№10 რა შეიცვალა გიორგი შველიძის ცხოვრებაში „წლის აღმოჩენის“ ტიტულის მოპოვების შემდეგ
ფილმ „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების 33-ე დაჯილოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. „წლის აღმოჩენის“ სექციაში მას ორი კონკურენტი ჰყავდა. გიორგი ლოს-ანჯელესში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ინტერვიუდან შეიტყობთ, რა ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა ის საქართველოში.
გიორგი შველიძე: ბავშვობაში ოპერატორობაზე არც ვფიქრობდი - არქეოლოგობა მინდოდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, დედაჩემმა მითხრა, საოპერატოროთი ხომ არ დაინტერესდებიო. მეც მომეწონა იდეა, მაგრამ როცა ვაბარებდი, იმ წელს მიღება არ იყო – ხუთ წელში ერთხელ ცხადდებოდა. ამიტომ სწავლა თეატრმცოდნეობაზე განვაგრძე და საოპერატოროზე მერე ჩავაბარე. თავიდანვე ძალიან მომეწონა, არა, უფრო შემიყვარდა. ამ საქმის გარდა, სხვა არაფერი გამიკეთებია და არც ვიცი (იცინის). ჩემი სტუდენტობის პერიოდში ქვეყანაში არეულობა იყო. აქედან გამომდინარე, ფილმის გადაღებასაც დიდი წყვეტა ჰქონდა. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, იმის მერე არანაირი აქტივობა არ შეინიშნებოდა. ალბათ, სულ ერთი-ორი ფილმი თუ იქნება გადაღებული. ჩვენ ვიყავით ახალი თაობა, ვინც ამ წყვეტის შემდეგ გადაღებები გააგრძელა. მაშინ ჩვენმა ჯგუფმა ყველაზე აქტიურად დაიწყო მუშაობა. თან, დრო იყო ისეთი, რომ არც ტექნიკა მოგვეპოვებოდა და არც არაფერი. ინსპირაციებითა და მონდომებით შევძელით რაღაცის გაკეთება.
– თეატრმცოდნეობა რატომ აირჩიეთ?
– მამა თეატრში მუშაობს, მხატვარია. მთელი ბავშვობა თეატრში მაქვს გატარებული, ხშირად დავდიოდი მასთან და ყველას ვიცნობდი. ამიტომ თეატრი არ იყო უცხო ჩემთვის. თან, წერაც მიყვარდა. ის წლებიც კარგად მახსენდება, როცა თეატრმცოდნეობაზე ვსწავლობდი.
– პირველად რომელ ფილმზე მუშაობდით?
– პირველი გრძელმეტრაჟიანი ფილმი იყო ზაზა ურუშაძის „სამი სახლი“, მაგრამ მანამდე ვიღებდით სერიალ „ცხელ ძაღლს“. მაშინ სტუდენტი ვიყავი. გიორგი ბერიძემ წამიყვანა, თავად ძალიან კარგი ოპერატორი გახლდათ, თუმცა მან მალევე დაანება თავი და ამ სერიალს საბოლოოდ მე შევრჩი. „ცხელ ძაღლს“ სამ წელზე მეტხანს ვიღებდით და რომ დამთავრდა, ზაზა უკვე ფილმს იწყებდა და მკითხა, მასთან ერთად ხომ არ წავიდოდი გადასაღებად. რა თქმა უნდა, გამიხარდა ეს შემოთავაზება, თან, ფირზე უნდა გადაგვეღო, რომლის გამოცდილებაც არ მქონდა. მაშინ ეს ძალიან იშვიათობა იყო.
– „ნამემ“ გამარჯვება მოგიტანათ, როგორი იყო ფილმის გადაღებების პროცესი?
– განსხვავებული იყო იმ მხრივ, რომ ბიუჯეტიდან და ლოკაციებიდან გამომდინარე, ბევრ ტექნიკას ვერ წავიღებდით, საკმაოდ პატარა ჯგუფი ვიყავით – 15-16 კაცი. რაღაც ერთი ოჯახივით ვიყავით შეკრულები. გადაღება ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთი დღე ვიღებდით ალპურ ზონაში, ის ტბაც იქაა გადაღებული. ტერიტორიულად ეს არის აჭარის მაღალმთიანეთი, გოდერძის უღელტეხილის ზემოთ. თავად რეჟისორი აჭარიდანაა და სადაც ძირითად ფილმს ვიღებდით, იქ ცხოვრობს. სასწაული ადგილები იყო. გადაღებისთვის დიდი დროც არ დაგვჭირვებია.
– ელოდით გამარჯვებას?
– მეკითხებიან ხოლმე, ხომ არ იცოდი, ხომ არ გითხრეს მანამდეო და ასე შემდეგ. ბოლო წამამდე წარმოდგენაც არ მქონდა. ჯერ იყო ნომინაცია, რომლის მოპოვებაც, ბუნებრივია, ძალიან გაგვიხარდა. რომ ჩავედით, წინა დღით გაიმართა ვახშამი, სადაც ყველა ნომინანტი ოფიციალურად წარგვადგინეს. ჩვენს ნომინაციაში სამი ფილმი იყო წარმოდგენილი. ეს არის ძალიან დიდი ღონისძიება, რომელიც აჯამებს ამერიკულ და არა მხოლოდ, საოპერატორო ნამუშევრებს. შეიძლება, თეორიულად რაღაც იფიქრო, მაგრამ ბოლო წამამდე არაფერი იცი. 4 000 კაცში მარტო მე და ჩემი მეუღლე ვიყავით ქართველები. ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყველა ერთმანეთს ელაპარაკებოდა, ჩვენ კი, ძალიან შორიდან ჩასულები, ვისხედით მშვიდად და წყნარად (იცინის).
– რა განცდა დაგეუფლათ, როცა თქვენი სახელი და გვარი გამოაცხადეს? ვიდეოში ჩანს, რომ წყალი მოსვით...
– სხვათა შორის, გადაღება დააგვიანეს, ეგ ვიდეო გვიან იწყება. სხვაგან ჩანს, რომ გვერდზე მოხუც წყვილს ვეხვევი, რაც სასაცილოა. რეალურად, რომ გამომაცხადეს, მეუღლე მეჯდა გვერდით, მას გადავეხვიე, მივულოცეთ ერთმანეთს გამარჯვება და მერე გამოვხატე ყურადღება გვერდით მყოფების მიმართ, რომელებიც უცხოები იყვნენ. რა განცდა იყო, არ ვიცი – ერთად იყო სიხარული, შიში და ყველაფერი.
– იყო ნერვიულობის მომენტები?
– თავიდან ნაკლებად ვნერვიულობდით, რადგან ვფიქრობდით, რომ არ ვიყავით ამხელა ინდუსტრიის ნაწილი. მეგონა, ამერიკელ ოპერატორებს უფრო მეტი წნეხი ჰქონდათ, რადგან მათ რაღაც უნდა დაემტკიცებინათ. ის საზოგადოება მათთვის უფრო დამთრგუნველი იყო. შესაბამისად, ისინი გაცილებით მეტად ნერვიულობდნენ. რატომღაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესით სიამოვნება მიგვეღო და ყველაფერს დავკვირვებოდით. თუმცა, ისეთი ატმოსფერო შეიქმნა, რომ მინდოდა თუ არა, ნერვიულობა ნელ-ნელა შემეპარა. პიკს მაშინ მიაღწია, როცა ჩვენი ნომინაციის დრო დადგა – დიდ ეკრანზე გაუშვეს ფილმის ნაწყვეტები. აი, ესენი რომ დავინახე, მართლა ავნერვიულდი (იცინის). ჩემი სახელისა და გვარის გაგონების შემდეგ კი ბუნდოვნად მახსოვს, რაც მოხდა. ეს ერთგვარი სტრესი იყო. ლაპარაკის მოყვარული დიდად არ ვარ და რომ გავიაზრე 4 000 კაცისთვის რაღაც უნდა მეთქვა, თან არამშობლიურ ენაზე, ჩემს ნერვიულობას ესეც დაემატა. კიდევ კარგი, კარგად გამოვედი – მეშინოდა, არ შევრცხვენილიყავი (იცინის).
– რა შეცვალა ამ გამარჯვებამ თქვენთვის?
– ჯერ ვერ ვაცნობიერებ. ვერ გადავაფასე, ნელ-ნელა გამოვდივარ ამ ემოციებიდან და სტრესისგან. იცით, რა გრძნობაა, როცა მუშაობ, არავისზე ნაკლები არაა, მაგრამ ამას მაინც ვერავინ ხედავს, რადგან ამ ინდუსტიის პერიფერიაში ვართ. უცებ კი აღმოჩნდება, რომ შრომა დაგიფასდა. ამ პრიზით იქნებ საშუალება მოგვეცეს, ამ ოჯახის ნაწილი გავხდეთ. თან, ბოლო პერიოდში ბევრმა ქართულმა ფილმმა მოიპოვა სხვადასხვა ჯილდო. მეტი დაფინანსება რომ გვქონდეს, უფრო კარგი იქნება, რადგან ბევრი ნიჭიერი რეჟისორია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება. ვერ განვითარდება კინო, თუ ახალგაზრდებმა ახალი სიტყვა არ თქვეს.
– ამ წარმატებამ უცებ გაგხადათ პოპულარული. ამას, როგორ მიეჩვიეთ?
– ვერ ვეჩვევი ამ მდგომარეობას, თან, როგორც უკვე გითხარით, ლაპარაკი არ მიყვარს და კამერის წინ დგომასაც ვერ ვიტან (იცინის).
– მეუღლესთან ერთად იყავით დაჯილდოებაზე. გაგვაცანით.
– ჩემი მეუღლე არის თამთა ხალვაში, რეჟისორ ზაზა ხალვაშის შვილი. უკვე 17 წელია, რაც დაქორწინებულები ვართ და 16 წლის კონსტანტინე გვყავს. თამთა არის ანთროპოლოგი და სამეცნიერო წრეებში საკმაოდ ცნობილია – „ილიაუნის“ პროფესორია, დოქტორი და დისერტაცია კოპენჰაგენში აქვს დაცული. არაჩვეულებრივი ადამიანია და იქ ძალიან დამეხმარა, სულ გვერდში მედგა.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– სხვათა შორის, კინოში დაიწყო. მაშინ კინოსა და თეატრის ფესტივალი ერთად ტარდებოდა. ფილმის სეანსამდე გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და შემდეგ უკვე, ფესტივალის ფარგლებში ყოველდღე გვიწევდა შეხვედრა.