№12 კრიმინალური სიყვარული
აგათა კრისტი
საუკეთესო მეგობრის ცოლი შეუყვარდა. ელენი დანახვისთანავე მოეწონა. ისეთი ჰაეროვანი იყო, მისი ხელში აყვანა და გულში ჩაკვრა მოგინდებოდა. მაგრამ ელენი გათხოვილი იყო და ქმარი ჰყავდა, თანაც სტეტჰემის დიდი ხნის მეგობარი. უნდა დაევიწყებინა ეს ქალი... ოხვრა თავისთავად აღმოხდა და უცებ იგრძნო, რომ მკლავზე ვიღაც შეეხო...
– ბიძია...
– ჰო, მე ვარ, ჩემო ბიჭო, – დერმონტმა, სახელგანთქმულმა ფსიქიატრმა, ძმისშვილს თვალებში ჩახედა და მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა. სტეტჰემს გული შეუქანდა. მიხვდა, რომ ბიძას რაღაც ძალიან სერიოზული ჰქონდა სათქმელი. მაგრამ არ შეიმჩნია.
– სალაპარაკო მაქვს შენთან, – დერმონტს მტკიცე, ცოტათი მკაცრი ტონიც ჰქონდა. შენ ხომ ჩემი ერთადერთი მემკვიდრე ხარ, ერთადერთი, ვინც ამქვეყნად დამრჩა. არ მინდა ვხედავდე, როგორ იტანჯები. ელენი საშენო არ არის. ის დიდ პრობლემად გადაგექცევა, ძალიან დიდ პრობლემად. ნუთუ ამას ვერ ხვდები?!
– არა, ბიძია, „წითელი სიგნალი“ არ ჩართულა, – ამოიოხრა სტეტჰემმა
– სახიფათო თამაში წამოიწყე.
– ვიცი, მეგობრის ცოლი შევიყვარე, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ. თუმცა, შეგიძლია, მშვიდად იყო. ამის შესახებ ვერავინ გაიგებს – ამას არ დავუშვებ. თუმცა, ჩემი სიყვარული ძალიან ძლიერია.
– მეც სწორედ ამის მეშინია. შენ ყველაფერი არ იცი... – დერმონტმა ჩუმად გაიხედა ქალისკენ, რომელიც ბართან იდგა და კოქტეილს აზავებდა. სტეტჰემს შეაჟრჟოლა. საფრთხის მოახლოება იგრძნო. ინტუიცია საკმაოდ კარგად ჰქონდა განვითარებული. ცნობილ ფსიქიატრთან, დერმონტთან ცხოვრებამ ბევრი რამე ასწავლა... ნუთუ, ელენი ფსიქიურად იყო ავად. დერმონტის მათთან ვიზიტი, ალბათ, ამის მანიშნებელი იყო. სტეტჰემმა მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ მასთან ერთად ბიძიაც რაღაც მიზეზის გამო მიიპატიჟეს ვახშამზე. ის საუბარიც მოაგონდა, რომელსაც, ელენის ყურებაში გართულმა, ყურადღება ვეღარ მიაქცია. მგონი, ბიძიამ, მემკვიდრულ დაავადებებზე ილაპარაკა. ისიც თქვა, შეშლილობაც მემკვიდრეობითიაო. ესე იგი, ელენი შეშლილია? მერე რა, ეს მაინც ვერ შემაჩერებს. ჯეკი თუ უარს იტყვის შეშლილ ცოლზე, ეს მხოლოდ გაახარებს მას. წაიყვანს შორს, ძალიან შორს და ერთად ბედნიერები იქნებიან.
– სტეტჰემ, ძვირფასო, ეს იმაზე გაცილებით საშიშია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. არსებობს შეშლილისთვის დამახასიათებელი მანია, მაგალითად, მკვლელობის მანია. ეს, ერთი შეხედვით, სრულიად შეუმჩნეველია, მაგრამ დგება მომენტი, როცა მთელი სისრულით იჩენს თავს.
– არაფრის მოსმენა არ მინდა. აქედან წავიყვან! სისულელეა, მას არავისთვის შეუძლია ზიანის მიყენება, არავისთვის! – სტეტჰემი ლამის ყვიროდა, – და თუ შენ მემკვიდრეობას წამართმევ, არც ამაზე ვიდარდებ. დაუხმარებლადაც გავიტან თავს. სტეტჰემი მისაღებში გავარდა და კარი გაიჯახუნა. გადაწყვეტილება იმ მომენტში მიიღო. ელენი მარტო უნდა ენახა და ყველაფერი ეთქვა. მერე მასთან ერთად გადაკარგულიყო. იცოდა, ჯეკი ამ დროს სახლში არ იქნებოდა – საღამოობით ბრიჯის თამაში ჰქონდა ჩვევად. კარი ელენმა გაუღო. შეშფოთებული სახე ჰქონდა.
– რატომ მოხვედი, სტეტჰემ? ბიძაშენმა არაფერი გითხრა? მე მას ვთხოვე, დაგლაპარაკებოდა.
– შენ სთხოვე? მე კი მეგონა... თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ძვირფასო, ანუ იცი ჩემი სიყვარულის შესახებ. როგორ გამახარე. მე შენ წაგიყვან ძალიან შორს, სადაც ვერავინ გვიპოვნის...
– სტეტჰემ, მოიცადე, მომისმინე: მეც არ ვარ გულგრილი შენ მიმართ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა. ეს ძალიან სახიფათოა.
– მე არ მეშინია! – მგზნებარედ წარმოსთქვა სტეტჰემმა, – შენთვის მზად ვარ, მთელ კაცობრიობას ავუმხედრდე.
– აი, ეს მესმის. ყოველთვის მქონდა შენი იმედი, – მოისმა ჯეკის ხმა. ელენმა წამოიკივლა. სტეტჰემი კარისკენ შებრუნდა და ზღურბლზე საყვარელი ქალის ქმარი დაინახა. ან ახლა უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი, ან... – სტეტჰემმა ღრმად ჩაისუნთქა.
– კარგია, რომ აქ ხარ, ჯეკ. მე ვიცი ელენის შესახებ და ყველაფრისთვის მზად ვარ. ყველასთვის ასე აჯობებს. წარმომიდგენია, როგორი რთულია შეშლილთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. მე მესმის შენი.
ჯეკმა ხმამაღლა გადაიხარხარა.
– როგორი გულუბრყვილო ხარ. პრინციპში სულ ასეთი იყავი. ელენი გიყვარს და გგონია, ეს სიყვარული გაგამართლებს. შენ მე გამყიდე. საძაგლად მოიქეცი და ამისათვის დაისჯები. ეს ქალბატონიც დაისჯება, მაგრამ მოგვიანებით. ჯერ შენს წამებას უნდა უყუროს. მერე კი იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.
– საგიჟეთში გამოკეტავ? ამის თქმა გინდა? მე კი მომკლავ? – შეჰყვირა სტეტჰემმა, – არ გინდა, ჯეკ. უკეთეს ვარიანტს გთავაზობ: ციხეში ყოფნა საშინელებაა. ელენს მე წავიყვან და ორივე გავქრებით შენი ცხოვრებიდან.
ჯეკმა ისევ გადაიხარხარა.
– წარმოდგენა არ გაქვს რაზე ლაპარაკობ. ციხეში მე კი არა, შენ ჩაჯდები, თანაც მკვლელობის ბრალდებით. საკუთარ ბიძას მოკლავ და სიკვდილით დაგსჯიან. უფრო სწორად, მე მოვკლავ მაგ სულელ ბებერს და ყველაფერს ისე მოვაწყობ, სამხილები შენ წინააღმდეგ იქნება. იდიოტი... გამომივიდა ეგეც პროფესიონალი ფსიქიატრი. ჩემი ცოლის მონაჩმახით დიაგნოზი დამისვა. ვხვდები, რომ ამ ძუკნას დიდი ხანია, უნდა სულით ავადმყოფთა თავშესაფარში გამომკეტოს. ამ გზით უნდა მომიშოროს თავიდან. არ იცის, რომ ინგლისური კანონმდებლობით შეშლილობა არ არის მიზეზი, რომლითაც მეუღლეებიდან ერთს ქორწინების პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს. ახლა ორივეს ამ ოთახში გამოგკეტავთ. მანამდე კი შენი ჯიბიდან, ძვირფასო სტეტჰემ, გასაღებს ამოვიღებ და ჩემს ჩანაფიქრს განვახორციელებ. წინააღმდეგობის გაწევა არც იფიქრო.
გაოგნებული სტეტჰემი, რომელიც ბოლომდე ვერ ჩასწვდა სიტუაციის სიმძიმეს, ელენისკენ დაიძრა. მაგრამ ჯეკმა დაასწრო. ეცა და ჯიბეები ამოუტრიალა. წამში გასაღები ხელში ეჭირა.
– როგორც კი ბიძაშენის გვამს იპოვიან, პოლიცია მკვლელობის იარაღს შენი ბინის კომოდის უჯრაში აღმოაჩენს. მე ვიტყვი, რომ საყვარელმა ბიძიამ ანდერძის გადაწერა გადაწყვიტა, როგორც კი შენი ჩემი ცოლისადმი სიყვარულის ამბავი შეიტყო. მორალის დამცველი ადამიანები ასე იქცევიან. მოტივიც ცხადზე ცხადია. ერთადერთი მემკვიდრე კლავს თავის კეთილისმყოფელს, რომელიც მასზე იმედგაცრუებული, თავის მემკვიდრეობას სხვას უტოვებს. დიახ, სტეტჰემ, ამჯერად ყველაფერი სწორად გაიგე. შეიძლება, ჩემი მკვლელობის მანია მემკვიდრეობითიც იყოს, ბიძაშენთან ამაზე დავას არ ვაპირებ. მაგრამ მის შესახებ არავინ არაფერი იცის. სახელგანთქმული ფსიქიატრი ამ საიდუმლოს საფლავში ჩაიტანს, – ჯეკი კმაყოფილი სახით შებრუნდა კარისკენ და სწორედ ამ დროს იქუხა რევოლვერმა. სტეტჰემმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა რა მოხდა, როცა ელენის ხელში რევოლვერი დაინახა. მას ჯერ კიდევ ასდიოდა კვამლი.
– ელენ, ეს რა ჩაიდინე?!
– მე შენ მიყვარხარ სტეტჰემ, ძალიან მიყვარხარ და ვერ დავუშვებდი, ჩემ გამო დაზარალებულიყავი. სანამ ეს ამბავი მარტო მე მეხებოდა, ვიტანდი. თუმცა ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, მასში მკვლელი აუცილებლად გაიღვიძებდა და მომკლავდა. ამის შესახებ ბიძაშენმაც გამაფრთხილა. არაფერი თქვა, ეს უნდა გამეკეთებინა.
– ელენ, საყვარელო, ესე იგი, ბიძაჩემი შენ არ გგულისხმობდა, როცა მემკვიდრეობით შეშლილობაზე ლაპარაკობდა. ელენ, რას იტყვი, იცხოვრებ ასეთი მიუხვედრელი კაცის გვერდით?
თარგმნა
ნინო წულუკიძემ