№11 როგორ გახდა უნიჭიერესი ქართველი ყმაწვილი ცნობილი საბჭოთა თაღლითი
საქორწილო სუფრა
ცნობილი თაღლითი ვალიკო მახარაძე, მეტსახელად „გურია“, გურიის ერთ ლამაზ სოფელში იყო დაბადებული და ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გონებამახვილობით. კარგი სწავლის მიუხედავად, პატარა ვაკო ძალიან ცელქი იყო და ხშირად არღვევდა დისციპლინას. მასწავლებლები გაწამებულები იყვნენ მისი ოინებით. განსაკუთრებით კი, სკოლის დირექტორი, მოსე ვაჩეიშვილი არ სწყალობდა და იმდენს მიაღწია, რომ 14 წლის ბიჭი მილიციას აღრიცხვაზეც კი ააყვანინა. სკოლას რომ ამთავრებდა, 17 წლის ვაკოს ერთი ოთხიანიც არ ჰქონდა, ფრიადებზე სწავლობდა და წესით, ოქროს მედალი უნდა აეღო. როგორ არ ეცადა მოსე ვაჩეიშვილი, რომელიმე გამოსაშვებ გამოცდაზე გამომცდელებისთვის ოთხიანი დაეწერინებინა, რომ ვაკოს ოქროს მედალი არ აეღო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბიჭი ყველაფერს ბრწყინვალედ აბარებდა და ხუთიანებს იღებდა. ბოლო გამოცდა ქართულ წერაში იყო და მოსე ვაჩეიშვილმა ვაკოს ნაწერს მელანი დაასხა და საბოლოო ჯამში, ბიჭს უსუფთაო წერისთვის ერთი ნიშანი დააკლეს. ოთხიანი დაუწერეს და ოქროს მედალი არ გაატანეს. სამაგიეროდ, ოქროს მედალი დირექტორის ვაჟს, ვარლამს ხვდა წილად, რაც მამამისის დამსახურება იყო. ვაკომ ვერცხლის მედლის აღებაზე უარი განაცხადა. იმ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტზე. დირექტორის ოქროსმედალოსანი ვაჟი კი მამამისმა ვლადივოსტოკში მოაწყო თევზის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, თან ფულიც გადაიხადა. კარგად იცოდა, რომ მისი ვაჟი თავისით ვერ ჩააბარებდა და ასეთ გზას იმიტომ მიმართა. ვაკომ წყენა გულში ჩაიდო და დირექტორისთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი არ ასვენებდა. ბევრი ფიქრის მერე, მან ასეთ ოინს მიმართა: ვლადივოსტოკში მივლინებულ თავის ნაცნობს მოსე ვაჩეიშვილთან დეპეშა გამოაგზავნინა, რომელშიც ეწერა: „ცოლი მოვიყვანე. ჩამოვდივარ ორმოცდაათ კაცთან ერთად, სამი დღის მერე ზღაპრული სუფრა დამახვედრე და მთელი სოფელი დაპატიჟე. ვარლამი“. მოსე ვაჩეიშვილმა სოფელში მართლაც უზარმაზარი სუფრა გაშალა, რომ იტყვიან, ჩიტის რძეც არ აკლდა, თითქმის მთელი რაიონი დაპატიჟა, მაგრამ გაბედნიერებული შვილისა და მაყრიონის მაგივრად, მას ორი ცალი კუბო მოუტანეს, რომლებიც ასევე, ვალიკო მახარაძის მიერ იყო შეკვეთილი...
სარფიანი ბიზნესი
ვაკოსთან ერთად უნივერსიტეტში ებრაელი მიშიკო სეფიაშვილიც სწავლობდა, რომელიც მასთან მეგობრობდა და ქართველი მეგობრის გონიერებასა და მოხერხებულობას დიდად აფასებდა. ბიჭები მუდამ „ჩალიჩში“ იყვნენ და საკმაოდ სარფიანი ბიზნესიც მოიფიქრეს. მათ როსტოვში „არყის ხაზი გაჭრეს“ და კარგ ფულსაც შოულობდნენ. კონკრეტულად კი – აფთიაქებში სუფთა სამედიცინო სპირტს ყიდულობდნენ, რომელიც კაპიკები ღირდა. მინის ტარის პუნქტებიდან კი – ორმაგ ფასში – 20 კაპიკად, ბოთლებს. შემდეგ სპირტს1/2-ზე ურევდნენ წყალსა და სხვადასხვა ხილის ესენციებს და უზარმაზარ პარტიებად გზავნიდნენ ქალაქ როსტოვში. 2 წლის განმავლობაში 22 წლის ბიჭებმა ამ გზით 50-50 ათასი მანეთი იშოვეს, რაც გასული საუკუნის 70-იან წლებში უზარმაზარი თანხა იყო. თუმცა, ბიჭების ბიზნესს მილიციამ მოუღო ბოლო და ტანდემი დააპატიმრეს. ხოლო „სროკზე“ რომ არ წასულიყვნენ, რაც ფული ჰქონდათ, ყველაფერი მილიციაში მიიტანეს და უკაპიკოდ დარჩნენ. სულ მალე მიშიკო სეფიაშვილი ოჯახთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. ის ვაკოსაც სთავაზობდა გამგზავრებას და უთხრა, – პასპორტს მე გაგიკეთებ, ვითომ ებრაელი ხარ და წამოდიო. მაგრამ უარი მიიღო. ძმაკაცს გამოემშვიდობა და სამშობლოში დარჩა. უნივერსიტეტი მას წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული და განაწილებით სკოლის მასწავლებელი გახდა.
მილიონიანი აფერა
23 წლის ვაკო მახარაძემ მასწავლებლობას გული ვერ დაუდო და კრიმინალურ საქმიანობაში ჩაება – თაღლითი გახდა. სანიმუშო მანერების, კარგი გარეგნობისა და ბრწყინვალე განათლების წყალობით, ვაკო იოლად ახერხებდა მომავალი მსხვერპლების გამოჭერას და ბადეში გაბმას. ვაკოს მსხვერპლები კი მხოლოდ ის ხალხი იყო, ვინც ფულის შოვნის მიზნით თავად არღვევდა კანონს. ვაკო მათ სოლიდურ თანხებს „აწერდა“. ზოგს ფეშენებელური აგარაკი „მიჰყიდა“, ზოგს – უცხოური მანქანა, ზოგსაც – მსოფლიოს გარშემო სამთვიანი კრუიზის საგზური... ვაკომ სამი წელიწადი „იჩალიჩა“ და საკმაოდ სოლიდური თანხა იშოვა. თუმცა, მაინც დააპატიმრეს. ის ერთ სომეხს შეჰპირდა, რომ ხუთკარატიან ბრილიანტს აყიდინებდა და ბეც გამოართვა, მაგრამ „მოტყდომა“ ვერ მოახერხა. „კლიენტს“ „კაგებე“ „აძოვებდა“ და ვაკო იქვე გამოიჭირეს და უშიშროების კომიტეტში მიიყვანეს. თუმცა, როდესაც გაირკვა, რომ ვაკო მხოლოდ თაღლითი იყო, ის მილიციას გადასცეს და 28 წლის ბიჭი 3 წლით ციხეში ჩასვეს. ამის შემდეგ ვაკო კიდევ ოთხჯერ იჯდა ციხეში და საერთო ჯამში საპყრობილეში 16 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან „შავ სამყაროში“ დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა და მეტსახელად „გურია“ უწოდეს. „პერესტროიკა“ რომ დაიწყო, უკვე 40 წელს გადაცილებულ, გამოცდილ თაღლითს ფართო ფულის შოვნისთვის ასპარეზი მიეცა. თავისი ყველაზე დიდი აფერა მან ყირიმში, იმპერატორის ღვინის სარდაფებში განახორციელა, სადაც ის დარაჯად მოეწყო. 1987 წლის ერთ თბილ დღეს, მდიდრულად გამოწყობილმა „გურიამ“ საიმპერატორო ღვინის სარდაფში იტალიელი ბიზნესმენი ლუკა კაროლინე და მისი მეუღლე ლუჩია ჩაიყვანა. ბიზნესმენი ღვინის ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და უძველესი ღვინოებით ვაჭრობდა. ყირიმის ღვინის სარდაფებში კი 100-200-წლიანი ღვინოები ინახებოდა. ვაკო იტალიელს სარდაფის მფლობელად წარუდგა. მას 10 ტონა ასწლიანი ღვინის მიყიდვაზე შეუთანხმდა და ხელი ყალბ დოკუმენტზე მოაწერინა. მეორე დღეს „ქეშად“ მილიონი დოლარი გამოართვა და „მოტყდა“. როდესაც იტალიელი 10 ტონა ღვინის წასაღებად ყირიმის ღვინის სარდაფებს „გრუზავიკით“ მიადგა, არ შეუშვეს. კაროლინემ დიდი სკანდალი ატეხა, თუმცა ის გიჟად მიიჩნიეს და ფსიქიატრიულში გააქანეს. ყველაფერი მხოლოდ მაშინ მოგვარდა, როდესაც მოსკოვიდან იალტაში იტალიის კონსული ჩაფრინდა. ბიზნესმენს ბოდიში მოუხადეს და გამოუშვეს.