კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ვინ გაძარცვა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატი და ვინ ებრძოდა ქართველ სასულიერო პირებს

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

რუსი მართლმადიდებელი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ დურნოვო წერს: „აუტანელ და გამოუვალ მდგომარეობაშია ქართული ეკლესია. ის უნდა დაუსხლტეს რუსული სასულიერო ბიუროკრატიის ანტიკანონიკური დამქაშების – რუსი ეგზარქოსების უზურპატორულ კლანჭებს“.
„ღიად და აშკარად არსად არ ჩანს გარეშე მტერი, – წერს ერისტოვ-შარვაშიძე, – მაგრამ არის უფრო უარესი მოუგერიებელი შინაური მტერი, რომელიც ისე გამრავლდა პატარა საქართველოს სახეზე, როგორც ქინქლა ჭაჭაზე და სწორედ ამ შინაური მტრისგან აშკარად იღუპება ქართული ეკლესია“. აქ შარვაშიძე გულისხმობდა რუს სასულიერო პირებს, „ერთმორწმუნეებს“, რომლებიც საქართველოს საეგზარქოსოს მართავდნენ.
შემდეგ ნიკოლოზ დურნოვო გვიამბობს ქართველების მიერ გამოთქმულ პროტესტზე. მერე კი ისევ ძარცვის ფაქტებს გადმოგვცემს. გარდა იმისა, რომ ხახულის ხატს, რომელსაც დურნოვო ლუკა მახარებლის მიერ დაწერილად მოიხსენიებს, მოაცალეს ტიხრული მინანქრები, მისი თქმით, ააცალეს, ასევე ლალის თვლები.
„... აი, კიდევ ძარცვისა და ძალადობის მაგალითები:
ეგზარქოს ევსევის დროს გელათის მონასტრის ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატიდან, რომელიც ევანგელისტ ლუკას მიერ იყო დახატული, მოხსნეს „ოთხი დიდი და შვიდი მცირე ლალი, რომლებიც ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს ამშვენებდნენ“. ყოველ ლალს თავისი სახელი ჰქონდა: „ობოლა“, „კედელა“, „მედეგა“…“
შენიშვნებში ნ. დურნოვო წერს: „საინტერესოა თქმულება ამ ლალებზე, რომელთაგან „ობოლა“ ყველაზე დიდია, „კედელა“, ანუ ზღუდე „ობოლას“ გამომყოფია სხვა მცირე ლალებისაგან, „მედეგა“ სიდიდით „ობოლას“ უახლოვდება. „ამაღლებულია ამ ძვირფასი ქვების შეწირვის ლეგენდა. თამარ მეფე გელათის მონასტერში სადღესასწაულო წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა და ლალებს იმაგრებდა მეფის თავსამკაულზე. მას მოახსენეს, რომ გარეთ მათხოვარი ქალი დგას და მოწყალებას ითხოვსო. მეფემ თურმე ბრძანა, დამელოდოსო. როცა პალატიდან გამოვიდა და ქალის დასაჩუქრება მოინდომა, მათხოვარი წასულიყო. შეცბუნებულმა თამარ მეფემ საკუთარ თავს უსაყვედურა, რომ იმ უპოვარი ქალის სახით თვით უფალ იესოს უთხრა უარი, მოიხსნა თავსამკაული, რომლის მიზეზითაც შეაგვიანა მათხოვართან გამოსვლა და ღვთისმშობლის გვირგვინზე დაჰკიდა. მთელმა საქართველომ იცის, სად იმყოფება ახლა ის ლალები“.
ევსევი ეგზარქოსი დევნიდა ქართველ სასულიერო პირებსა და სტუდენტებს. ის ვერ იტანდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსს. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე) იყო ცნობილი სასულიერო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი 1860-1896 წლებში. დურნოვო წერს:
„იმერეთის ცნობილი ეპისკოპოსი გაბრიელი (1825-1896) სამართლიანად ამტყუნებდა კავკასიის მხარის მზრუნველს, იანოვსკის, რომელმაც მარცხი განიცადა ბესარაბიელი მოლდაველების ძალდატანებით რუსიფიკაციის საქმეში და „დააპირა მეტად გაიძვერული, მაგრამ ფარული ხერხებით, საქართველოში სამღვდელოებისათვის წაერთმია ხალხის მართლმადიდებლური რწმენით აღზრდის წმიდა უფლება და საეკლესიო-სამრევლო სკოლების მთავარ მიზნად ექცია რუსული ენის შესწავლა და არა სარწმუნოებისა.“
ქართველმა გ-მა, რომელიც ეგზარქოსმა ევსევიმ სასულიერო სასწავლებლიდან გარიცხა, რათა მის მაგივრად რუსი მიეღო, თავის მოკვლა განიზრახა და „თავის ბინაში შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა: „გაახარეთ ეგზარქოსი, მე საბოლოოდ ვიღუპები“.
ამ საკითხზე წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსმა მისწერა ეგზარქოს ევსევის: „მე ხელთ ჩამივარდა მისი ერთი წერილი, რომელშიც ახსენებს, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, რადაც არ უნდა დაგჯდომოდათ, მისი დაღუპვა“.
ნ. დურნოვომ კარგად იცოდა როგორი წმიდა ადამიანი იყო მეუფე გაბრიელი:
„იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავართა შორის ერთ-ერთი უგანათლებულესი პიროვნება იყო, ხოლო თავისი მაღალი ქრისტიანული ცხოვრებით – მღვდელმთავარი, რომელიც ღმერთმა გარდაცვალების შემდეგ სრული უხრწნადობით განადიდა. იგი გარდაცვალებიდან ექვსი კვირის შემდეგ მიაბარეს მიწას. და ასეთ მღვდელმთავარს დევნიდა გათახსირებული რუსი ეგზარქოსი ევსევი, რომელიც საქართველოს 1877 წელს მოაშორეს“.
1875 წელს მეუფე გაბრიელი ეგზარქოს ევსევის სწერდა:
„ნაცვლად იმისა, ყურადგეღო თხოვნა ჩემი, თქვენმა უწ-ამ უსტარი ჩემი იმად გამოიყენეთ, რომ მძიმე ტკივილი მოგეყენებინათ ჩემთვის, წამაჩხუბეთ მეზობელ (გურიის) ეპისკოპოსთან, ვისთანაც თანხმობა და მეგობრობა მქონდა მე უკვე 15 წელიწადია, რაც თქვენი უწ-ა გამუდმებით თავს მესხმის და არც ერთ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან – შეურაცხყოფა მომაყენოს. არ არს ცილისწამება ჩემზე, რომელმაც თქვენამდე არ მოაღწიოს და არ ირწმუნოთ. ყველაფერს ვითმენ, არავისთან არ ვჩივი, მხოლოდ თქვენ მიმართ გამოგზავნილ წერილებში ვამხელ ტკივილსა გულისასა, მაგრამ თქვენ ვერასგზით მოგილბეთ გული. დაე, მაღალი ღმერთი იყოს ჩვენს შორის მსაჯულად…“
იმ პერიოდში, სასულიერო სასწავლებლებში ქართველი ზედამხედველებისა და მათი თანაშემწეების მაგიერ რუსები ინიშნებოდნენ, რომლებიც ქართველებს ჩაგრავდნენ. ეგზარქოსმა ევსევიმ საქართველოს ექვსი სასწავლებლის ზედამხედველები შეცვალა რუსებით, რომლებმაც მოსწავლეთა ენა, ანუ ქართული არ იცოდნენ. ქართველებს კი პერსპექტივა ეცლებოდათ ხელიდან. მათთვის სასულიერო სასწავლებლებში სწავლას აზრი ეკარგებოდა. ამის გამო პროტესტს გამოთქვამდა წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი:
„ის ქართველები, რომლებმაც სასულიერიო აკადემიების კურსი გაიარეს, ისეთი მეორეხარისხოვანი და შედარებით უმნიშვნელო ადგილებიდან, როგორც ზედამხედველებს უჭირავთ, რომ მოვიშოროთ, – წერს მეუფე იმერეთისა, – მაშინ სხვა ზომების მიღებაც მოგვიხდება: მათთვის იმპერიაში უნდა დაიხუროს ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების კარი. ამას მოჰყვება ამიერკავკასიაში არსებული საშუალო სასწავლო დაწესებულებების დახურვა, რადგანაც ადგილობრივმა მოსახლეობამ რისთვის უნდა ისწავლოს თუ მათ სამსახურს არ გააკარებენ? განა ასეთი ზომები შეეფერება ქრისტიანულ სახელმწიფოს?“.
ამბობენ, იმპერიის სპესამსახურების მიერ მეუფეზე საიდუმლო მეთვალყურეობაც ყოფილა დაწესებული, შემდეგში მას ვიღაცამ მდივანი მოუკლა, პირადად მეუფეს მუქარის წერილებსაც უგზავნიდნენ. თუმცა, ეს უკვე ევსევის ეგზარქოსობიდან გადაყენების შემდეგ მოხდა.
დასკვნა ნამდვილად მხოლოდ ასეთი შეიძლება ყოფილიყო:
„ქართველი ხალხის სახალხო განათლების მზრუნველმა მამებმა – ანაფორიანმა პოლიტიკანებმა, დიდი ხანია, ფაქტობრივად, თვითონვე გამოამჟღავნეს საზოგადოებისთვის საძულველი თავიანთი საიდუმლო სურვილები – ქართული ეროვნული საქმისგან ნაწილ-ნაწილ მოეწყვიტათ ქართველი ტომები და ისინი სასულიერო-კულტურული განადგურების გზაზე დაეყენებიათ…“
რუსეთის იმპერია, თავისი ერთ-ერთი კოლონიური ინსტიტუტის, რუსეთის ეკლესიის მეშვეობით საქართველოს სრულ გადაგვარებას ცდილობდა.
скачать dle 11.3