№12 რის გამო შეუძლია ადამიანს საკუთარი მოძღვრისთვის პასუხის მოთხოვნა და ვის არ უნდა ვთხოვოთ პატიება
11 მარტიდან მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დიდმარხვის დაწყებას ზეიმობს, რომელიც 28 აპრილამდე გაგრძელდება. როგორ უნდა გავატაროთ ეს დღეები, როგორ უნდა შევძლოთ ერთმანეთის პატიება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– მუდმივად უნდა გვახსოვდეს, ვინ ვართ, როგორი ადამიანები, მაგრამ ეს ყოველთვის გვავიწყდება ისე, როგორც დაავიწყდა ადამს, ვინ იყო ის, ვინ იყო მისი ცოლი; ისევე, როგორც ევას დაავიწყდა, ვინ იყო მისი ქმარი. როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი და რა დავალებები მისცა მას. ჩვენ ეს ყოველდღე გვავიწყდება. ამიტომ დილით რომ ადგებით ან ღამე დაწვებით, საკუთარ თავს ჰკითხეთ: ვინ ვარ მე, კეთილი ადამიანი თუ ბოროტი, შურიანი თუ მოწყალე და არა ის, როგორია ჩემი მეუღლე, ის არის ბოროტი, მე – კეთილი. სამოთხეშიც იგივე მოხდა.
– ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ღმერთმა ერთი ცოდვა არ აპატია ადამს და მაშინვე გამოაძევა სამოთხიდანო.
– ღმერთი არ არის ასეთი უწყალო, რომ ადამი სამოთხიდან ერთი ცოდვისთვის გამოეძევებინა. გველი ევას ეკითხება: მართლა ყველა ხიდან აგიკრძალათ ნაყოფის მიღებაო. ღმერთმა მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ჭამა აუკძალა ადამს და ევას. ამ კითხვით გველმა ეჭვი შეიტანა ევაში და შემდეგ მან ადამსაც მიაღებინა ნაყოფი. აქ არის მთელი ბუჩქი ცოდვებისა: დაუმორჩილებლობა, გამოუცდელობა, სიბრიყვე, გემოთმოყვარეობა. ბევრი რამ დააშავეს ამ ერთი ნაყოფისთვის, რომელიც მისი იყო, მაგრამ ჯერ სულიერად უნდა გაზრდილიყო, მორჩილება კარგად უნდა შეესწავლა და როცა ღმერთი ეყვარებოდა, თავმდაბლობაში იქნებოდა, ისეთი გახდებოდა, როგორიც ღმერთმა შექმნა, მერე მისცემდა ნებას, ეგემა ამ ხის ნაყოფი. ბევრი იკითხავს: მაშინ რატომ დაუტოვა ღმერთმა ეს ხეო. ადამიანი თავისუფალი ნებით არის დაჯილდოებული და ღმერთს უნდა, რომ მან ეს თავისუფალი ნება, საკუთარი ნებისყოფა კეთილგონივრულად გამოიყენოს. მაგრამ მან დაკარგა გონიერება და დროზე ადრე მიიღო აკრძალული ნაყოფი. ღმერთი, რა თქმა უნდა, მაშინვე არ ბრაზდება და საერთოდ არ ბრაზდება. ის ეძახის ადამს. ჩვენც როდესაც ცოდვას ჩავდივართ, ჩვენი სინდისი მუდმივად უნდა გვეძახდეს: რას აკეთებ, მარიამ? რას აკეთებ, გიორგი? რას აკეთებ, შვილო? ჩვენ კი ვეუბნებით: რა მოხდა მერე, ასეთი დროა, ასეთი მეუღლე მყავს, რა გავაკეთო? – მაშინვე ვიწყებთ თავის მართლებას. ადამიც ბუჩქების უკან ცდილობს დამალვას, ისევე როგორც ჩვენ ვფიქრობთ ხოლმე, რომ უფალს დავემალოთ. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთს ვერსად დავემალებით. ადამმა საკუთარ თავში სინდისის ხმა ჩაახშო და უფალს ეუბნება: ქალმა, რომელიც შენ მომეცი, შემაცდინა, დამღუპა. როგორც ადამიანებმა იციან აღსარების დროს თქმა: ამიტომ ჩავიდინე ეს ცოდვა, რომ ასეთი ქმარი მყავს, ასეთი ცოლი, შვილი, ასეთი უფროსი, მეგობარი და მეზობელიო. თავის მართლება ძალიან ცუდი რამ არის. ადამს და ევას რომ მაშინვე ეპასუხათ: აქ ვარ უფალო, შევცოდეო, ჩვენი ისტორია სხვაგვარად განვითარდებოდა. მაგრამ მათ არ გამოუჩენიათ გონიერება, სიდარბაისლე, სახიერება და დაიწყეს თავის მართლება. ამიტომაც დაატოვებინა სამოთხე, მაგრამ იქვე აღუთქვა, რომ დედაკაცის თესლიდან იშვებოდა კაცობრიობის მხსნელი, რომელიც გველს, ანუ ეშმაკს გაუჭყლეტდა თავს. ბასილი დიდი კარგად ამბობს: ჩვენი მარხვის დარღვეის გამო გამოგვაძევა უფალმა სამოთხიდან და თუ შევინახავთ მარხვას, დავბრუნდებით. მარხვის შენახვაში იგულისხმება ის, რომ არ უნდა იყო გემოთმოყვარეობაში, უნდა იყო მორჩილებაში, უნდა ლოცულობდე, მიხვიდე მოძღვართან, აღსარება თქვა. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი რამის დაცვა: მოწყალების გაცემა. მაგრამ როცა სიკეთეს აკეთებ, ეს სხვის დასანახად არ უნდა ხდებოდეს. ანუ პირველი, მოგეთხოვება ზრუნვა მოყვასზე, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარხვის დროს. მეორე: ლოცვა, ანუ შენი ურთიერთობა უფალთან. ლოცვა უნდა იყოს გონივრული, ყურადღებიანი, ეკლესიური, განმარტოებითი ლოცვა და არა ჩვენ რომ ვიცით: ხმამაღლა გავყვირივართ, ოჯახის წევრებსაც ვაწუხებთ. და მესამე: მარხვა შენთვის. უნდა დაიმარხო შენი აღმსარებლობა. მთელი მარხვის განმავლობაში სახარება უნდა დაიკავო ხელში, უნდა ილოცო, მოწყალება გასცე და ნაკლები უნდა გეძინოს, ნაკლები უნდა ჭამო და არ უნდა განიკითხო. კარგად უნდა შემოხვიოთ ხელი სახარებას, რომ არ გაგივარდეთ. იკითხეთ სახარება, რომელიც ორლესული მახვილია და მისით განიწმინდება ადამიანი, კურნავს სულსაც და ხორცსაც.
– მამაო, დღეს ადამიანები ერთმანეთს ძალიან ადვილად ტკენენ გულს. თითქოს ყველა გაღიზიანებულია, ერთმანეთს ერთ სიტყვას არ პატიობენ, მრისხანებენ, განიკითხავენ. მაგრამ იმავდროულად, პატიებასაც ძალიან მარტივად ითხოვენ, განსაკუთრებით კი დიდმარხვის დაწყების წინ. თუმცა, მალევე ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან. რამდენად სწორია ეს?
– ძველად ყოველი მსახურების წინ გამოდიოდა მოძღვარი და პატიებას ითხოვდა. ახლა, შენდობის კვირა დიდიმარხვის დაწყების წინ არის. ჩვენ ბაგეებით და გონებით ადვილად ვიცით თქმა: შემინდე, მაპატიე. ჯერ გულს გაუხეთქავენ ადამიანს, მიწასთან გაასწორებენ, ცილს დასწამებენ და მერე, იმავე წუთში ან რამდენიმე დღეში მისწერენ: შემინდე, დაო ან ძმაო, მამაო. მთავარია, ადამიანს გული არ ატკინო, თორემ მერე ადვილია თქმა: შემინდე, შეგინდეო. რაც შეეხება გულწრფელ პატიებას, მთავარია, გულში აპატიოთ ადამიანს, რომელმაც რაიმე გაწყენინათ. ეს მთელი მარხვის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს და მხოლოდ ერთი დღით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
– ზოგჯერ ადამიანისთვის პატიების თხოვნა, პირიქით, უფრო ცუდად მთავრდება. შეიძლება, მან ეს სხვანაირად აღიქვას და ეს კიდევ ახალი დაპირისპირების ან გულის ტკენის მიზეზი გახდეს.
– აქაც არის გარკვეული საცდური. ადამიანი, რომელიც გულქვაა, ამპარტავანი და მას პატიებას ვთხოვთ, შეიძლება, კიდევ უფრო დიდი ამპარტავანი გახდეს: ხედავ, შენი ფეხით მოხვედი ჩემთან, არაფერი გეშველებაო. უფალს არ სჭირდება გულის ამაჩუყებელი სპექტაკლები. გაითავისუფლეთ გული ბოღმისგან, რადგან ვისზეც შენ ხარ გაბრაზებული, იმას სულ არ აინტერესებს, შენ რას ფიქრობ მასზე. შენ კი დადიხარ ეკლესიაში, ეზიარები, ლოცულობ, მაგრამ შენი გული ბოღმით არის ჩაკირული, ამიტომაც შენი ლოცვა არ ესმის უფალს: მე ვერ გაპატიებ, ვერ შემოვალ შენს გულში, რადგან შენს გულში ამპარტავანია, რომელიც თავს იმართლებს: მას როგორ ვაპატიო, ისეთი რამ გამიკეთაო. მთელი მარხვის განმავლობაში ისე უნდა ილოცოთ, რომ შეძლოთ პატიება. განსაცდელებისთვის განამზადეთ თავი და ნუ ფიქრობთ იმაზე, რომელ საკონდიტროში როგორი ლობიანი მოიმარაგოთ. ამაზე უკვე იზრუნა გემოთმოყვარეობის ეშმაკმა, ტომებია გამოსული სამარხვო კერძების. ისე ჩაივლის მარხვა, რომ ვერაფერს გაიგებთ. ერთი რამ უნდა გახსოვდეთ, როცა თქვენს მოძღვრებზე ცუდს საუბრობენ, „ციანიდის საქმესთან“ ან თუნდაც „ბენტლთან“ დაკავშირებით, დაიცავით იქვე ისინი, მაგრამ რომ მოხვალთ ეკლესიაში, უთხარით: რას აკეთებთ, მამაო? გარეთ დაგვიცავით და შიგნით პასუხი მოგვთხოვეთ. თუ რამე არ მოგწონთ, ცალკე აუცილებლად უნდა დაგველაპარაკოთ, რომ ერთად გამოვსწორდეთ და ერთად ვისწავლოთ პატიება. მარხვის დაცვასაც მძიმე-წერტილით ნუ ეცდებით, ვერ შეძლებთ. მთავარია, ეკლესიაში ვიაროთ, ვილოცოთ, პატიება ვითხოვოთ. სიყვარული ძალიან ბევრ ცოდვას დაფარავს და ვისაც ჭეშმარიტი სიყვარული აქვს, მას არანაირი შიში არ იქნება.