№12 სად გაუშვა გია გოგიშვილი ოჯახმა გამოსასწორებლად და როგორ ცხოვრობდა ის ძვირად ღირებულ სასტუმროში შეიხთან და მის ორმოც ცოლთან ერთად
„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე კვლავ გამოჩნდა ბაქარის მამა – ბონდო, რომელმაც ნუნუკას უღალატა და სხვა ქალთან ერთად გაიქცა. ბონდოს როლს მსახიობი გია გოგიშვილი ასრულებს.
გია გოგიშვილი: ცოტა ხნით ქვეყნის დატოვება მომიხდა და სერიალშიც თქვეს, რომ ნუნუკას და საკუთარ ოჯახს ვუღალატე და ქალთან ერთად გავიქეცი. ისრაელში წავედი და თითქმის ორი წელი დავრჩი სამუშაოდ. სერიალის სტაფთან მქონდა კავშირი და ჩამოსვლიდან მესამე დღეს გადაღება დამინიშნეს.
– როგორია მაყურებლის რეაქცია?
– სერიალიდან რომ წავედი, მაშინ უფრო ცნობილი გავხდი. ისრაელშიც დამდევდნენ, ბონდო აქ ყოფილაო. ყველა ჩემთან იღებდა ფოტოს და ვხუმრობდი, ფული გადამიხადეთ, მაიმუნივით ვარ-მეთქი. მერიდება ტრანსპორტით მგზავრობა, ფულს არ მართმევენ. რაც „ოჯახი დავანგრიე“ცნობადობამ მართლა იმატა. ისრაელშიც მირეკავდნენ, პოლიტიკური ნიშნით ხომ არ გაიქეცი, რა გიქნესო?! რეალურად, თავიდან რაღაც შემოთავაზება მქონდა, შემდეგ მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დავრჩი. თეატრში ვმუშაობდი, მაგრამ არა ჩემი პროფესიით, რადგან ენა არ ვიცოდი იმ დონეზე, როგორც საჭირო იყო. ბოლოს დირექტორის მოადგილედ ვითვლებოდი, მაგრამ იქ ისე არაა, როგორც ჩვენთან. ამ პოზიციაზე რომ ხარ, ხელფასიც მეტი გაქვს, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებ, რაც კი თეატრს სჭირდება. რომ ჩავედი, თავიდან მშენებლობაზეც მივედი, მაგრამ არ გავჩერებულვარ, იმდენი ნაცნობი მყავდა ჩემს სფეროში, რომ მუშაობის დაწყება არ გამჭირვებია.
– როგორც ვიცი, ქუთაისში დაიბადეთ და გაიზარდეთ.
– კი, სკოლის პერიოდში საშუალოდ ვსწავლობდი, ფეხბურთს ვთამაშობდი. მერე, შეთხვევით, იქაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში აღმოვჩნდი. „ზასტავაზე“ გადავედით საცხოვრებლად, ეს ისეთი უბანია, კიკვიძის ძეგლის გარდა, რომ ყველას ქურდობა უნდოდა და ერთი მე გამოვედი მსახიობი. ალბათ, თავიდან მეც მინდოდა, მაგრამ ძალიანაც არა, უფრო მეგობრებთან ერთად ვიყავი. ჯარის დრო რომ მოვიდა, წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემი ხულიგნობის გამო, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ჯარში გამომასწორებდნენ. რომ ჩამოვედი თეატრალურში ჩავაბარე, გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვსწავლობდი და ჩვენი ხელმძღვანელი ლევან წულაძე იყო. თეატრალურის დამთავრების შემდეგ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ, თუმცა კიდევ არაერთ თეატრში მაქვს ნათამაშები.
– ლევან წულაძესთან განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებთ.
– მის ჯგუფში რომ გადავედი, მალევე დავმეგობრდით. სამი წელი მასთან ვცხოვრობდი სახლში. ფანტასტიკური დედა ჰყავდა – თინა დეიდას მეც დედას ვეძახდი. სახლი მქონდა ნაქირავები, მაგრამ მაინც მათთან ვცხოვრობდი. ამ ოჯახიდან ძალიან ბევრი კარგი მახსოვს. ჯგუფში მე და დუტა ვიყავით ერთად და ორივე ლევანთან ვცხოვრობდით. არაჩვეულებრივი ადამიანი – მანანა რომ მოიყვანა ცოლად, მან უხმოდ გაუძლო ამ ყველაფერს. გათხოვდა და სახლში ლევანის ორი ძმაკაცი დახვდა (იცინის). თუმცა, ცოტა ხანში, ჩვენივე ნებით დავტოვეთ ტერიტორია.
– ვიცი, რომ ხშირად გიღებენ რუსულ პროექტებში.
– რამდენიმე მხატვრულ ფილმსა და სერიალში ვარ გადაღებული დიდ როლზე. ზუსტად ამ ბაზიდან მნახეს „ჰოლივუდის“ პროექტისთვის. ეკა ანდრონიკაშვილია ჩემი აგენტი და „ჰოლივუდში“ ამოვყავი თავი, სადაც კარგადაც გიხდიან და კარგადაც გივლიან. დიდი ამბავი მქონდა, რომ გავიგე, როლზე დამამტკიცეს. მოვიდა მოტოციკლეტიანი კაცი და მომიტანა დიდი სცენარი. მეთქი: ვსო, ბიჭებო, მეშველა! ყველას ვალებს ვისტუმრებ! თან, შონ ბინია მთავარ როლში. ვეძებ ჩემს პერსონაჟს სცენარში, ვეძებ და ვნახე... ერთი გვერდია სულ... ერთ კვირაში დარეკეს, ტექსტია შეცდომითო და მომეცა იმედი – რამე დაამატეს-მეთქი. მოვიდა ისევ მოტოციკლეტიანი ბოდიშებით, მოიტანა სცენარი და ვხედავ, ერთი სიტყვაა შეცვლილი... ნუ კარგი, წავედი და სად მოვხვდი: დამიმატეს ფული, დამყვებოდა დაცვა და ვფიქრობ: ვსიო, აქ მტოვებენ-მეთქი. დავემშვიდობე ოჯახს, გამოვედი და მომკლეს – ამით დაიწყო და დამთავრდა ჩემი „ჰოლივუდი“ (იცინის). როლი იყო ასეთი, თორემ სანამ პროექტის ნაწილი ვიყავი, დაცვა არ მომშორებია, ისეთ ძვირიან სასტუმროში ვცხოვრობდი, მე ვიყავი მარტო და შეიხი თავის ორმოცი ცოლით. პრემიაც გამოწერეს და მომიბოდიშეს, უკაცრავად, რომ დიდ დროს კარგავთ ჩვენთვისო. მეგონა, ავშენდი, „ჰოლივუდისკენ“ გავხსენი გზა და ველოდები გაგრძელებას. ერთ კვირაში მეილზე შეტყობინება მომდის, ჯერ არ ვიცი ვისგანაა, მაგრამ ალბათ, ალ პაჩინო მწერს, აბა სხვა ვინღა გაბედავს-მეთქი და ვკითხულობთ: ბატონო გიორგი, ცოცხალ იხვებს ხომ არ შეიძენდითო?! (იცინის) მართლა იყო რაღაც მოლოდინები და „ნამიოკები“ სხვა პროექტის შესახებ, მაგრამ როცა თარჯიმანს ავუხსენი, არცერთი ენა არ ვიცი-მეთქი, მითხრა: ვერ დაიჯერებენ და ჩათვლიან, რომ დელიკატურად ეუბნები უარს, ჯობს, ვუთხრათ, რომ ძალიან ბევრი გადაღება გაქვს და არ გცალია – ქულები ჩაგვეწერებაო. რას ამბობ, იქნებ, თარგმნონ და რამე მეშველოს-მეთქი. მაგრამ – არა, როგორ დავაჯერო, მსახიობი ორი დუბლით მუშაობ, შენი დოსიე იციან, ფილმები, სადაც გითამაშია. სახელმწიფო თეატრში ხარ, რამდენიმე თეატრში თამაშობ... ეგ კი არა, ის იციან, რა საჭმელი და სასმელი მოგწონს, ამიტომ დაგახვედრეს „ბორჯომი“. არ დაიჯერებენ და ვერც ავუხსნი, რომ არც გერმანული, იცი, არც ინგლისური და არც ფრანგულიო.
– ოჯახზეც მოგვიყევით, რადგან სერიალში ეს ხაზი ასე აქტუალურია.
– ცოლი ძალიან გვიან, 36 წლისამ მოვიყვანე. ერთმანეთი გვიყვარდა და ჩუმად ვხვდებოდით. მეუღლეც ქუთაისელია, ჩემი უბნელი, ჩემს ოჯახში ბევრჯელ ყოფილა და ეს ქუთაისში არაა მიღებული. ჩემზე რვა წლით პატარაა, ბავშვობიდან ვიცნობდი და ახლა, სულ მეუბნება, მე რომ მაგრად მიყვარდი, შენ ყურადღებას არ მაქცევდიო. ჰოდა, მეც ვპასუხობ: მე რომ ჯარიდან ჩამოვედი, შენ მეორე კლასში იყავი, და როგორ მომექცია ყურადღება, კანფეტს ალბათ კი გჩუქნიდი-მეთქი. მაშინ ჩემთვის ბავშვი იყო და რომ წამოიზარდა, მერე მეც შემიყვარდა. გავიპარეთ. ორი შვილი გვყავს – 14 წლის სანდრო და 9 წლის ანამარია. რაც მთავარია, ბონდოსნაირი ქმარი არ ვარ (იცინის).
– მეუღლე ხომ არ ჰგავს ნუნუკას?
– ერთხელ, ღამის ორ საათზე წამომაგდო ლოგინიდან, ტყემალს ვადუღებ და წადი სალიცილი ამომიტანე, თორემ გამიფუჭდება ამდენი ტყემალიო. ჩავედი აფთიაქში და ღამის ორ საათზე რომ წამოყრი ხალხს, ერთ შეკვრას ხომ არ ვთხოვდი და თხუთმეტი ცალი სალიცილი მოვითხოვე. ეტყობა, ყველა მიხვდა, რისთვისაც მინდოდა და მესმის სიცილი, დაცვამ გამოყო თავი და მეუბნება: შე გაჭირვებულო, სახლშიც ამნაირი უბედური ცოლი გყავს, რომ ღამის სამ საათზე ტყემლის გამო გამოგაგდო გარეთო?! (იცინის) სინამდვილეში არაა ეგეთი უბედური და კარგი ოჯახი გვაქვს.