№11 რატომ იზიდავდა მარინა კახიანს ასაკით უფროსი მამაკაცები და როგორ აგვარებს ის ურთიერთობას არასასურველ თაყვანისმცემლებთან
ქალი, რომლის ცხოვრებაც ყოველთვის ყველას ინტერესს იწვევს და რომელიც იზიდავს მაყურებელს, როგორც საკუთარი პროფესიონალიზმით, ისე საოცარი გარეგნობით. მსახიობ მარინა კახიანის ცხოვრება სავსეა შემოქმედებით, სიყვარულითა და ერთგულებით.
მარინა კახიანი: ძალიან ლამაზი, სიყვარულით სავსე, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ბავშვობა მქონდა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მუსიკალურ სასწავლებელში შემიყვანეს. მეცადინეობა მეზარებოდა, მაგრამ კონცერტებზე გამოსვლა და დაკვრა ძალიან მსიამოვნებდა. ეტყობა, პირველი ტაში რომ ვიგემე ძალიან მომეწონა. შემდეგ იყო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, იმდენად, რომ არც მახსოვს. მონაყოლიდან ვიცი: როცა პირველად მინახავს ბალეტი – „ოქროს ქოში, ანუ კონკია”, სპექტაკლიდან ისეთი აღფრთოვანებული და ემოციებით წამოვსულვარ, ღამით სიცხეს აუწევია. მას შემდეგ სულ ვცეკვავდი და რა თქმა უნდა, გადაწყვიტეს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მივეყვანე. ამიტომ პატარა ასაკიდანვე ძალიან დატვირთული ვიყავი, თუმცა, სხვა მხრივ, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ცოტა მეტიჩარაც.
– მორიდებული ვიყავი და თან მეტიჩარაო, იხსენებდით.
– კი, მორცხვიც ვიყავი და მეტიჩარაც, არა მარტო ბავშვობაში, სიმორცხვე მთელი ცხოვრება გამომყვა და მისგან გასათავისუფლებლად ძალიან ბევრი ძალისხმევა დამჭირდა. ახლაც მჭირდება, ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე გავთავისუფლდი. ხანდახან ვფიქრობ, რომ ასე სჯობს კიდეც – თავის ხიბლი აქვს.
– ცოტა რომ წამოიზარდეთ და გოგოშკური ელემენტები დაგეწყოთ, ის პერიოდი როგორი იყო?
– გაპრანჭვა და იმის გაცნობიერება, რომ მე ქალი ვარ, ძალიან პატარა ასაკში დავიწყე. პირველ კლასში, როცა ჩვეულებრივ სკოლაში წამიყვანეს, აღვიქვი, რომ გოგონა ვარ და კლასელი ყმაწვილი მომეწონა. მაშინ შვიდი წლისაც არ ვიყავი და მაინტერესებდა, ის ბიჭი მიყურებდა თუ არა. მახსოვს ის შეგრძნება, მე მას არ ვუყურებდი, მაგრამ გვერდიდან ვხედავდი, როდის მიყურებდა და როდის არა. პრანჭიაც ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვცელქობდი. ხანდახან დედაჩემი უხერხულ სიტუაციაში ვარდებოდა, იმიტომ რომ რამდენჯერმე ბიჭი ვცემე. საოცარად კონტრასტული ხასიათი მქონდა (იცინის).
– სიყვარული...
– მახსოვს ერთი ჩემზე ბევრად უფროსი მამაკაცი, რომელიც საოცრად სიმპათიური იყო და ძალიან მომწონდა. ეს არ იყო სიყვარული, მაშინ ძალიან პატარა გოგონა ვიყავი, მაგრამ უკვე აღვიქვამდი, რომ ის ძალიან სიმპათიური და მამაკაცური იყო, თუმცა ჩემზე ბევრად უფროსი. ფაქტია, თავიდანვე მომწონდა ჩემზე ბევრად უფროსი მამაკაცები (იცინის). გაპრანჭვაც ვიცოდი და უფროსკლასელებს თავსაც ვაწონებდი, მაგრამ მაინც ძალიან დიდხანს ვიყავი ბავშვური. ასე რომ, იმ პერიოდიდან განსაკუთრებული ისტორიები არ მაქვს. უფრო ინსტიტუტში იყო მსგავსი ამბები. ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულის ისტორია მეოთხე კურსზე დაიწყო. ბატონმა რობერტ სტურუამ მაშინ გადაწყვიტა, რომ ჯგუფი აეყვანა. ეს მართლა ბედის საჩუქარი იყო, რადგან მანამდე და არც შემდეგ მსახიობების ჯგუფი არ აუყვანია და ასე რომ არ მომხდარიყო, ჩემი თეატრალური თუ პირადი ცხოვრება ალბათ, სხვანაირად წავიდოდა. ძალიან მალე მას ინგლისში სპექტაკლის დასადგმელად მოუწია წასვლა და ჩვენს ჯგუფთან თავის მეგობარი, კინორეჟისორი გია მატარაძე დატოვა. ასე დაიწყო ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია. სხვათა შორის, ძალიან მალე.
– პირველი ნაპერწკალი როგორ გაჩნდა?
– უკვე ვგრძნობდი განსაკუთრებულ ყურადღებას. რომ არ მოგატყუოთ, მეც ძალიან მესიმპათიურებოდა, ეტყობა, მართლა ბავშვობიდან მქონდა უფროსი მამაკაცებისადმი მიზიდულობა. გოგონებს აღაფრთოვანებს ჩამოყალიბებული, სიმპათიური, ჭკვიანი, განათლებული მამაკაცი, რომელიც ქალებს ძალიან მოსწონთ და როცა ის შენ მიმართ ასეთ ყურადღებას იჩენს, ეს ქალზე ძალიან მოქმედებს.
– მიყვარს, როცა ქალს თავისი ადგილი აქვს და მამაკაცი აგრძნობინებს, რომ ის ქალიაო – თქვენი სიტყვებია.
– ძალიან მომწონს, როცა მანებივრებენ, სიურპრიზებს მიწყობენ. ეს ხომ იმის დამადასტურებელია, რომ შენ მამაკაცს უყვარხარ. არიან მამაკაცები, რომლებიც მსგავსს, არაფერს აკეთებენ. მაგრამ მე მიყვარს მამაკაცი, რომელიც ყოველდღიურად მაგრძნობინებს, რომ მისთვის ძვირფასი და განუმეორებელი ვარ. დღემდე ასე ვარ, არ ვიცი, ძველმოდური ვარ თუ არა, მაგრამ მე მომწონს, როცა მამაკაცისგან მოდის ყურადღება. ის, რომ ცდილობს ქალის მოპოვებას და მონადირებას – ეს ერთგვარი თამაშია, გამოწვევებით სავსე და თუ გამოწვევები არაა, მაშინ ისეთი საინტერესოც არაა. ასეთია სიყვარული. მაშინ ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი თამაში დაიწყო. რა თქმა უნდა, დიდი ვნებათაღლევა მოჰყვა ჩვენს გრძნობებს, მაშინ ამაზე ბევრი საუბარი და განსჯა მიდიოდა, მაგრამ ეს იყო ჩემი სიყვარული და არის დღემდე.
– ძალიან ვნანობ, რომ მხოლოდ ერთი შვილი გავაჩინეო.
– თავიდან ვფიქრობდი, ჯერ ადრეა, ახალგაზრდა ვარ, კარიერას მივხედავ-მეთქი. იმ პერიოდში ბევრი როლი მქონდა თეატრშიც, კინოშიც და არ მინდოდა, მთელი სეზონი ჩამეგდო. შემდეგისთვის ვდებდი, მაგრამ შემდეგ აღარ გამოვიდა. მაშინ ამას არ ვნანონდი, სულ რამდენიმე წელია, გავაცნობიერე, რომ ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ მეორე შვილიც არ გავაჩინე.
– როგორ მოხდა, რომ მეორედ აღარ შექმენით ოჯახი, როგორ უერთგულეთ მთელი ცხოვრება ერთ სიყვარულს?
– წლების განმავლობაში ვერანაირად ვერ აღვიქვამდი სხვას. ეს ფაქტორი არათუ რამდენიმე წელი, მთელი ცხოვრება მიშლიდა ხელს. თან მარტო დავრჩი ჩემს შვილთან და დედასთან ერთად, ვერ წარმომედგინა, ვიღაც მათთან მიმეყვანა ან მე წავსულიყავი. არც დამდგარა საკითხი ასე მწვავედ, ეს ყველაფერი, ჩემში იყო. ალბათ, არავინ ისეთიც არ გამოჩნდა, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავი. იყვნენ თაყვანისმცემლები, იყო რაღაც შემოთავაზებებიც, მაგრამ ეტყობა, ჩემი გული ვერავინ მოინადირა.
– თუმცა თაყვანისმცემლებთან დაკავშირებული ისტორიები სასიამოვნო გასახსენებელია.
– იყვნენ თაყვანისმცემლები, ჩემი მხრიდანაც იყო მოწონება, ლამაზი ისტორიებიც ყოფილა. მიუხედავად იმისა, როგორც მითხარით, მკაცრი გარეგნობა მაქვს, საკმაოდ რომანტიკული გოგონა ვარ და ყოველთვის მხიბლავდა ლამაზი ჟესტები. ზოგი შეიძლება, მანქანას ყვავილებით მირთავდა, ვიღაც საინტერესო სიურპრიზებს მიწყობდა. იყვნენ ისეთებიც, რომ არც ჩნდებოდნენ, ამ ყველაფერს ისე აკეთებდნენ. ისეც მომხდარა, როცა მე არაფერ შუაში ვიყავი, მაგრამ რაღაც ისტორიებში გამხვიეს. ჭორებიც იყო და ხშირად მამაკაცები თავად უწყობენ ხელს ამ ჭორების გავრცელებას. იყო შემთხვევა, როცა დილით მთელი სადარბაზო ყვავილებით დამხვდა მორთული. უცხოეთში ერთმა საკმაოდ სერიოზულმა ბიზნესმენმა ასი წითელი ვარდი მომართვა, ბევრი სასიამოვნო შემთხვევა მახსენდება. თუმცა, არასასიამოვნოებიც იყო. ერთი მამაკაცი, რომელსაც არანაირ იმედს არ ვაძლევდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი მასთან, ერთხელ ტელევიზიასთან დამხვდა და სახეზე კინაღამ დანა ჩამომისვა. მერე, წლები რომ გავიდა, ბოდიშებს მითვლიდა და პატიებას მთხოვდა.
– ყველაზე რთული, ალბათ, 90-იანი წლები იყო, როცა საერთო გასაჭირს თქვენი ოჯახის ტრაგედიაც დაემატა.
– ძალიან უცბად მოხდა ყველაფერი. 1990 წელს მამაჩემი გარდაიცვალა, სამ წელიწადში – ჩემი მეუღლე. ძალიან განებივრებული გოგონა ვიყავი, არაფერი მეხებოდა, გარდა იმისა, რომ შვილს ვზრდიდი, თუმცა ამაშიც დედა მეხმარებოდა. მაშინ ძალიან დაკავებული ვიყავი თეატრში და მეუღლისა და დედაჩემისგან ყველანაირი ხელშეწყობა მქონდა, ყველანაირად ცდილობდნენ, თავი კომფორტულად მეგრძნო და ჩემს პროფესიაზე მეფიქრა. მერე უცებ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მე უნდა მეტვირთა, დედაც უნდა ვყოფილიყავი, მამაც, შვილიც და თან, ეს მომენტი დაემთხვა ძალიან ცუდ პერიოდს, როცა ქვეყანაში ყველას უჭირდა. შეიძლება, გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ მართლა ასეა: „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“. ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემდი, უმწეო ვყოფილიყავი. მით უმეტეს, რომ ბიჭის დედა ვარ. როგორც ჩანს, მოვახერხე, რადგან როგორც ამბობენ, კარგი ყმაწვილია.
– ძლიერი ქალი ხართ?
– სულ ამბობდნენ, მარინა ძლიერი ქალიაო და იყო პერიოდი, როცა ვამტკიცებდი, რომ სუსტი ვიყავი. მაგრამ ლოგიკურად თუ მივუდგებით, ძლიერი ვარ. საკმაოდ ბევრი ტკივილი და ბარიერი შემხვედრია ცხოვრებაში და ვცდილობ, არ წავიქცე. ჯერჯერობით ვახერხებ და ღმერთმა არ ქნას, რომ ვეღარ მოვახერხო.
– უხეშად გამოგიხატავთ რეაქცია თაყვანისმცემლებისადმი?
– არც ისე ძალიან დიდი ხნის წინ, ახალგაზრდა მამაკაცი ძალიან თავხედურად იქცეოდა. ტელეფონზე რეკვა, სადარბაზოსთან დგომა... ეს ყველაფერი ცოტა მანიაკალური იყო. მე კი არა, რაღაც პერიოდი ბიძაშვილი ცხოვრობდა ჩემთან და მასაც შეეშინდა. ჯერ დავიწყე დედაშვილურით, ვფიქრობდი, რომ ჩემი მხრიდან უხეშობას შეიძლება, უკურეაქცია მოჰყოლოდა. ამიტომ ყველანაირი ხერხი ვცადე, ვცდილობდი, უფრო დიპლომატიური გზებისთვის მიმემართა და ბოლოს როგორღაც დამანება თავი.
– რძალდედამთილობის ამბავიც მაინტრესებს, თან, სერიალიდან ისეთი იმიჯი გაქვთ...
– საერთოდ არ ვარ ეგეთი და სულაც არ არის რთული რძალდედამთილობა. ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება არავის აქვს და არც რძალთან იქნება, უბრალოდ, უნდა იცოდე, რომ რაღაც საკითხში შენ არ ხარ მთავარი მოქმედი პირი და სხვამ უნდა გადაწყვიტოს. არ მესმის, რატომ უნდა იძალადო მეორე ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს ის. ბევრი ცდილობს, მეგობარსაც კი ის გააკეთებინოს, რაც თვითონ მიაჩნია სწორად, ასე არაა, მე შეიძლება, მხოლოდ ვურჩიო. ჩემი რძალი ძალიან კომფორტული, გაწონასწორებული გოგონაა, ჯერჯერობით ვმეგობრობთ და თუ გავგიჟდით ორივე, მერე არ ვიცი (იცინის). შვიდ იანვარს ამ ქვეყანას მოევლინა პატარა გოგონა – ალექსანდრა და მეორეგზის ბებია გავხდი, რაც დიდი ბედნიერებაა.