№12 რატომ მოხსნეს ოთარ მეღვინეთუხუცესი „ჰამლეტიდან“, რომელიც ნახევარი მილიონი ჯდებოდა
მის თაობაში ქართულ თეატრსა და კინოს მსგავსი ინტელიგენტი, ინტელექტუალური და რიდიანი მსახიობი მამაკაცი არ ჰყოლია, ალბათ, ერთი, ორი. თამაშიც არ სჭირდებოდა. ყველაფერი მისი მტკიცე და შეუპოვარი ხასიათიდან მოდიოდა. დღეს ჩვენ ოთარ მეღვინეთუხუცესის დღიურებს წარმოგიდგენთ. ის ახლა ეკრანსა და დღიურის ფურცლებს შემორჩა.
„1918 წელს ჩემი მშობლები დაქორწინდნენ… 1924 წლის ცნობილი აჯანყების ფონზე, ბოლშევიკები მეღვინეთუხუცესების ოჯახებს განსაკუთრებით დევნიდნენ. მიზეზი ქაქუცასთან ნათესაობა იყო. აჯანყების ჩახშობისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ემიგრაციაში გამგზავრების შემდეგ ივანე მეღვინეთუხუცესი (მამაჩემის უფროსი ძმა) დახვრიტეს. მამა საფრთხისგან თავის არიდების მიზნით, ძმასთან – შაქროსთან ერთად, იძულებით აყრილა ქართლიდან და ჯერ იმერეთში გახიზნულა… 1930 წელს ჩვენი ოჯახი თბილისში დასახლდა, სადაც 1932 წელს მე დავიბადე. სოფლელები ქალაქელებად ვიქეცით. ხუთსულიანი ოჯახი კავშირის, დღევანდელი თაყაიშვილის ქუჩაზე, ერთ პატარა ოთახში (9 კვადრატული თუ იქნებოდა) ვცხოვრობდით. ძლიერი წვიმის დროს ნიაღვარი ბინაში გვივარდებოდა. რომ დავბადებულვარ, აკვნის მაგივრობას ჭერში დაკიდებული ჰამაკი ასრულებდა. წამოვიზარდე თუ არა, ჰამაკიდან იატაკზე გადავინაცვლე. მამა ერთი უბრალო კაცი იყო, ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი. ხშირად უწევდა რაიონში მუშაობა, რათა ოჯახი ერჩინა. დედა ძალიან წვალობდა, გაჭირვებით გვზრდიდა. მამა უდაბნოს მეურნეობაშიც (საგარეჯო) მუშაობდა. იქაურობა ქვეწარმავლებით იყო სავსე. მე კი ხშირად ფეხშიშველი დავრბოდი და უცებ განზე გავხტებოდი ხოლმე, ფეხი რომ არ დამედგა. ასეთი ბავშვობა მაქვს გამოვლილი, ფეხშიშველი სირბილი, ცხენით ჯირითი, ცურვა... ჩვენი ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა, მაგრამ მამა ამას არაფრად აგდებდა. კარგად მღეროდა ხალხურ სიმღერებს. სტუმარი ჩვენს პატარა ბინას არ აკლდა. ზოგჯერ გვიანობამდე ვისმენდი სტუმარ-მასპინძლის სიმღერებს და ხუმრობებს. ისეთ ტრადიციებზე გავიზარდე, რომ ოჯახის მატერიალური უქონლობა დიდად არ მაწუხებდა. მამაჩემსაც არ აწუხებდა. ამ ჭკუით გამზარდა. მეუბნებოდა: მქონდა ყველაფერი, არ მიკვირდა, არ მაქვს, არც ეს მიკვირსო. ჩემი მდგომარეობის კაცს შეიძლება, დღეს მეტი ჰქონოდა, მაგრამ არაა ეს ჩემთვის სადარდებელი. მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი... არ შემეძლო. დედაჩემმა ჩემს ხელში დალია სული… როცა „ფიროსმანში“ ვთამაშობდი, ის დედაჩემის – ჩემთვის ძვირფასი ადამიანის წასვლას მაგონებდა…
***
სკოლაში თანაკლასელი მყავდა - გურამ ჭიჭინაძე. სითამამით გამოირჩეოდა, კარგად მღეროდა, უკრავდა, იუმორის გრძნობა ჰქონდა, მე მორცხვი ვიყავი, მორიდებული და მომწონდა მასთან ურთიერთობა. ალბათ, ერთმანეთს ვავსებდით. ერთად მივედით „პიონერთა სასახლის“ მხატვრული კითხვის კაბინეტში. მან შემდეგ სხვა პროფესია აირჩია. ნოდარ ჩხეიძეს, ჩვენს პედაგოგს, ყველა „ბიჭიკოს“ ვეძახდით, ჩემი მომავალი ამ კაცმა განსაზღვრა. უნიჭიერესი არტისტი და არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ. ჩემი თაობის ბიჭებს თეატრის სიყვარული ჩაგვინერგა… ეს იყო დაუვიწყარი, უბედნიერესი ხანა ჩვენს ცხოვრებაში. იმართებოდა საღამოები, ვდგამდით სპექტაკლებს, ამის გარდა არაფრის კეთება არ გვინდოდა. ინსტიტუტში ჩემი საქმე უცნაურად წარიმართა.
პირველი კურსის გამოცდები კარგად ვერ ჩავაბარე. იანვარში კინაღამ გამრიცხეს. ხდება ხოლმე, ზოგი ფრიადებზე ამთავრებს, მაგრამ საქმეს ბოლომდე ვეღარ მიჰყვება... მთელი ჩემი ახალგაზრდობა ლილი იოსელიანის ზედამხედველობით გავატარე. თვალდახუჭული ვენდობოდი, ყველაზე მეტი მან მომცა… 1954 წელს ინსტიტუტს ვამთავრებდი, როდესაც აკაკი ხორავამ ერთი სპექტაკლი დადგა, ჩვენი ჯგუფი მონაწილეობდა. სამ მსახიობზე თქვა ჩემთან თეატრში წაგიყვანთო. მე პირადი მოტივი მამოძრავებდა და ამის გამო არ მინდოდა რუსთაველის თეატრში მისვლა. მარჯანიშვილის თეატრში წავედი...
***
დათა არის ის, როგორიც მინდოდა, ვყოფილიყავი, ოცნება კი ყოველთვის ძვირფასია... ამ როლზე ძალიან იოლად ვიმუშავე. მხოლოდ ტექსტის სწავლა დამჭირდა. დათა სულში მიზის. „დათა თუთაშხია“ ჯერ წიგნად არ იყო გამოცემული, მანქანაზე ნაბეჭდი მომიტანა თამაზ მელიავამ. თამაზი რომ გარდაიცვალა, მერე თენგიზ აბულაძეს უნდა გადაეღო ორსერიანი ფილმი. ისიც ამბობდა, თუთაშხია, ალბათ, ოთარი იქნებაო. საბოლოოდ გიგა ლორთქიფანიძეს გადაეცა. ამ როლზე სხვა ვინმე არც გაუსინჯავთ. აქცენტი თავიდანვე ჩემზე იყო, მე უნდა მეთამაშა და ეს მეც თავიდანვე ვიცოდი. განგებამ დამაჯილდოვა, რომ ჩემით დაინტერესდნენ. არც თუთაშხიას როლი იქნებოდა, გიგა ლორთქიფანიძეს რომ არ ეთქვა სამხატვრო საბჭოსთვის, თუ ოთარი არ შეასრულებს ამ როლს, არ გადავიღებო. არადა, რა ცოდო ვიქნებოდი, ამ როლს ჩემთვის გვერდი რომ აევლო! ბევრი მნიშვნელოვანი სცენა ამოჭრეს – თავდაპირველად, თერთმეტ სერიას ვაპირებდით, მაგრამ მოსკოვმა თანდათან ჩამოჭრა და 7 სერიაზე დაიყვანა. როცა გადაღებული ნახეს, საბედნიეროდ, თქვეს: სურათი გამოვიდა და ხელს ნუღარ ახლებთო. ცენზურის თვალსაზრისითაც, რუსულ ვარიანტში ტექსტები ამოყარეს, თუმცა ქართულზე თქვეს: ისე დარჩეს, როგორც საჭიროაო.
***
გურანდა ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც გავიცანი. ბორჯომში გასტროლებს მართავდა ფოთის თეატრი, რომლის სპექტაკლში გურანდაც მონაწილეობდა. მისი მამა – გიორგი გაბუნია იმავე თეატრის ხელმძღვანელი იყო. გურანდაზე 5 წლით უფროსი ვარ. ცხადია, მაშინ არც კი მიფიქრია, სერიოზულად შემეხედა მისთვის, პირიქით, არ მომეწონა მისი სითამამე და ვიფიქრე, როგორი ქალაბიჭა და ახტაჯანა გოგოა-მეთქი. გავიდა დრო და გურანდა თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე ვნახე. ძალიან მომეწონა, კარგად თამაშობდა. თურმე, თვითონაც ესწრებოდა ჩემს სპექტაკლებს. ერთხელ მამაც კი მოუყვანია და უკითხავს – ის ბიჭი როგორ მოგწონსო? როგორც დამწყები მსახიობი, არ არის ცუდიო. როგორ, არ მოგწონსო? – ჯიუტად ჩააცივდა თურმე გურანდა. ალბათ, საერთო პროფესიულმა ინტერესმაც განსაზღვრა, რომ ერთად ვყოფილიყავით.
***
…ოთარ მეღვინეთუხუცესი სწორედ იმ არტისტთა კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც შეუძლია საკუთარი წარუმატებლობის აღიარება. შორეულ ახალგაზრდობაში ლილი იოსელიანის დადგმულ სპექტაკლში „ფსკერზე“ სატინი ითამაშა. მოეწონათ. თავად დაეჭვებული იყო, უკმაყოფილო. იცოდა, რამდენი რამის გაკეთება შეეძლო და ვერ გააკეთა. რომ ულოცავდნენ, ეგონა, სხვებიც ხვდებოდნენ და შემწყნარებლობის გამო ულოცავდნენ. ამიტომაც არ ღებულობდა მილოცვებს. ის კი არა, ვასო გოძიაშვილიც კი გაუბრუნებია უკან. გაცეცხლებულა ვასო გოძიაშვილი: „ვინ არის ეს ვირი, მილოცვა რომ არ უნდაო“… (რ.შატაკიშვილი) გავა დრო და საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩება „დიდოსტატის მარჯვენაში“ განსახიერებული მეფე გიორგითაც, რუსთავის თეატრში ნათამაშები ჰამლეტითაც, მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშები მეფე ლირითაც… არადა, უნდოდა ჰამლეტისა და მეფე ლირის თამაში. ითამაშა კიდეც, მაგრამ ამ სპექტაკლებმა ვერ გაიჟღერა… ჰამლეტისთვის ჯერ კიდევ მარჯანიშვილში ემზადებოდა – ლილი იოსელიანი და გიგა ლორთქიფანიძე დგამდნენ, მაგრამ შეაწყვეტინეს. ლილი იოსელიანმა შემდეგ რუსთავში დადგა ჰამლეტი. მაგრამ სულ ექვსჯერ ითამაშეს… „რატომ არ გამოვიდა ჰამლეტი? უმთავრესი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ჩვენ უკვე ვიცოდით, ნაწილი ისევ უკან, მარჯანიშვილის თეატრში უნდა დავბრუნებულიყავით. ბევრმა ჩემმა მეგობარმა უარი თქვა სპექტაკლში მონაწილეობაზე. ვინც უარი არ თქვა, რეპეტიციებზე არ დადიოდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭრით წაქეზებული თეატრის დირექტორ-განმკარგულებელი ერთხელ შუა რეპეტიციის დროს შემოვიდა და გამოაცხადა: მეღვინეთუხუცესის გარდა ამ პიესის დადგმა არავის უნდა, სპექტაკლი კი ნახევარი მილიონი ჯდებაო. მე თავი ვერ შევიკავე და შენი და შენი გამომგზავნელის დედაც-მეთქი! უწყვეტი რეპეტიციაც მოულოდნელად დაგვინიშნეს. ასეთ ატმოსფეროში რა უნდა გამოსულიყო?“ – კითხულობს ოთარ მეღვინეთუხუცესი. „ჰამლეტზე“ საბოლოოდ უარი თქვა სამხატვრო საბჭომ. მეღვინეთუხუცესი რუსთავის თეატრიდან წამოვიდა და მარჯანიშვილში გააგრძელა მოღვაწეობა…