№10 როგორ იცვამენ თათა ქართველიშვილის დახმარებით მსოფლიო ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს
ბოლო პერიოდში ქართველი დიზაინერების ნამუშევრები არაერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა მოირგო. ამ ყველაფრის უკან კი ხშირ შემთხვევაში თათა ქართველიშვილი დგას, რომელსაც ლოს-ანჯელესში საკუთარი მოდის პიარ-სააგენტო აქვს და არაერთ სტილისტთან თანამშრომლობს, რომელთა საშუალებითაც ცნობილი ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს ირგებენ. თათა წლების წინ „მის საქართველოს“ კონკურსანტი იყო, შემდეგ „პირველ სტერეოზე“ ჟურნალისტად და წამყვანად მუშაობდა. თათას მეუღლე ყოფილი პოლიტიკოსი, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და ასევე, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ზურა არსოშვილია. თათა და ზურა შვილთან, მარიამთან ერთად, რამდენიმე წელია, ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ.
თათა ქართველიშვილი: მოდელობა 15 წლის ასაკში დავიწყე, როდესაც ია კიწმარიშვილთან გავაფორმე კონტრაქტი. სწორედ „იმიჯ-ცენტრიდან“ მოვხვდი „მის საქართველოზეც“, თუმცა ჩემი სამოდელო კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა. რადგან მალევე დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, რაც უფრო მეტად მაინტერესებდა. „პირველ სტერეოზე“ ვმუშაობდი, პირდაპირ ეთერში ერთ წელზე მეტ ხანს ვიყავი.
– სატელევიზიო კარიერას რატომ დაანებე თავი? ეს დაოჯახებამაც ხომ არ განაპირობა?
– ტელევიზიაშიც რაღაც პრობლემები იყო, თან ვსწავლობდი და ხელი მეშლებოდა. იმ პერიოდში ქორწილიც გვქონდა დაგეგმილი. მალევე გარკვეული ხნით ბათუმში გადავედით საცხოვრებლად, შემდეგ ბავშვიც დაიბადა. საბოლოოდ, ყველაფერი თავისით დალაგდა. ჩემი მეუღლე 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა, ძალიან დაკავებული იყო და არ მინდოდა ბავშვი მთელი დღის განმავლობაში დედისა და მამის გარეშე ყოფილიყო. ამიტომ თავიდან ბოლომდე ჩავერთე მის გაზრდაში. რომ დავქორწინდით, პარალელურად, ზურას კარიერა ძალიან სწრაფად განვითარდა.
– როდესაც თბილისში ცხოვრობდით, თქვენი წყვილი ძალიან პოპულარული იყო და მუდმივად ინტერესს იწვევდა. შენი მეუღლე ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორი იყო, შემდეგ ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, ასევე, იყო თბილისის მერის მოადგილე და ბოლოს – ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი. რთული იყო მისი ცოლობა?
– სირთულეები ნაკლებად იყო, რადგან ძალიან საინტერესო პერიოდი გვქონდა. ბევრი კარგი რამ ხდებოდა. ერთი სირთულე ის იყო, რომ ზურა ძალიან იყო დაკავებული და ის, რომ ერთად დიდ დროს ვერ ვატარებდით, ჩემთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იყო. ყველაზე რთული 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი იყო. მაშინ პარლამენტის წევრი იყო. მე ფეხმძიმედ ვიყავი, ბავშვი 7 აგვისტოს უნდა დაბადებულიყო და იმ დღეს დაიწყო ომი. ჩემს მშობლებთან წამიყვანა, თვითონ კი გორში წავიდა. ნიუსებს რომ ვუყურებდი, როგორ იბომბებოდა გორი და ზურა იქ იყო, ძალიან ვნერვიულობდი. ზურა ისეთი ტიპია, როცა სახლში შემოდიოდა, ყველაფერს გარეთ ტოვებდა. მე არ მახსოვს გაბრაზებული ან
შეწუხებული მოსულიყო, ან სამსახურზე ესაუბრა. სირთულე ის იყო, რომ ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა და მაქსიმუმს დებდა ყველა იმ სამსახურში, სადაც მუშაობდა, ისინიც ენდობოდნენ. ეს ყველაფერი კი მისგან დიდ დროს მოითხოვდა და შესაბამისად, ჩემი დრო ეწირებოდა ხოლმე.
– როგორ მოგხიბლა წლების წინ?
– როცა ზურა გავიცანი, არ იყო პოლიტიკოსი. ფინანასურ პოლიციაში მუშაობდა, ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო. ზურა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც მამაკაცმა და ეს ახლაც გრძელდება. მომხიბლა იმით, რომ ძალიან დადებითი ადამიანია, ჭკვიანი და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მეტად მისმა ტვინმა მომხიბლა. ძალიან კეთილი, საინტერესო, მოსიყვარულე და თბილი ადამიანია, რაც ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– რატომ გადახვედით ამერიკაში საცხოვრებლად?
– მეც და ზურასაც ჩვენი განვითარებისთვის და გამოცდილების მისაღებად გარკვეული პერიოდით გვინდოდა წასვლა. იქიდან გამომდინარე, რომ ზურა ძალიან დაკავებული იყო, ამის საშუალება არ გვეძლეოდა. შემდეგ, როცა ბევრი რამ შეიცვალა, ორივემ ჩავთვალეთ, რომ კარგი პერიოდი იყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად, საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადმოვედით. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში არაერთხელ ვიყავით ნამყოფი, აბსოლუტურად სხვა არის, როცა ტურისტად მიდიხარ და სხვა, როცა საცხოვრებლად გადადიხარ – უცხო გარემო, ოჯახის წევრების, მეგობრების გარეშე ყოფნა... რეალურად თავიდან დავიწყეთ ცხოვრება, ნულიდან. საკმაოდ რთული იყო, მაგრამ გადავლახეთ. პლუსი ის იყო, რომ საქართველოში ცხოვრებისას ერთად ნაკლებად ვატარებდით დროს, ამერიკაში მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა, მეტი არავინ და ძალიან კარგი ეტაპი გვქონდა, თავიდან გავიცანით ერთმანეთი. ბევრს ვმოგზაურობდით, უფრო მეტად დავახლოვდით. ახლა ორივე საკმაოდ დაკავებულები ვართ.
– რას საქმიანობს შენი მეუღლე?
– ზურა ბიზნესით არის დაკავებული და პლუს პროექტებზე მუშაობს. ახლაც ძალიან საინტერესო პროექტს აკეთებს.
– შენ ძალიან კარგ საქმეს ემსახურები. ქართველ დიზაინერებს მუდმივად გვერდში უდგახარ, შენი დახმარებით არაერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა ჩაიცვა მათი სამოსი, გაიკეთა აქსესუარები. როგორ შეძელი ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში?
– ამერიკაში რომ ჩამოვედი, მალევე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ამერიკული ბაზრისთვის ქართველი დიზაინერების პროდუქცია გამეცნო. ორი წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული. ჩემი ონლაინ-მაღაზია მაქვს, გამოფენა-გაყიდვებს ვაკეთებ ბევერლი-ჰილზში, სადაც ელიტარულ საზოგადოებას ვეპატიჟებით, კარგად გავაცანით ქართველი დიზაინერები და საკმაოდ დიდი დაინტერესებაც აქვთ. თუმცა, ყველაზე წარმატებული ჩვენი მოდის პიარ-სააგენტო გახდა. ცნობილ ადამიანებს დიზაინერების სამოსს ვთავაზობთ.
– ამერიკაში ამ სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. როგორ შეძელი ამხელა წარმატებისთვის მიგეღწია?
– დიდი შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული, 24-საათიან რეჟიმს მოითხოვს, მუდმივი კონტაქტი სტილისტებთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ეს საქმე ეხება. შემიძლია, ვთქვა, რომ ამ ყველაფრის კეთება აბსოლუტურად მარტომ დავიწყე, ახლა რამდენიმე დახმარე მყავს. მიხარია, რომ მათგან დიდი ინტერესი მოდის. უბრალოდ, აქ არაპროგნოზირებადი ხალხია, არაპროგნოზირებადი რეჟიმი და ცხოვრება აქვთ. გვიწევს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შეიძლება, ღამის 12 საათზე დიდი ბოდიშის მოხდით დაგირეკონ, რომ ეს ნივთი სჭირდებათ და დილის 6 საათზე გამოუშვებენ მძღოლს. როცა სჭირდები,
უნდა შეძლო დახმარება, მათ მუდმივად უნდა ჰქონდეთ შენი იმედი.
– პირველი წარმატება რა იყო?
– პირველი ცნობილი ადამიანი არ ყოფილა. მხოლოდ სელებრითებთან არ ვთანამშრომლობ, ვმუშაობ გავლენიან ადამიანებთან, ბლოგერებთან, რომლებსაც სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს. პირველი ქეთი პერი იყო, რომელსაც ნათია ხუციშვილის, ლადო ბუკიას შექმნილი საყურე America’s Got Talent-ზე ეკეთა. მთელს ამერიკაში, ლოს-ანჯელესში მისი ბილბორდები იყო გამოკრული, სადაც ამ საყურით პოზირებდა. ეს ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. პრიანკა ჩოპრასაც ეკეთა ნათიას საყურე Harper’s Bazaar -ის გადაღებებზე, ასევე, აქვს ქენდალ ჯენერს, რომელიც ქართველი დიზაინერების საყურით წვეულებაზე გამოჩნდა. ცოტა ხნის წინ ქლოი კარდაშიანმა ჩაიცვა ანუოკის კაბა. „დალოუდის“ მთლიანი ლუქი ეცვა ქენდალ ჯენერს. მილანის მოდის კვირეულზე კი ამერიკელ მოდელს, ოლივია კულპოს, რომელიც „მის ამერიკა“, „მის სამყაროა“, თამუნა ინგოროყვას სამოსი ეცვა. წელს პირველად ვიმუშავეთ „ოსკარებზე“, ჯაბა დიასამიძის კაბები იყო წაღებული. ბოლო დროს ქეთი ჩხიკვაძის კაბა ეცვა ქელი როლანდს, რომელიც Destyny’s Child-ში მღეროდა ბიოსნესთან ერთად – მისი მეგობარია. ქეთის სამი ლუქი ეცვა ერთი კვირის განმავლობაში დილის გადაცემებში, ასევე გვანცა ჯანაშიას სამოსი. სტილისტმა მომწერა: ყველაზე მეტად თქვენი სამოსი მოეწონაო. ჩემი მთავარი ამოცანაა სტილისტებთან კარგი ურთიერთობა წლების განმავლობაში შევინარჩუნო და სხვა პიარ-სააგენტოებს გავუწიოთ კონკურენცია. სტილისტების ნათქვამს თუ გავიმეორებთ: ჩვენს პიარ-სააგენტოში არის ის, რაც სხვებს არ აქვთ. მე ვარჩევ, რა უნდა წამოვიდეს საქართველოდან და ამბობენ, რომ ის ნივთები, რაც მომაქვს, განსხვავებულია და სხვა სააგენტოებს, შოუ-რუმებს არ აქვთ. ჩვენი დიზაინერები ძალიან ნიჭიერები არიან. ქართული მოდის განვითარებაში დიდ პოტენციალს ვხედავ და მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო.