კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ მოიპარეს ვაჟა-ფშაველას ნეშტი ღამით დიდუბის პანთეონიდან და სად ჩატენეს „ფორდის“ პატარა მანქანაში

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

ოფიციალურად, ვაჟა-ფშაველა მთაწმინდის პანთეონში 1935 წლის 18 ოქტომბერს გადაასვენეს. სწორედ 18 ოქტომბერს გაიმართა მიტინგი მწერლის ახალ სამარესთან, სადაც „გრძნობიერი და ლამაზი“ სიტყვა თქვა პაოლო იაშვილმა, სკოლის მოსწავლეებმა მინდვრის ყვავილები მიიტანეს, გიორგი ლეონიძემ კი ვაჟასთვის მიძღვნილი ლექსი წაიკითხა: „შენ დაგმარხეს ბორკილებით, ჩვენ დროშებით ამოგიღეთ!“ დღე დასრულდა ვაჟას საღამოთი, რომელსაც კონსერვატორიის დარბაზმა უმასპინძლა... ასეთი იყო გადასვენების ოფიციალური მხარე, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? ვინ და როდის ამოთხარა ვაჟას საფლავი დიდუბის პანთეონში და რა ვითარებაში გადაასვენეს პოეტის ცხედარი? ვაჟა-ფშაველას სახის ნიღაბი, გარდაცვალების დღეს, 1915 წლის 27 ივლისს (9 აგვისტოს) აუღო იაკობ ნიკოლაძემ.
სინამდვილეში ვაჟას საფლავი დიდუბის პანთეონში 1935 წლის 16 ოქტომბერს, ღამით გაიხსნა. სიბნელეში, ფარნების შუქზე, საფლავთან მუქი სილუეტები ირეოდნენ. ნეშტი ახალ კუბოში იყო ჩასვენებული (ძველი დამპალი და დაშლილი აღმოჩნდა), თავი და ძვლები ჩოხის ნაფლეთებში ჩაეწყოთ, ჩოხის შალი არ დამპალიყო. შენახული აღმოჩნდა აგრეთვე ჩექმები, რომლებიც მხოლოდ გადახსნილიყო წუღის ძაფის დაშლის გამო (წყარო: „რადიო თავისუფლება“). გადასვენებას ესწრებოდა ქართველ მწერალთა ჯგუფი. მოგვიანებით ამ ჯგუფიდან ერთ-ერთმა, ლევან ასათიანმა 16 ოქტომბრის ღამის ეს ამბავი თავის უბის წიგნაკში აღწერა: „თავის ქალაზე აქა-იქ თმის ღეროები შერჩენოდა. აგრეთვე ულვაშები და ოდნავ წამოზრდილი წვერი (ერთი დამსწრეთაგანი ამტკიცებდა, რომ მიცვალებულს ერთი თვის განმავლობაში კიდევ ეზრდება წვერი). გოგლა ლეონიძე და პაოლო იაშვილი, სანამ კუბოს თავს დახურავდნენ, ღობის იქით იცდიდნენ –  არ შეგვიძლია ძვლებს შევხედოთო. ილო მოსაშვილი კი საფლავში ჩამდგარი, მესაფლავეებს ეხმარებოდა ძვლების ამოკრებვაში“. გადასვენებაში ასევე მონაწილეობდნენ სიმონ ჩიქოვანი, ალექსანდრე ქუთათელი, კარლო კალაძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ლევან აღნიაშვილი, გრ. ჯაფარიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, მიკოლა ბაჟანი, ბენედიქტ ლივშიცი. გვიან ღამით მწერლების ამ ჯგუფს შეუერთდნენ და ნეშტის დასაფლავებას დაესწრნენ: ტიციან ტაბიძე ცოლით, შალვა აფხაიძე, აკაკი გაწერელია, შალვა დემეტრაძე... თუმცა, როგორც ლევან ასათიანი იხსენებს, ტექნიკური პრობლემების გამო გაჭირდა კუბოს ატანა მთაწმინდაზე. საქმე ისაა, რომ გადასვენების ტექნიკური ორგანიზაცია მიენდოთ ივანე ენიკოლოფოვისათვის (მკვლევარი, დიდუბის და მთაწმინდის პანთეონების დირექტორი მრავალი წლის განმავლობაში), რომელსაც საბარგო მანქანის მაგიერ ცხენიანი ბალდახინი მიეყვანა. ცხენით გადასვენება შეუძლებელი იყო, რადგან უკვე დაგვიანდა და ბალდახინი ნელი სვლით დილამდე მოუნდებოდა მთაწმინდაზე ასვლას. „გადავწყვიტეთ, კუბო „ფორდის“ პატარა ავტომანქანაში ჩაგვედო, – იხსენებს ლევან ასათიანი, – მანქანა ერთ-ერთ დამსწრეს ეკუთვნოდა. ცხადია, პატარა, სამგზავრო ავტომანქანაში კუბო არ გაიმართა. იძულებული გავხდით, კუბო გარდიგარდმო დაგვედო. მისი ერთი მესამედი გარეთ იყო დარჩენილი. მანქანაში ჩასხდნენ ილო მოსაშვილი, ორი მესაფლავე და წავიდნენ. საწყალი ვაჟა-ფშაველა ასე საცოდავად ჩაკვეტებული მანქანაში, გავაგზავნეთ მთაწმინდისკენ. რატომ ხდებოდა ასე ჩუმად და საიდუმლოდ ეს ამბავი, ვერ ამეხსნა. ჩვენ მოვიპარეთ თითქოს მისი სხეული, რომ ქვეყანას არ გაეგო. რატომ არის ყოველივე ეს ასე ღატაკურად მოწყობილი? – მკითხა გაკვირვებულმა მიკოლა ბაჟანმა.“ ლევან ასათიანის თქმით, „მთაწმინდაზე რომ ავიდნენ, კუბო უკვე საფლავის გვერდით დახვდათ დადგმული. უხეირო ფოტოგრაფი სურათის გადაღებაზე ცოდვილობდა. ბენგალის ფხვნილი ნესტიანი აღმოჩნდა და ცეცხლი არ ეკიდებოდა. როგორც იქნა, ბოლოს მოაწყო თავისი აპარატი და გადაიღო სურათი – მწერლების ჯგუფი დგას კუბოსთან. კუბოს თავი კარგა ხანს ყოფილა ახდილი. გადასვენებაში მონაწილე მწერლებს ბევრი ყვავილი მიუტანიათ. ლევან ასათიანი: „კუბო გაავსეს ყვავილებით, ბალახით, ხის ფოთლებით“. ასე დაკრძალეს ხელახლა ვაჟა-ფშაველა აკაკი წერეთლის სიახლოვეს. საფლავზე დევს დაუმუშავებელი კლდის ნატეხი წარწერით „ვაჟა-ფშაველა“ და ერთი კონა ყვავილი.
 „მამამა ღმერთს
ჩამაჰყარა სახელი“

გულქან რაზიკაშვილი:
„…მე და მამას ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერდით… მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ასეთი. მე და მამამ ხო
წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ… თავის დედის სახელი დამარქვა – გულქანი. სიკვდილის წუთებში ეთქო, გულქანი დამრჩა შუა გზაზედაო. ხუთ შვილში მარტო მეღა ვარ დამრჩალი ბუვივითა. ხუთმეტისა ვიყავ, მამა რო დამეღუპა… მოხრილი ვარ, ძლივს დავცოცავ. ვერაფერი ვერ ვიცი წუთისოფლისა. ხალხი აქამდე მაშინებდა, ეხლა მივეჩვიე… დღე-ღამეს ასწორებდა მამაი, მე ჭრაქს უზიდავდი საქონიდან, ღამე იმას უნთიებდი და ისა სწერდა. რო დასწერდა, მკითხავდა მოგწონსო?.. ალბათ მცდიდა, როგორ ესმისო. კარგია, მამაო, რო ვეტყოდი, სახესა ნათელი გადაუვლიდა… ძროხებში დავბერდი, საქმეში დავბერდი, ახლაც ვერ გამაშვებინებენ საჩეჩელ-საქსოვ-სართავსა. მამაიც ეგეთი იყო. სუ შრომა… – შვილო, არ მომიტანეო ჭრაქიო? … ნავთი არა გვქონდა… ალბათ მცდიდა, განა მესმოდა, მაგრამა, მამა რო მიყვარდა, ვეტყოდი, კარგია, მამო, კარგიო… – ყოჩაღ, ჩემო ქალო, ყოჩაღო!.. ბეჩავი მამაი!..
წვიმდა ჩქეფითა, მაშინ ცხრა-ათის წლისა ვიქნებოდი. ძროხაში ვიყავ. ყველას მოუვიდა პატრონი და სახვევები მოუტანეს, მე კი არა, არავინა. მამა ჩარგალს არ იყო. ჩამდიოდა წკრიალასა წყალი კაბის ბოლოზედა და ვიდეგ აი, იქა… გამყინა. მოვიდა უცებ ცხელი მზე. გავთბი. მომშივდა კიდეცა. ზაფხული იყო, მომშივდა და ერთი პატარა პურაი მქონდა, ისიც გამხმარი, დავფიქრდი: მე რო ობოლი არა ვყოფილიყავ, განა ეგრე ვიქნებოდიო. დავფიქრდი და ვთქვი:
რად გამაჩინე, უფალო,
რატომ არ მოედ წვიმადა
ამითვისებდენ ღრუბელნი,
თან მატარებდენ შვილადა…
ჩემი ობლობა და მწყემსობა ემაგ ორ-სამ სიტყვაში ჩავხატე. შენა მყვანდიო, – მითხრა, – შენაო, პირველად მაშინ მაკოცა… მამამ მითხრა, რო ეგაო ძალიან გენიოსური სიტყვაა, შენაო, გოგოო, ჩემზე მეტი ნიჭი გქონიაო. დაწერე, როცა რა მოგაგონდეს ესეთი ქვებზე და მომიტანე, ჩავწერო. დავწერდი, გაიავდრებდა, გადამირეცხდა, დავწერდი ქვაზედა, ძროხები დამიბზიკავდებოდნენ, მივბრუნდებოდი, ადგილი გადამიბრუნდებოდა, დავკარგავდი, ეეე!.. მამა მთხოვდა, ქვებზე წერე და მოიტანეო”…
აი, როგორი იყო მამაი: გართული იყო ბუნებაშია, არა გეეგებოდა შვილებისა. მე თავზე ხელს დამადგამდა. იმისი კოცნა არ მახსოვს. არ მოსწონდა ხალხის ჩოჩქოლ-ხმაური, არ ითანხმებდა რატ-რატსა, მალევ მაშორდებოდა აჩოჩქოლებულ ხალხსა. მამას ბალღ-ბულღთა არა მისდიოდა რა, სუ თავის საფიქრალში
იყო გართული. ბევრი საუბრიდანა ზოგო მიაჩნდა რამედა…
ლოგინში ვიწექით ბალღები. დედაკაცი ვინმე შემოვიდა. დედას თავი სიპის ქვაზე ედო… ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა, ჩვენი თავიც სიბეჩავეს დაუგდო, ჩვენიცა. არც სხვის სწორად გვცმია, არც სხვის ტოლად გვხურვია… ჰო, ვინმე დედაკაცი შემოვიდა ჩვენთანა.
 – კეკე, კეკე, ქალოო! – და თავი გადაუგორდა დედასა… ეგ მახსოვს. მამა ყვარელში იყო წასული, იქ ეთქვათ, სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლო მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო… ნეტა აქა ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავ მამასა მოამბე იმ დროს მისვლია… შინ რო მოსულა (მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ამ ფანდურსა და თან დამღერის: ნუ მოხვალ, თორო ინანებ, მოსვლაში არა ყრიაო… თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეეგუვდებიო. – კიო, კიო, კიო! – დედასა… ნუ მოხვალ თორო, ინანებო, – აი, ამას აგონებდა კეკეს-დედასა… ისეთი იყო რო, თუ ადამიანი არ მოსწონდა, არც ავად ასჩქამდებოდა და არც კარგადა. სადა იქონდა დრო მაგეების რატ-რატისა და ყატ-ყატისა. მამა სიმართლის მთქმელი იყო, სიმართლისა. თავს არ დაზოგავდა, არც ვიცი, რადა იქონდა ეგეთი ხასიათი. მამამ თქო ერთხელა, მახსონ: გულქანი მე მგავსო ხასიათშიო, ნუღარ ელაპარაკებით, ერთს რო იტყვისო… დედასაცა იგავო, – მამამ თქვის, – ბებოსაცა იგავო… გავქეჯნდები, ქალო! რო ვიცოდე, ოქროს მაძლევს, თუ უარი ვთქვი, არ გამოვართმევ, არ ვიცი, რადა მაქვ ეგეთი ხასიათი… მძახლებსა – გუგუდაანთ თვირთვილასა და მამას – უმგზავრნია ერთადა. გუგუდაანიც მდიდრები იყვნენ. სად გუგუდაანთ თვირთველაის ცხენი და სად მამისა – გლეხი კაცისა!.. მამაჩემს უთქვამ თვირთვილაისთვი: – გამიცვალე ცხენი, შენი ცხენი კარგი იქნებაო. თან მძახლები არიან, თან დაახლოებულები… არ გაუცვლია თვირთვილასა ცხენი, დაუცინია მამისათვი… მე მაშინ გეტყვი, შენი ცხენი სჯობია თუ ჩემი, საღალღის მინდორს რო გაუდგებითო, მამას ეთქო თვირთვილაისთვინა, – ჩემმა ნიკორამა ფრუტუნი იცის, რო გაუხარდებაო, არა მგონია, ჩემ ნიკორს წინ ცხენმა გაუაროსო… მერე გამააქანეს ცხენები მინდორზე და დატოვა ნიკორამა თრთვილაი თავის ცხენიანადა. ნახევარ ვერსზე მაინც გამოასწრო ნიკორმა. რო შაიყარნეს და დაისვენეს, ამ შენმა თვრთვილამ სთხოვა: ვაჟავ, ცხენი გამიცვალეო. – ჩემი ნიკორისასაო, მამას ეთქო, – კიდსაც არ მოგცემ კუდსაცაო… სიბერით მოკვდა ნიკორი, კარებზე გადაიქცა და მოკვდა. ეუბნებოდნენ: ლუკავ, თოფი დაჰკარო, რო წვალობსო. – მე მაგას თოფს ვერ დავკრავო… იავადა, იავადა და მოკვდა. მერე გაზარდა მამამა კვიცი, ტანად დაბალი, ცეცხლივით იყო. თვითონ გახედნა. კაცი რო შაჯდებოდა, დაიკარგებოდა ბზუკივითა… აი, როგორი ხელი მაქვ იმისგანა… „ცეცხლა“ დაარქვა მამამა“.
მუშტი-კრივით გამასპინძლება
ექვთიმე თაყაიშვილი:  „ვაჟა-ფშაველა მე პირველად პეტერბურგში გავიცანი. როდესაც უნივერსიტეტში შევედი, ის მოვიდა თავისუფალ მსმენელად და
ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომას სათვისტომო საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუღებელი ლექსი იცოდა ზეპირად. არავითარი რვეული, ან წერილობითი საბუთები ხელში არა ჰქონია და ყველანი განცვიფრებულები ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსის ზეპირად დამახსოვრება. ლექსები, რასაკვირველია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე. ის ცხოვრობდა ერთ ჩემ ამხანაგ გოცირიძესთან, მაგრამ დიდხანს ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და გასცილდნენ. თბილისში რომ ჩამოვედი, მას ვერა ვხედავდი, მაგრამ ერთი მისი საქმე წამოიჭრა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტში და მაშინ შევიტყე, რომ მანგლისის მახლობლად, თონეთში ყოფილიყო მასწავლებლად. თონეთელებიდან ასეთი საჩივარი ჩამოვიდა: ცუდად იქცევა, მუშტი-კვრით გვიმასპინძლდება და ხანჯლითაც გვემუქრებაო. იქ გაგზავნეს გამოძიებისათვის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის მწარმოებელი იაკობ მანსვეტაშვილი და იმან მოიტანა ამბავი, რომ ვაჟას ჩხუბი მოსვლია ერთ რუსის ოფიცერთან, ისინი ერთმანეთს შეხებიან ხელით. ბოლოს და ბოლოს საქმე იმით გათავდა, რომ ვაჟა-ფშაველამ მიატოვა იქ სამსახური. შემდეგ მას იშვიათად ვხვდებოდი წერა-კითხვის საზოგადოების კანცელარიაში და ვეცნობოდი მის ლექსებსა და მოთხრობებს, რომელნიც „ივერიაში“ იბეჭდებოდა. მაშინ მას უკვე სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, როგორც დიდსა და ორიგინალურ პოეტს. ყველაზე უფრო მისი ნიჭის დამფასებელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა: „რუსთველის შემდეგ ჩვენ ასეთი ნიჭიერი პოეტი არა გვყოლიაო“. „ხუთშაბათობის სხდომაზე“, რომელნიც ილიას ბინაზე ეწყობოდა ხოლმე და რომელთაც ესწრებოდნენ რედაქციის ყველა წევრი, მწერლები და ილიას მეგობრები, ხშირად კითხულობდნენ ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ თხზულებას. შემდეგ, როდესაც მე დავაარსე საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ჩვენ შევუდექით აგრეთვე სახალხო პოეზიის ნიმუშების შეკრებასა და გამოქვეყნებას. გვინდოდა, შეგვეკრიბა დაწვრილებითი ეთნოგრაფიული მასალები საზოგადოდ მთიელთა და განსაკუთრებით ფშავ-ხევსურების ცხოვრების შესახებ. მე ვთხოვე ვაჟა-ფშაველას: „ამას შენზე უკეთესად ვერავინ შეგვიდგენს, გასამრჯელოს მოგართმევთ, შეგვიკრიბე ასეთი მასალა. ჩვენ გვაინტერესებს, ვიცოდეთ ფშავ-ხევსურების ცხოვრების პირობები, მათი ზნე-ჩვეულებანი, მისწრაფებანი და ხასიათები“. ვაჟა-ფშაველა დამპირდა და რამდენიმე ხნის შემდეგ მოგვიტანა შესანიშნავი მოთხრობა „ფშაველი და მისი წუთისოფელი“, რომელიც დაბეჭდილია, „ძველი საქართველოს“ მე-2 ტომში. ეს ნაწარმოები ნამდვილი პოეტური მოთხრობაა, რომელსაც თან ახლავს ფშავური ლექსები და ანდაზები. ხევსურების შესახებ ასეთი მოთხრობის დაწერა, საუბედუროდ, მას აღარ დასცალდა. შვილების აღზრდაში დახმარებას მთხოვდა და 1902 წელს მისი შვილი, ლევანი, პანსიონში მივაღებინე კომიტეტის საზოგადოების ხარჯზე. გარდაცვალების შემდეგაც მის ორივე შვილს სტიპენდიები დავუნიშნეთ და სასწავლებლად გავგზავნეთ. როდესაც იგი დასნეულდა, მოვათავსეთ სათავადაზნაურო გიმნაზიის საავადმყოფოში, შენობაში, სადაც ახლა ჩვენი უნივერსიტეტია. აქ მე მასთან ხშირად დავდიოდი და რაც შემეძლო, ყველაფერში ვეხმარებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, უდროოდ გამოეცალა წუთისოფელს.“

скачать dle 11.3