№12 როგორი მეზობლობა აქვს გია ხუხაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრთან და რატომ დაასრულა მან მეუღლის კარიერა
პოლიტოლოგმა და ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეწამყვანის ამპლუა მოირგო. „ტვ პირველის“ ეთერში მისი და დიანა ტრაპაიძის სატელევიზიო ტანდემი წარმატებულად შედგა. გამოცდილი რესპონდენტი გია ხუხაშვილი ახალ როლში თავს კომფორტულად გრძნობს, ლოჯისტიკა გამოცდილ წამყვანს „დაუთმო“, თავად კი, როგორც ამბობს, წამყვანსა და ექსპერტს შორის „დარჩა“. რა ხდება კადრს მიღმა და ფრთხილობს თუ არა ტექნოლოგიების ეპოქაში შინაგან საქმეთა მინისტრის მეზობელი ექპერტ-ტელეწამყვანი, ამას თავად ბატონი გიასგან შეიტყობთ.
გია ხუხაშვილი: იმ ფორმატის მიუხედავად, რომელშიც „ტვ პირველის“ ეთერში მხედავთ, ჩემს თავს მაინც ვერ ვუწოდებ წამყვანს. გადაცემა, როგორც პროფესიონალს, დიანა ტრაპაიძეს მიჰყავს, მე მაინც უფრო ჩემს ამპლუაში ვრჩები, უფრო სწორად, შუაში ვარ – წამყვანსა და ექსპერტს შორის. წლებია, ინტენსიური ურთიერთობა მაქვს მედიასთან, თუმცა საუბარი, ძირითადად, იმ თემებზე მიწევდა ხოლმე, რასაც ჟურნალისტები მთავაზობდნენ, ახლა მაქვს კომფორტი, იმ თემებზე ვისაუბრო, რაც მე მიმაჩნია მნიშვნელოვნად და ინიციატივაც თავად ავიღო. ამის მიუხედავად, ამ ყველაფერს მე მაინც ექსპერტის ამპლუიდან ვუყურებ. მაგალითად, არ მაქვს, ეგრეთ წოდებული, „ყური“. მინდა, კომფორტულად ვგრძნობდე თავს. ჩემთვის ძნელია ახალი პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა. ხომ იცით, ჩემს ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან. ძირითადი ტვირთი, ლოჯისტიკა დიანაზეა, მე არ ვერევი, თუმცა, ჩართული ვარ თემის შერჩევასა და გადაცემის სიუჟეტური ხაზის აკინძვაში. დანარჩენი ჩვენი საუბარი არის იმპროვიზაცია, წინასწარ არ ვგეგმავთ.
– თქვენი კონტრაქტი როგორ არის გაწერილი? რასაკვირველია, ხელფასს და კომერციულ საიდუმლოებებს არ გეკითხებით.
– კონტრაქტი, რასაკვირველია, არსებობს. ფინანსური მხარე არ იყო მნიშვნელოვანი. ჩემთვის ეს კონტრაქტი ფორმალურ ხასიათს ატარებს. მთავარი პრინციპი იყო – არანაირი შეზღუდვა. უნდა მქონდეს აბსოლუტური თავისუფლება: რაც მინდა და როდესაც მინდა, ისე გავაკეთო. თანამშრომლობის ვადები კონტრაქტით არ არის გაწერილი. ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება მაქვს, რომ საქმეს როგორც დასჭირდება, ისე გავაგრძელებთ ურთიერთობას, წესების დაცვით.
– თქვენი პირადი ფაქტორი არ იქნება ბარიერი ამ გადაცემის სტუმრებისთვის? მაგალითად, მოვა თუ არა თქვენს ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც საოცარი ეპითეტებით ამკობთ ხოლმე.
– ამაში არაფერია განსაკუთრებული, მე საერთოდ მახასიათებს მკვეთრი შეფასებები და ამის გამო ჩემი მეუღლე ხშირად მიბრაზდება. მიმაჩნია, რომ კობახიძე არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტს. რაც შეეხება ეპითეტებს, თუნდაც გადამწიფებული თინეიჯერი, ამასაც პოლიტიკურ ტერმინად ვიყენებ. ბუნებრივია, კობახიძე არ მოვა ჩვენს ეთერში, თუმცა თუ მოვა, დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი და ერთ-ორ ტკბილ სიტყვას ვეტყოდი. ჩემი ფაქტორი გარკვეული ადამიანებისთვის, ალბათ, იქნება ბარიერი და ერთგვარი კომპლექსი, მაგრამ ის რესპონდენტები, რომლებიც ტელევიზიებში დადიან, მინუს ხელისუფლება, ალბათ, ჩვენთანაც ივლიან.
– თავად დიანა ტრაპაიძის ფაქტორი თუ იყო მნიშვნელოვანი, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ?
– რასაკვირველია, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ეთერში ყველა წამყვანთან ვერ დავჯდებოდი. დიანა ჩემთვის არ არის მხოლოდ ჟურნალისტი, წინა ხელისუფლების პერიოდში ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. დიანა, როგორც მე და სხვები ჟურნალისტური, ასევე, ექსპერტული და არასამთავრობო წრეებიდან, ჩართული იყო იმ პროცესში, რაც ქმნიდა რეჟიმთან წინააღმდეგობის ფრონტს. ის ძალიან კარგად დამამახსოვრდა იმ პერიოდიდან. ჩვენ განსაკუთრებული ახლო ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ სულ მქონდა განცდა, რომ ჩვენი ფასეულობათა სისტემა და სამოქალაქო ტემპერამენტი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ვუბრაზდები ხოლმე, ეთერში მაინც ნუ მომმართავ ბატონო გიათი-მეთქი, მაგრამ მაინც წამოსცდება ხოლმე (იცინის).
– ასეთ ექსპერიმენტულ წინადადებაზე ადრეც წასულხართ? გქონიათ სამსახური, სადაც თითქოს არ უნდა ყოფილიყავით, მაგრამ მაინც მოხვდით?
– მე ისეთი ცხოვრება გავიარე, დაწყებული 90-იანი წლებიდან, სულ მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი – ეს იყო ყველა დრამატული პროცესი, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში განვითარდა. თუ საჭიროება მოითხოვს, მე არ მიჭირს ამპლუიდან რადიკალური გადახვევა. ერთი პერიოდი მქონდა საკონსულტაციო ბიურო, ეს იყო ერთადერთი, როცა პოლიტიკურ პროცესებთან არ ვიყავი დაკავშირებული. განათლებით მათემატიკოსი ვარ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ცოტა ხანს, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვიმუშავე მათემატიკის მასწავლებლად. დისერტაცია 1989 წელს მოსკოვში დავიცავი. საქართველოში 9 აპრილის წინა პერიოდში ჩამოვედი. უნივერსიტეტში ვაპირებდი მუშაობას – ასეთი გეგმა მქონდა, მაგრამ იმ დრამატულმა მოვლენებმა, რაც ჩემს ჩამოსვლას დაემთხვა, მთლიანად შეცვალა და თავდაყირა დააყენა ჩემი პროფესიული არჩევანიც, მსოფლმხედველობაც და პირადი ცხოვრებაც კი, იმიტომ, რომ არჩევანი ამ მოვლენებიდან გამომდინარე გავაკეთე. ჩემი მეუღლე ახლოს ეროვნული მოძრაობიდან გავიცანი, რადგან ის, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი, იმ პროცესებში იყო ჩართული.
– მეუღლის პოლიტიკური კარიერა თქვენს კარიერას შეეწირა?
– ჩემი მეუღლის კარიერა დასრულდა მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე გახდა. იმის მიუხედავად, რომ ის საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პარტიის ირგვლივ არსებულ პროცესებში, საჯარო საქმიანობით არასდროს ყოფილა დაკავებული. სხვათა შორის, ბევრჯერ მიფიქრია, რომ ჩემი წვლილი იყო იმაში, რომ მისი საზოგადოებრივი კარიერა არ გაგრძელდა. ვგრძნობ ჩემს „დანაშაულს“ და ვნანობ ამას. ალბათ, ჯობდა, მივხმარებოდი მას, რომ სახლში არ ჩაკეტილიყო. მაგრამ არა უშავს. ვფიქრობ, მას არ შევუშალე ხელი, რომ ბედნიერი ყოფილიყო. მთელი ეს წლები ჩვენ საკმაოდ დაძაბული ცხოვრება გვქონდა – რაც ქვეყანაში ხდებოდა, იგივე დრამატიზმი იყო ჩვენს ცხოვრებაშიც და ბუნებრივია, მეუღლის მხარდაჭერა, მისი ზურგი განსაკუთრებულად მჭირდებოდა. აქტიურ პროცესებში ორივე ერთად რომ ვყოფილიყავით ჩართული, გაგვიჭირდებოდა.
– ახალი ამპლუა ხომ არ შეცვლის თქვენს მომავალ პოლიტიკურ გეგმებს?
– არა, მე ამ მიმართულებით ახლაც ვმუშაობ და არ ვაპირებ, რომელიმე პარტიის წევრი გავხდე. ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო იმ პროცესებს, რაც საშუალებას მოგვცემს, გამოვიდეთ ორპოლუსიანი ნარატივიდან და იმ მანკიერი წრიდან, რაც უპერსპექტივოს ხდის ქვეყნის განვითარებას. ამიტომ, ყველანაირად მივეხმარები ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნას. იყო პერიოდი, როდესაც მე ძალაუფლების სერიოზული პოტენციალი მქონდა, იმ დროს, საკუთარ თავზე ბევრი ცილისწამება მოვისმინე და მორალური ზიანიც მივიღე. თუმცა, ახლა ეს არაა მთავარი – იმ ყველაფერს სწორედ თავისუფლების შეზღუდვის გამო გავეცალე, ეს ჩემთვის იმდენად ღირებული ფასეულობაა, არაფრად არ მიღირს.
– თქვენი და ბიძინა ივანიშვილის გზები საბოლოოდ გაიყარა?
– მე ყოველთვის ვახერხებ, ერთმანეთისგან გავყო პირადი და პოლიტიკური ურთიერთობები. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში. მე პოლიტიკურად საკმაოდ მკაცრად ვაკრიტიკებ იმ ყველაფერს, რაც ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ადამიანური სენტიმენტები დაკარგული მაქვს. ადამიანურად ნამდვილად არ მეჯავრება და მხოლოდ კარგს ვუსურვებ. რომ დადგეს მომენტი და მას სერიოზული პრობლემები გაუჩნდეს, სამწუხაროდ, ამისი შანსები ძალიან გაიზარდა, ერთ-ერთი მისი გულშემატკივარი მე ვიქნები. რეალურად, რაც დრო გადის, მისთვის გასასვლელი კარი ძალიან რთულად მოსაძებნი ხდება.
– თქვენ მას მიუთითებდით შემოსასვლელი კარისკენ, მაგრამ იმ დროს არ დაგიჯერათ.
– კი. ეს ასე იყო, კარი აუცილებელია. ზოგჯერ უნდა გადიოდეს, ზოგჯერ – შემოდიოდეს, სუფთა ჰაერი რომ გადაყლაპო და ოთხ კედელში არ გამოიკეტო. მასთან ურთიერთობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე მქონდა, თუმცა, როცა მივხვდი, რომ არაფერს შეცვლიდა, გავბრაზდი და ეთერში ვთქვი, რომ ის აღარ არის ლიდერი. როგორც ჩანს, ამაზე ინერვიულა და ჩათვალა, რომ წითელი ხაზი გადავკვეთე და ინტერვიუში ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც თქვა ჩემზე. ეს იყო ჩვენი ბოლო კომუნიკაცია – საკმაოდ ინტენსიური, დისტანციური, თუმცა, პირდაპირი.
– წერილებს წერდით? ეს დღეს ძალიან ტრენდულია.
– კი, წერილებს ვწერდი, ოღონდ, ელექტრონულ ფოსტაზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ვსარგებლობდით. ეს არ იყო „გატანებული“ წერილები (იცინის).
– „გატანებული“ წერილების შესაძლო, „ეჭვმიტანილ“ ავტორთან ურთიერთობაზე გკითხავთ, „პოლიტვარსკვლავების“ კორპუსში ცხოვრობთ, ირაკლი ალასანია, გიორგი გახარია თქვენი მეზობლები არიან. ტექნოლოგიურ ეპოქაში, ასეთ მეზობლებთან ურთიერთობისას, მოსმენისა და ტროლების „მსხვერპლი“ რომ არ გახდეთ, ფრთხილობთ?
– მე არ მეშინია მოსმენის, რასაც ტელევიზიით ვლაპარაკობ, იგივეს ვლაპარაკობ სახლში, ასე რომ, გინდ მიყურონ და გინდ მისმინონ. განსაკუთრებულს, რაც არ უნახავთ და მოუსმენიათ, სპეცსაშუალებებით ვერაფერს მოისმენენ და ნახავენ. წერილებს მე არ ვგზავნი, ასეთი ურთიერთობა მხოლოდ ივანიშვილთან მქონდა და ისიც შეწყდა. თუმცა, მეც გავმხდარვარ ტროლების მსხვერპლი. მოსმენას რაც შეეხება, ჯერ კიდევ მაშინ მისმენდნენ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდით. მერეც ჩემთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ბინძური შეტევა განხორციელდა, მაგალითად, ჩემი სახელით გაკეთებული ყალბი გვერდიდან აიტვირთა პატრიარქის საწინააღმდეგო წერილი, რომლის ავტორი, თითქოს, მე ვიყავი. ეს არ ხდებოდა ოპოზიციის მხრიდან, ჩემზე ამ ტიპის „თავდასხმა“ უფრო სისტემის შიგნიდან მოდიოდა. რაც შეეხება ჩემს მეზობლებს, მათ შორის ცნობილებს, გიორგი გახარიასაც, იშვიათად, მაგრამ ვხვდები ხოლმე სადარბაზოში, თუმცა ერთი დაურღვეველი წესი გვაქვს – პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ (იცინის).