კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ უნდა ვუთხრათ ბავშვს ახლობლის გარდაცვალების შესახებ

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ბავშვისთვის ახლობლის გარდაცვალება ძალიან დიდი ტრავმაა. ხშირად მშობელმა და გარშემო მყოფებმა არ იციან, რა ფორმით მიაწოდონ ბავშვს ინფორმაცია, ატყუებენ, ფაქტს შელამაზებულად აწვდიან ან საერთოდ უმალავენ. ამ თემაზე, გვესაუბრა ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კერესელიძე: მშობლის გარდაცვალების შემდეგ, ბავშვს შეიძლება, სხვადასხვა გართულება გამოუვლინდეს. შესაძლოა, ეს იყოს ძილის დარღვევა, კვებაზე უარის თქმა, შფოთვა, გაკვირვება ან საპირისპირო ემოციური გაშეშება, როდესაც საერთოდ უჭირს ემოციების სახელდება. მნიშვენლოვანია აღვნიშნოთ მიჯაჭვულობის გამოვლენა რომელიმე კონკრეტულ ოჯახის წევრზე ან ახლობელზე. შესაძლებელია, ძალიან აქტიურიც გახდეს, იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე იქამდე იყო. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებში ჩნდება წინასწარი შიში და მოლოდინი, რომ რაიმე ახალი უბედურება დაემართება მას ან მის ახლობელ ადამიანს.
– რა ფორმით უნდა მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია ახლობლის გარდაცვალების შესახებ, რომ მომავალში ტრავმად არ დარჩეს?
– აუცილებელია, რომ ბავშვმა იცოდეს. უმჯობესია, ინფორმაცია მშობელმა მიაწოდოს, ვინაიდან ძალიან ხშირად არის სიტუაციები, როდესაც ტრავმა ვითარდება მაშინ, როცა ბავშვი ინფორმირებული არ არის და ასე ვთქვათ, ამ გლოვის სიტუაციაში არ რთავენ. ბავშვებში პირველი რეაქცია ხშირად თვითდანაშაულის განცდაა, რომ კონკრეტული ადამიანის გარდაცვალება მისი ბრალია და შემდგომ ეს შესაძლოა, სხვა ადამიანის ან მეორე მშობლის დადანაშაულებაში გადავიდეს. თუ ბავშვი გრძნობს, რომ მის გარშემო უფროსები რაიმე ამბით შეწუხებულები არიან, მან შეიძლება, ამ საკითხზე ლაპარაკი არ წამოიწყოს, მაშინაც კი, თუ ეს სურს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია არ იყოს შელამაზებული, ბავშვს პირდაპირ უნდა ავუხსნათ, რომ ის კონკრეტული ადამიანი აღარ დაბრუნდება. რეკომენდებულია საუბარი გარდაცვალებაზე. ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ის, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ადაპტაციის განსხვავებული სტილი და უნარები აქვთ იმის გასაგებად, თუ რა არის სიკვდილი. პატარა ბავშვებთან საუბრისას დაუშვებელია ძილისა და სიკვდილის ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან ამის გამო, შეიძლება, მათ ჩაძინებული ახლობლის დანახვის შეეშინდეთ. სცადეთ, გაიგოთ, რას ფიქრობს ის სიკვდილის შესახებ, როგორ წარმოუდგენია საიქიო ცხოვრება, აქვს თუ არა რაიმე სახის შიში ან შფოთვა სიკვდილთან დაკავშირებით, რაც უფრო მეტი გეცოდინებათ მისი წარმოდგენების შესახებ, მით უკეთ შეძლებთ მის დახმარებას. იყავით გულწრფელი, ღია და მკაფიო. რაც უნდა საშინლად ჟღერდეს, მიაწოდეთ მას ფაქტებით გაჯერებული ინფორმაცია მომხდარის შესახებ. თუ დეტალები არ არის მოცემული, ბავშვის წარმოსახვა „შეავსებს“ და მისთვის ეს ამბავი ხშირად უფრო შემაძრწუნებელი ხდება, ვიდრე სინამდვილეშია.
–  როგორ უნდა შეამზადონ ბავშვი, ასეთ დროს?
–  უმჯობესია, ეს ინფორმაცია ისეთმა ადამიანმა მიაწოდოს, ვინც ძალიან ახლობელია და მხარდაჭერის გამოხატვას უკეთესად შესძლებს. შესაძლებელია, თავდაპირველად ზომიერების ფარგლებში გავუზიაროთ ჩვენი ემოციები და მივცეთ საშუალება, ჩვენ გავხდეთ მათი ემოციების მიმღები. არ გაექცეთ იმ თემებზე საუბარს, რომელიც ბავშვს აინტერესებს. დაელაპარაკეთ მას ყოველთვის, როცა საუბარი მოუნდება და ნუ შეაწუხებთ კითხვებით, როცა ამის სურვილი არ ექნება. მშობელმა უნდა უთხრას ბავშვს, რომ მატრავმირებელი ამბის შესახებ ფიქრი ნორმალურია. სასურველია, თუ უფროსები ამ ფაქტთან დაკავშირებით მათ თავიანთ განცდებსა და აზრებს გაუზიარებენ. რა თქმა უნდა, ამ საკითხის განხილვისას, აუცილებელია ბავშვის ასაკის გათვალისწინება, საჭირო დროის შერჩევა და მისთვის გასაგები ენის გამოყენება. გასაგებ ენაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ მისი ასაკი და ასევე, გარემო, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს. როგორ ესმის გარდაცვალება და რა მიაჩნია გარდაცვალებად. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ხედვა გარდაცვალების შესახებ რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს იყოს და ინფორმაცია ამის გათვლისწინებით უნდა მიეწოდოს. აუცილებელია მშობლის სიმშვიდე და სიმყარე ინფორმაციის მიწოდებისას, ვინაიდან ბავშვისთვის ის არის სამყაროს საყრდენი, ყველაზე ძლიერი არსება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მშობელმა შეძლოს ბავშვის ემოციების დატევა თავად, მასთან თანაგანცდაში ყოფნა.  უმჯობესია, ინფორმაცია დედამ ან მამამ მიაწოდოს, უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ აუცილებელიც კია. მაგრამ გამოუვალ სიტუაციაზე თუ ვსაუბრობთ, ეს უნდა იყოს ბავშვისთვის განსაკუთრებულად ახლობელი ადამიანი, რომელსაც მისი განსაკუთრებული ნდობა აქვს.
– რამდენად სწორია დამალვა?
– დამალვა ცალსახად არასწორია, ვინაიდან რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, ბავშვი, რა თქმა უნდა,  აუცილებლად გაიგებს ამ ამბავს და შესაბამისად, შესაძლებელია, უნდობლობის განცდაც განუვითარდეს. გარდა ამისა, ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება, გამოიგლოვოს, გლოვის ყველა ეტაპის გავლა შეძლოს. აქვე უნდა ვახსენოთ შემთხვევითობა და შემთხვევით გაგება, რაც ბევრად უფრო მატრავმირებელია, ვიდრე ინფორმაციის წინასწარ შემზადების შემდეგ მიწოდება. მატრავმირებელი ამბის გაგებისას ბავშვს ორი ცენტრალური დაბრკოლება აქვს: მატრავმირებელი მოვლენის გადამუშავება-გაცნობიერება და საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან შეგუება. უშუალოდ პოსტტრავმულ პერიოდში ძირითადი ემოცია არის შიში, შემდეგ – დარდი.
– ესე იგი, გარდაცვალებისგან გამოწვეულ სტრესს აქვს განვითარების დინამიკა. რა ფაზებს, რა ეტაპებს გადის ბავშვი?
– თითოეული ფაზის ხანგრძლივობა ყოველი ბავშვისთვის, ასევე, ზრდასრული ადამიანისთვისაც, ინდივიდუალურია. პირველი ეტაპი – ეს არის შოკის ეტაპი, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად უმოქმედო ხდება. შესაძლებელია, თან ერთვოდეს უარყოფის განცდა და ქცევები,  შესაძლებელია, იყოს არაადეკვატური. შემდეგი ფაზა ბრაზის ფაზაა, როდესაც უკვე რეალობასთან შეჯახება ხდება და შესაძლებელია, ეს ბრაზი მიმართული იყოს როგორც საკუთარი თავისკენ ასევე, ოჯახის წევრებისკენაც. შემდგომი ფაზა არის გლოვის ფაზა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ჩართული იყოს გლოვაში და საშუალება მიეცეს, მასში დაგროვილი ემოციები გამოხატოს. ბოლო ფაზა არის აღდგენისა და ადაპტაციის ფაზა. ამ პერიოდში, ბავშვი იწყებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას. ყველა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფაზის გავლა და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია თითოეული ფაზა იმაზე მეტად ხანგრძლივი იყოს, ვიდრე ბუნებრივია. ამიტომ მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ როგორ გადის ბავშვი ყველა ამ ფაზას, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ჩართოს სპეციალისტი.
– როგორ მოქმედებს ბავშვზე საზოგადოების მხრიდან სიბრალული?
– სიბრალული არ უნდა ავურიოთ ემპათიაში. ცალსახად, სიბრალული საკმაოდ ნეგატიური განცდაა და ბავშვზე ისეთივე მძიმე გავლენა აქვს, როგორიც დიდზე. არის სიტუაციები, როდესაც ბავშვი გარიყულად გრძნობს თავს.
– როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი ამ სტრესს შეეგუა?
– როდესაც ბავშვი იწყებს ჩვეულ თამაშს, როდესაც შეუძლია საუბარი გარდაცვლილი ადამიანის შესახებ და ეს მასში აღარ აღძრავს ნეგატიურ ემოციებს, როდესაც ბავშვი გარდაცვლილის სურათს თვალს აღარ არიდებს.
скачать dle 11.3