კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ღალატის საზღაური

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #10-11(950)


– ნამდვილად ასე იქნება! – წამოიძახა უნებურად და გაოცებულ ნადიკოს თვალი აარიდა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, შვილი საქმის კურსში ჩაეყენებინა, რადგან ის შეშინებული უყურებდა აჟიტირებულ დედას.
ზინიკომ ერთი ამოსუნთქვით უამბო უმცროს ქალიშვილს თავისი მოსაზრების შესახებ და იმედით შეაცქერდა, მაგრამ ნადიკო ხმას არ იღებდა და გულგრილი სახით ახრამუნებდა ვაშლს.
– ჰა, რას მეტყვი? თქვენ უკვე საკმაოდ დიდები ხართ და უფლება გაქვთ, თქვენი მოსაზრება დააფიქსიროთ – თავი შეახსენა შვილს და რამე სასიამოვნო  და დამამშვიდებელი სიტყვების გაგონების მოლოდინში გაირინდა.
– სასიკეთოს არაფერს, – როგორც იქნა, ხმა ამოიღო ნადიკომ და ხელში შერჩენილი ვაშლის ყუნწი საფერფლეზე დააგდო, – ამიტომ, ჯობია, საერთოდ არ გამოვთქვა აზრი.
– რა-ა?! – აღმოხდა ზინიკოს.
– ნუ ნერვიულობ, დედა, მე გეტყვი სიმართლეს, – ოთახში ლიზა შემოვიდა მოკიდებული სიგარეტით ხელში, –  ყველაფერი გავიგონე. კიდევ კარგი, მამა ჯერ არ მოსულა და იმანაც არ მოისმინა შენი ლოგიკური და ბრძნული დასკვნები, თორემ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა შენს... – გოგომ ვეღარ გაბედა თუ აღარ იკადრა დედისთვის დამამცირებელი ეპითეტით ეტკინა გული.
– ჩემს რას? – დაფიქრებით ჰკითხა ქალმა.
ლიზას შეეცოდა დედა, მაგრამ უკვე ძალიან აღიზიანებდა მისი ასეთი ბრმა სიყვარული ქმრისადმი და გადაწყვიტა, ცოტათი მაინც გამოეფხიზლებინა.
– შენს სიბრიყვესა და სიბრმავეს, დედა! – ლამის იყვირა ლიზამ, – როდემდე უნდა იცხოვრო ასე, შენსავე შეთხზულ ზღაპარში? რატომ არ გინდა, სიმართლეს გაუსწორო თვალი? თუ ისე გიყვარს ქმარი, რომ მაინც ყველაფერს აპატიებ, ეგ შენი საქმეა, მაგრამ ყველაფერში ნუ ამართლებ, გესმის? შეიძლება, იმ ქალებმა ფულის გამოძალვის მიზნით გაუჩინეს შვილები მამაჩვენს, შეიძლება, ისინი უზნეო ქალები არიან, მაგრმ ეს ყველაფერი სიმართლეა, დედა! ყველა ისე ცდილობს ცხოვრების აწყობას და მოწყობას, როგორც შეუძლია და როგორც თავისი სინდისი უკარნახებს. დღეს აღარავის სჭირდება ასი საუკუნის წინანდელი წესიერება და პატიოსნება, დღეს წაგლეჯა-წართმევაზეა ცხოვრება და, კიდევ, მოპარვა-მოტყუებაზე. ამხელა ქალი ამას როგორ ვერ ხვდები?
– რა დავაკელი? – გული ამოაყოლა ზინიკომ ამ ორ სიტყვას, – მის გამო რამდენჯერ ვატკინე გული დედაჩემს და, თურმე, დაუმსახურებლად, – თქვა დანანებით და თვალი სივრცეს გაუშტერა.
– შენი თავი დააკელი, დედა, შენი თავი! – მე როგორ უნდა გასწავლიდე იმას, რომ, კაცს, მით უმეტეს, სიღარიბეში გაზრდილს, ცოლის ქონებაც ძალიან აინტერესებს, გემრიელი კერძებიც მოსწონს, ერთგულებაც სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ეს ყველაფერი ნებისმიერი კაცისთვის, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა. მას მოვლილი, ლამაზი, საკუთარ თავში დარწმუნებული და ცოტა პრეტენზიული და ამაყი ცოლი სჭირდება გვერდით. შენ კი რა უყავი შენს თავს?
– რა ვუყავი?
– რას დაიმსგავსე თავი? გამოაღე შენი კარადა, ნახე, რა ტანსაცმელი გიკიდია იქ და მერე საკუთარ თავს შეხედე სარკეში, რა გაცვია და გახურავს! იმას მაინც ვერავინ იტყვის, რომ მამა რამეს გაკლებდა – უნდოდა, ძვირფასად და მოდურად ჩაცმული ცოლი ჰყოლოდა, შენ კი შენი ყველაზე ძვირფასი ქურქით გზავნიდი დამლაგებელ ქალს მაღაზიაში და ვერ ხვდებოდი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება!
– მერე რა მოხდა! რა დააკლდება იმ ქურქს, საწყალი ქალი თუ ჩაიცვამს ერთხელ მაინც?
– რა უნდა გელაპარაკო, არაფრის აზრზე არ ხარ! – გაბრაზდა ნადიკო, – ყოველთვის შენ თვითონ რომ გამოიყურები დამლაგებელივით, იმიტომაც დაიწყო შენმა ქმარმა გარე-გარე სირბილი. ორმოცდაათი ფრანგული სუნამო რომ გიდევს ტრილიაჟზე, დღეს მაინც დაგესხა რომელიმე! ვერ უყურებ მამაჩემს, ყოველთვის როგორი გამოწკეპილი დადის? რაც თავი მახსოვს, მამა გაუპარსავი და თმაგაუკეთებელი არ მინახავს.
– მამათქვენს რომ არ ვუყვარდე, წავიდოდა ჩემგან. თუ ქონებაზეა საქმე, ახლა თვითონ შოულობს იმდენს, რომ კარგად იცხოვროს, მაგრამ, მე ვუყვარვარ, ასეთი, როგორიც ვარ! – გული ამოუჯდა ზინიკოს.
– კი, თავისებურად ნამდვილად უყვარხარ, ხედავს და გრძნობს შენს უპირობო სიყვარულსა და ერთგულებას, მაგრამ შენთან იმიტომ ბრუნდება ყველა ქალისგან, რომ შენსავით ვერავინ მოუვლის, შენსავით ვერავინ აპატიებს ყველაფერს, შენსავით არავის სჯერა მისი ტყუილების და შენსავით უანგაროდ არავინ უდგას გვერდში გაჭირვების დროს. შენ მას სჭირდები და იმიტომაც არ განებებს თავს. გაიგე, დედა?
– როცა ადამიანს სჭირდები, როცა ვერ გელევა, ესე იგი, უყვარხარ. მიზეზს კი მნიშვნელობა არ აქვს, – ძალიან მშვიდად და დარწმუნებით თქვა ზინიკომ, – თქვენ კი, ჩემს შვილებს, მხოლოდ ბიოლოგია გაკავშირებთ ჩემთან. რა თქმა უნდა, არ გძულვართ, მაგრამ გეთაკილებით – ეს ახლა ვიგრძენი და, ერთადერთი, რასაც არასდროს ვაპატიებ მამათქვენს, ის არის, რომ თქვენი თავი წამართვა!.. მაგრამ მაინც იძულებული ვარ, ვაღიარო, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია...
***
დღეები, თვეები, წლებიც კი, ძალიან ერთფეროვნად გადიოდა. ლიზა და ნადიკო გათხოვდნენ და თითო შვილი გააჩინეს. დედისგან განსხვავებით, ამდენს არ უთმენდნენ ქმრებს და ამიტომ, ხან შორდებოდნენ, ხან ურიგდებოდნენ. ამასობაში ანზორიკოს ბიჭებიც წამოიზარდნენ და ჯერ ერთმა მოითხოვა თავისი „კუთვნილი კანონიერი“ წილი ზინიკოს მშობლების სახლიდან და, ცოტა ხნის შემდეგ, ჯინაზე, მეორე ძმამაც გამოაჩინა კლანჭები. კანონით ვერაფერს გახდნენ და სხვანაირად შეუტიეს: ერთ დღეს, როცა სახლში არავინ იყო, კარის გაღება მოახერხეს, შინ შევიდნენ, ორი ყველაზე კარგი ოთახი შეარჩიეს, იქიდან არასაჭირო ნივთები გამოყარეს, თავიანთი ბარგი-ბარხანა შეიტანეს და უკითხავად დასახლდნენ.
ზაქრო და უმცროსი ანზორიკო ცუდად არ ექცეოდნენ ზინიკოს, მაგრამ საეჭვოდ იკარგებოდნენ სადღაც, ხანდახან კვირების განმავლობაში.
ბევრჯერ გააფრთხილა ზინიკომ ქმარი, ბიჭებს მიხედე, არ მომწონს მაგათი საქციელიო, იმან კი ყურიც არ შეიბერტყა – გეჩვენებაო, უთხრა. თუმცა რამდენჯერმე მაინც გაიგონა ზინიკომ მამისა და შვილების კამათი, მაგრამ არ ჩარეულა.
ერთ დღეს ანზორიკო სახლში ენთუზიაზმით აღსავსე დაბრუნდა და ზინიკოს უთხრა, ახალ ბიზნესს ვიწყებ, ორი უცხოელი პარტნიორი მეყოლება და მაქსიმუმ ორ წელიწადში ყველა პრობლემა მოგვეხსნებაო.
– ჩემგან რა არის საჭირო?
– ეს ბინა უნდა გადმომიფორმო... – და როდესაც ცოლის სიბრაზისგან გაფართოებული თვალები დაინახა, სასწრაფოდ დაამატა: – დროებით, მაქსიმუმ ერთი წლით. გეფიცები, ბიზნესს სჭირდება ასე.
ერთი კვირის შემდეგ ზინიკომ ქმარს მაინც დაუთმო და ბინა ისე გადაუფორმა, შვილებისთვის არც კი უკითხავს.
ერთი თვის შემდეგ ბიჭებმა აიკრეს გუდა-ნაბადი და ისე წავიდნენ, ზინიკოს არც დამშვიდობებიან.
– სად წავიდნენ, რამე ხომ არ ეწყინათ? – ჰკითხა ზინიკომ საღამოს შინ დაბრუნებულ ანზორიკოს.
– არ ვიცი, – შეშფოთდა ანზორიკო, –  ჩემთვის არაფერი უთქვამთ.
მთელი კვირა ეძებდა ბიჭებს ანზორიკო, მაგრამ ვერ მიაგნო. ერთი კვირის შემდეგ დაფარული ნომრით ვიღაცამ დაურეკა და უთხრა:
– შენმა შვილებმა ყველაფერი დაფქვეს შენი შავი ბიზნესის შესახებ. ამიტომ, თუ არ გინდა, სიცოცხლის დარჩენილი დღეები ვირის აბანოში გაატარო შენს ნაბიჭვრებთან ერთად, წაგებული თანხა გადაუხადე, თორემ, შეიძლება, ვირის აბანოში კი არა, კუკიაზე მოგიწიოთ ერთად გასეირნება. მაგრამ თუ ფულს არ მოიტან ან პოლიციას შეატყობინებ, მკვდრებსაც კი ვერ ნახავ შენი გვარის გამგრძელებლებს... – და უცნობმა ისეთი ასტრონომიული თანხა დაუსახელა, ანზორიკოს თვალთ დაუბნელდა.
ასეთ რამეს ოჯახში ვერავის გაანდობდა, არადა, კარგები იყვნენ თუ ცუდები, კანონიერები თუ უკანონოები, შვილები როგორმე უნდა გადაერჩინა. ბევრი ფიქრის შემდეგ, მაშინ, როცა სახლში არავინ იყო, კუთხე-კუნჭული დაიარა და ერთ დიდ ჩანთაში განსაკუთრებით ძვირფასი ნივთები ჩაალაგა: უნიკალური უძველესი ხატები; ოქროულობა – ზოგი თავისი ნაყიდი, ზოგი სიდედრის დატოვებული; რამდენიმე საუკუნის წინანდელი ქამარ-ხანჯალი და კიდევ უამრავი რამ. მერე ეს ყველაფერი ნაშებისთვის ნაქირავებ ოროთახიან ბინაში წაიღო და იქ დამალა. ამდენი და თანაც ასეთი უნიკალური ნივთების უცბად გაყიდვა საშიშიც იყო და მესამედ ფასსაც არ მისცემდნენ (თუმცა, ორმაგიც რომ მიეცათ, იმ თანხის ნახევარიც არ გამოვიდოდა), ამიტომ აუცილებელი იყო იმ ტიპებთან დაკავშირება, რათა ეთხოვა, თანხის ნაწილს პირდაპირ „ნატურით“ გადაგიხდითო, მაგრამ ნომერი არ იცოდა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რადგან დრო უმოწყალოდ სწრაფად გადიოდა.
სახლიდან მოპარული განძეულის (რომლის გაქრობა ზინიკოს არ შეუმჩნევია, რადგან ყველაფერი სეიფებში და ბინაში მოწყობილ სამალავებში იყო შენახული და იმდენად დაცული ეგონა, რომ არასდროს ამოწმებდა, თუ რომელიმე კონკრეტული ნივთი არ დასჭირდებოდა) შემსყიდველიც კი არავინ იცოდა, ამიტომ გადაწყვიტა, ერთი ნაცნობისთვის გაენდო საიდუმლო, რადგან მხოლოდ ის თუ დაეხმარებოდა სწრაფად გაყიდვაში. ამ ფიქრებში იყო, რომ მოულოდნელად ისევ დაურეკა უცნობმა და შეახსენა:
– ორი დღეც კი აღარ დაგრჩა. რა ქენი, მოაგროვე თანხა?
ანზორიკომ აუხსნა საქმის ვითარება და ფულის ნაცვლად ძვირფასი ნივთები შესთავაზა. დანარჩენი თანხის შესაგროვებლად კი დროის მომატება სთხოვა.
– შენი ბიზნესი გაყიდე, – აშკარად დასცინა უცნობმა, ეტყობა, ბიჭებმა მამა ბოლომდე გაიმეტეს და მართლა ყველაფერი დაფქვეს.
– ბიზნესისგან აღარაფერია დარჩენილი, არანაირი ბიზნესი აღარ მაქვს და ეს ალბათ უკვე იცით. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, დრო მომეცით.
– სამაგიეროდ, სხვა რამე გაქვს, – ხმა გაიმკაცრა უცნობმა.
– რა სხვა რამე? – ვერ მიხვდა გამწარებული ანზორიკო.
– უზარმაზარი ბინა ქალაქის ცენტრში, თავისი უნიკალური ანტიკვარული ავეჯითა და მეფეების ნაქონი ჭურჭლითა და ნივთებით.
– ის ბინა ჩემი არაა. ავეჯი და ჭურჭელი კია ძველებური, მაგრამ მეფეების ნაქონი ნამდვილად არ არის.
– აი, აი, აი! ნახე, ლა მატკუალა ბიჭი ყოფილხალ? – დაცინვით ენა მოუჩლიქა უცნობმა, – ჩვენ კი ვიცით, რომ ბინა შენ გადმოგიფორმა ცოლმა, ამიტომ ახლა შენია და, რასაც გინდა, იმას უზამ.
– ასე ორ დღეში მაინც ვერ გავყიდი!
– გაყიდვა აღარც იქნება საჭირო, პირდაპირ გადმომიფორმებ თავისი შიგთავსიანად და იარე ბედნიერად დედამიწაზე, აღარ შეგეხებით არც შენ და არც შენ ლეკვებს. ზეგ მოგაკითხავს ჩემი წარმომადგენელი და საბუთები მზად დაახვედრე. ერთად წახვალთ ნოტარიუსთან. მხოლოდ პირად ნივთებს წაიღებთ – ტანსაცმელს და მსგავს რამეებს და დანარჩენი, მაგ ოქროულობის ჩათვლით, რასაც წეღან მთავაზობდი, შენი აღარ არის ამ წუთიდან. იცოდე, არაფრის გადამალვას არ შეეცადო, თორემ ვალს გაგიორმაგებ, თანაც ზუსტად ვიცი, სად ცხოვრობენ შენი შვილიშვილები, – და უცნობმა საზიზღარი ქირქილის ფონზე გაუთიშა ტელეფონი. ეს უკვე აშკარა მუქარა იყო და ანზორიკოს პირველად შეეშინდა ასე ძალიან. კარგა ხანს იჯდა გაშეშებული და გონზე მოსვლა ვერ მოეხერხებინა. რა უთხრას ცოლს? მართალია, ის ყოველთვის ყველაფერს უთმობდა და აპატიებდა ხოლმე, მაგრამ, კაცი თვითონაც ხვდებოდა, რომ ეს უკვე მეტისმეტი იყო. მაგრამ მერე გაახსენდა, რომ, პრინციპში, იმავეს ჩადენას, ანუ ყველა ძვირფასი ნივთის და, მათ შორის, ბინის გაყიდვასაც აპირებდა ცოლის ჩუმად, ოღონდ, აღებული თანხით თავისი პირადი (და არა ვაჟიშვილების) მევალეები უნდა გაესტუმრებინა, რომლებიც უკვე მოსაკლავად დასდევდნენ და, თუ რამე დარჩებოდა, ერთი პატარა ბინა ეყიდა გარეუბანში, რომ თავზე ჭერი ჰქონოდათ მას და ზინიკოს, მაგრამ არ დასცალდა. თავისდა ჭირად გადაიფორმა სიდედრის ქონება. ეს პატარა ნაბიჭვრებიც როგორი ნაძირლები გამოდგნენ! ასე როგორ გაიმეტეს მამა? რა უთხრას ცოლს, რა უთხრას თავის გოგოებს, რომლებსაც მამა ყველაფერში მართალი ჰგონიათ და ყოვლისშემძლე ღმერთად მიაჩნიათ?!
ამ ფიქრებში იყო, რომ შემოსასვლელი კარი გაჯახუნდა და ზინიკო შემოვიდა. სახეზე მშვიდი, მაგრამ „სულერთია“ გამომეტყველება აღბეჭდვოდა. ანზორიკომ მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ ზინიკო დედის დასაფლავების დღიდან გახდა ასეთი.
„რაღაცაშია საქმე. ნეტავი ამასაც ხომ არ დაურეკეს?“ – გაიფიქრა ანზორიკომ და პირველად დაინტერესდა, რას ფიქრობდა მისი „ბრიყვი“ ცოლი, როგორც აქამდე თვითონ ეძახდა გულში. ზინიკო რომ აღარ გამოელაპარაკა, საძინებელში გავიდა, წამოწვა და თავის მდგომარეობას ჩაუფიქრდა.
გაახსენდა, ამას წინათ ლიზამ გაანდო ჩუმად, რომ უფროსი ვაჟიშვილი, ზაქრო, თავგადაკლული „იგროკი“ იყო, დედამისს ყველაფერი გააყიდვინა და ქუჩაში დატოვა, უმცროსს კი თავისი პატარა „ბიზნესი“ ჰქონდა – ასაკოვან და ფულიან ქალებთან აბამდა სასიყვარულო ძაფებს და მერე მათ არჩენინებდა თავს გარკვეული დროის განმავლობაში, ერთი სიტყვით, ალფონსი იყო. მაგრამ, ერთხელაც აღმოაჩინა, რომ მათი მიგდებული და დაყვედრებული კაპიკები არ ჰყოფნიდა და ხელებს გასაქანი მისცა – „ცუდად დადებულ“ ფულს ან სამკაულს იპარავდა და სულაც არ აწუხებდა სინდისი. ერთი-ორჯერ ჩავარდა კიდეც – ასაკოვანმა სატრფოებმა ფაქტზე წაასწრეს და პოლიციის გამოძახებით დაემუქრნენ, თუ ყველაფერს უკან არ დაუბრუნებდა, ბიჭი კი, იმის ნაცვლად, შეშინებოდა ან შერცხვენოდა, იქით დაემუქრა: ყოველი წუთი ფირზე მაქვს გადაღებული და, თუ არ გაჩუმდებით, „ფეისბუქზე“ დავდებო. ეს ისეთი არგუმენტი იყო, რომ ვერცერთმა ვეღარ ამოიღო ხმა და ასე შერჩა ყველაფერი.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3