№11 როგორ გავისუფთავოთ სახის კანი ფერისმჭამელებისგან
სახის გარკვეულ ზონებში გაჩენილი შავი წერტილები, ანუ ფერისმჭამელები, ხშირად გვიქმნის პრობლემებს. მათმა არასწორად მოცილებამ კი შეიძლება, უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს. არსებობს რამდენიმე საშუალება, რითაც ამ პრობლემისგან დაიხსნით თავს. მაგალითად, ხალხური მედიცინიდან ყველაზე გავრცელებული და მარტივია მჭადის ფქვილით სახის გახეხვა. კერძოდ, ოდნავ ნამიან სახის კანზე მსუბუქი მოძრაობით წაისვით მჭადის ფქვილი, გაიჩერეთ 5-10 წუთი და შემდეგ ხელით კანი ნაზად გაიხეხეთ.
შავი წერტილების მოსაშორებლად, ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია, კბილის პასტა – წაისვით ის შავ წერტილებზე, გაიჩერეთ, დაახლოვებით, 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ შემდეგი ხერხის გამოყენებაც: ხელსახოცის ქაღალდზე წაუსვით კვერცხის ცილა. დაიწებეთ პრობლემურ ადგილზე და 20-30 წუთის შემდეგ, აიძრეთ. შავი წერტილები ქაღალდს აჰყვება და სახე გაგეწმინდებათ.
ზოგადად, შავი წერტილები ჩნდება ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე, როგორც ცხიმიან, ისე მშრალ კანზე. გვხვდება არა მარტო ქალებში, არამედ მამაკაცებშიც. შავი წერტილები ცხიმოვანი ჯირკვლების გაფართოებით და შიგ მტვრისა და სხვადასხვა ნივთიერების დალექვით ჩნდება. ასევე, კანისთვის შეუფერებელი კრემების გამოყენებით და კვების რეჟიმის დარღვევით. ზოგიერთი კანი, მეტად არის მიდრეკილი შავი წერტილების წარმოშობისკენ, ზოგი – ნაკლებად. ამიტომ, იმისთვის, რომ ფერისმჭამელები არ გაჩნდეს, პირველ რიგში, სახის კანი უნდა დაიცვათ დაბინძურებისგან. დაიცვათ მისი სისუფთავე და გამოიყენოთ სახის კანის შესაბამისი კრემები.
ადგილები, სადაც შავი წერტილები ჩნდება, ხშირად უნდა გაიწმინდოთ 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგით, სუფრის ძმრით ან ლიმონის წვენით. უმჯობესია, მანამდე გაიკეთოთ ორთქლის აბაზანა, შემდეგ დაილბოთ საპნის ქაფით და ასე ამოიღოთ ისინი. აგრეთვე, არსებობს სპეციალური „კოვზები“, რომლითაც შეგიძლიათ ისინი ბუდიდან ამოაგდოთ. სასურველია, ეს პროცედურა გაიკეთოთ მაშინ, როდესაც სახლიდან გასვლას არ აპირებთ, რადგან, პროცედურის შემდეგ, ეს ადგილები შეწითლებულია.
შავი წერტილების გამრავლების წინააღმდეგ სასურველია კანის გაწმენდა შემდეგი ხსნარით: 50 გრამ სპირტს შეურიეთ 50 გრამი 5-პროცენტიანი ბორის მჟავა, 2 გრამი გლიცერინი, 2 სუფრის კოვზი კალენდულას ნაყენი და 1 სუფრის კოვზი წყალი.
ფერისმჭამელების მოშორებაში, ასევე, კარგ შედეგს იძლევა შემდეგი ნარევები:
* საპარს კრემში შეურიეთ მარილი და სოდა. ნაზი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ფერისმჭამელებიან ადგილას. შემდეგ, ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით. ბოლოს, გამშრალებულ და გასუფავებულ კანზე გადაისვით თქვენი კანისთვის შესაბამისი კრემი.
* 5 გრამ გლიცერინს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი და 7 გრამი საბავშვო ტალკი. შეიზილეთ წრიული მოძრაობებით ფერისმჭამელიან ადგილებში და შემდეგ, ჩამოიბანეთ.
* მგრძნობიარე და ალერგიული კანის შემთხვევაში:1 სუფრის კოვზ უხეშად დაფქულ ჰერკულესს, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი სოდა, დაუმატეთ ცოტა თბილი წყალი, რომ მასა სქელი გამოვიდეს. შეიზილეთ ფერისმჭამელებიან ადგილებში და გაიკეთეთ მასაჟი. ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით.
ყოველივე ამასთან ერთად, აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა. ნუ გადატვირთავთ კუჭს, იკვებეთ ცოცხალი, სეზონური ხილითა და ბოსტნეულით, მიირთვით მაწონი და კეფირი. ასეთი კვება სასარგებლოა არა მარტო ფერისმჭამელების წინააღმდეგ საბრძოლველად არამედ მთელი ორგანიზმისთვის.