კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ლადო კახაძე: სამაგიერო რომ არ გადამიხდია, ეს არის სამაგიეროს გადახდა

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: ლადო.
გვარი: კახაძე.
პროფესია: ექიმი.
– ბავშვობის განსაკუთრებული მოგონება...
– ბავშვობიდან მუდმივად მახსოვს და ცოცხლდება ჩემს თავში ერთი რამ. ბებიაჩემის გაზრდილი ვარ და მისი მეგრულად ნათქვამი სიტყვები დღესაც მახსოვს: „ონჯღორე ვა ძირა“, ანუ „სირცხვილი არ ნახო“, „სირცხვილი არ ჭამო“... თავი გამოიჩინეო კი არ გეუბნება, სადაც იქნები, იქ არ შეირცხვინო თავიო. მთელი ცხოვრება ამას ვფიქრობ, რა სიტყვები დამამგზავრა ამ ცხოვრებაში პატარა ბიჭს. შენ რომ თავი გამოიჩინო, ორი გზაა: შეგამჩნიონ და შენ თვითონ მიიქციო ყურადღება. შენ თუ შერცხვი, სასულეთში რომ ვიყო, იქაც ვიგრძნობ ამ შერცხვენასო. მან წინასწარვე მითხრა, რომ მარტო არ ვიყავი.  
– რისთვის იბადება ადამიანი?
– უფალი ორ რამეს ჩუქნის ადამიანს – სიცოცხლეს და ნიჭს. არ არსებობს უნიჭო ადამიანი. და როცა ვინმე იბადება, მის ნაჩუქარ სიცოცხლეს მხარზე აქვს გადაკიდებული აბგა და იქ დევს ეს ნიჭი და როდის გამოვლინდება, კაცმა არ იცის.
– როგორ მივხვდეთ, რისი ნიჭი გვაქვს?
– ზოგს ამის გამოსავლენად დადებითი ემოცია სჭირდება, ზოგს – სტრესი, ზოგს – სიცხე, ზოგს – სიყვარული, ზოგს –  შიმშილი, ზოგს – წაგებული სიცოცხლისგან გამოსავლის ძიება. რომ გაიგო, ეს ნიჭი როდის და რა ვითარებაში გამოვლინდება, ამას მოცდა უნდა. დანარჩენი ყველაფერი – ჯანმრთელობა, ერთგულება, სიყვარული, ხვავი და ბარაქა მოსაპოვებელია. რით უნდა მოიპოვო ეს ყველაფერი? ნაჩუქარი სიცოცხლის ნიჭიერად გამოყენების გზით. სიცოცხლე გამოყენებით ხელოვნებას ემსგავსება. და თუ ეს ნაჩუქარი სიცოცხლე არ გამოიყენე და თუ გამოყენების პროცესში ხელოვნების ნიმუშად გადაქცევა არ დაუპირე, რად გინდა ასეთი სიცოცხლე? ნაჩუქარი სიცოცხლის ხელოვნების გზაზე შემართვა ეს არის ის, რისთვისაც იბადები ადამიანი.
– რისი გეშინიათ?
– შიში თანამდევია. მუდმივად მეშინია. მეშინია, რომ ის ნაჩუქარი დრო, რომელიც უფალმა თავის დროზე ჩემი ამქვეყნად ყოფნის დროდ დაგეგმა, ისეთ დროს არ შეწყდეს და არ გავჩერდე, როდესაც მე საშუალება ვარ, ისევე, როგორც როცა გვირაბში მიდიხარ, ჭრაქი გიჭირავს და ეს ჭრაქი ისეთ დროს არ ჩაქრეს, როცა რაღაცას ანათებ და შენ გენდობიან. მეშინია, შემთხვევით ვიღაცას არ ვაწყენინო. რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ ყველაფრის თქმა არ შეიძლება. შეიძლება, მოუმზადებელი ყური შეგხვდეს და შენმა ნათქვამმა სიტყვამ დაავადება გამოიწვიოს. ექიმი დიაგნოზს რომ სვამ, შეიძლება ხმამაღლა იაზროვნო და შენი ნათქვამი სიტყვით პაციენტი დაავადდეს. ამას იატროგენული დაავადება – ექიმის სიტყვით გამოწვეული დაავადება ჰქვია, ის მერე არ განიკურნება.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– ამაზე რამდენიმე კუთხიდან შეიძლება პასუხი: თუ შენი პატიებით მთავრდება ყველაფერი, ყველაფრის პატიება შეიძლება, მაგრამ შენ შეიძლება აპატიო და შენმა შვილმა არ აპატიოს. ამ პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ოლღამ აპატია ილიას მკვლელებს, არ დასაჯა, მაგრამ მთელმა საქართველომ ვაპატიეთ ილიას მკვლელობა? გულში არავინ ვპატიობთ ამას.
–  სამაგიერო გადაგიხდიათ?
–  სამაგიერო რომ არ გადამიხდია, ეს არის სამაგიეროს გადახდა. ისინი, ალბათ, ელოდებოდნენ, რომ მე სამაგიეროს გადავუხდიდი, მაგრამ არ გადავუხადე, არც ერთი სიტყვა არ მითქვამს. ესეც ბებიამ მასწავლა.
– რა გაღიზიანებთ?
– თავს მოხვეული აზრის არასწორი ინტერპრეტირება მაღიზიანებს. როდესაც შენ აზრს მთავაზობ, ისე უნდა შემომთავაზო, რომ თავს კი არ მომახვიო, წინ დამიდო ეს ვერსიები. არ უნდა მითხრა, რომ ლოქო ვჭამო, როდესაც სუფრაზე სხვა კერძებიცაა. ტყუილის თავსმოხვევა მაღიზიანებს, თუმცა, როგორც ექიმი, ტყუილს ჩემს სასარგებლოდ ვაქცევ ხოლმე. მე მაქვს ნანახი ცრუ ორსულობის 80-90 შემთხვევა - დიდი მუცლით მოდის ქალი, მაგრამ ორსულობა არ არის, ნანახი მყავს ასამდე ორსული საქალწულე აპკით... ამიტომ ვინ უნდა გამაკვირვოს?. ჩემი ცხოვრება ტყუილ-მართლის გარჩევაში მონაწილეობაა. ცუდი და კარგი ერთი ბარგია, რადგან ზოგისთვის ცუდი კარგია. ტყვიამ რომ ტყუილ-მართლის გარჩევა იცოდეს, ხშირად ტყვია მსროლელს დაუბრუნდებოდა, ტყვია კი არა, ჩახმახზე თითს რომ გამოკრავს, ის არის კაცის მკვლელი. ტყუილი არის ტყვია, რომელიც გაისროლება და ამ ტყუილს ბევრი ზიანის მოტანა შეუძლია. ექიმთან მოსვლის ფორმაც უფალმა იმიტომ შემოიღო, რომ როდესაც შენ ექიმთან მოდიხარ და ყველაფერს ყვები, როგორც მოძღვართან, ავადობისგან თავისუფლდები და ავადობას იმსუბუქებ.
– ინტუიციას ენდობით?
– მე ჰოროსკოპით მორიელი ვარ. მორიელები კი ინტუიციით გამორჩეულები არიან. უცნობი რომ გამაჩერებს ან უცხო თუ შემოვა, ვიცი, რა უნდა მითხრას. მიწისძვრას ვგრძნობ –  მე რომ გამიღვიძია, მერე ხშირად მომხდარა მიწისძვრა.  
–  სიზმრების გჯერათ?
– ჩემი მეუღლე მეუბნება, არ დაიძინოო. სიზმარი ერთი ერთში მიხდება.
– მეუღლის როლი თქვენს ცხოვრებაში?
– მე ვამბობ, ამ ცხოვრებისეულ გამოწვევებში მე ვარ ერთი პროცენტი და 99 პროცენტი რუსუდანია. ბებიაჩემის ნათქვამი – სირცხვილი არ ჭამოო, არის ის, რომ რუსუდანთან არ ვჭამო სირცხვილი. ეს არის ჩემი ყველაფერი. მას ჩემი სჯერა, მე ვერ ვუღალატებ.
– წლები ცვლის სიყვარულს?
– აბსოლუტურად არ ცვლის. წლები სიყვარულს აძლიერებს. ჩემს ასაკში რომ მოხვალთ, მერე მიხვდებით. გაიღვიძებ და დააყურადებ, აბა, როგორ სუნთქვას
შენი მეუღლე, დააფარებ ან დაგაფარებს.
– როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული?
– მდინარე რიონი სათავეში როგორია? მოჰქუხს, ქვები მოაქვს, აქეთ ნაპირზე შენ დგახარ, მეორე ნაპირზე სხვა ადამიანი და ხმას ვერ გააგონებ, მდინარე
გეუბნება – აქ მე ვარ, შენ კი არაო. იგივე რიონი როგორია ზღვაში რომ ჩადის? ბაყაყის ხმა ისმის. სიყვარული მთის მდინარეს ჰგავს, როგორც კი გაივაკებს, მდორე ხდება და წყნარდება. მე გთავაზობთ – არ გაამდოროთ მდინარე, ზოგჯერ ინტრიგა მოიგონეთ, ქვები ჩაუყარეთ, ზოგჯერ ფეხები დაისველეთ, მდინარეში ჩახტით, ამოხტით, ის იმწუთშივე ცოცხლდება.  სხვას არ დააბრალოთ თქვენი სიყვარულის გამდორება, თქვენ არ გაამდოროთ სიყვარული და არ მოასვენოთ თქვენი პარტნიორი. მე და ჩემი ძმა საშუალო ასაკს გადაცდენილები ვართ, შვედეთში მივფრინავთ და პატარა სიურპრიზი მოვუწყვეთ ჩვენს მეუღლეებს. დაუკითხავად ყველაფერი გავაკეთეთ ისე, რომ ისინიც ჩვენთან ერთად წამოსულიყვნენ: აეროპორტში წამოვიდნენ ჩვენს გასაცილებლად, რა თქმა უნდა, ბარგი არ მოაქვთ. აეროპორტში ვეუბნებით: ბარემ, საზღვრამდე მიგვაცილეთო. იქ ხომ პასპორტი გვინდაო და ამოვიღეთ პასპორტები და ასე წავიყვანეთ შვედეთში. ის დღეები არ დაგვავიწყდება.
– სიყვარულის გამო სიგიჟეები ჩაგიდენიათ?
– ქორწილში ვარ თამადა და ქორწილშივე ვეუბნები რუსუდანს, ახლა ვდგებით და მივყვებით ამათ საქორწინო მოგზაურობაში-მეთქი. რუსუდანიც ისეთია, რომ უცებ დამთანხმდა. გამოვიარეთ სახლში, ავიღეთ ხელჩანთები და წავედით. ბავშვობიდან ფეხბურთის დიდი ფანი ვარ და ერთხელ ფინალური თამაში იყო ოდესაში და რუსუდანს უცებ ვეუბნები, წავიდეთ ამ ფინალზე-მეთქი და წავედით. ასეთი რაღაცები აცოცხლებს სიყვარულს. ამას სულ ვიხსენებთ და უცებ, იმ ასაკის ვხდებით.
– რომელ პერსონაჟს ამსგავსებთ თქვენს თავს?
– იცი, ამ გმირების რამხელა გალერეაა? მე, საერთოდ, მოზაიკა ვარ. მე შემქმნა უამრავმა  ადამიანმა, როგორც გენეტიკურმა, ასევე აკადემიურმა. ზოგჯერ გრაფი მონტე კრისტო ვარ, ზოგჯერ – განკიცხული, ზოგჯერ დათა თუთაშხია ვარ, ზოგჯერ – ბაში-აჩუკი. ისე ვერ გამიბედავს, რომ ტარიელ-ავთანდილობა გავისიგრძეგანო, იმდენად მაღლა დგანან ეს ფიგურანტები. ზოგჯერ აკაკის ბავშვობა ვარ... მე სულ ვსწავლობ ლიტერატურულ გმირებს. თუ იმ გმირის მანტიის ჩაცმა მომიწევს, იმ გმირზე ნაკლები არ უნდა გავაკეთო. ამიტომ ასე, ამორჩეულად ცალკე არ მყავს ასეთი გმირი. ხშირად ვეკითხები მოსწავლეებს, თქვენთვის უთქვამს მასწავლებელს, ვაჟა-ფშაველა თქვენი ენით მომიყევიო? რამხელა ბედნიერებაა, შენ გადრიან ვაჟა-ფშაველას და განდობენ შენი ენით მოყოლას. ასეა ლიტერატურული გმირები, ისინი შენ განდობენ მათი ტანსაცმელი ჩაიცვა, შენი ენით, მაგრამ მათი შინაარსით ილაპარაკო. ცხოვრება ასეა, ძალიან საინტერესოა, როდესაც ასეთი ფორმით გინდა აენთო, მაშინ შენ მიერ განათებულსაც კარგად აღიქვამენ. ხომ არის ზოგჯერ, შენი განათებულით ვიღაცას თვალებს მოსჭრი. ისე უნდა გაანათო, რომ თვალი არავის მოჭრა. ეს ადამიანები, ის კლასიკოსები და ოჯახის გენეტიკური მემკვიდრეობა ამაში მეხმარება, რომ ასეთი ნეშომპალა ნიადაგი მომიმზადდა.
– რას ნანობთ?
– არიან თავდაჯერებული ადამიანები, ეს კითხვა რომ დაუსვათ, იტყვიან, რამდენჯერაც არ უნდა დავიბადო ერთი და იგივე გზით ვივლიო. მე ასე არ ვფიქრობ – დიახ, მინანია და უპირველესი ის არის, რომ ადამიანს გავწყრომივარ. ახლა არავითარ შემთხვევაში არ გავუწყრებოდი. შეიცან თავი შენი – შენ თავს გარედან შეხედე, წიგნივით წაიკითხე. წიგნს რომ ერთხელ წაიკითხავ, ზოგჯერ მოექცევი ავტორისეული გავლენის ქვეშ, მთავარი გმირი მოგწონს. მეორედ წაიკითხავ და მისი ანტიპოდი მოგწონს და ფიქრობ, პირდაპირ დაუპირისპირდე იმ სივრცეს, რა გარემოებამაც შვა ეს ანტიპოდი. ჩემი თავისთვის გარედან რომ შემიხედავს, როგორ ვნანობ – მე იმ მომენტში ძლიერი ვიყავი, გავუწყერი, მას არასდროს დაავიწყდება. ვცდილობ, ადამიანებს არ გავუწყრე. რომ ვფიქრობდე, მე მართალი ვარ, ის – დამნაშავე, ჯერ უნდა ვიცოდე, იმან თუ აღიარა ჩემი სიმართლე და მერე ის, რომ თვითონ გეტყვის, რომ შენ მართალი ხარ. ამას გაწყრომა არა, ამას დრო და მოთმინება უნდა...
– ყველაზე მტკივნეულად რა გახსენდებათ?
– ეს არის უმწეობა. მე დამისვია დიაგნოზი, ვიცი, რომ ამას არ ეშველება და ვიცი, რომ მე აქ უმწეო ვარ, არაფერს წარმოვადგენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების შესახებ ყველაფერი ვიცი და ვიცი, რომ ამას ვერ ვუშველი, ადამიანს ვერაფრით ვეხიდები. იმ მომენტში ჩემზე უმწეო და დათრგუნული არავინ ირის. სამწუხაროდ, ასეთი დიაგნოზები მარტო მედიცინაში არ არის. არის სოციალური, პოლიტიკური დიაგნოზებიც, როცა საშველი არ არის და აი, ამ დროს, როცა საშველი არ არის, ვფიქრობ: „ღმერთო, მომეცი ძალა, შევცვალო ის, რისი შეცვლაც მე შემიძლია, ღმერთო, მომეცი მოთმინების უნარი, მოვითმინო ის, რისი მოთმინებაც არ შემიძლია და მომეცი გონიერება, გავარჩიო ერთი მეორისგან“ – ეს არის ადამიანის ცხოვრება.
– უფალს პირისპირ რომ შეხვდეთ, პირველად რას ეტყოდით?
– პირველად ვეტყოდი სალამს, მადლობას და ბოდიშს კი – ერთდროულად. მე ორივე სიტყვა მიყვარს. ეს ყავარჯენივით სიტყვებია. ჩემს მეორე წიგნს ჰქვია „გმადლობ, ბოდიში“. არ არსებობს არცერთი სიტუაცია, რომელიც ამ სიტყვებს არ ეხსნას, ყავარჯენია, ორივე გადაგარჩენს, ტალახში გაგატარებს. სიცოცხლეში ნათქვამ ამ ორ სიტყვას კიდევ სხვა ძალა აქვს. დღეს ჩვენ რამდენი ცათამაღლებულის მიმართ ვიხდით ბოდიშს.
უფალს ვეტყვი ამ ორ სიტყვას: მადლობას – იმისთვის, რაც მე გამატარა, იმ ჩემი ნაჩუქარი სიცოცხლისთვის და ბოდიშს – თუ სადმე თავი შევირცხვინე.
скачать dle 11.3