენ კლინიკაში მივიღე ეს პასუხი, რომ დავიჯერე. ძალიან ცუდად ვიყავი, იმაზე კი არ ვდარდობდი, რომ მე ვეღარ დავინახავდი, საშინლად განვიცდიდი, რომ ფილმს ვეღარ გადავიღებდი. დიდი ტკივილით მივედი გოდერძის საფლავზე და მოვუყევი, რა ცუდად ვიყავი. მეორე დღეს ერთ-ერთ კლინიკასთან მოვხვდი, პასუხი კი ვიცოდი, მაგრამ ვიფიქრე, ბარემ აქაც ვცდი-მეთქი და ექიმთან შევედი. მეუბნება, რას ელოდები, თავს რატომ იღუპავ, სასწრაფოდ უცხოეთში უნდა წახვიდეო. თურქეთში წავედი, ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ისეთი შედეგი არ მქონდა, როგორიც უნდა ყოფილიყო და ისევ გოდერძის ვთხოვე დახმარება. მეცინება კიდეც, უკვე შეკვეთებს ვაძლევდი. მკურნალობის გასაგრძელებლად ძალიან დიდი ფინანსები იყო საჭირო. იქიდან მომავალს, გზაში ტელეკომპანია „იმედიდან“ მირეკავენ და მეკითხებიან: თანახმა ხართ, რომ თქვენი ოპერაცია დავაფინანსოთ და თან გადავიღოთო? რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავთანხმდი. ეს ძალიან დიდი სასწაული იყო – ურთულესი ოპერაცია გავიკეთე და მხედველობის დაკარგვის პრობლემა აღმოიფხვრა. ახლა ნელ-ნელა წინ მივდივარ, პროცენტები მემატება – ორი თვის წინ სამი, ახლა უკვე ხუთი მაქვს. თუმცა ჯერ კიდევ ხანგრძლივი პროცესია წინ. ბოლო დროს, ცოტა თავი მივანებე, ახლა ხუთასგვერდიან წიგნს ვწერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, თან ტელეფონში, რადგან ფურცელზე ვერ ვხედავ, ტელეფონი ცხვირთან მაქვს მოტანილი და მერე ძალიან მიჭირს ხედვა. ფილმს რაც შეეხება, თურქეთიდან რომ დავბრუნდი, ერთ კვირაში გუდამაყარში წავედი გადაღებაზე. ნარკოზიდან ახალგამოსული კლდეებზე დავდიოდი. ჩემმა ოპერატორმა, გიგა ჯობავამ გააკეთა ყველაფერი ის, რაც მე უნდა გამეკეთებინა, ყველგან ხელჩაკიდებული დავყავდი და ისეთი ბედნიერი ვიყავი, ჩემი ოპერცია სულ არ მახსოვდა. პრემიერაზე სრული შოკი მქონდა, ეს გენიოსები რომ კომენტარს აკეთებდნენ ჩემზე და ჩემს ფილმს რომ დასრულებულს ვხედავდი, ეიფორიაში ვიყავი. ეს ნამდვილი სამოთხე იყო. არასდროს დამავიწყდება გოდერძის მეუღლის სიტყვები: მიუხედავად იმისა, რომ სისხლით ნათესავები არ არიან და ერთმანეთს არ იცნობდნენ, თიკო და გოდერძი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თიკოს ზუსტად გოდერძისნაირი პრინციპული ხასიათი აქვსო.
– მხედველობის პრობლემები როდის დაიწყო?
– მცირე პრობლემა ბავშვობიდან მქონდა. ცამეტი წლის ვიყავი, მეზობლის ბავშვმა შემთხვევით ჯოხი მომარტყა თვალში და ბადურა ჩამომეშალა. აქაურ ექიმებზე ძალიან გაბრაზებული ვარ, ბევრი შეცდომა დაუშვეს. დღეს ამ მდგომარეობაში მათი შეცდომების გამო ვარ. მეორე თვალში სკოლის პერიოდში დიდი დატვირთვის შედეგად თვალის წნევა ამეწია. გლაუკომა მქონდა. თურქეთში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ის აღარ არსებობს, მაგრამ რაც იქამდე დაზიანდა იმის აღდგენა რთულია. მხედველობის შესანარჩუნებლად ორი სახლი გავყიდეთ, მაგრამ თურმე, სულ ტყუილად. აქ ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა. ახლა ძალიან გამიჭირდა, თურქეთშიც აღარ ვყოფილვარ, ოჯახსაც აღარ აქვს შესაძლებლობა. დედას ონკოლოგიური დაავადება აქვს და მისი მკურნალობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. იმდენად ვერ ვაცნობიერებდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მქონდა, ჩემს თავს შშმ პირებში არ ვთვლიდი და დღემდე ასეა. ძალიან ძლიერი ფსიქიკა მაქვს, ერთადერთი, ფილმის გადაღების დროს რომ დამაკლდა მხედველობა, მაშინ ჩავიკეტე საკუთარ თავში და აღარაფერი მინდოდა. ვერ ვიტან მარტოობასა და ერთფეროვნებას, ამიტომ სულ რაღაცას ვაკეთებ. საბავშვო სტუდია მაქვს, საქველმოქმედო კონცერტებს ვმართავ და ვცდილობ, მათ დავეხმარო, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. ახლა საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს, რადგან ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა, ვერაფერი გადავიღე, არადა წყალივით მწყურია ეს პროცესი, ან ტელევიზიაში მუშაობა. სამწუხაროდ, ზოგს ჰგონია რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რაც მართალი არაა. პირიქით, მინდა, ვიღაცამ გამომიყენოს. მე ყველანაირი რესურსი მაქვს, კარგი პროდუქტი გავაკეთო მომავალი თაობისთვის და არა გასართობად, თუ ამაში ვინმე დამეხმარება. ბევრი პროექტი მაქვს გამზადებული და კარგი იქნებოდა, მათი განხორციელება რომ შემეძლოს, მათ შორის დოკუმენტური ფილმების სერიები დიდ ადამიანებზე და კულტურულ ძეგლებზე.

скачать dle 11.3