კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ გაურთულა მადონა კოიძემ ცხოვრება ქმარს

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

გადაცემა „სახალხო კონტროლი“, რომლითაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო,  სატელევიზიო სივრცეში  ბრუნდება. მთავარი სახალხო კონტროლიორი, რომელიც შიშის ზარს სცემდა კვების ობიექტების მფლობელებს, ჩვეულ ფორმაშია – კვლავ აქტუალური იქნება დეზობარიერი და მისი საფირმო ფრაზა „ეს რა არის?!“. რა ხდება კადრს მიღმა  და რაზე დაუზავდა მადონა კოიძე ქმარს, ამის შესახებ თავად მთავარი კონტროლიორისგან შეიტყობთ, რომელიც საკმაოდ ხალისიანი რესპონდენტია.  
მადონა კოიძე: გადაცემა „სახალხო კონტროლი“, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში,  რამდენიმეთვიანი ინტერვალის შემდეგ ეთერში ბრუნდება. იყო რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ საბოლოოდ შევჩერდით ორ არხზე – ერთი რეგიონული არხია, მეორე – ცენტრალური. ძალიან აქტიურად ვიქნებით ინტერნეტსივრცეში, სადაც უამრავი მაყურებელი გვყავდა. იცვლება მხოლოდ მაყურებელთან „შეხვედრის ადგილი“, გადაცემის ფორმატი და გუნდი, ვინც ამ გადაცემას აკეთებს, უცვლელი რჩება.  გვინდა, აქტიურად ვიმუშაოთ სამედიცინო დაწესებულებებშიც, რადგან ამ სექტორშიც ბევრი პრობლემაა.
– მართალია, მას შემდეგ, რაც კვების ობიექტების რისხვად იქეცით,  რესტორანში არ გემსახურებიან და მშიერს გტოვებენ?  
– არა,  მთლად ასე არ არის, თუმცა რესტორანში შესულს, ყველაზე გვიან მე  რომ მემსახურებიან, ეს ასეა. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როდესაც  მეგობრებთან ერთად შევედი რესტორანში და ჩემ შემდეგ  შემოსულ ადამიანებს ემსახურებოდნენ, მათთან მიჰქონდათ შეკვეთები,  ჩვენს მაგიდას არავინ მოეკარა. როცა ჩემმა მეგობარმა სიტუაციაში გარკვევა სცადა, მენეჯერმა უთხრა: თქვენთვის სპეციალურად მზადდება საკვები და ამიტომ გვიგვიანდებაო. ჩემი მეგობარი ხუმრობდა, მშიერი დამტოვე, შენთან ერთად აღარსად წამოვალო (იცინის).
– როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად მიდიხართ   ბაზარში, მარკეტში,  კვების ობიექტზე  მაშინ რა ხდება?  
– დედას, ჩემი თავგადასავლების გამო, ისე ეშინია, როდესაც „იბერია“ დაიხურა, ბედნიერი იყო. მაგრამ იცის, რომ ეს  საქმე ჩემი სტიქიაა, უკან არ დავიხევ და სულ მთხოვს, რომ ფრთხილად ვიყო. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა: შვილთან ერთად   სუპერმარკეტში პროდუქტის საყიდლად შევედი და რამდენიმე ცნობისმოყვარემ, ჩვენი კალათა საგულდაგულოდ იქექა და ათვალიერა, რას ვყიდულობდით, აი მას შემდეგ, ჩემი შვილი ჩემთან ერთად პროდუქტის საყიდლად კატეგორიულად არ დადის. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს,  რომელიც ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, მას ცხოვრება ნამდვილად  გავურთულე (იცინის) ამას წინათ, საპარიკმახეროდან აღშფოთებული დაბრუნდა, ხუმრობდა, შენს ხელში ხალხსაც კი ვეცოდებიო.  თმის შესაჭრელად იყო საპარიკმახეროში და ხომ იცით, იქ როგორც ხდება – ყველა თემაზე საუბრობენ. ამ დროს  ტელევიზიით  ჩემი კომენტარი გადიოდა, ერთ-ერთ სტუმარს უთქვამს: ყოჩაღ, ამ ქალის ქმარს,  რას უძლებსო. თურმე, უნდა, გააგრძელოს და ჩემს ქმარს გაუნდია – სანამ უფრო  გაამწვავებთ თემას, მაინც, იცოდეთ, რომ მადონას ქმარი ვარო. იმდენად შეეშინდა, ჩემი ლანძღვა არ დაეწყოთ, სათქმელი აღარ დაამთავრებინა (იცინის).
– მეუღლე მძიმე დღეში ყოფილა. თქვენი გავლენით, ის როგორ ერკვევა მომხმარებელთა უფლებებში,  არჩევს ცხენის ხორცს საქონლის ხორცისგან?
– თუ ხორცი დანაწევრებულია ან ძვალზეა, ლაბორატორიული კვლევის გარეშე სპეციალისტსაც უჭირს მისი გარჩევა. ჩემი მეუღლე  ეჭვის დონეზე, ალბათ,  გაარჩევს,  და სახლში ცხენის ხორცს არ მოიტანს (იცინის). მას შემდეგ, რაც ბაზარში ჩვენი ერთად  წასვლა კონფლიქტით დასრულდა, დავზავდით, რომ პროდუქტის საყიდლად ერთად არ ვივლით. მე როგორც კი მეტყვიან ფრაზას, გაღიმებული სახით, ქალბატონო მადონა, ეს ყველი სათქვენო არ არისო, იქ  გონება მიბნელდება. ამას ერთი-ორჯერ ჩემი ქმარი შეესწრო და მას შემდეგ ოჯახის პროდუქტით მომარაგება თავის თავზე აიღო.
– სახლში დეზობარიერი გაქვთ?
– დიახ და არა ერთი, სამი. მართალია ხსნარით არაა გაჟღენთილი, მაგრამ ხშირად იწმინდება. სახლში, როდესაც სადილს ვამზადებ და ეს ფუნქცია ხშირად მაკისრია,  თავსაფარიც მაქვს და   და წინსაფარიც – სხვებს რომ მოუწოდებ, თავადაც უნდა დაიცვა წესი.
– როგორ იცავთ თავს დამრღვევი კვების ობიექტების განრისხებული მეპატრონეებისგან?  
– სიმართლე გითხრათ, პირველი რისხვა ლიზა ვადაჭკორიაზე მოდის. ჩემი სტიქია იწყება, როდესაც შევდივარ სამზარეულოში და ვხედავ ანტისანიტარიას, დარღვეულ სანიტარულ-ჰიგიენურ  ნორმებს... მე ვიცი, ამან რა შეიძლება მოიტანოს, რა რისკის წინაშე აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას. თუ მასპინძლებისგან  განსაკუთრებული აგრესია არ მოდის, ვცდილობ, ვიყო კორექტული, თუმცა ვერც კონფლიქტს ვირიდებთ თავიდან. როდესაც გვეუბნებიან, დირექტორი არ არის და დაელოდეთო, სწორედ ამ დროს იწყება რესტორნის ისტერიული დალაგება, მაგიდაზე ასულები წმენდენ ხოლმე ჭერს და კედელებს. აჭარაში, ერთ-ერთი ობიექტის გადაღების შემდეგ მოვიდა პიროვნება, ჩემთან გასაუბრება მოითხოვა და მითხრა, რომ  ცნობილი ავტორიტეტი იყო და ეს გადაცემა ეთერში არ უნდა გამეშვა. იგივე შემთხვევა მქონდა კასპშიც, სადაც ერთ-ერთმა ასეთი სტატუსის ადამიანმა ოპერატორებზე „გაიწია“. მე გადავუდექი წინ და ვუთხარი, რომ იქ კაციც მე ვიყავი და ქალიც და ჩემთან ჰქონდა საქმე. როდესაც ვკითხე, იქნებ ამიხსნათ, რაში ხართ ავტორიტეტი-მეთქი, გაოცებულმა შემომხედა – როგორ ვერ მიხვდაო,  ასე რომ, ეს  „წესები“  უკვე ვიცი,   მათ შორის, ეგრეთ წოდებულ, ავტორიტეტებთან მოქცევის (იცინის). გორის ბაზარში  ბევრი ყასაბი მუშაობს და დიდი რაოდენობით ხორცი იყიდება,  როდესაც ვნახე, როგორ იყიდებოდა ერთად ხორცი და ნამცხვარი, ძალიან გავბრაზდი. გავშალე ხელები და ჩემი ცნობილი ფრაზა – „ეს რა არის!“ ვიკივლე. ეტყობა, ძალიან „ისეთი“ „ეს რა არის“ გამომივიდა, მოვიხედე და ვდგავარ 50-მდე ყასაბს შორის, ზოგს დანა უჭირავს, ზოგს სალესი, მივხვდი, რომ მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და გამოსავალი უნდა მეპოვა. თავდაცვის ინსტინქტმა იმძლავრა, ზევით  აბლაბუდების  ქსელი შევნიშნე  და უცებ შევცვალე  ჩემი ცნობილი ფრაზა, თქვენც ხომ ადამიანები ხართ,  ასეთ პირობებში რატომ  უნდა მუშაობდეთ, ასე ზრუნავს თქვენზე ბაზრის ადმინისტრაცია? დამიდექით გვერდით, რომ ადამიანურ პირობებში იმუშაოთ-მეთქი. ასე ჩავუშალე ხრიკი ბაზრის დირექციას. იქიდან რომ გამოვედი, ნერვიულობისგან ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ მთავარი იყო, რომ მეც და ოპერატორებიც გადავურჩით ყასბების რისხვას.     
 
скачать dle 11.3