კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ იმუშავა მიშა კაჭკაჭიშვილმა სამ ოსკაროსან ფილმზე და როგორ გახდა მისი სტუდია ნიუ-ორლეანში უკონკურენტო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სამი ფილმი, რომელთა მუსიკის ნაწილი ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ხმის ჩაწერის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭიშვილმა ნიუ-ორლეანში საკუთარ სტუდიაში – „ესპლანადაში“ ჩაწერა, არაერთი პრესტიჟული პრიზით დაჯილდოვდა. „მწვანე წიგნმა“ 3 „ოსკარი“, 3 „ოქროს გლობუსი“, ბრიტანული „ბაფტა“ და ბევრი სხვა პრემია მოიპოვა; „შავი კლანის კაცმა“ კი – „ოსკარი“, „ბაფტა“, კანის ფესტივალის გრან-პრი და უამრავი სხვა ნომინაცია; ფილმმა „ვარსკვლავი დაიბადა“ – „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „ბაფტა“ და სხვა.
მიშა კაჭკაჭიშვილი: ტერენს ბლანჩარდი რეჟისორ სპაიკ ლის ფილმის – „შავი კლანის კაცის“ მუსიკის ავტორია. ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში მასთან ერთად არაერთხელ მიმუშავია. ბლანჩარდი აქ ცხოვრობს, ახალ ორლეანში. შარშან ამ დროს სპაიკი იყო ჩამოსული. ჩემთან, სტუდიაში მოვიდნენ და საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ჩაეწერათ ფილმის მუსიკა. ტერენსი და სპაიკი დიდი ხნის მეგობრები არიან. მუსიკა მათ ორ ნაწილად გაყვეს. ძირითადი ნაწილი ბლანჩარდის ელექტრონულ ბენდ „ი-კოლექტივთან“ ერთად ჩაიწერა, მეორე ნაწილი კი ორკესტრთან ერთად მომზადდა. ის, რაც „ი-კოლექტივმა“ შეასრულა – დაახლოებით, ათი მუსიკალური მონაკვეთი, მე ჩავწერე და შემდეგ მიქსინგიც ჩემსავე სტუდიაში გაკეთდა. საორკესტრო ნაწილი ლოს-ანჯელესში კი „სონის“ სტუდიაში ჩაიწერა.
რაც შეეხება მეორე ფილმს – „მწვანე წიგნზე“ მუშაობაც გასულ წელს დაიწყო. ჩემთან ჩაიწერა ფილმის პირველი სცენის მუსიკა, სიმღერა Old Black Majic. ამ სიმღერისთვის ბენდიც მე ჩავწერე, მომღერალიც და მიქსინგიც მე გავაკეთე. საერთოდ, ფილმის მუსიკა ბოლოს იწერება, მაგრამ ზოგ ფილმში, სადაც მუსიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორიცაა „მწვანე წიგნი“, პირველ რიგში, მუსიკა იწერება და შემდეგ სპეციალურად ამ მუსიკისთვის იღებენ სცენებს. ფილმის პირველი სცენა ნიუ-იორკში ვითარდება, „კოპა კაბანას“ ცნობილ კლუბში 50-იან წლებში. ამ სცენის გადასაღებად სტუდიაში მოვიყვანეთ ბიგ-ბენდი ნიუ-ორლეანის მუსიკოსებით და ზუსტად ისე დავაკვრევინეთ, როგორც 50-იან წლებში უკრავდნენ. ვცდილობდით, რომ თანამედროვე ჟღერადობა არ ჰქონოდა და ძველებურ სტილში ჩამჯდარიყო. ეს ყველაფერი ჩემს სტუდიაში გავაკეთეთ. ესაა ფილმის პირველი სცენა. თუმცა, გარდა ამისა, ფილმში გამოყენებული თითქმის  ყველა ორიგინალური მუსიკა ჩემი გაკეთებულია.
კიდევ ერთი ოსკაროსანი ფილმის, „ვარსკვლავი დაიბადას“ რეჟისორი ბრედლი კუპერს და მე „სკაიპის“ საშუალებით გვესაუბრებოდა. სიმღერა, რომელიც სტუდიაში ჩავწერეთ, მთავარი გმირების ქორწილის სცენაზე იყო გათვლილი და ეკლესიაშია გადაღებული. კომპოზიციასაც სტუდია „ესპლანადაში“ საეკლესიო გუნდი ასრულებდა, მაგრამ რადგან ეს სცენა შეამოკლეს, ფილმში ჩვენი ნამუშევრი ვერ მოხვდა. 2018 წელს სტუდია „ესპლანადაში“ 10-ზე მეტ ფილმზე ვიმუშავეთ. „ჰოლივუდის“ სტუდიების გარდა ჰქონდათ „ეიჩ-ბი-ოს“, „შოუთაიმისა“ და „ნეტფლიქსის“ დაკვეთები. ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ფილმზე ვიმუშავეთ. შეიძლება, ყველას „ოსკარი“ არ აქვს მიღებული, მაგრამ ძალიან კარგი ფილმებია – ბლოკბასტერები, რომელთა მუსიკა ჩვენი გაკეთებულია. ფილმების გარდა, სტუდიაში ბევრ მუსიკალურ ალბომსაც ვწერთ. ორი კვირის წინ დავასრულეთ რიკი ლი ჯონსის ახალი სიმღერების ჩაწერა. 2019 წელს ასევე გამოდის როკ-ჯგუფ „ლაივის“ ახალი კონცერტი.  „ესპლანადაში“ იწერება ლუიზიანის ფილარმონიის 75-კაციანი ორკესტრის ალბომები.
– მუშაობთ, ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან: ერიკ კლაპტონი, ბიონსე, ჯონ ლეჯენდი, ჰარი კონიკი, კენდრიკ ლამარი და ბევრი სხვა.
– ჰარი კონიკს დიდი ხანია, ვიცნობ, პროფესიონალური ურთიერთობის გარდა, ის ჩვენი მეგობარია. ჯონ ლეჯენდი სამი წლის წინ იყო ჩამოსული, ახლა რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ და ასე შემდეგ. არტისტები, რომლებსაც ნიუ-ორლეანში უნდათ ჩამოსვლა, ჩემთან მოდიან. რაც შეეხება ბიონსეს, ის – ნაკლებად, ბიონსეს და – სოლანჟი არის ჩვენი კლიენტი და ჩვენთან ჩაწერილი ალბომით შარშან „გრემი“ აიღო. ძალიან პროდუქტიული არტისტია და ჩვენთან 2013 წლიდან მუშაობს.
– ახალ ორლეანში დღეს ყველა მუსიკალური პროდიუსერი და მუსიკოსი გიცნობთ, თუმცა ამ შედეგს დიდი შრომა და გამოცდილება სჭირდება. საქართველოდან დიდი ხნის წინ წასულხართ.
– საქართველოში მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი. ბავშვობიდან ვუკრავდი და ყოველთვის მაინტერესებდა როკი და ჯაზი. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სადაც ძალიან ცნობილი ჯაზ ბიგ-ბენდი იყო და იქ ვუკრავდი. მექანიკური ინჟინრის დიპლომი მაქვს, მაგრამ არასდროს გამომიყენებია. იმ პერიოდში ბევრ მუსიკოსს შევხვდი. მე და სერგი გვარჯალაძემ ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი – „გენეტიკური კოდი“, რომელიც 90-იანებში ძალიან ცნობილი იყო. წლების განმავლობაში ერთად ვუკრავდით და ბევრი სიმღერა დავწერეთ. ქვეყანაში არეულობა იყო, „გეპეის“ ჯაზ-კლუბში დაკვრისას ნიუ-ორლეანის ძალიან პოპულარული, ლოიოლას უნივერსიტეტის პროფესორებს შევხვდით. მოვეწონეთ და მე, ზაზა მარჯანიშვილს და დათო ლეჟავას შემოგვთავაზეს სწავლა ამ უნივერსიტეტში გაგვეგრძელებინა. წამოვედით და მას შემდეგ აქ ვარ. ძალიან ბევრს ვუკრავდით. მე და ზაზას სხვადასხვა კლუბში დღეში სამი-ოთხი კონცერტი გვქონდა. ისე კარგად აგვეწყო საქმე, უნივერსიტეტში წასვლის დრო აღარ გვქონდა და თავი დავანებეთ. ოცდაათხი საათი მუსიკით ვიყავით დაკავებულები – ასე დავიწყეთ. მოგვიანებით ზაზა ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. სიმართლე რომ ვთქვა, მეც დავიღალე ამდენი დაკვრით და სტუდიაში დავიწყე მუშაობა. ეს იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ სხვა ყველაფერს თავი დავანებე და სტუდიის განვითარებაზე დავიწყე ფიქრი. ეს ჩემი მესამე სტუდიაა.
თავიდან სულ პატარა სტუდია გავხსენი, რომელიც რამდენიმე წელიწადში ძალიან პოპულარული გახდა და ის 2011 წლადე ფუნქციონირებდა. 2012-ში კი ეს გავხსენი.  აქ რომ ჩამოვედით, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. ნიუ-ორლეანი ძალიან საინტერესო ქალაქია, „ჯაზის სამშობლოა“ და თუ ჯაზი გიყვარს, ცხოვრება ძალიან საინტერესოდ მიდის, იმდენად, რომ სირთულეებს ყურადღებას აღარც აქცევ.
– თანამედროვე კონკურენციის პირობებში როგორ მივიდა თქვენი სტუდია ამ მასშტაბებამდე?
– ყველაზე რთული სტუდიის დაფინანსებაა. იდეა დიდი ხნის განმავლობაში მქონდა, ვიცოდი, თუ დიდ სტუდიას გავხსნიდი, ეს ბიზნესი კარგად აეწყობოდა, რადგან ნიუ-ორლეანში დიდი სტუდია არ არსებობდა. არადა, ძალიან ბევრ ფილმს იღებდნენ და საჭიროება იყო. როცა დიდ პროექტებს აქ აკეთებდნენ, მუსიკის ჩასაწერად ნიუ-იორკში ან ლოს-ანჯელესში მიჰქონდათ. გადავწყვიტე, მეპოვა შენობა, სადაც დიდი ორკესტრი დაეტეოდა. გამიმართლა იმაში, რომ 2009 წელს ეკონომიური კრიზისი იყო და ყველაფერზე ფასები დავარდა. დიდი შენობას ვეძებდი, ძველ ეკლესიას ან სკოლას და ეკლესია ვიპოვე, რომელსაც ძალიან კარგი აკუსტიკა ჰქონდა. შევისყიდე და სტუდია გავაკეთე. ძალიან იაფად შევისყიდე, საშინელ მდგომარეობაში იყო და სამი წელი დამჭირდა მის გასაკეთებლად. როგორც კი სტუდია გავხსენი, მაშინვე დიდ პროექტებზე დავიწყე მუშაობა.
скачать dle 11.3