№12 როდის დაიბადა „დიდი სომხეთის“ იდეა, რა ტერიტორიებს მოიცავს „დიდი აზერბაიჯანი“ და რატომ არის ამ იდეების განხორციელების ალბათობა რეალური
რაკი დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს, უპრეცედენტოს სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ბუნებრივია, მშვიდობა მყიფე ხდება სამხრეთ კავკასიაშიც, რადგან რეგიონი მეტ-ნაკლებად გადანაწილებულია ზემონახსენებ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. კერძოდ, საქართველო პროდასავლური გავლენისა და ორიენტაციისაა, თუმცა რუსეთი ფლობს ჩვენი ქვეყნის მეხუთედს, თავის მიერ აღიარებული სეპარატისტული რეგიონების სახით, რაც მას დამატებითი გავლენისა და ზეწოლის საშუალებას აძლევს საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილზე; სომხეთი ცალსახად პრორუსული ორიენტაციისაა, მიუხედავად, ფაშინიანის გაპირველკაცებისა „ხავერდოვან რევოლუციად“ შერაცხული მოვლენების შემდეგ (გიუმრიში რუსეთის ბაზის, სომხეთ-რუსეთის სამხედრო ხელშეკრულებისა და ყარაბაღის კონფლიქტის არსებობა რუსულ ჩექმას კიდევ დიდხანს მისცემს სომხეთის კონტროლის საშუალებას); აზერბაიჯანი კი, დიპლომატიურად, დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს, რეალურად, ორ სკამზე ჯდომის, თუმცა ყარაბაღის პრობლემა მასაც გარკვეულწილად რუსეთს მიაჯაჭვავს, მაგრამ, რაკი მისი ენერგომატარებლები საქართველოს გავლით რუსეთის ალტერნატიული მარშრუტით ევროპისკენ მიემართება (მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპის მოხმარების მხოლოდ ერთი პროცენტია), ეს მას დასავლეთისთვისაც უნარჩუნებს მომხიბვლელობას და რუსეთსაც უქმნის მოტივაციას, რომ ბაქოსთან ხისტად არ იმოქმედოს. ბუნებრივია, არის სხვა რეგიონული (თურქეთი-ირანი) და არარეგიონული (ჩინეთი) მოთამაშეების ინტერესებიც, მაგრამ პრობლემა მათი მონაწილეობის გარეშეც მძაფრია, ამიტომ ამჯერად მათზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. არის თუ არა მოსალოდნელი სამხრეთ კავკასიაში არსებული სტატუს-კვოს დარღვევა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე? – ამ თემას დავით თევზაძესთან ერთად განვიხილავთ.
– 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია იმ დროისთვის მის წინაშე მდგარ მიზნებს, მაგრამ რეალობა შეიცვალა და, ბუნებრივია, მას მიღწეული ვერ დააკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, არის თუ არა მოსალოდნელი მორიგი სამხედრო გართულება?
– 2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ შედეგად რეალურად შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა: სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ხელშეუხებელი აღარ არის. მეტიც, გამოჩნდა ძალა, რომელმაც ამ სივრცეზე საკუთარი პრეტენზია აგრესიულად განაცხადა და ასევე აჩვენა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების კრიზისი მისთვის დასრულებულია.
– რუსეთს გულისხმობთ?
– დიახ. რომ ის ახალი მსოფლიო წესრიგის თანაბარძალოვანი მოთამაშე ხდება და გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: არის თუ არა შესაძლებელი სამხრეთ კავკასიის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარება? რამდენად განსაზღვრავს გარეშე ფაქტორები დღევანდელ სტატუს-კვოს და ცუდია თუ კარგი აღნიშნული სტატუს-კვო? სამხრეთ კავკასიაზე მსჯელობისას ხშირად უსვამენ ხაზს მის მდებარეობას და, აქედან გამომდინარე, მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. მეტწილად ეს კასპიის რესურსების ტრანზიტის კონტროლის შესაძლებლობებს ეხება და ამაში გარკვეული ლოგიკაცაა: ტრანზიტის კონტროლი ყოველთვის გავლენის მოპოვებისა და შენარჩუნების მძლავრი ინსტრუმენტი იყო და ასეთადვე რჩება. მაგრამ მხოლოდ ეს რომ იყოს, მაშინ სამხრეთ კავკასიური პრობლემების კვანძი შედარებით ადვილად გაიხსნებოდა, რადგან ნებისმიერი კონტროლი გავლენის დაბალანსებაა, დიდი მოთამაშეები კი ყოველთვის პოულობენ საერთო ენას და მათი გეოპოლიტიკური ვნებანი ყოველთვის ცხრება, როგორც კი აღმოჩნდება, რომ დაპირისპირების ესკალაცია ზღვარსაა მიბჯენილი. პოლიტიკური გეოგრაფიის მიხედვით, საქართველო, დღევანდელი საზღვრებით, გეოგრაფიულად მთლიანად ამიერკავკასიაში თავსდება. აზერბაიჯანი ნაწილობრივ (სამხრეთში) გადის სამხრეთკავკასიური არეალის იქით, ხოლო სომხეთი, ასე ვთქვათ, ტრანსკავკასიური ქვეყანაა. თუმცა რეგიონის პოლიტიკურმა ისტორიამ ამ სამი ქვეყნის სტატუსი ერთნაირად, სამხრეთ კავკასიურ ქვეყნებად განსაზღვრა. რა ამბიცია აქვს თითოეულს და რა პერსპექტივა ექნებათ მათ უახლოეს ათ-თხუთმეტ წელიწადში? მშვიდობის ფონდმა, რომელიც 1957 წლიდან ცდილობს იმ რისკების გამოვლენას, რომელთაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში კონფლიქტების პროვოცირება ან დაძაბულობის კერათა შექმნა შეუძლია, გამოაქვეყნა მორიგი, ეგრეთ წოდებული, მყიფე სახელმწიფოების ინდექსი, რომელიც 2018 წლის ანალიზის შედეგებს მოიცავს. კვლევის მეთოდოლოგია საკმაოდ რთულია და უამრავ დოკუმენტურ მასალასა და დაკვირვებათა შედეგებს ეყრდნობა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მეტად საინტერესოდ გამოიყურებიან მყიფე სახელმწიფოების შკალაზე. მეტიც, ძალიან საინტერესოა საქართველოს მდგომარეობა მის მეზობლებთან მიმართებაში. მყიფე სახელმწიფოთა სამხრეთკავკასიური 2018 წლის ინდექსით, სამხრეთ კავკასიაში შემდეგი ვითარებაა: აზერბაიჯანი 78-ე ადგილზეა; საქართველო – 83-ეზე, ხოლო სომხეთი 102-ე ადგილს იკავებს. სურათი არც თუ დამამშვიდებელია. სამივე სახელმწიფოსათვის შიდა პროცესების არასასურველი მიმართულებებით მოვლენათა განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია, რაც არანაირად არ უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი განვითარების ტენდენციას: ცნობილია, რომ, ზოგადად, ქვეყნების პოლიტიკური ელიტები, ხშირად, საკუთარი პრობლემების „გადავადებას“ სხვაზე მიმართული აგრესიით ცდილობენ და ზოგჯერ ახერხებენ კიდევაც.
– იმის თქმა გინდათ, რომ მოსალოდნელია სამხედრო დაპირისპირებები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის?
– თუ ამიერკავკასიის რუკას დავაკვირდებით, არცთუ სასიამოვნო გარემოცვას აღმოვაჩენთ: ჩრდილოეთიდან – რუსეთი, რომლის გეოგრაფიული სივრცე, ასე ვთქვათ, აწვება რეგიონს და მას არც აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით აძლევს „გასაქანს“. სამხრეთიდან იმავე როლს თურქეთი და ირანი ასრულებს. ვნახოთ, როგორია ეს გარემოცვა? რუსეთი 69-ე ადგილზეა, თურქეთი – 58-ეზე, ირანი კი 52-ეზე. აქედან გამომდინარე, რეგიონური სტაბილურობა ილუზიაა.
აქვე გავიხსენებ ფაქტს ახლო წარსულიდან: 1920 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებმა წარადგინეს თავიანთი მოსაზრებები, თუ როგორ ხედავდნენ თავიანთ თავს და რას ითხოვდნენ ისინი საერთაშორისო საზოგადოებისგან.
– როგორც ვიცი, საქართველო ყველაზე ნაკლებს ითხოვდა თავის ტერიტორიად.
– სომხეთი თურქეთისგან ითხოვდა მთელ ჩრდილო აღმოსავლეთს, სამხრეთით კი – ვანის ჩათვლით; საქართველოსგან – ჯავახეთსა და ლორე-ტაშირს, ხოლო აზერბაიჯანისაგან – მთიან ყარაბაღსა და ნახიჭევანს.
აზერბაიჯანი თურქეთისგან ითხოვდა მთელ ჩრდილო აღმოსავლეთს; საქართველოსგან – ბათუმს, ლორე-ტაშირს, ბორჩალოსა და საინგილოს, ხოლო სომხეთისაგან – მთიან ყარაბაღსა და ნახიჭევანს, რუსეთისაგან კი – დაღესტანს.
საქართველო, რომელიც ამ პერიოდში, თითქმის საკუთარ ისტორიულ საზღვრებში არსებობდა, თურქეთისაგან ითხოვდა ართვინსა და შავშეთს, რუსეთთან სადავო რჩებოდა აფხაზეთი და ოსეთად წოდებული ისტორიულ სამაჩაბლოს ტერიტორია შიდა ქართლში, აზერბაიჯანთან - საინგილო და სომხეთთან და აზერბაიჯანთან – ლორე-ტაშირი.
ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანს შორის ომი გარდაუვალი აუცილებლობა ხდებოდა და პირველი მსოფლიო ომის ნანგრევებიდან ახლად გამოსული ევროპისთვის ამგვარი პერსპექტივა ვერანაირ თანაგრძნობას ვერ იპოვიდა. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ ევროპა გულგრილად შეხვდა რუსეთისა და თურქეთის მიერ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა ანექსიას. მეტიც, ამგვარი ანექსია რეგიონის მასტაბილიზებელ ფაქტორად მიიჩნიეს.
– 100 წლის წინანდელი პრეტენზიები თუ ხედვები, ხომ, უდიდესი ალბათობით, არსად წასულა და ხელსაყრელი ვითარების შექმნის შემთხვევაში გამომჟღავნდება?
– მაგალითად, ტროფიმოვის საავტორო პროექტი „გეოპოლიტიკა“ რამდენიმე საინტერესო მონაცემს შეიცავს სამხრეთკავკასიური გეოპოლიტიკური მისწრაფებების შესახებ. ტროფიმოვის ცნობით, პროექტი „დიდი სომხეთი“ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩნდება და მიმართულია „ისტორიული სომხური მიწების“ სომხეთთან მიერთებისკენ. ძირითადი პრეტენზიები მიმართულია თურქეთის, აზერბაიჯანის, სირიისა და ერაყისადმი (იგულისხმება ამჟამინდელი ქურთისტანის ტერიტორია. ტერიტორია, რომელიც სომხეთს „თავისად“ მიაჩნია, გაცილებით დიდია, ვიდრე 1920 წელს პარიზში მოთხოვნილი: ყველა უშუალო მეზობლის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს „ყლაპავს“. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის რეალიზაციისათვის დღეს არანაირი პირობა არ არსებობს, ტროფიმოვის აზრით, მისი „ნაწილობრივი“ რეალიზაცია, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, განხორციელების სტადიაშია: გავიხსენოთ მთიანი ყარაბაღი, სამცხე-ჯავახეთი და სომხური დიასპორის როლი აფხაზეთის კონფლიქტში.
რაც შეეხება „დიდ აზერბაიჯანს“: აზერბაიჯანის პარლამენტის 2001 წლის ივნისის განცხადებით, ისტორიული აზერბაიჯანული მიწებია: საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, რუსეთის დაღესტნის სამხრეთი რაიონები, სომხეთი მთლიანად, ირანის ჩრდილო-დასავლეთი. მიუხედავად იმისა, რომ „დიდი აზერბაიჯანის“ პროექტის განხორციელება, უახლოეს მომავალში მაინც, ნაკლებად სავარაუდოა, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ვგულისხმობ აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობას, არცთუ აუხდენელი მოვლენაა. მით უმეტეს, რომ 1920 წლის ამბიციისგან განსხვავებით, შავ ზღვაზე გასასვლელს „დიდი აზერბაიჯანი“ უკვე აღარ ითხოვს და შესაბამისად, თურქეთთან დაპირისპირება აღარ მოუწევს.