№11 კითხვა-პასუხი
კითხვა: ვერიდები სტომატოლოგთან ვიზიტს, რადგან ბავშვობიდან მაქვს შიში. იქნებ მირჩიოთ, ისეთი საშუალება, რომლითაც კბილის გაწმენდას სახლის პირობებში შევძლებ, ღრძილებსაც მოვუვლი და კბილის ემალს გავითეთრებ?
პასუხი: ზოგადად, პირის ღრუს ჯანმრთელობა, გავლენას ახდენს მთელი სხეულის ჯანმრთელობაზე, სწორედ ამიტომ კბილებზე კარგად უნდა იზრუნოთ. ცუდი ჰიგიენა, კბილების არარეგულარული წმენდა და სტომატოლოგთან იშვიათი ვიზიტი ბაქტერიების დაგროვებას იწვევს, ბაქტერიები კი, თავის მხრივ, ხელს უწყობენ კბილის ნადებისა და ქვების გაჩენას, უსიამოვნო სუნის წარმოქმნას, ანთების ჩამოყალიბებას. გარდა იმისა, რომ კბილები დღეში 2-ჯერ უნდა გაიხეხოთ, ასევე, აუცილებელია კბილის ძაფის რეგულარულად გამოყენება. თუ კბილების გათეთრება გსურთ, შემოგთავაზებთ სახლში დასამზადებელ საშუალებას, რომელიც კარგია პირის ღრუს ინფექციის თავიდან ასარიდებლად. ამისთვის დაგჭირდებათ: 1 სადილის კოვზი საკვები სოდა, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ანტისეპტიკური სითხე პირის ღრუში გასამოვლებლად. ჭიქაში ერთმანეთში აურიეთ მარილი და სოდა და გახსენით თბილ წყალში. შემდეგ ნარევი ჯაგრისს წაუსვით და კბილები, 5 წუთის განმავლობაში, რბილად გაწმინდეთ. გამოივლეთ თბილი წყალი და ნადები და ქვა კბილის ძაფის მეშვეობით მოიშორეთ. ბოლოს პირის ღრუში ანტისეპტიკური სავლები გამოივლეთ. ეს პროცედურა ყოველ საღამოს გაიმეორეთ და შედეგს ძალიან მალე დაინახავთ.
კითხვა: რომელი ტიპის სახის კანს სჭირდება ხშირად გაწმენდა და რამდენ ხანში ერთხელ? ხშირად ვხმარობ, ეგრეთ წოდებულ „სკრაბს“, ხომ არ არის ცუდი მისი გამოყენება? ჩემი და ყოველ დაბანაზე კანს მჭადის ფქვილით იწმენდს და მეუბნება, შენც ასე მოიქეციო. ცოტა ცხიმიანი კანი მაქვს და ეს ჩემთვის რამდენად მისაღებია?
პასუხი: სხვადასხვა ტიპის კანს განსხვავებული მოვლა სჭირდება. თუ არის ნორმალური ტიპის კანი, სავსებით საკმარისია, წელიწადში ორჯერ სახის გაწმენდა. შუალედი ძალიან დიდია, მაგრამ თუ არ არის ამის საჭიროება, არ არის აუცილებელი. სახლის პირობებში შესაძლებელია, მკვდარი ეპიდერმისის „სკრაბებით“ მოცილება. ხოლო, მჭადის ფქვილით სახის გაწმენდა, საკმაოდ უსაფრთხო და კარგია. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ, მასში მარილი დაამატოთ და სახე ისე გაიწმინდოთ.