№12 რატომ ეუბნებოდნენ დათო მაჭავარიანს უარს გამომცემლები „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული რომანის შექმნაზე და რა ოცნება აუხდინა მას „ბეტმენმა“
დათო მაჭავარიანმა „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა, ჯერ კიდევ, 2008 წელს დაიწყო, თუმცა, მაშინ პოემის ილუსტრაციები დახატა. მუშაობის დროს, მხატვარს გაუჩნდა იდეა, შეექმნა „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული რომანი – ასეც მოიქცა და, როგორც თავად ამბობს, 222-გვერდიანი „კინო გადაიღო“. როგორ მიმდინარეობდა მუშაობის პროცესი და რა სირთულეებს წააწყდა, თავად გიამბობთ.
დათო მაჭავარიანი: ეს გახლავთ „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული რომანი და არა კომიქსი. კომიქსი პერიოდული გამოშვებაა, რომელიც ყოველთვე ჟურნალის სახით გამოდის და მოცულობით შედარებით პატარაა. გრაფიკული რომანი კი, ერთი დიდი ნაწარმოებია, რომელსაც თავისი დასაწყისი და ბოლო აქვს. პირველად 2008 წელს სულაკაურის გამომცემლობამ შემიკვეთა „ვეფხისტყაოსანი“ – საბავშვო ილუსტრირებული წიგნი სურდათ. 2-3 ნახატი რომ მივიტანე, გადაწყდა, აღარ ყოფილიყო საბავშვო და ჩვეულებრივი წიგნი გამოეცათ. საბოლოოდ ეს წიგნი ორი ყდით გამოვიდა – წითლით და მწვანით. მწვანე ჩემი არჩევანი იყო, ხოლო წითელი – თავად ბაკურ სულაკაურის. პრეზენტაციის მეორე დღეს ბაკურმა მკითხა, რა მინდოდა გამეკეთებინა. ვუპასუხე, რომ იგივე მსურდა, ოღონდ გრაფიკული რომანის სახით. ეს იყო ჩემი იდეა. ამის მერე დავიწყე მუშაობა. 4 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ „ხელი“ გადამეკეთებინა. ვეძებდი, როგორ გაკეთებულიყო: ნაწერი უნდა ყოფილიყო მინიმალური, დანარჩენი კი – ნახატი.
– რა სირთულეებს გადააწყდით მუშაობის პროცესში?
– ჩემს თავს და საქართველოს, სხვა სირთულე არ იყო. როცა რაღაც დიდზე იწყებ მუშაობას, საჭიროა კონცენტრირება. საქართველოს სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ აქ ყველას ყველაფერი ხვალ უნდა. როდესაც მეკითხებოდნენ, საბოლოო ვარიანტი როდის გაკეთდებაო, ვპასუხობდი – 3-4 წელში. ქართველის ცნობიერებისთვის, რომელიც მხოლოდ ფულსა და ხვალინდელ დღეს მისდევს, ეს პასუხი მიუღებელი იყო. გამომცემლობებს ჩემს პროექტს რომ ვთავაზობდი, პირველი, რასაც მეკითხებოდნენ – რა იყო გრაფიკული რომანი. ვეუბნებოდი, კინოა-მეთქი. პასუხები იყო შემდეგი: აა, კომიქსს აკეთებ? ჩვენ არ გვინდა მასთან ახლოს ვიყოთ. აქედან გამომდინარე, პირველი სირთულე, რასაც გადავაწყდი, იყო ის, რომ ავიღე სესხი – ამ სამ წელს ხომ მინდოდა მუშაობა და ცხოვრება. საქართველოში ვერ ვმუშაობდი, რადგან სულ ვიღაცის დაბადების დღე, უამრავი დღესასწაული, ორი ახალი წელი და ბევრი რამ იყო. ამიტომ წავედი ნეპალში. ორი თვე ვიცხოვრე იქ და ჩამოვიტანე 50 გვერდი. მერე სამუშაოდ საფრანგეთში გავემგზავრე. ბოლოს, მუშაობა რაჭაში დავამთავრე.
– რა დრო დაგჭირდათ დასასრულებლად? მარტო მუშაობდით?
– ზუსტად სამი წელი მოვანდომე. თავიდან მარტო ვმუშაობდი. სამი რვასაათიანი რეჟიმი მქონდა, მერე სამსაათიანზე გადავედი. ყველაფერი იხატებოდა ფანქრით და შემდეგ ჯგუფი მეხმარებოდა დატუშვაში. ერთი გვერდის დამუშავებას 3-4 დღე სჭირდება. ზოგი განშლა 2-3 კვირაც იხატებოდა. ყოველდღიური 10-12-16-საათიანი მუშაობა იყო. ჩემთან პირველად სალომე თოთლაძე მუშაობდა, რომელმაც პირველი 100 გვერდი დატუშა. მერე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ვეღარ გააგრძელა. საფრანგეთიდან რომ ჩამოვედი სასწაული მოხდა. ინდოეთში ვაპირებდი წასვლას, მუშაობა იქ უნდა გამეგრძელებინა. დილით ვიღვიძებ და უცებ ვხვდები, რომ არ უნდა წავიდე. დავაბრალე შოთას, მან მითხრა, რომ არ წახვიდეო (იცინის). დავრჩი და გადავინაცვლე სახელოსნოში. მეორე დღეს მხვდება დათო პიასაშვილი. ბიჭი, რომელიც სულ მთხოვდა, ხატვა მესწავლებინა. მეუბნება: სამსახურიდან წამოვედი და არ ვიცი, რა ვქნაო. აბა, ხომ გინდოდა ხატვა, ხაზის გასმა ხომ შეგიძლია-მეთქი. კიო და წავიყვანე ჩემთან. ორ დღეში მოვიდა ნინო ბერიშვილი და ისიც მეუბნება, სამსახურიდან წამოვედი და სამუშაოდ შენთან მოვედიო. აგერ ჩემი ხელები და ნახე, რა შემიძლიაო. ერთ კვირაში მოვიდა რაფაელ ბადალიანი – ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ჩემი სტუდენტი იყო და მანაც იგივე მითხრა, რომ სამსახურიდან წამოვიდა და სახატავად ჩემთან მოვიდა. გადავხედე სამივეს და ვეკითხები, ყველამ ერთი და იგივე რატომ მითხარით, რატომ ხდება ასე-მეთქი. ასე უცნაურად შეიკრობა ჩვენი ჯგუფი,
რომელსაც „შოთას შერეკილები“ დავარქვი.
– მსგავსი ნამუშევარი პირველია ქართულ რეალობაში?
– ასეთი დიდი სამუშაო საქართველოში კარგა ხანია, არ გაკეთებულა. გრაფიკული რომანი პირველად არ შექმნილა, მაგრამ ამ ნაწარმოების ასეთი სახით მოწოდება საზოგადოებისთვის პირველია. 60-იან წლებში ჩინეთში შექმნეს „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული რომანი. ეს ის პერიოდია, როცა სტალინმა გადაათარგმნინა და ბევრ მხატვარს დაახატვინა. ჩინეთში უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, „ვეფხისტყაოსანი“ თავიდან ბოლომდე დახატეს, თუმცა, სულ სხვანაირია.
– თქვენი ნამუშევარი რამდენი გვერდისგან შედგება და როდის იგეგება მისი საზოგადოებისთვის მიწოდება?
– 224 გვერდია, 2 გვერდი ამოვიღე და 222 გახდა. კიდევ არის ერთი 10 განშლა. პრეზენტაცია მაისის ბოლოს იქნება და გაყიდვაშიც ჩაეშვება. ამას შემდეგ მიჰყვება ბევრი რამ – პერსონაჟების სათამაშოების გაკეთება მინდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დარგი შემჩნეული გახდეს ქვეყანაში. რომ არა „ვეფხისტყაოსანი“, სხვანაირად ქართველი მას ვერ შეიმჩნევდა. ვთვლი, რომ სერიოზული კინო გადავიღე, რომელშიც პოემისგან განსხვავებით, არც სისხლიანი ველია და არც ეროტიკული კადრები. არაფერს ვამატებდი ჩემგან, რასაც შოთა მკარნახობდა, იმას ვაკეთებდი. ეს ნამუშევარი ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი.
– ეროვნულ საგანძურზე ვსაუბრობთ და გიფიქრიათ, როგორ მიიღებდა „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკულ რომანს საზოგადოება?
– ხალხს რასაც მისცემ, იმას მიიღებს. ყოველი შემთხვევისთვის, ბოლო 25-26 წლის განმავლობაში ასე ჩანს – რასაც გვაძლევენ, იმას ვჭამთ და ვეღარ მივხვდით, რომ ასე არ შეიძლება. აქ იყო საუბარი პროფესიონალებზე – გვაქვს რუსთველოლოგიის ინსტიტუტი და ასევე, ბავშვეზე. სამწუხაროდ, ჩვენამდე მსგავსი რამ ვერ გაკეთდა. წინა საუკუნეშიც აუცილებლად შეიქმნებოდა, რომ არ დაეხვრიტათ, მაგალითად, პეტრე ოცხელი. ის ყველაზე ინოვაციური ადამიანი გახლდათ და მგონია, რომ გააკეთებდა. რადგან არ გვქონდა, ვიღაცას ხომ უნდა შეექმნა? ამიტომ, ამ საუკუნეში მე მერგო წილად.
– ოჯახისთვის რთული იყო ეს პერიოდი?
– ჩემი მხრიდან, ეგოისტური მომენტიც იყო. იმის გარდა, რასაც ვაკეთებდი, არავის ვაქცევდი ყურადღებას. ჩემმა ცოლმა ომი გაიარა. ძალიან რთული იყო. ყველაფერს მეორე მხარე აქვს. რამდენადაც ნათელია, ჩრდილიც იმდენადვე მუქია. რთული იყო ოჯახისთვის. მიუხედავად ამ ომისა, ამდენი ხნის ნაშენები ურთიერთობა არ ჩამოვანგრიეთ.
– ხატვა როდის დაიწყეთ?
– მამა არის ექიმი, ქირურგი, დედა – მხატვარი. ამიტომ სახლში მაქვს ანატომიისა და სამხატვრო წიგნები. ბავშვობაში პირველად დავხატე ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემა. ამ ნახატის მერე ჩემს მშობლებს უსაუბრიათ და მამას უთქვამს: ექიმი იქნებაო, დედას – მხატვარიო (იცინის). მამას ძალიან უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი, თუმცა, დედას ვარაუდმა გაამართლა. 4-5 წლის ვიქნებოდი, რომ ბაბუამ წამიყვანა კინოში, სადაც „სინდბადის თავგადასავალი“გადიოდა. იქ არის მომენტი, როცა ციკლოპები დადიან. ამ სცენამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მხოლოდ ერთ საღამოს 50 ციკლოპი დავხატე. ამის შემდეგ სულ ვხატავ. მერე იყო სამხატვრო სკოლები, პიონერთა სასახლე, თენგიზ გიგაურის სახელოსნო და ბოლოს – აკადემია. თუმცა 1995 წელს ირაკლი ჩარკვიანი გავიცანი და მასთან ერთად ავედი სცენაზე, როგორც მუსიკოსი.
– რა მოგონებები გაკავშირებთ ირაკლი ჩარკვიანთან?
– ირაკლი ეძებდა დრამერს და მე, როგორც ახალგაზრდა, დამწყები მუსიკოსი, მასთან მივედი. მომისმინა, ჩემი დაკრული რიტმში იჯდა და ამიყვანა. ჯოხისა და ფანქრის დაჭერა ჩემთვის ერთი და იგივე იყო. ფანქარი მტკიცედ უნდა გეჭიროს ხელში, ვერავინ უნდა წაგართვას. იგივე არის ჯოხის შემთხვევშიც – არ უნდა გაგივარდეს. 20-21 წლის ასაკში საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: რას მივება – მუსიკას, თუ ხატვას? ორივე საკმაოდ სერიოზული პროფესიაა და არასდროს იცი, რა შეიძლება მოგიტანოს. შეიძლება, არც არაფერი, მაგრამ ხელოვნებაც ხომ ეგ არის. ბოლოს ხატვა ავირჩიე.
– ამერიკაზე და „დისი-კომიქსის“ შემოთავაზებაზე გვიამბეთ.
– ამერიკაში სასწავლებლად არ წავსულვარ. „დისი-კომიქსი“ არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, სადაც „ბეტმენი ცხოვრობს“. პირველად „ბეტმენი“ ვნახე ფილმში, სადაც ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა. ყველა პერსონაჟზე გავგიჟდი. ამის მერე მივისწრაფვოდი „ბეტმენისკენ“ და ოცნებად მქონდა, იმ კომპანიაში მემუშავა, სადაც ის იქმნებოდა. ვფიქრობდი, იქ შევემჩნიე, როგორც მხატვარი და შევეფასებინე. მოვხვდი ამ კომპანიაში, თუმცა, თავიდან არც თუ ამერიკულად მოიქცნენ. როცა ოფისში რამდენიმე ადამიანს ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე, ხმა არ ამოიღეს, თითქოს არ მოსწონდათ. ბოლოს დენ რასპლერთან მივედი, რომელიც ედიტორი იყო და პირადად აკეთებდა „ბეტმენს“. ჩემი ნახატები რომ დაინახა ხელში აიტაცა, მაღლა აწია და ყველას გასაგონად თქვა: ეს, საერთოდ, ნახეთო?! ამის მერე, ის ხალხი, რომელიც ხმას არ იღებდა, მის გარშემო შეგროვდა და დაიწყეს ლაპარაკი: უი, რა კარგია, რა მაგარია... დენმა მომცა სავიზიტო ბარათი და შემომთავაზა, ნიუ-იორკში ჩავსულიყავი. ჩავედი და მითხრა, რომ ცოტა უცნაური „ხელი“ მქონდა. ექვსი თვე ვმუშაობდი „ხელის“ გადასაკეთებლად. ბოლოს მითხრა, მზად ხარო, გამომიშვა სახლში და მომცა სცენარი. აღმოჩნდა, რომ ჩემი და ჯიმ ლის ხედვა ერთნაირი იყო. მივხვდი, რომ ამერიკას მეორე ასეთი აღარ სჭირდებოდა. ამიტომ საქართველოში წამოვედი. თან, ამერიკაში მუშაობის უფლებაც არ მქონდა. მის მოპოვებას კი დიდი დრო და ფინანსები სჭირდებოდა. რაც მთავარი იყო, „ბეტმენმა“ მითხრა, რომ მაგარი ვიყავი და რეალურად, ეს იყო ჩემი ოცნებაც (იცინის).