№11 როგორ ჩამოყალიბდა მოუხელთებელი საბჭოთა დაზვერვა ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს
სტალინის მმართველობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი საბჭოთა ბელადის პრაქტიკულობა იყო... ისტორიკოსი იულიანა კალინინა წერს: „რაც არ უნდა აძაგონ სტალინი, სტალინური სახელმწიფო და ბელადის მმართველობა, სტალინური ეპოქა ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა იყო მსოფლიო ისტორიაში. ასეულ მილიონობით ადამიანს კი სწორედ ამ ეპოქამ მოუტანა თავისუფლება და თანასწორობა... სტალინი თანამედროვე ან, თუნდაც, მისი ეპოქის სხვა მმართველებისგან განსხვავებით, სიბარიტი, სნობი და მსგავსი მიდრეკილებების ადამიანი არასდროს ყოფილა. კომფორტი და კეთილდღეობა არ იტაცებდა და ყოველთვის თავისი ხალხის სიკეთესა და ქვეყნის აყვავება-განვითარებაზე ზრუნავდა. მართალია, იყო მსხვერპლიც და ზოგ შემთხვევაში – უდანაშაულო მსხვერპლიც, მაგრამ ასეთი რამ გარდაუვალი იყო. სტალინი უდიდეს სახელმწიფოს აშენებდა და უამრავი მტერი ჰყავდა. მტრები კი მოსაშთობნი იყვნენ და ამ უკომპრომისო ბრძოლას, სამწუხაროდ, უდანაშაულო მსხვერპლიც ახლდა... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინმა რეკორდულად მოკლე ვადებში მოახერხა დედამიწის ერთ მეექვსედ ნაწილზე თანასწორი და სამართლიანი ქვეყნის აშენება. უფრო მეტს მივაღწევდით და იქითკენაც მივდიოდით, მაგრამ ხელი შეგვიშალეს. 1935 წლისთვის კი უკვე აშკარა იყო, რომ ევროპაში დიდი ომი გაჩაღდებოდა. ამიტომ, მთლიანად სამხედრო მრეწველობაზე გადავეწყვეთ და სწორედ აქ გამოჩნდა სტალინის გენიალური პრაქტიკულობა. წინ ესპანეთი იყო“.
მოლოტოვი ესპანეთის სამოქალაქო ომს გულისხმობს, რომელიც 1936-1939 წლებში გაიმართა და დიდი სისხლისღვრით გამოირჩეოდა. ევროპის შუაგულში ძმათა შორის გაჩაღებულმა საშინელმა სისხლისღვრამ ბრძოლის ველზე მომავალი მეორე მსოფლიო ომის ძირითადი მონაწილეები შეახვედრა – ფაშისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი. სტალინი ამ ომში რესპუბლიკელთა კანონიერ ხელისუფლებას უჭერდა მხარს. მაშინ, როცა ამბოხებულ ფრანსისკო ფრანკოს ჰიტლერი და მუსოლინი, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთი ედგნენ გვერდით. პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის გარდა, ზემოჩამოთვლილი მხარეები, ეხმარებოდნენ რა ამა თუ იმ დაპირისპირებულ მხარეს, ესპანეთში თავიანთი ახალი იარაღის საიმედოობას ამოწმებდნენ. მოლოტოვი ყვებოდა: „რესპუბლიკურ ესპანეთს მთელი სამართლიანი მსოფლიო ეხმარებოდა და მოხალისეთა ინტერნაციონალური საბრძოლო რაზმები უანგაროდ იბრძოდნენ ესპანეთის მიწაზე. მათ შორის იყვნენ საბჭოელებიც. მათ კი სახელმწიფო აფინანსებდა“.
მოლოტოვი შეგნებულად არ ამბობდა, რომ ინტერბრიგადები, რომლებიც ესპანეთში საბჭოეთიდან ჩადიოდნენ, მთლიანად საბჭოთა უშიშროების კონტროლქვეშ მოქმედებდნენ. მოლოტოვმა მართალია, ახსენა სტალინის პრაქტიკულობა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა... სტალინის პრაქტიკულობა კი ესპანეთთან მიმართებაში იმას ნიშნავდა, რომ გერმანიასთან მოსალოდნელი დიდი ომის წინ აუცილებელი იყო უახლესი შეიარაღების გამოცდა. ხოლო ესპანეთის სამოქალაქო ომი კი შესანიშნავი ცოცხალი პოლიგონი იყო საამისოდ და საბჭოთა ბელადს პრაქტიკულობამ არც აქ უმტყუნა. მით უმეტეს, რომ იგივე ექსპერიმენტს ესპანეთში ჰიტლერიც ატარებდა. სწორედ აქ შეეჯახნენ ერთმანეთს პირველად გერმანული და საბჭოთა სახელმწიფო მანქანები, რამაც მათ მრავალი რამის გათვალისწინებისა და გამოსწორების საშუალება მისცა. საერთოდ, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს სტალინმა ერთობ გრანდიოზული გეგმა განახორციელა, რამაც საბჭოთა კავშირის სიძლიერეს დიდად შეუწყო ხელი. გენერალი პავლე ფიტინი ყვებოდა: „ესპანური კამპანიის დროს ეს ულამაზესი ქვეყანა სხვადასხვა ექსპერიმენტის, ძირითადად სამხედრო ექსპერიმენტების, ადგილად იყო ქცეული. სტალინმა კი უფრო გააფართოვა არეალი და სწორედ ესპანეთში ჩამოყალიბდა საბჭოთა საგარეო დაზვერვის ის მთელ მსოფლიოში განტოტვილი ქსელი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი.“ პავლე ფიტინმა და პავლე სუდოპლატოვმა სწორედ სტალინის ბრძანებით შექმნეს ესპანეთში მეომარი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან ის ცნობილი მოუხელთებელი საბჭოური სადაზვერვო ქსელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საბჭოეთის გამარჯვებაში ჰიტლერთან და ატომური საიდუმლოებების მოპოვებაში ომის შემდგომ. სწორედ ესპანეთში ჩამოყალიბდა ის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი, რომელმაც სტალინის დაუძინებელი მტერი, ლევ ტროცკი შორეულ მექსიკაში მოიხელთა და მისი ლიკვიდაცია განახორციელა... სტალინს, ისე, როგორც არც ერთ დიდ პოლიტიკოსს ხელეწიფებოდა ნებისმიერი, მიზერულად ხელსაყრელი პოზიციის თავის სასარგებლოდ გამოყენება და დიდი უპირატესობის მიღება. ასე მოხდა ესპანეთის სამოქალაქო ომის დროსაც და სწორედ იქ გამოიწრთო საბჭოთა საგარეო დაზვერვის კადრები და წითელი არმიის საგანგებო რაზმები, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ გერმანელ ფაშისტებს და კუდით ქვა ასროლინეს მათ. სტალინის თქმით, „ესპანეთი დიდი ომის გენერალური რეპეტიცია იყო.“