№11 რატომ არ აქვს მარიამ ტატუნაშვილს ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა და როგორ ებრძოდა ის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენ ქალს იტალიაში
„გორელი ლეილა ალი“ – ასე მოიხსენიებენ 20 წლის მარიამ ტატუნაშვილს, რომელიც კრივსა და კიკბოკსინგში ასპარეზობს. რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ბრძოლა წესების გარეშეშიც. მას საკმაოდ რთული წარსული აქვს. 8 წლისამ საკუთარი თვალით იხილა აგვისტოს ომი. სოფლიდან რუსეთის ჯარს დიდი წვალების შემდეგ დააღწია თავი... უფრო დაწვრილებით საკუთარ ცხოვრებაზე თავად მოგიყვებათ.
მარიამ ტატუნაშვილი: ომამადე ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩევეთში ვცხოვრობდი – წარმოშობით იქიდან ვარ. მთაში გავიზარდე. მერე სოფლის დატოვება მოგვიწია. საცხოვრებლად გორში, დეიდასთან და ბიძასთან გადავედი. მწარედ მახსოვს ომის პერიოდი, მაშინ 8-9 წლის ვიქნებოდი. ახალგორში რუსები ახალი შემოსული იყვნენ, როცა წამოვედით. საშინელი არეულობა და განუკითხაობა იყო. იქაურობას ძლივს დავაღწიეთ თავი. გორამდე სულ ფეხით ჩამოვედით. სოფლიდან ხალხს გამოვყევი. რომ მირბოდნენ, მეც მათ შევუერთდი და ასე ჩამოვედი. მერე კითხვა-კითხვით მივედი ნათესავებთან, თავი რომ შემეფარებინა. ბებიაც ჩემთან ერთად წამოვიდა, თუმცა ჩვენი გზები გაიყო და გადავწყვიტე, დეიდასთან მეცხოვრა. ყოველთვის მინდოდა, დედის მხარეს ვყოფილიყავი. ყველაფერი გორში ვისწავლე, სკოლაც აქ დავამთავრე. ჩემი ქალაქია.
– მშობლები დარჩნენ?
– არა. ჩემი მშობლები გაშორებულები არიან. მგონი, 2 თვის ვიყავი, რომ დაშორდნენ. მას მერე მამასთან ვიზრდებოდი. ომის დროს მამაც წამოვიდა, თუმცა მას თავისი ცხოვრება და გზა აქვს. დღეს არც ერთთან მაქვს კონტაქტი, მამა არც ვიცი, სადაა. რაც დეიდასა და ბიძას შევაფარე თავი, მის მერე ისინი გახდნენ ჩემი მშობლები, დედას და მამას მათ ვეძახი. თავადაც ისე მექცევიან, როგორც შვილს.
– დედა როდის გაიცანი?
– ომამდე გავიცანი. მერე მალევე დაიწყო არეულობა. ახლა, როგორც უკვე გითხარით, კონტაქტი არ მაქვს. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. დღეს ჩემი მშობლები ისინი არიან, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ. რაც საჭიროა, მათგან ვიღებ ყველაფერს: მზრუნველობას, ყურადღებასა და სითბოს.
– ბავშვობიდან რა გახსენდება?
– ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, ისეთივე, როგორც ყველას. განსხვავება ის იყო, რომ მთაში ვიზრდებოდი. როგორც ამბობენ, ცელქი და ჭკვიანი ბავშვი ვიყავი. განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. არასოდეს მიფიქრია სპორტსმენობაზე, უფრო მეტიც, ჩემს თავს სპორტში ვერ ვხედავდი და როგორც ბავშვების უმრავლესობას, მეც ექიმობა მინდოდა.
– რატომ გადაწყვიტე ძალისმიერ სპორტში ვარჯიში?
– დაახლოებით, 9-10 წლის ვიქნებოდი, როცა კიკბოქსინგზე შევედი. სიმართლე გითხრათ, ცოტა ომის გავლენაც იყო. იმ პერიოდმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და რაღაც ბრაზი მქონდა. რომ მოვდიოდით, ცხელ წერტილებში მოვყევით და მინდოდა, თავდაცვა მესწავლა. მერე ყველაფერი პროფესიონალურ ვარჯიშში გადაიზარდა. საერთაშორისო ტურნირზე პირველად რომ გავედი და მოვიგე, მომეწონა. პირველ წარმატებას მოჰყვა მეორე, მესამე და ასე გაგრძელდა.
– რა რეაქცია ჰქონდათ, სავარჯიშოდ გოგო რომ მიხვედი?
– მწვრთნელებს არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ. ბიჭებს ცოტა გაუკვირდათ, მაგრამ მერე ყველა შეეჩვია. არავის უთქვამს, შენ გოგო ხარ და აქ რა გინდაო ან მსგავსი რამ. ერთადერთი პრობლემა რაც იყო და არის, გოგონების სიმცირეა. ჩემ გარდა გოგო არავინ იყო, ამიტომ მისვლის დღიდან ბიჭებთან ვვარჯიშობ. თუმცა, სუსტად მესპარინგებიან. ამიტომ, ახლა უკვე ტრენერი მავარჯიშებს. ძალიან მაგარი ტრენერი მყავს – არჩილ ჯეირანაშვილი, რომელიც მასწავლის კიკბოქსინგს, კრივს და MIMA-ს. იმიტომ ვარ სხვა გოგონებზე ძლიერი, რომ ყოველთვის ბიჭებთან მიწევდა ჩხუბი.
– როცა ვარჯიში დაიწყე, რას გეუბნებოდნენ ახლობლები?
– თავიდან ყველას უკვირდა. მეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს გოგოს საქმე, დავიკუნთებოდი და ასე შემდეგ. რადგან ძალისმიერი სპორტია, ყველას ეგონა, რომ რაღაც მომივიდოდა. თუ არ იშრომე ისე არაფერი გამოვა, შრომას მოაქვს ის კუნთიც და ტრავმაც. მერე წარმატებას რომ მივაღწიე, ყველა მგულშემატკივრობდა. ახლა ჩემს ბრძოლებს ელოდებიან ხოლმე.
– მამამ იცის, რომ სპორტსმენი ხარ?
– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ალაბთ, იცის. ყველა საუბრობს ხოლმე ჩემს წარმატებაზე და მის ყურამდეც მივიდოდა. ბიძა, რომელსაც მამას ვეძახი და რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, ჩემი დიდი გულშემატკივარია, ყველა ჩემს ბრძოლას უყურებს, ყველაფერში მეხმარება და გვერდში მიდგას. ვიდრე ის თანხმობას არ მომცემს, მანამდე არ ვჩხუბობ. ამ ხალხს ჩემზე იმდენი ამაგი აქვს, არ შემიძლია დეიდა ან ბიძა დავუძახო.
– გოგოსთვის ეს სპორტი რთული არაა?
– რა თქმა უნდა, რთულია. სპარინგის დროს ბევრჯერ დაურტყიათ ჩემთვის, მაგრამ ამან გამოცდილება შემძინა. ერთხელ, ვარჯიშისას, ჩემმა თანაგუნდელმა ბიჭმა, რომელსაც წყვილში ვედექი, მუხლი ამომარტყა ცხვირში. ცხვირის დეფორმაცია მივიღე და მკურნალობა დამჭირდა. ასეთი რთული ტრავმებია და ამას ვერსად გავექცევი – სპორტია. ჩემი სახეც და ორგანიზმიც თითქოს უკვე შეეჩვია მსგავს დატვირთვას. ტრავმები, ძირითადად, სახის არეში მაქვს ხოლმე.
– როდის დაიწყო წარმატებების სერია?
– პირველად საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე და მას შემდეგ საქართველოს 6-გზის ჩემპიონი გავხდი. შემდეგ კავკასიისა და ევრაზიის საერთაშორისო ჩემპიონატებიც მოვიგე. ასევე, ევროპის პრიზიორი ვარ – იტალიაში ვიჩხუბე. ფინალში იტალიელ მებრძოლს, სილვია ბრეტოს შევხვდი და დავმარცხდი, მაგრამ ძალიან ძლიერი ბრძოლა იყო. ის ჩემზე ასაკით დიდი და პროფესიონალურადაც ბევრად გამოცდილი გახლდათ. უფრო მეტიც, მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენია. მე 16 წლის ვიყავი, ის – ოცდაათის. ეს შეხვედრა რაღაც განსაკუთრებით მახსოვს. 5 რაუნდი ვიჩხუბეთ – 3-3 წუთიანი, ბოლომდე ვეჩხუბებოდი. არ დავუვარდი და არ შემეშინდა. მუშტით ვპასუხობდი და გაოგნდა, უკან იხევდა. მაგრამ ბოლოს, მაინც მას აუწიეს ხელი და ასე დამთავრდა. იტალიაში კარგი შთაბეჭდილება დავტოვე. იტალიელებმა კორიდორი გამიკეთეს და ტაშის თანხლებით გამაცილეს. ჩემი სახელი ამის მერე აიტაცეს. დასამახსოვრებელი ბრძოლა იყო, როგორც ჩემთვის, ასევე ხალხისთვისაც. მას ბევრი წარმატება მოჰყვა.
– ბრძოლა წესების გარეშეშიც გამოდიხარ, ეს საშიში არაა?
– არ ვაპირებ ბრძოლა წესების გარეშეს პროფესიონალურ დონეზე გაგრძლებას, სულ რამდენიმეჯერ ვცადე თავი და კარგად გამომივიდა. სამ ბრძოლაში ორი მოვიგე. პირველ ბრძოლაში მეტოქე 20 წამში დავამარცხე. კი, საშიში მიმდინარეობაა. მახრჩობელა ხელის მტკივნეული ილეთებია. მაგრამ მე მომწონს ასეთი ჩხუბები.
– „გორელ ლეილა ალის“ გეძახიან, ვინ შეგარქვა?
– ერთმა ჟურნალისტმა შემარქვა (იცინის). თუმცა, წარმოშობიდან გამომდინარე, უფრო მთიულს მეძახიან.
– რა არის შენი მიზანი? კიდევ რითი ხარ დაინტერესებული?
– ჩემი მიზანია კარიერული წინსვლა, ასევე, კეთილდღეობა და უკეთესი ცხოვრება. მინდა, კარგი მომავალი მქონდეს და კარგი სახელი დავტოვო – მიცნობდეს ხალხი. ძალიან მაინტერესებს მოგზაურობა. როცა სპორტულ კარიერას დავამთავრებ, მოგზაურობას დავიწყებ. ჩემი პროფესიაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრი ქვეყანა ვნახო.