№12 რწმენის საფარქვეშ
– რადგან ყველაფერი გასაგებია, ნახვამდის, მამაო ნიკოდიმოს, – უთხრა წითურმა შავწვერიანს და ბინიდან გაისტუმრა. შემდეგ მარცხენა ხელით არამართლმადიდებლურად გადაიწერა პირჯვარი. ირონიულად მორწმუნე ადამიანის იმიტაცია განასახიერა და სარკაზმით ჩაილაპარაკა:
– მახვილგონივრული გამოგონებაა ინდულიგენცია. ფულს იხდი და ჩადენილ-ჩასადენი ცოდვები მიგეტევება. არნახულ-არგაგონილი საშინელებაც რომ ჩაიდინო და სული წარიწყმიდო, დადებ ფულს და ახალშობილივით უცოდველი ხდები. კარგია, კარგი... უფრო კარგი კი ისაა, რომ შესაბამისი კონტინგენტის მოძიება აქ პრობლემა არაა.
– რაო, რას ამბობ, რა არისო კარგი? – ჰკითხა წითურს მელოტმა, ჩაფსკვნილმა მამაკაცმა, რომელიც კატასავით ჩუმად შევიდა ოთახში და წითურის მონოლოგის დაბოლოება მოისმინა.
წითური გაჩუმდა. მკვეთრად შეტრიალდა და ახალმოსული რომ დაინახა, გაეცინა და უთხრა:
– უკნიდან მოპარვას ვერ გადაეჩვიე, ხომ, ჯეკობს?
ჯეკობსმა წითურს ხელი გაუწოდა, ჩამოართვა და მიუგო.
– ხომ გახსოვს, გვასწავლიდნენ – მზვერავი რაღაცით კატას უნდა ჩამოჰგავდესო და ჩვევად გადამექცა...
– ჩვეულება კი რჯულზე უმტკიცესიაო, – ქართული ანდაზაა, – გააწყვეტინა წითურმა მელოტს და დააყოლა, – როგორ ხარ, ჯეკობს?
– როგორ ვიქნები, სანი. ნახევარი დღე ჰაერში გავატარე და ფრენამ უკიდურესად მომქანცა, – თქვა მელოტმა.
– მერე, მიდი და გამოიძინე, – სანიმ საძინებლისკენ გაიშვირა ხელი.
– ძილისთვის არ მცალია. ცენტრმა აქ ასე სასწრაფოდ იმიტომ გამომგზავნა, რომ ყველა დეტალი ადგილზევე დავაზუსტო და ყველაფრის სრული სურათი დავუდო წინ.
– ესე იგი, ანგარიში უნდა ჩაგაბარო.
– ასე გამოდის.
– ჯერ რამეს ხომ არ შეჭამდი? – შესთავაზა სანიმ ჯეკობსს.
– ჭამა-სმა – მერე. პირველ რიგში, კი საქმე, – უთხრა მელოტმა წითურს. სავარძელში მოკალათდა და დაამატა, – გისმენ, სანი.
– ჯეკობს, დაზუსტება მჭირდება.
– რის დაზუსტება, სანი?
– თუ არ ვცდები, შენ ოპერაცია „ტაძრის“ კურატორი ხარ, ხომ?
– არ ცდები, მასეა, – დაუდასტურა ჯეკობსმა, – გისმენ.
– ყველაფერი შვეიცარიული საათივით მაქვს აწყობილი და როგორც კი ცენტრიდან ბრძანებას მივიღებთ, ოპერაცია „ტაძარი“ „დღე იქსისთვის“ დაუყოვნებლივ განხორციელდება, – უთხრა ჯეკობსს სანიმ და გააბოლა.
მელოტს წითურის სიტყვებზე გაეცინა და უთხრა:
– სანი, ჩემი არ იყოს, არც შენ იცვლები, ბევრს ხალისიანად ლაპარაკობ ხოლმე, მაგრამ მთავარს არასდროს ამბობ.
– რას გულისხმობ, ჯეკობს? – თავი მოიკატუნა წითურმა.
– იმას, სანი, რომ ზედაპირული სქემის გასაცნობად კი არ გამოვიარე მთელი მსოფლიო, არამედ ყველა დეტალის გასაგებად. შენ კი რატომღაც მათი გამხელისგან თავს იკავებ.
– მე თავს არ...
მელოტმა ხელით ანიშნა წითურს, – ნუ მაწყვეტინებო და განაგრძო, – დეტალებს რომ არ მიმხელ, ეს მაფიქრებინებს, რომ ან ეს ოპერაცია საერთოდ არ გაქვს დამუშავებული, ან თუ გაქვს – არასრულად.
– არც შენ იცვლები ჯეკობს, ჩაშვების შეფარული მუქარით მაინც ახერხებ ხოლმე შენის მიღწევას.
– ჩაშვების შეფარული მუქარით? – მხრები აიჩეჩა მელოტმა, – რა სისულელეა, ჯეკობს?! ოდესმე ჩამიშვიხარ?
– არასდროს გქონია საბაბი და ცილს ხომ არ დამწამებდი. თორემ გიყვარდეს, შემაჯდებოდი და გამაჭენებდი, – თქვა წითურმა.
– გასაჭენებლად არ უნდა გაიხადო საქმე, – ტონი გაამკაცრა მელოტმა და დააყოლა, – სანი, აბა, გისმენ, ყველაფერი ზუსტად დამიხატე.
– საბოლოო მიზნის მისაღწევად „იქს დღეში“ ორი თარიღია აღნიშნული – შობა და აღდგომა. ამ ოპერაციის ჩასატარებელ ოპტიმალურ თარიღად მე შობა მიმაჩნია და თუ გინდა, დეტალურად გეტყვი, რატომ.
– არ გინდა. ამის თაობაზე შენი დეტალური მოხსენება ზეპირად ვისწავლე – ცენტრში გამაცნეს.
– მაშინ შენი აზრი მითხარი. მეთანხმები თუ არა, რომ ოპერაცია „ტაძარი“ შობის დღესასწაულზე უნდა ჩატარდეს?
– ჯერჯერობით ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს ამის თაობაზე, – თავი გააქნია მელოტმა.
– ცენტრში რას ფიქრობენ, როდის ჯობია ჩატარებაო?
– არაა დადგენილი. გადაწყვეტილება ერთად უნდა მივიღოთ... გაცნობებთ, – უთხრა ჯეკობსმა სანის ხაზგასმულად, რაც იმას ნიშნავდა, მელოტი გადაწყვეტილების მიმღები იყო, სანი კი – მხოლოდ შემსრულებელი.
წითურს არ გამოჰპარვია ეს ხაზგასმა და მელოტს მკვეთრად გამოხატული ირონიით უთხრა:
– აბა, თქვენ იცით, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რომ საქმე გართულდეს.
– ჰოდა, ასე რომ არ მოხდეს, ყველაფერი დეტალურად მომიყევი, – თქვა ჯეკობსმა.
– ოპერაცია „ტაძრის“ მთავარი შემსრულებელი ოპერატიული, ექვსკაციანი ჯგუფია, რომელსაც მე „სექტა“ ვუწოდე და ისინი მხოლოდ პირობითი სიგნალის მერე ამოქმედდებიან, – უთხრა ჯეკობსს სანიმ და ოცი წუთის განმავლობაში აბსოლუტურად დეტალურად ჩამოაყალიბა „სექტის“ მოქმედების სქემა.
– ძალიან კარგი. შესანიშნავად მომზადებული ჯგუფი გყოლია, – გულწრფელად შეაქო მელოტმა წითური. სანის არც ეს გულწრფელობა გამოჰპარვია და უთხრა:
– ამ ჯგუფის მაღალი პროფესიონალიზმი ერთია. მთავარი კი ისაა, რომ ეს ხალხი უსიტყვოდ, დაუფიქრებლად გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებ და ჩვენი ოპერაციის წარმატებისთვის სწორედ ესაა ყველაზე მთავარი.
– კი. გეთანხმები. შემდეგ?
– ამ ოპერაციის შიდა კურატორ-კოორდინატორი კი აგენტი „იუდაა“ და მას იფორმაციის მოწოდება ევალება, ასევე, ჯგუფ „სექტის“ გადაადგილებისა და, თუ საჭირო გახდა, მათი მიმალვის უზრუნველყოფა.
– ამ შენმა „იუდამ“ თუ იცის ოპერაციის მთავარი მიზანი?
– რა თქმა უნდა, არა. მას სულ სხვა ვერსია მივაწოდე და „ტაძრის“ ჭეშმარიტ მიზანზე წარმოდგენაც არ აქვს.
– ვერც ვერაფერს ხვდება?
– ვერა, – თქვა სანიმ.
– სანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შენმა „იუდამ“ რომ რაიმე იყნოსოს და თამაშიდან გამოსვლა დააპიროს, ყველაფერს წყალში ჩაგვიყრის. ამიტომ, აბსოლუტურად დარწმუნებულები უნდა ვიყოთ მასში.
სანის გაეცინა და თქვა:
– კარგად მოგეხსენება, ჯეკობს, რომ ჩვენს საქმეში აბსოლუტურად დარწმუნებული ყოველმხრივ შემოწმებული კადრის მზვერავებშიც ვერ ვიქნებით და ვიღაც აგენტ „იუდაზე“ გარანტია, თანაც ასპროცენტიანი, როგორ მოგცე. მაგრამ, მაინც ვამბობ, რომ „იუდა“ საიმედოა და ვერც ვერაფერს ხვდება, ამიტომ ოპერაციასაც ვერ ჩაგვიშლის.
– სანი, დაწვრილებით მითხარი, ვინაა ეგ შენი აგენტი „იუდა“, – უთხრა მელოტმა წითურს.
– მაინც, რა გაინტერესებს? – იკითხა წითურმა.
– აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მას შეეხება, – თქვა მელოტმა.
– კეთილი, – თქვა სანიმ და დაამატა, – აგენტი „იუდა“, 40 წლისაა და პასპორტით ის ნიაზ ბერიშვილია, ამჟამად – რელიგიის მსახური. იერარქიულად საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია. უმაღლესი იერარქის კარზე მიღებული პერსონაა. მის სიტყვას წონა აქვს და საერთო კრებაზე მის აზრებს ითვალისწინებენ. კოლეგები და მრევლი მას მამა ნიკოდიმოსს ეძახის. ერთი სიტყვით, „იუდა“ საკმაოდ მსხვილი თევზია.
– ძალიან კარგია, სანი, რომ ბადეში ასეთი მსხვილი თევზი გყავს გაბმული, მაგრამ მე მეტი ინფორმაცია მჭირდება და თუ შეიძლება, უფრო დეტალურად გამაგებინე... – უთხრა მელოტმა და პაუზის შემდეგ დაამატა, – მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი: რა უყვარს, რა სძულს, ბოლო-ბოლო ის, თუ რით გყავს ეს კაცი დათრეული და რამდენად მყარია ის კომპრომატი, რითაც მას ჩაავლე. გასაგებია, ხომ? ერთი სიტყვით, აგენტ „იუდას“ სრული დოსიე მჭირდება.
ჯეკობსმა შესანიშნავად უწყოდა, თუ როგორ ჩაავლო სანიმ „იუდას“, მაგრამ მისი მონათხრობის მოსმენა სურდა. სანი პასიური მამათმავალი იყო და ბისექსუალი „იუდა“ სწორედ ამ ფანდით გააბა მახეში. 24 წლის ნიაზ ბერიშვილი პრაღის უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და 30 წლის სანის სწორედ ჩეხეთის დედაქალაქში შეხვდა. სანი იქ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებზე ნადირობდა და მათი სხვადასხვა ოპერაციაში გამოსაყენებლად გადაბირებას ეწეოდა. ნიაზ ბერიშვილი ერთ-ერთ თავაშვებულ საღამოზე გაიცნო და ისე მოაწყო, რომ მასთან და ტანწერწეტა ლამაზმანებთან ერთად მთელი ღამე გაატარა ერთ ბინაში, რომელიც იმ კანტორის კუთვნილება იყო, სადაც სანი მუშაობდა. დიდი დოზით ალკოჰოლის მიღების შემდეგ, რაც მარიხუანის მოწევითაც იყო შეზავებული, აღგზნებულმა ბისექსუალმა ნიაზმა ქალებთანაც დაამყარა კონტაქტი და სანისთანაც... მთავარი კი ის იყო, რომ წითურმა ეს ყველაფერი ვიდეოფირზე დააფიქსირა და ბერიშვილის გადაბირების საქმეში მთავარი როლი შეასრულა. როდესაც სანიმ დაზვერვასთან თანამშრომლობა შესთავაზა, ნიაზს მისთვის თითქმის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მხოლოდ თანხებზე დაიწყო ვაჭრობა და ყოველთვიურად სამი ათასი დოლარი მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. კანტორამ სანი ბერიშვილის კურატორად დანიშნა და ცენტრი მისი პირით ელაპარაკებოდა გადაბირებულ აგენტს. სწორედ სანიმ გადასცა ნიაზს ცენტრის ბრძანება, რომ ის საქართველოს ეკლესიაში უნდა შესულიყო და ყოველმხრივ დახმარებას შეჰპირდა. და, მართლაც, ბერიშვილმა ძალიან მალე აიწია იერარქიულ კიბეზე, რაშიც მას კანტორა ეხმარებოდა. სწორედ ამ დროს მიიღო ნიაზმა სანისგან აგენტურული ფსევდონიმი „იუდა“ და კანტორის ცენტრალურ კარტოთეკაში კუთვნილი ადგილი დაიკავა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა ჯეკობსმა, მაგრამ სანის იმიტომ მოსთხოვა „იუდას“ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, რომ ეს პროცესი სანის დიდ დისკომფორტს უქმნიდა და მელოტი ამით ხალისობდა. და, მართლაც, როდესაც სანი „იუდას“ გადაბირების ისტორიას ყვებოდა, სახეზე აშკარა უხალისობა ეტყობოდა. მართალია, სანი არ ამხელდა, რომ გადაბირების ოპერაციაში პასიური მამათმავლის როლს ასრულებდა, მაგრამ კარგად ხვდებოდა, რომ ჯეკობსმა ეს იცოდა და ამის გააზრება ცუდ გუნებაზე აყენებდა. თხრობის ფინალს რომ მიუახლოვდა, სანიმ ჯეკობსს უთხრა:
– აი, ასე ჩავავლეთ „იუდას“. დღემდე ფულს იღებს ჩვენგან და სხვა კომპრომატებზე რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ პრაღის ისტორიის გამო ვერ გაგვექცევა. ასე რომ, ჯეკობს, „იუდა“ ჩვენი საიმედო აგენტია.
ჯეკობსი სავარძლიდან წამოდგა და მელოტი თავი მოიფხანა. შემდეგ ოთახში ბოლთის ცემას შეუდგა, თან იმეორებდა: „საიმედო აგენტია, ვერსად გაგვექცევა“... ბოლოს ისევ სავარძელში ჩაეშვა და სანის უთხრა:
– პრინციპში, თუ მოინდომა, რატომ ვერ გაგვექცევა? თუ ვინმეზე არ ძალადობს, ბისექსუალობით კანონს არ არღვევს. დღესდღეობით კი ნახევარი მსოფლიო ეგეთია.
– სასულიერო პირია, – თქვა სანიმ და რაღაცის დაყოლება უნდოდა, მაგრამ ჯეკობსმა შეაწყვეტინა.
– მერე რა? რამდენიც გინდა, იმდენი სასულიერო პირია არატრადიციული ორიენტაციის და ამას არც მალავენ. მრევლიც უამრავი ჰყავთ და ამას ტელევიზორიდანაც კი ქადაგებენ.
– ეს ჩვენთან, ჯეიკობს. საქართველოში კი ასეთი რამ გამორიცხულია. სასულიერო პირს რომ ასეთი რამ დაუმტკიცდეს, მისი კარიერა დასრულებულია, მას ეკლესიაც გარიყავს და საზოგადოებაც. მეტსაც გეტყვი, აქ, საქართველოში, თუ გინდა, კაცს შეურაცხყოფა მიაყენო, პედარასტი უნდა უწოდო. ასეთი რამ აქაურებისთვის აუტანელია და პასუხსაც მთელი სისასტიკით ითხოვენ. ხშირად საქმე მკვლელობამდეც მიდის.
ჯეკობსი თვალებგაფართოებული უსმენდა სანის და უთხრა:
– რა ველურობაა? როგორ, აქ მამათმავლები არ არიან?
– კი, როგორ არ არიან.
– მერე და მათ უფლებებს არავინ იცავს?
– შენ წარმოიდგინე, რომ თითქმის არავინ. ამას წინათ მცირე ჯგუფმა გეიპარადის მოწყობა დააანონსა და ერთი მუჭა პედერასტ-ლესბოსელები შეიკრიბნენ ქუჩაში პლაკატებით. იმავე დღეს ასეულ ათასობით მათი მოწინააღმდეგე გამოვიდა ქუჩაში საპროტესტოდ და ისინი პოლიციამაც კი ვერ შეაკავა. რაც მთავარია, ამ ხალხს წინ, სწორედ, რელიგირის მსახურები მიუძღოდნენ წინ. სხვათა შორის, „იუდაც“ მათთან ერთად იყო.
– ალბათ, შენიღბვის მიზნით.
– რა თქმა უნდა, თორემ ეგ სულ არ აპირებს ჩვენგან წასვლას.
– კიდევ რა კომპრომატებია მასზე, წეღან შენ რომ ახსენე, – თქვა ჯეიკობსმა.
– სხვა ისაა, რომ საერთო კრებებიდან, რომლებიც საიდუმლოდ ტარდება, მას სრული ჩანაწერები გამოაქვს. „იუდას“ წყალობით, ჩვენ გვაქვს უმაღლესი იერარქის კონფიდენციალური შეხვედრების ჩანაწერები. აგრეთვე, სხვა მისი კოლეგების შეხვედრების ჩანაწერები. მათი ანალიზი კი საშუალებას გვაძლევს, ეკლესიაში ჩვენი ინტრიგა ვაწარმოოთ და შიგნიდან გავტეხოთ, – თქვა სანიმ. ჯეკობსს კი გაეცინა და მიუგო:
– რაღაც ვერ გათვალეთ თქვენს ინტრიგაში, თორემ „ტაძრის“ ჩატარება არ დაგვჭირდებოდა.
– ეგ უკვე პოლიტიკური საკითხია, ჯეკობს და ჩვენ არ გვეხება. მე და „იუდა“ იმას ვაკეთებთ, რასაც ცენტრი გვავალებს. ოპერაცია „ტაძრის“ ჩატარებაც მათ გვიბრძანეს. ასე რომ... – სანიმ მხრები აიჩეჩა და ხელები გაშალა.
მელოტი მიხვდა, რომ გადაამლაშა, როდესაც პოლიტიკაში შეიჭრა და ცენტრს შეეხო. ამიტომ საუბრის „მოკვლა“ დააპირა და წითურს უთხრა:
– მართალი ხარ, სანი. ჩვენ რიგითი ჯარისკაცები ვართ და იმას ვაკეთებთ, რასაც კანტორა გვიბრძანებს. მეტი შეკითხვა არ მაქვს. სიმართლე გითხრა, მომშივდა და ცოტას წავუძინებ კიდეც.
სანის უნდოდა ეთქვა, შეკითხვა მე მაქვს შენთან და რატომ იჭრები იმ სფეროში, რაც კანტორაში მკრეხელობად ითვლებაო, მაგრამ ამ ეტაპზე მელოტთან კონფლიქტისგან თავი შეიკავა და გადაწყვიტა, ჯეკობსის მიერ წარმოთქმული „მკრეხელობა“ სხვა დროისთვის შეენახა. მით უმეტეს, რომ რაც კანტორის კონსპირაციულ ბინაში ხდებოდა, ყველაფერი ვიდეო და აუდიოაპარატურაზე იწერებოდა, რომლებსაც სანი ინახავდა.
– შესანიშნავი სამზარეულო და საძინებელი შენს განკარგულებაშია. რამდენიც გენებოს, ჭამე და იძინე, – უთხრა სანიმ ჯეკობსს და სამზარეულოში მიიწვია.
მელოტმა მადიანად ივახშმა. შემდეგ საწოლამდე ძლივს მიიტანა ფეხები. ტანსაცმლიანად მიეგდო და უმალვე ჩაეძინა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში