კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ღალატის საზღაური

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #10(949)



ქალბატონ ნინოს ერთი დიდი სისუსტე ჰქონდა: როგორი განრისხებულიც არ უნდა ყოფილიყო, როგორც კი სიძე მიმართავდა – „დედაო“, – მაშინვე გული ულბებოდა და დამთმობი ხდებოდა. ასე მოხდა ამჯერადაც. ამ პატარა, მაგრამ მაგიურმა სიტყვამ ფარ-ხმალი დააყრევინა და თავის ქალიშვილთან ერთად შეარჩია დანარჩენი ნათლიები.
ასე იყო თუ ისე, უსიამოვნებით დაწყებული თათბირი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ ნათლობა არ დამთავრებულა არცერთი მხარისთვის მთლად სასიამოვნოდ: შუა ქეიფში, როცა სტუმრები საკმაოდ შეზარხოშდნენ, ანზორიკო ჯერ ერთ ნათლიასთან ერთად გაქრა დარბაზიდან ორმოციოდე წუთით, მერე კი მეორესთან ერთად (ცხადია, თავის შერჩეულ ნათლიებზეა ლაპარაკი), ოღონდ ამჯერად დაახლოებით ოც წუთში დაუბრუნდა სუფრას. მისი ეს „აორთქლება“ თითქმის არავის შეუმჩნევია და, ალბათ, ვერც ვერავინ გაიგებდა, რომ არა სიდედრის ეჭვიანი ხასიათი და მახვილი თვალი: მან ორივეჯერ დააფიქსირა ანზორიკოს გაპარვა და ორჯერვე დაავალა შვილს, ახლავე დაანებე თავი დაქალებთან ჭორაობას და ქმარი მოძებნეო, მაგრამ იმან ყურიც არ შეიბერტყა.
ნინო მიხვდა, რომ შვილთან ბრძოლას და მტკიცებას აზრი არ ჰქონდა და გადაწყვიტა, მარტო ემოქმედა, თუმცა მთლად მარტოც არა – კერძო დეტექტივი აიყვანა, დიდ ჰონორარს შეჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ ის ანზორიკოს ცოლის ღალატში გამოიჭერდა და ყველა ღალატს ფირზე დააფიქსირებდა.
სანამ კერძო დეტექტივი, დიდ ჰონორარზე ფიქრში, ჩუმად და მალულად აღმა-დაღმა დასდევდა ანზორიკოსა და მის „მეგობარ-თანაკლასელ-თანაკურსელ-მეზობელ“ ქალებს, სინამდვილეში კი ნაშებს, თავად ანზორიკოს თავხედობა და ცინიზმი ზღვარს გადავიდა; იმ დონეზე გადავიდა ზღვარს, რომ ცოლთან ერთად ხან ერთ ნაშა-ნათლია (უფალო, მოგვიტევე!) მიჰყავდა ევროპაში სამოგზაუროდ და ხან – მეორე. იღებდა ლუქსს, ერთ ოთახში ქალებს ეძინათ, მეორეში – თვითონ. შუაღამისას კი თავისი „ნაშოჩკა“ ფეხის წვერებზე გარბოდა ანზორიკოს ოთახში, სადაც განცხრომას ეძლეოდნენ, მერე კი ის „ნაშოჩკა“ ისევ ფეხის წვერებზე ბრუნდებოდა ზინიკოს ოთახში და მის გვერდით მდგარ რბილ საწოლში ტკბილად იძინებდა, ველური და თავზეხელაღებული სექსით დაღლილი.
ცნობილია ერთი ჭეშმარიტება: დიდი სიღარიბე და დიდი სიმდიდრე ადამიანს, თუ ის განსაკუთრებულად მტკიცე და წესიერი პიროვნება (თანაც ღრმად მორწმუნე) არ არის, მიზნის მისაღწევად ისეთ უკადრებელ საქმეს აკადრებინებს, როგორზეც მას არ უფიქრია მანამ, სანამ ამ უზნეობის (ან უზნეობების) ჩადენის საშუალება არ მიეცემა. ამ ორიდან კი (დიდი სიღარიბიდან და დიდი სიმდიდრიდან) მეორე უფრო საშიშია, უფრო მეტად თავად მდიდრისთვის (განსაკუთრებით კი მოულოდნელად და დაუმსახურებლად გამდიდრებულისთვის), ვიდრე სხვებისთვის, რადგან დიდმა ფულმა უფრო დიდი ვნებების გაღვიძება იცის, ვიდრე დიდმა სიღარიბემ.
მოკლედ, ანზორიკო თავისას ერეკებოდა: ფულს შოულობდა, ოჯახს ინახავდა, ქეიფებს მართავდა, შვილებს კარგ განათლებას აძლევდა, მეუღლეს ანებივრებდა (თავისი გაგებით) და თან თითქმის ყოველდღე ატყუებდა. სიდედრის თავდასხმებს მეტ-ნაკლებად იგერიებდა, ცოლს ლამის ყოველ მეორე დღეს ღალატობდა, ოღონდ, ერთი რამით მაინც უკმაყოფილო იყო: მისი ერთჯერადი თუ მრავალჯერადი სატრფოები, ამდენი წარმატებისა და წინსვლის მიუხედავად, მაინც დაბალი ფენიდან გამოსული, ფულიანი კაცების მაძიებელი, არაერთხელ განათხოვარი, ან, სულაც გათხოვილი, მაგრამ ქმრებით უკმაყოფილო თუ ქმრებისგან დაუკმაყოფილებელი ქალები იყვნენ, თანაც, ძირითადად საკმაოდ მოწიფული ასაკის. არა და არ გაიკარეს „გასვეცკებული“ ანზორიკო მაღალი წრის კალთამადლიანებმა – მისი ფული კი უნდოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც ისეთს უწუნებდნენ თუ ისაკლისებდნენ მასში, რასაც ანზორიკო ვერ ხვდებოდა, მაგრამ გულს არ იტეხდა და ამქვეყნიურ სიამეთა მორევში თავით იყო გადაშვებული.
ანზორიკო ისე გაერთო ვნებებით, რომ თითქმის ყველგან ყველაფერი აერია, მხოლოდ სამი რამ იყო მის ცხოვრებაში სტაბილური, მყარი და საიმედო, ისიც, ცოლის მხრიდან: მის მიმართ რწმენა, სიყვარული და ერთგულება.
ზინიკო ვერაფერს ხვდებოდა და ბოლო ხანებში ასეთი გაიშვიათებული სექსიც კი უზომო ბედნიერებას ანიჭებდა.
ორი წლის შემდეგ კი ანზორიკომ წლამდე ასაკის ბავშვი მიიყვანა სახლში.
– ვისია ეს პატარა ანგელოზი? – ჰკითხა ზინიკომ და ბავშვი ხელში აიყვანა.
– ჩემი, – მშრალად უპასუხა ქმარმა, ერთ ქალთან გავაკეთე. ბიჭია, მამაჩემის სახელი დავარქვი – ზაქარია, ზაქრო.
– დედა აღარ ჰყავს? – სახე მოეღრუბლა ზინიკოს.
– ჰყავს. მე ხვალ საღამომდე წამოვიყავნე. დედამისს ორი დღე არ ეცლება და შენ უნდა მოუარო. არ გაგიჭირდება, მშვიდი ბავშვია. თუ რამეა, გოგოებიც მოგეხმარებიან.
– არ მინდა მოხმარება, თვითონაც მოვახერხებ, – თქვა ზინიკომ და ჩვილი თავის საძინებელში გაიყვანა. ნინო სახლში არ იყო, ლიზა და ნადიკო კი ჯერ გაოგნდნენ, მერე მრისხანე სახით შეხედეს მამას და საკმაოდ მკაცრად უთხრეს:
–  ეს არ უნდა გაგეკეთებინა, მამა! არ არის დედა შენგან ამის ღირსი!
– ვითომ რატომ, მეფის ასულია? დედათქვენი კეთილი, მაგრამ ჩურჩუტი ქალია. კიდევ ათი ასეთი რომ მოვიყვანო, ყველას მოუვლის და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ელემენტარული თავმოყვარეობა არ აქვს. არც საკუთარი პოზიცია გააჩნია, არც საკუთარი აზრი. ყველასთვის ყველაფრის პატიება შეუძლია.
– იმიტომ, რომ უყვარხარ! – იყვირა ნადიკომ და ტირილი დაიწყო.
– მარტო მაგიტომ არა. უბრალოდ, ბრიყვი ქალია, ჩერჩეტი. შეიძლება, ადამიანი სულ მხიარული იყოს, არაფერი სწყინდეს, არაფერზე პრეტენზია არ ჰქონდეს, არაფერზე ბრაზდებოდეს?! სწორედ ამან დამღალა. ერთხელ მაინც წამჩხუბებოდა, სცენა მოეწყო... რანაირი დედამისის შვილია, ვერ გამიგია. ბებიათქვენი ნამდვილი ტანკია, ვეზდეხოდი, ეს კი...
– არ არის დედამისის შვილი... – სუნთქვას ამოაყოლა ლიზამ.
– რა?! – ყურებს არ დაუჯერა ანზორიკომ, – აბა, ვისი შვილია?
– მამამისის. ბაბუას გაუჩინა ერთმა ქალმა. ბავშვი მამას მიუგდო, თვითონ კი უგზო-უკვლოდ გადაიკარგა. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ბაბუამ ბებია გაიცნო, ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. ისე მოხდა, რომ ნინოს ბავშვი არ ეყოლა – ორჯერ მოეშალა მუცელი. ზინიკო საკუთარივით გაზარდა და, ვინმემ რომ უთხრას, შენი შვილი არ არისო, კბილებით გამოღადრავს ყელს. ოღონდ, მამა, ჩვენს თავს გაფიცებ, არავისთან წამოგცდეს, კარგი?
– დედათქვენმა იცის ეს ყველაფერი? – ჰკითხა ჩაფიქრებულმა ანზორიკომ შვილებს.
– იცის, მაგრამ ვითომ არ იცის – არ უნდა, დედამისს გული ატკინოს, – ლიზას არ მოეწონა მამის უცნაური გამომეტყველება, ახლოს მივიდა მასთან, თვალებში ჩახედა და დანანებით უთხრა: – აშკარად არ უნდა მომეყოლა შენთვის ეს ამბავი.
– რატომ? – გაეცინა ანზორიკოს.
– იმიტომ, რომ გაგეცინა! იმიტომ, რომ უკვე რაღაც მზაკვრობა ჩაიფიქრე! – არ დაინდო ნადიკომ, – თუ ასე არ არის, დაგვიფიცე, რომ არასდროს არავის ეტყვი და არც არაფერში გამოიყენებ ამ ისტორიას!
– ჰო, კარგი, კარგი! ნუთუ ასეთი ნაძირალა გგონივარ? – გულსგარეთ დადო პირობა ანზორიკომ, – მაგრამ, იცოდეთ, კაცისთვის ძალიან ძნელია ბრიყვ ქალთან ცხოვრება. დღეს მე მამტყუნებთ, მაგრამ, როცა ოჯახებს შექმნით, მაშინ გამიგებთ. ახლა დედათქვენს მიეხმარეთ, ბავშვს აჭამოს და დააძინოს, მერე კი ბებიათქვენს დაელაპარაკეთ და დაარწმუნეთ, რომ სცენები არ მომიწყოს და შვილი არ გადამირიოს, თორემ ვეღარ მოვუთმენ და სახლიდან გავაგდებ! – ანზორიკომ ხმა გაიმკაცრა და თვალები ავად გადააბრიალა.
– რა?! ბებოს თავისი სახლიდან გააგდებ?! სულ გაგიჟდი, მამა?! – გადაირია ლიზა, – იცოდე, ასეთი აღარ გვიყვარხარ და ხმა არ გაგვცე, სანამ ბოდიშს არ მოგვიხდი! – გოგონებმა ზურგი შეაქციეს მამას და კარი გაიჯახუნეს.
იმ საღამოს ნინომ ისეთი სცენა მოუწყო სიძეს, პირველი და მეორე მსოფლიო ომები ერთად, ბავშვების თამაშად მოეჩვენებოდა კაცს, მაგრამ ზინიკომ მაინც არ გაატანა ქმარს ბავშვი – ამ შუაღამისას ვის უნდა მიაყენო კარზეო. მეორე დღეს კი ანზორიკომ ბიჭი დედას დაუბრუნა და გულში დიდი შურისძიება ჩაიდო.
– გული უნდა გავუხეთქო! – თქვა შინ დაბრუნებულმა ხმამაღლა და სიდედრის ოთახს გახედა.
იმ დღიდან თავისი გვარის გამგრძელებელი მხოლოდ მაშინ მოჰყავდა სახლში, როცა სიდედრი სამსახურში იყო და ზინიკოც ჩვეულებრივად იღებდა და უვლიდა ბავშვს. ბიჭის ვიზიტებს ლიზა და ნადიკოც შეეჩვივნენ და შეუყვარდათ კიდეც ნახევარძმა, მერე კი მამასაც შეურიგდნენ. სამაგიეროდ, დედის მიმართ განეწყვნენ კრიტიკულად და ნელ-ნელა მისი გამტყუნება დაიწყეს:
– დედამ აშკარად ვერ შეიშნო ასეთი ქმარი!
– კაცებს უპრეტენზიო ცოლები არ უყვართ!
– ამდენი შესაძლებლობა აქვს და ჩაცმა არ იცის!
– ასეთ ქმარს ან უნდა გაშორდე, ან უნდა აკონტროლო, ან უნდა უღალატო, – დაასკვნა ლიზამ, – და თუ არცერთს არ აკეთებ, ესე იგი, ყველაფერი შენი ბრალია და ყველაფრის ღირსი ხარ!
გოგოები ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, მაგრამ, თვითონაც ვერ იგრძნეს, თანდათანობით როგორ განუდგნენ დედას.
ანზორიკომ კი მხოლოდ სამი წლის შემდეგ აასრულა მუქარა – სიდედრს გული უნდა გავუხეთქოო და, ნინოსთვის ერთ არამშვენიერ დღეს ისევ ხელში ატატებული ჩვილით მივიდა სახლში.
– გაიცანით, გოგოებო, ეს პატარა ანზორიკოა, ჩემი მეორე ვაჟიშვილი.
– დედას ისევ არ სცალია? – ცოტა გაოცებულმა იკითხა ზინიკომ.
– ამას სხვა დედა ჰყავს. დედას სცალია, მაგრამ ერთი კვირა ჩვენთან იქნება. მე მინდა ასე და იმიტომ! – გამოაცხადა ანზორიკომ და უცებ საშინელი ბრახვანი გაიგონა, – ქალბატონი ნინო უგონოდ დაეცა იატაკზე.
სასწრაფომ მწვავე ინფარქტი დაუდგინა და მაშინვე საავადმყოფოში გააქანა. ანზორიკო კი იძულებული გახდა, ბავშვი ისევ დედასთან დაებრუნებინა.
***
სანამ ნინო საავადმყოფოში იწვა, მის ოჯახში ცხოვრება ჩვეულებრივად მიდიოდა. ერთ დღეს კი ცოლს უთხრა:
– ხვალ ჩემი ახალი პარტნიორები უნდა მოვიპატიჟო სახლში, კარზე მიკრულ აბრაზე კი მამაშენის გვარი წერია. შენც ხომ იცი, უხერხული იქნება. რას იტყვიან, ამხელა ბიზნესმენია და სხვის სახლში ცხოვრობსო. თუ არ გეწყინება, მხოლოდ ერთი დღით შევცვლი აბრას ჩემი გვარით, მერე ისევ ძველს დავაბრუნებ.
ზინიკო, ცხადია, დაეთანხმა, მით უმეტეს, რომ დედამისი სამი დღის შემდეგ უნდა გამოეწერათ კლინიკიდან.
მეორე დღეს ახალი პარტნიორები მართლაც ეწვივნენ. მათი წასვლიდან რამდენიმე საათში კი ანზორიკო ქალაქიდან გაემგზავრა რამდენიმე დღით და, ისე მოხდა, რომ აბრის გამოცვლა ვერ მოასწრო თუ არ მოასწრო. მერე ზინიკოსაც დაავიწყდა, გოგოებმა კი ფეხებზე დაიკიდეს – მათ უკვე ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ, რაც დედასა და ბებიას ეხებოდა, რადგან ახლა მათაც სჯეროდათ, რომ მამიკო ყველასთან ყველაფერში მართალი იყო.
მესამე დღეს კი, როდესაც ზინიკომ დედა საავადმყოფოდან შინ მიიყვანა და კარის გაღება დააპირა, ნინომ დაინახა, რომ ახალ აბრაზე დიდი, მრგვალი ასოებით ეწერა სიძის გვარი. ახალნაინფარქტალმა გულმა ამას ვეღარ გაუძლო და ქალბატონი სიდედრი უსულოდ დაეცა საკუთარი ბინის კარის წინ. ოქროსფერი აბრა კი ბინის გაყიდვამდე ეკიდა მუხის კარზე.
***
ქალბატონი ნინო დიდი პატივით დაასაფლავა სიძე-ქალიშვილმა. ისეთი ქელეხი და ორმოცი გადაუხადეს და მერე ისეთი საფლავი გაუკეთეს, ყველა გაოცებული იყო – როგორ ჰყვარებია ანზორიკოს სიდედრიო.
ქელეხიდან დაბრუნებულმა ზინიკომ სხვანაირად გადაავლო თვალი თავის ცხოვრებას და აშკარად გაორებული გრძნობა გაუჩნდა: ერთი მხრივ, გული უკვდებოდა, ისე ეცოდებოდა დედა და ხვდებოდა, რომ ყოველთვის მოენატრებოდა მისი ჩხუბი და საყვედურებიც კი; მეორე მხრივ, თითქოს ერთგვარი შვებაც კი იგრძნო დედის გარდაცვალებით – დღეიდან ვეღარ დახოცავენ, ვეღარ დაემუქრებიან, ვეღარ წაუყენებენ არსებულ და არარსებულ ბრალდებებს ერთმანეთს სიძე და სიდედრი; დღეიდან ზინიკო მშვიდად და წყნარად იცხოვრებს თავის საყვარელ ქმართან და შვილებთან ერთად. მერე რა, თუ ორი ბიჭი სხვა ქალებმა გაუჩინეს! ანზორიკოს მაინც თავისი ცოლი უყვარს ყველაზე მეტად, მისი ზრუნვა, მისი მომზადებული კერძები... – ზინიკოს გული აუჩუყდა და თვალები ცრემლით აევსო.
– რა გატირებს? – უინტერესოდ ჰკითხა მის ოთახში შესულმა ნადიკომ და მაგიდიდან აღებულ ვაშლს მოზრდილი ლუკმა მოაკბიჩა.
ზინიკომ ახედა შვილს და ნაწყენი ხმით უპასუხა:
– დედა მომიკვდა და დღეს დავასაფლავე. პატარა მიზეზია? – და ზინიკომ მთელი ხმით მორთო ტირილი, რადგან მხოლოდ ამ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმის შემდეგ აღიქვა რეალობა და თანაც შერცხვა, რომ სინამდვილეში დედის სიკვდილის გამო კი არა, ანზორიკოს არაერთი ღალატის გამო ტიროდა. ახლა ყველა ის კადრი გაუცოცხლდა თვალწინ, როცა ქმრის გამო დედას აწყენინა, როცა არა მარტო სიტყვით აწყენინა, არამედ, პრაქტიკულად, გადაუდგა კიდეც და გული მოეწურა, ისე შეეცოდა დედა. მხოლოდ ახლა დაფიქრდა, იქნებ მართლა მუდმივად ატყუებდა და ღალატობდა ქმარი, ნინო კი ამას ხვდებოდა და ამიტომ ჰქონდა სიძესთან მუდმივი კონფლიქტი?! ზინიკო კი თავს იმშვიდებდა, მხოლოდ ორჯერ მოუვიდა გადაცდომა, ისიც შემთხვევით (ამაში მართლა დარწმუნებული იყო დედის გარდაცვალებამდე), იმ ქუჩის ქალებმა მომენტით ისარგებლეს და შვილები გაუჩინეს, რომ დაეშანტაჟებინათ და ფული წაეგლიჯათო. მერე იმაში დაიწყო თავის დარწმუნება, შესაძლოა, სულაც არ არიან ანზორიკოს შვილები, იმ უნამუსო დედაკაცებმა, ალბათ, სხვებისგან გააჩინეს, ჩემი ქმრის გულჩვილობითა და მიამიტობით ისარგებლეს და თავიანთი ნაბიჭვრები ამას შესტენესო.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3