კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რატომ უნდოდა ულუმბოს მთის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს ილარიონ ქართველისა და სხვა ქართველების გაძევება და როგორ გამოჩნდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა

ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი

წმიდა კათალიკოს-პატრიარქის, დიდი ისტორიკოსის, კირიონ მეორის თქმით, ილარიონ ქართველი „საქართველოსა და ქრისტიანულ აღმოსავლეთში ღვთივსახელმოხვეჭილი დიდი სასწაულმოქმედი“ იყო. ქართული და ბერძნული ეკლესიების მომავალი წმიდანი, საკვირველმოქმედი ილარიონ ქართველი, დაახლოებით, 822 წელს კახეთში, მდიდარი აზნაურის ოჯახში დაიბადა. დონაურთა ცნობილი გვარიდან უნდა ყოფილიყო. სამუელ დონაური კახეთის ქორეპისკოპოსი (მთავარი) გახდა, როცა ილარიონ ქართველი 16-17 წლის იქნებოდა.
მომავალი წმიდანი პატარაობიდან დიდ ნიჭს ავლენდა. მამამ ექვსი წლის ასაკში თავისი დაბის მღვდელს მიაბარა აღსაზრდელად. ბეჯითად სწავლობდა ქართველთა მომავალი სიამაყე. მამამ გადაწყვიტა, შვილი ღმერთისთვის შეეწირა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო. მალე მონასტერში თექვსმეტი ბერი შეიკრიბა. მამა ხშირად აკითხავდა შვილს და თან მონასტრის მშენებლობას აკვირდებოდა.
თოთხმეტი თუ თხუთმეტი წლისა რომ გახდა, წმიდა ილარიონი გარეჯის მონასტერში წავიდა და ერთ მღვიმეში დაემკვიდრა. მალე გარეჯის მამათა შორის დიდი ავტორიტეტი მოიპოვა და თერთმეტი ადამიანი დაემოწაფა. მისი მადლიანობის შესახებ შეიტყო რუსთავის ეპისკოპოსმა და ახალგაზრდა ბერი მოინახულა. ეპისკოპოსი მამა ილარიონის ასკეტური ცხოვრებისგან გაყვითლებული, დამჭკნარი სახისა და შეურაცხი სამოსის ხილვით მოიხიბლა და ბერს უთხრა: „დიდი ხანია, მინდოდა შენი ნახვა, შვილო ილარიონ, და აი, ღირს გავხდი, მივიღო შენგან ლოცვა. შემისრულე თხოვნა და გაკურთხებ მღვდლად მე ცოდვილი“. ახალგაზრდა ბერმა უპასუხა: „შენს ხელში ვარ, მამაო, როგორც ენებოს ღირსებას შენსას“.   
მამა ილარიონის სიწმიდის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და მის მოსანახულებლად უამრავი ხალხი მიდიოდა. ამიტომ, მან მღვიმის წინამძღვრად თავისი მოწაფე დაადგინა და ერთ მოწაფესთან ერთად იერუსალიმს გაემგზავრა, რათა განრიდებოდა დიდებას.
წმიდა ილარიონს და მის მოწაფეს გზაში მრავალი განსაცდელი შეხვდათ, მაგრამ ყველას ღვთის მადლით გაერიდნენ და ნეტარმა არაერთი სასწაულიც მოახდინა. მამა ილარიონმა მოილოცა იერუსალიმი, თაბორის მთა, ბეთლემი, იორდანის უდაბნო, საბაწმიდის მონასტერი და სხვა წმიდა ადგილები. გადმოცემის მიხედვით, წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის მღვიმეშიც ყოფილა დაყუდებული ერთხანს. ერთხელ წმიდა ილარიონს გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთსმშობელი და თორმეტი ნათლით მოსილი კაცი. ყოვლადწმიდამ უბრძანა, სამშობლოში გამომგზავრებულიყო.
სამშობლოში დაბრუნებისას შეიტყო, რომ მამა და ძმა გარდაცვლილიყვნენ. დედამ მამისეული ქონება გადააბარა და უთხრა, როგორც უნდოდა, ისე განეკარგა. მამა ილარიონმა ააშენა დედათა მონასტერი და იქ დამკვიდრდნენ მისი დედა და და. ააშენა მამათა მონასტერიც. ასე შეასრულა ღვთისმშობლის დანაბარები.  დარჩენილი ქონება კი გლახაკებს გაუყო.
მამა ილარიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია დედის ძმამ. იგი ითხოვდა წილს ქონებიდან და მონასტრის კედლებზე ნახშირით შეურაცხმყოფელ სიტყვებს წერდა, იმუქრებოდა, რომ დაწვავდა მონასტერს, ილარიონს კი მოკლავდა, ხმამაღლა ყვიროდა და მიწაზე გორაობდა. ილოცა მამა ილარიონმა ბიძისთვის. განიკურნა ნეტარის ბიძა, ფეხებში ჩაუვარდა საამაყო ნათესავს, მოინანია და თავისი ქონებაც მონასტერს შესწირა.
განითქვა წმიდა ილარიონის ამბავი ჩვენს სამშობლოში. უამრავი ადამიანი მიდიოდა მის სანახავად. სთხოვდნენ, ეპისკოპოსობა მიეღო. გაერიდა დიდებას ნეტარი და ორ მოწაფესთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. გზად ულუმბოს მთაზე ავიდნენ მოსალოცად. პატარა ეკლესია იპოვეს და იქ გაჩერდნენ.
ყველიერის შაბათ დღეს წმიდა ილარიონმა ეკლესიაში კანდელის ასანთებად მოსულ ბერს სთხოვა სეფისკვერი და ზედაშე. მოართვა ბერმა და ქართულად აღასრულეს წმიდა ჟამისწირვა. ეს შეიტყო მონასტრის მამასახლისმა, აღშფოთდა და მათი გაძევება ბრძანა, რადგან არ იყო დარწმუნებული მათ მართლმადიდებლობაში.
წმიდა ილარიონი შეჰპირდა, ხვალ წავალთო.
ღამით მამასახლისს სიზმარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა:  „რატომ არ შეიწყნარებ უცხოებს? ქართველები ხომ არიან ამ მთაზე, განა არ იცი? ვინც მათ არ შეიწყნარებს, ჩემი მტერია, რადგან, ქართველები ჩემი ძის მიერ ჩემთვის არიან  ჩაბარებულნი. ქართველები ჩემი წილხვდომილები არიან შეურყეველი მართლმადიდებლობის გამო!“
ატირებული მამასახლისი გაემართა წმიდა ილარიონისკენ, ფეხებში ჩაუვარდა შენდობის თხოვნით და აფიცებდა, დარჩენილიყვნენ, არ წასულიყვნენ, რათა ღვთისმშობელს შური არ ეძია მასზე. ქართველი წმიდანი დათანხმდა.
მამა ილარიონმა სასწაულებრივად განკურნა მამასახლისის ნათესავი ბერი, რომელიც სიყრმიდან მარჯვენა ფეხს იტკივებდა და სთხოვა განკურნებულს, არავისთვის ეთქვა ეს ამბავი. მაგრამ არ დაიმალა მისი სასწაულთმოქმედების შესახებ და მრავალი ადამიანი მოდიოდა მის სანახავად. იმ ხანებში ულუმბოზე სამი ქართველი ბერიც მივიდა. მამა ილარიონმა ულუმბოს მთაზე ქართველთა მონასტერი დააარსა. თუმცა, როგორც მამასახლისის გამოცხადებიდან ჩანს, შეიძლება, ქართველები იქ მანამდეც იყვნენ.
მამა ილარიონთან მოდიოდნენ ერისკაცები და დახმარებას სთავაზობდნენ, მაგრამ ის ყველას უარით ისტუმრებდა – ღვთისმშობელი განგვაძღობსო. ბერები ფიზიკურად მუშაობდნენ და ასე ირჩენდნენ თავს.
ხუთი წელი იყო ნეტარი მამა ულუმბოზე. განითქვა ილარიონ ქართველის სასწაულთმოქმედების, სიწმიდისა და უპოვარების ამბავი და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ისურვა მისი ნახვა.
ილარიონ ქართველმა თავის მოწაფეები დატოვა ულუმბოს ქართველთა მონასტერში, თან წაიყვანა ერთი მოწაფე და ძელიცხოველისთვის თაყვანსაცემად და მოსალოცად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. შემდგომ კი რომში  – პეტრესა და პავლეს საფლავთა მოსალოცად. კონსტანტინოპოლიდან თორმეტი დღის სავალზე, ერთ ქალაქთან ახლოს, ნახა ერთი ვენახი, რომლის შესასვლელთან კოჭლი კაცი იჯდა. სთხოვა ქართველმა, ერთი მტევანი მომიწყვიტეო. კოჭლმა უპასუხა: „ცამეტი წელია, სიარული არ შემიძლია, მას მერე, რაც ფეხები მოვიტეხე. ამ ვენახის პატრონი მარჩენს. მიბრძანდი და მოკრიფე რამდენიც გენებოსო“.
დაუძახა ილარიონ ქართველმა კოჭლს: „უფალი გიბრძანებს, ადექი და მომიტანე მტევანი!“ მართლაც, უმალ განიკურნა მისი ფეხები და სრულიად ჯანმრთელმა, სასწაულთმოქმედ ბერს სიხარულით გამოუტანა მტევანი. მაგრამ ბერი იქ აღარ დახვდა.
მტევნით ხელში ეძებდა გაბედნიერებული ადამიანი მის განმკურნებელს. კოჭლის სასწაულებრივმა გამოჯანმრთელებამ დიდი სიხარული გამოიწვია ქალაქის მცხოვრებთა შორის. ერთად ეძებდნენ ბერს, მაგრამ ვერ იპოვეს, რადგან მამა ილარიონი სხვა გზით წავიდა.
კიდევ უამრავი სასწაული უნდა მოეხდინა ილარიონ ქართველს სიცოცხლეშიც და გარდაცვალების მერეც...
скачать dle 11.3