№12 ვის ემართება კატარაქტა
კატარაქტა წლების განმავლობაში ვითარდება და დაავადების საწყის ეტაპზე მხედველობის პრობლემები შეუჩნეველია. კატარაქტა ხშირად ორივე თვალს მოიცავს, თუმცა მათი დაზიანება შესაძლოა სხვადასხვა ხარისხის იყოს. ასეთ დროს შესაძლოა, მხედველობა დაიბინდოს, ან დაიბუროს, ან არსებობდეს მცირე ზომის ლაქები ან ზოლები, სადაც მხედველობა ნაკლებად ცხადი იქნება. კატარაქტა მხედველობაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ამ დაავადების მქონე ადამიანებს შესაძლოა, შებინდებისას ან ძალიან კაშკაშა განათების პირობებში საგნების დანახვა უფრო გაუძნელდეთ, კაშკაშა სინათლის შეხედვამ კი არაკომფორტული შეგრძნება გამოიწვიოს, შესაძლოა, ფერები გადღაბნილი ან ნაკლებად ნათელი მოეჩვენოთ ან ყველაფერს, რასაც ხედავენ მოყვითალო ან მოყავისფრო შეფერილობა დაჰკრავდეს. ზოგჯერ მხედველობის გაორებაც ემართებათ. ზოგჯერ კი კაშკაშა სინათლის გარშემო (მაგალითად, მანქანის ფარების ან ქუჩის ჩირაღდნების შეხედვისას) ჰალოს (ნათელი წრე) ხედავენ. თუ სათვალეს ატარებენ, შესაძლოა, შენიშნონ, რომ დროთა განმავლობაში ის ნაკლებად ეფექტური ხდება. საყურადღებოა, რომ კატარაქტა არ იწვევს ტკივილს, არ აღიზიანებს და არ აწითლებს თვალებს.
კატარაქტა მხედველობის დაქვეითების გამომწვევი ძირითადი მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვილებსა და პატარა ბავშვებს კატარაქტის იშვიათი ფორმები ემართებათ, ეს დაავადება ძირითადად ხანდაზმულების პრობლემაა. ასაკის მატების გამო გაჩენილ კატარაქტას ასაკობრივს უწოდებენ. ასაკობრივი კატარაქტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ისევე, როგორც ჭაღარა თმა, კატარაქტაც ასაკის მატების განუყოფელი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ასაკში ემართება. კატარაქტა არის დროთა განმავლობაში თვალის ლინზაში (ბროლში) განვითარებული ცვლილებების შედეგი. მოიაზრება, რომ ბროლის შემღვრეული ადგილები შესაძლოა, მისი შემადგენელი ცილების ცვლილებამ გამოიწვიოს. თუმცა, უცნობია, როგორ ან რატომ უნდა იწვევდეს დაბერების პროცესები ასეთ ცვლილებებს. ასაკის გარდა, კიდევ რამდენიმე ფაქტორს შეუძლია კატარაქტის განვითარების რისკის გაზრდა. ესენია: კატარაქტის ოჯახური ისტორია, დიაბეტი, თვალის სხვა არსებული დაავადება – ქრონიკული უვეიტი, თვალზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია ან თვალის ტრავმა, ხანგრძლივად ან მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდების მიღება.
კატარაქტის განვითარებასთან შესაძლებელია კავშირი ჰქონდეს სხვა ფაქტორებსაც. ესენია: სიგარეტის მოწევა, რეგულარულად, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის სმა, ვიტამინებით ღარიბი დიეტა, მთელი ცხოვრების განმავლობაში მზის სხივებზე ყოფნა.
გამომდინარე იქიდან, რომ ასაკობრივი კატარაქტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მისი პრევენციის გზებიც არ არსებობს.
თუ კატარაქტა მსუბუქი სიმძიმისაა, გარკვეული დროით შესაძლოა უფრო ძლიერი სათვალეები ან კითხვისას უფრო კაშკაშა სინათლის გამოყენება დაგეხმაროთ. თუმცა, კატარაქტა დროთა განმავლობაში პროგრესირებს, ამიტომ საბოლოოდ მკურნალობა მაინც დაგჭირდებათ. მკურნალობის ერთადერთი მეთოდი, რომლის ეფექტურობა დადასტურებულია, ოპერაციული ჩარევაა. სწორედ ოპერაციას გაუწევენ რეკომენდაციას თუ მხედველობის დაქვეითების გამო ყოველდღიური აქტივობების, მაგალითად მანქანის ტარება ან კითხვა გიჭირთ.