№11 რა უსიამოვნო მოულოდნელობებს გვპირდება რუსეთი „ნატოსკენ“ სწრაფვის სანაცვლოდ და რა ქვეტექსტი ჰქონდა კარასინის მუქარას
გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ბელორუსიის პრეზიდენტმა უარყო კრემლის შეთავაზება, ეღიარებინა აფხაზეთი, იმ მოტივით, რომ ამის გამო დასავლეთი სანქციებს დაუწესებდა, ხოლო რუსეთს კი არ სურდა ბელორუსიისთვის ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება. პარალელურად, კარასინიც დაგვემუქრა, რომ საქართველოს მისწრაფებას „ნატოსკენ“ აუცილებლად მოჰყვება უარყოფითი შედეგი და მოემზადეთ უსიამოვნო მოულოდნელობებისთვისო, გაგვაფრთხილა. რადგან არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა, ისღა დაგვრჩენია, შესაძლო ვარიანტები ვივარაუდოთ. ხოლო, რაკი კარასინის მუქარა დაემთხვა ლუკაშენკოს აღიარებით ჩვენებას, არც ისაა გამორიცხული, რომ რუსეთმა დსთ-ის ქვეყნებზე სცადოს ზეწოლა ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარების მიზნით, მით უფრო, რომ ერთი ამღიარებელი – ვენესუელა ხელიდან ეცლება, მეორე ამღიარებელ ნიკარაგუაში კი აშშ-ს სახდეპმა უკვე დააანონსა მოსალოდნელი რევოლუცია, შესაბამისად, მოსკოვის ანგარიშზე რჩებიან ასადი (დანგრეული სირიით) და ვანუატუ-ნაურუ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, მარტო დარჩა ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ამღიარებლად.
არის თუ არა რეალური დსთ-ის ქვეყნების მიერ სეპარატისტული სოხუმისა და ცხინვალის აღიარებები და რა ქვეტექსტი იგულისხმებოდა კარასინის შემონათვალში? – ამ საკითხს სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ.
– კარასინმა „უსიამოვნებებში“ რა იგულისხმა – ის, რომ დსთ-ის ქვეყნებზე იწყებს ზეწოლას, რომ ჩვენი სეპარატისტული რეგიონები აღიარონ?
– რაც შეეხება აღიარება-არაღიარებას: მგონი, ჩვენ ამას ცოტა ემოციურად განვიცდით. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ცივილიზებული სამყაროს არც ერთი ქვეყანა არასდროს აღიარებს ამ კვაზი-წარმონაქმნებს. არც ბელორუსია აღიარებს არასდროს. ლუკაშენკო თავადაა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. პუტინი ელცინი არ არის და ორ სკამზე ჯდომა, რასაც მშვენივრად ახერხებდა ელცინის პერიოდში, პუტინთან აღარ გასდის. როგორც ჩანს, პუტინმა მას პირდაპირ დაუსვა საკითხი – ან უნდა შეიქმნას საერთო სახელმწიფო, ელცინთან დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, რომელიც ლუკაშენკომ დაივიწყა, ან გახდები უცხო ქვეყანა და გაზში გადამიხდი იმდენს, რამდენსაც სხვები მიხდიანო. ასე რომ, ლუკაშენკო მძიმე მდგომარეობაშია.
2024 წელს პუტინი ისევე არ აპირებს წასვლას ხელისუფლებიდან, როგორც „ქართული ოცნება“ და ერთადერთი შანსია, თანახმად ელცინთან დადებული ხელშეკრულებისა, რუსეთი და ბელორუსია გაერთიანდეს და ახალი სახელმწიფო შეიქმნას.
– რომლის მეთაურიც იქნება პუტინი?
– ახალი სახელმწიფო შეიქმნება და ამიტომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ისევ აირჩევენ პუტინს და ისევ ექნება ორჯერ არჩევის საშუალება. ესე იგი, 12-14 წელი კიდევ ექნება და მეტი არც უნდა – ახლა 66 წლისაა.
– და ბოლომდე ბრეჟნევად ხომ არ იქცევა?
– მეორე მხრივ, ვთქვათ, აღიარა ნიკარაგუამ და, როგორც ამბობენ, ორტეგა აპირებს სოხუმში ჩამოსვლას. აღიარა ვენესუელამ, ვანუატუმ.
– მაგრამ ვენესუელაში მაინც შეიცვლება ხელისუფლება და აღიარებასაც უკან წაიღებს. ნიკარაგუაშიც დაანონსდა ორტეგას სკამისთვის წყლის შეყენება და შესაძლოა, რუსეთი მარტოც დარჩეს.
– შესაძლოა, მარტოც დარჩეს, მაგრამ ჩვენ რას ვკარგავთ აღიარებით?! ჩვენ ამით არც გვცივა, არც გვცხელა და რაც მთავარია, არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ უღიარებია.
– მაგრამ ბელორუსიას ხომ მოსთხოვა რუსეთმა აღიარება?
– ლუკაშენკოსთვის სულაც არაა ხელსაყრელი რუსეთთან გაერთიანება, მით უფრო, ხედავს, რომ პრეზიდენტი გახდება პუტინი და მას, ალბათ, ვიცე-პრეზიდენტად დანიშნავენ. დამთავრდა ის დრო, როდესაც საბჭოთა კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და ეგზოტიკური ჰალსტუხებით დადიოდა, რომლის მსგავსი არასდროს მინახავს – ყვითელ ჰალსტუხზე ძროხა იყო გამოსახული. მაგრამ ის დრო მოკვდა. ლუკაშენკომ ნახევრად ევროპელობას გაუგო გემო. ამას გარდა, შვილი ეზრდება, ჯერ პატარა ბიჭია, მაგრამ ლუკაშენკო აპირებს, პრეზიდენტის თანამდებობა მემკვიდრეობით გადასცეს შვილს. ასე რომ, ლუკაშენკო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს პუტინის გაერთიანების გეგმა. მეორე მხრივ, ბელორუსებმაც იგრძნეს დამოუკიდებლობის ეშხი. დემოკრატია კიდევ სხვა რამაა, მაგრამ რაღაც მაინც ნახეს. თანაც, ხედავენ, რომ რუსეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება და მასთან გაერთიანება არავისთვისაა მიმზიდველი, ამდენად, აღიარების საფრთხეს თვალებგაფართოებული არ ვუყურებ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დღეს უძლურია და არ შეუძლია, პრობლემები შეგვიქმნას.
– და რა პრობლემები შეუძლია, შეგვიქმნას?
– ყველაზე რეალურია, გააგრძელოს ბორდერიზაცია, ნელ-ნელა მოიწევს. ეს უკვე გამოცდილი მეთოდია, აქვს თავისი ეფექტი და ამას გარდა, პუტინი უკვე დარწმუნდა, რომ დასავლეთი მაინცდამაინც ვენებს არ გადაიჭრის. უკრაინის გამო სანქციები დაუწესეს რუსეთს, საერთოდ, სანქციებს ხელთათმანებივით არიგებს დასავლეთი, მაგრამ დასავლეთს საქართველოს გამო რუსეთისთვის ერთი სანქციაც კი არ დაუდია – არც ოკუპაციის გამო, არც ადამიანთა გატაცებების გამო, არც მავთულხლართების გამო.
რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს: ჯერ ადრეული გაზაფხულია, მაგრამ მოვა შემოდგომა და გამორიცხული არ არის, რუსეთმა უცებ ჩაკეტოს საზღვარი და ჩვენი ხილი და ღვინო აღარ შეუშვას.
– მხოლოდ ეს აქვს უსიამოვნებების არსენალში?
– ჯერჯერობით ეს არის, იმიტომ რომ სამხედრო აგრესიას ძალიან მტკივნეულად განიცდის დასავლეთი. 2008 წელს რუსეთს არ ჰქონდა საშინელებები ჩადენილი უკრაინაში, სირიაში და პუტინის შესახებ არ გააჩნდათ უკიდურესად უარყოფითი აზრი. თანაც, მაშინ პუტინი კი არა, მედვედევი იყო პრეზიდენტი. მე მახსოვს, მოსკოვში ფორუმი იმართებოდა, ცხონებული ბჟეზინსკი ჩავიდა და სიტყვა სიტყვით უთხრა მედვედევს: თქვენ ჩვენი იმედი ხართ. დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ მედვედევი მეორედაც იყრიდა კენჭს და პუტინი მოიშორეს თავიდან.
– ობამაც ჩავიდა, შეხვდა და გადატვირთვის პოლიტიკას ავითარებდა.
– ფიქრობდნენ, რომ მედვედევი უფრო ლიბერალია, უფრო პროდასავლელია, უფრო დიპლომატია, მაგრამ ახლა უკვე, ხომ ხედავთ, ნებისმიერი სამხედრო აქცია, რა მტკივნეულად აღიქვა მთელმა დასავლეთმა, თუნდაც, ქერჩში უკრაინელ მეზღვაურებთან მომხდარი ინციდენტი, ამიტომ მეეჭვება, რომ რუსეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. კრემლში გიჟები არ სხედან. იქ ჩვეულებრივი რუსი იმპერიალისტები არიან, თავიანთი გენეტიკური ფსიქიკით. ამიტომ მე არ მგონია, რომ ძალა გამოიყენონ.
– ტერიტორია მავთულხლართებითაც მიაქვს.
– რასაკვირველია. აიღეთ რუკა, სად იყო ჩვენი დე-ფაქტო საზღვარი 2008 წელს და სად გადის ახლა. მარტო კოდორის ხეობა და ახალგორი რად ღირს?! და ახალგორის გარდა, გორის რაიონში ხომ მოიწევს და მოიწევს მავთულხლართები სიღრმისკენ?! იქ არიან ეუთოს მეთვალყურეები, მაგრამ რას აკეთებენ?! უბრალოდ, აღნიშნავენ და სადღაც გზავნიან – გადმოიწიეს 20 მეტრით, 50 მეტრით, მაგრამ გადმოწევა ხომ პერმანენტულია?! თანაც, რუსეთი იმასაც ხედავს, რომ ქართულ დიპლომატიას ეფექტიანობის პრობლემა აქვს. ზურა აბაშიძე იყო პარლამენტში მისული, ზოგი მოითხოვს, რომ კარასინთან შეხვედრები საერთოდ გაუქმდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, მოლაპარაკებების შეწყვეტა არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველაზე წარუმატებელ მოლაპარაკებასაც კი თავისი ეფექტი აქვს, უკეთესად გაიცნობ შენი მოწინააღმდეგის გეგმებს, რასაკვირველია, თუ პროფესიონალი ხარ. ზურა აბაშიძეს პროფესიონალიზმი არ აკლია, უბრალოდ, რბილი ადამიანია, ბარიკადებზე ამსვლელი არ არის, თორემ ამ თანამდებობაზე ზურაზე კარგი კანდიდატურა არ მეგულება. მაგრამ ჩვენი მთავარი უბედურებაა, როგორ ვიქცევით ქვეყნის შიგნით. მე მაინც მგონია, რომ კარასინის განცხადება არის ბლეფი და საქართველოში მყოფი პრორუსული ძალების შეგულიანება.
– თუ სწორად მივხვდი, პრორუსულად განწყობილი ადამიანების შესაგულიანებლად, რომ მათ თქვან, არ გავაღიზიანოთ რუსეთი, თორემ ცუდ დღეში აღმოვჩნდებითო?
– მე ასე მგონია, ეს არის რუსეთის ხისტი, ნაჯახისებრი მხარდაჭერა იმ ხალხისადმი, რომლებიც კიდევ ამბობენ, რომ ჩვენ რუსეთის გარეშე როგორ ვიქნებით, თუ გავაბრაზებთ, უარესს გაგვიკეთებსო. ზოგადად, რუსეთთან ურთიერთობაში ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული, შეცდომების მთელი კასკადია. ვგულისხმობ დიპლომატიურ შეცდომებს. შევარდნაძე იყო ცოტა ელასტიკური: ევროპაში ჩადიოდა და „ნატოს“ კარზე მიკაკუნებაზე ლაპარაკობდა, მოსკოვში ჩადიოდა და პირველი ულოცავდა დაბადების დღეს პუტინს. ეს პოლიტიკაა, ეს დიპლომატიაა. ისიც არ მიმაჩნია სწორად, რომ რუსეთთან არანაირი მოლაპარაკება და ურთიერთობა არ არის. 3-მილიონიან ქვეყანას თავი ისე მოგაქვს, რომ 140-მილიონიან სახელმწიფოს ვერ ხედავ?! გარდა ამისა, ვამბობთ, „ნატო“, „ნატოო“ და არც ერთ მეზობელთან არ გვაქვს საზღვარი დადგენილი.
– თურქეთთან გვაქვს დადგენილი, იმიტომ რომ სსრკ-თურქეთის საზღვარს მიჰყვება.
– არც თურქეთთან გვაქვს, იმიტომ რომ ისინი ბათუმს თავისად აღიარებენ, თუმცა საზღვარი გადის იქ, სადაც საბჭოთა კავშირთან გადიოდა. მე თვითომ მეჭირა ხელში თურქეთის სკოლების მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელო, რომელშიც აჭარა არის თურქეთის ფერში და აწერია დროებით ოკუპირებული აჭარის სინჯაყი. სომხეთთან და აზერბაიჯანთან რა გახდა საზღვრის დადგენა?!
– ტერიტორიული დავებია, იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე ეკუთვნით.
– ტერიტორიული დავა ას წელს ხომ ვერ გაგრძელდება, სადღაც შენ დათმობ, სადღაც – ის და კომპრომისების საშუალებით უნდა დავადგინოთ საზღვარი, იმიტომ რომ „ნატოს“ წესდებაში წერია, რომ „ნატოს“ წევრი ვერ გახდება ქვეყანა. რომელსაც მეზობელთან დაუდგენელი ან სადავო საზღვრები აქვს. მეორე მხრივ, შემიძლია, დავასახელო 5-6 სახელმწიფო, რომლებიც არასდროს დაუჭერენ მხარს საქართველოს „ნატოში“ შესვლას.
– მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს მოლაპარაკებას და ჭიდილს რუსეთთან, თუ ისეა, როგორც თქვენ ამბობთ, ეს ხომ რუსეთმაც იცის?
– რუსეთმაც იცის, მაგრამ როგორმე იქნებ რუსეთთან რაღაც ფონი მაინც შეიქმნას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვკარგავთ, ტერიტორიებს ვკარგავთ, ტერიტორიების გარეშე კი სახელმწიფო არ არსებობს. რუსეთი რაც არის, ჩემზე კარგად ვინ იცის?! ამიტომ მეტი დიპლომატია, მეტი ეშმაკობაა საჭირო და უფრო აქტიური დიპლომატიური ზეწოლა იმავე „ნატოსა“ და აშშ-ზე. ჩვენი საელჩოები რას აკეთებენ, იქნებ რომელიმე სახელმწიფო რეალურ მოკავშირედ გავიხადოთ?! ჩვენ ხომ ერთი სამხედრო მოკავშირეც კი არ გვყავს, რომელიც ჩვენ გამო იომებს?! სტრატეგიული პარტნიორობა კი დიდს არაფერს ნიშნავს.