№10 დაზღვევის გარეშე
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #7-9(948)
მოსკოვის ცენტრში ოთარ კასრაძის მისსავე მანქანაში აფეთქების კადრები, რომელიც ვიდეოთვალით იყო დაფიქსირებული, უმალვე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ეს ამბავი ჟურნალისტებმა მსხვილი მაფიოზური კლანების შეტაკებად მონათლეს და თითქმის ყველა ქვეყანას გააცნეს. ამბობდნენ, რომ მოკლული იყო ორგანიზებულ-კრიმინალური დაჯგუფების მსხვილი ბოსი ოთარ კასრაძე, მეტსახელად „ბოჩკა“. ზურაბ კაშიას კი არავინ ახსენებდა. მასზე უბრალოდ ამბობდნენ, რომ „ბოჩკას“ მტრებმა კამიკაძე მკვლელი დაიქირავეს, რომლის ვინაობაც დგინდებაო. დადგენის პროცესი კი სადამდე გაიწელებოდა, არავინ უწყოდა, რადგან შემთხვევის ადგილზე ადამიანის სხეულის უამრავი ნაგლეჯი ეყარა და მათი რესტავრაცია და იდენტიფიკაცია დროს მოითხოვდა. მთელი ეს შოუ გენერალ-პოლკოვნიკ პავლე კოზლოვის ბრძანებით დაიდგა და ამისთვის მოსკოვის პროზექტურებიდან წამოღებული ახლად გარდაცვლილი უსახლკარო მაწანწალების ცხედრები გამოიყენეს. კამიკაძის როლი ორმოციოდე წლის „ბომჟს“ შეასრულებინეს, რომელსაც ათი დოლარი, ერთი ბოთლი არაყი და შებოლილი ძეხვი მისცეს და კასრაძის „მერსედესთან“ მიუშვეს, სადაც უკვე „ისხდნენ“ კარგად „ჩაშმოტკილი“ ცხედრები. „ბომჟს“ ჟილეტში უმძლავრესი ასაფეთქებელი „ც-4“ ჩაუმონტაჟეს და საჭირო მომენტში დისტანციური პულტით აამოქმედეს.
„ბოჩკას“ ლიკვიდაციის კადრები, რა თქმა უნდა, საქართველოშიც გავრცელდა. უშიშროებაშიც გულდასმით განიხილეს და გააანალიზეს.
აფეთქების კადრები ნახეს ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში შეკრებილებმაც, სადაც მასპინძლის, 42 წლის ამერიკელ მაიკლ გაბრიელის, გარდა კიდევ სამი ადამიანი იყო, სამივე ქართველი, რომელთაც უშიშროების სტრუქტურებში მაღალი თანამდებობები ეკავათ. მალხაზი მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იყო და სპეცოპერაციებს კურირებდა, თენგიზი აგენტურული ქსელის კურატორი იყო, ბესო კი – სამეცნიერო-ტექნიკური ლაბორატორიის გამგე და ამ საქმის ასი. სამივე ქართველს შეერთებულ შტატებში ჰქონდა მიღებული განათლება. „ცეერუს“ სკოლადამთავრებულები იყვნენ და ამ უწყების დიდი ნდობით სარგებლობდნენ. თავად მაიკლ გაბრიელი კი, მართალია, შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის განყოფილებაში მუშაობდა, მაგრამ სინამდვილეში, „ცეერუს“ რეზიდენტი იყო საქართველოში და რასაც ეს უწყება ამ ქვეყანაში ახორციელებდა, ყველაფერს ის განაგებდა. ოთხეულმა ერთად უყურა „ბოჩკას“ აფეთქების კადრებს და ბოლოს გაბრიელმა ქართველ სტუმრებს უთხრა:
– გილოცავთ, მეგობრებო, ოპერაციის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და იმედია, ასევე გაგრძელდება. ახლა კი დავიშალოთ. ერთმანეთთან კავშირი შეთანხმებული არხით დავამყაროთ. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი სათადარიგო არხით ვისარგებლოთ.
ქართველი ძალოვნების ტრიომ ფარულად დატოვა გაბრიელის ბინა და ღამის წყვდიადში თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. მასპინძელმა რომ სტუმრები გააცილა, ოთახში შებრუნდა. იქ კი მას 40 წლის მერლინ ეში დახვდა, რომელიც ასევე „ცეერუს“ თანამშრომელი იყო და ოთხეულის საუბარს სხვა ოთახში ისმენდა და უყურებდა. ეშიც იმ საიდუმლო ოპერაციის მონაწილე იყო, რომელშიც ზურაბ კაშია, მაღალჩინოსანი ქართველი ძალოვნები და სხვებიც მონაწილეობდნენ. მისი მთავარი მიზანი და ასევე, ყველა დეტალი მხოლოდ მაიკლ გაბრიელისთვის იყო ცნობილი. მერლინ ეში კი ოპერაციაში ბოლო ეტაპზე უნდა ჩართულიყო – კვალის წაშლის მიზნით სამივე მაღალჩინოსანი ქართველი უნდა მოეკლა, მათი სხეულები გოგირდმჟავაში გაეხსნა და კანალიზაციისთვის გაეყოლებინა. ეში ოპერაციის მთავარ მიზანს არ იყო გაცნობილი, თუმცა ყველაფერს ხვდებოდა და ოთახში დაბრუნებულ გაბრიელს უთხრა:
– მაიკლ, ძვირფასო, გულწრფელად მიპასუხე, ამ სამ ქართველს რომ გავაქრობ, მეც უნდა მომკლათ?
გაბრიელმა თვალი თვალში გაუყარა კოლეგას და მშვიდად მიუგო:
– დამშვიდდი, მერ. კანტორა თავისი თანამშრომლების ლიკვიდაციას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ახორციელებს და შენ ეს არ გემუქრება.
– ვფიქრობ, რომ ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ შეიქმნება ეს უკიდურესი შემთხვევა, – თქვა ეშმა და გაბრიელს მწველად მიაჩერდა.
– ცდები, ძვირფასო. უკიდურესი შემთხვევაა, როცა ჩვენი კოლეგა ღალატის გზას დაადგება და მხოლოდ ამ შემთხვევაში ექვემდებარება ლიკვიდაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ღალატს არ აპირებ და რატომ უნდა მოგკლან? – მხრები აიჩეჩა გაბრიელმა.
ეშს მზერა არ მოუცილებია გაბრიელისთვის და კბილებში გამოსცრა:
– პრევენციის მიზნით, ღალატი რომ არ დავაპირო.
– ძვირფასო, ეტყობა, დაძაბული ხარ, რადგან გადაიღალე და ათას სისულელეს როშავ. მოდი, საქმეზე ფიქრს დროებით თავი დავანებოთ და მოვდუნდეთ. მსუბუქი ალკოჰოლი და სიყვარული ცოტას მოგვადუნებს და ნერვებს დაგვიცხრობს, – მიუგო გაბრიელმა ეშს და ჭიქები მშრალი „მარტინით“ შეავსო...
***
ამერიკელების მიერ დაგეგმილ ოპერაციაში ჯონდო ხადურიც მონაწილეობდა. მისი ამოცანა იყო ზურაბ კაშიას ცოლ-შვილის იზოლაცია, თავად ზურაბის პროვოცირება და „ბოჩკას“ მოსაკლავად გაგზავნა. ხადურს ეგონა, რომ ამ ოპერაციის მიზანი „ბოჩკას“ ლიკვიდაცია იყო და როდესაც კასრაძის ლიკვიდაციის კადრები იხილა, თავის უშუალო უფროსს, მალხაზს უთხრა:
– რას მიბრძანებთ, ბატონო მალხაზ, გამოვუშვა ზურაბ კაშიას ცოლ-შვილი?
– გამოუშვი და ისე იმოქმედე, როგორც დავგეგმეთ, – უთხრა ხადურს მინისტრის მოადგილემ.
„რუხის“ ცოლ-შვილი უშიშროების ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში იმალებოდნენ და ეგონათ, რომ ეს მათი უსაფრთხოების მიზნით კეთდებოდა და დროებითი ზომა იყო. ამ საქმეს უშუალოდ ხადური კურირებდა და კონსპირაციულ ბინაში რომ მივიდა, ტრაგიკული სახე მიიღო და ზურაბის მეუღლეს, ეკას უთხრა:
– ვწუხვარ, ეკა, მაგრამ ზურაბი საიდუმლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპაო.
ეკა და თეა თავიანთ სახლში დააბრუნეს, კომპენსაციის მიზნით კი 50 ათასი ამერიკული დოლარი გადასცეს. 33 წლის ქალი უკიდურესად განიცდიდა ქმრის სიკვდილს და სახლიდან არ გამოდიოდა. ერთი კვირის შემდეგ მის ბინაში გაზის გაყვანილობის შესამოწმებლად მამაკაცი მივიდა და თეთრი თაბახის ფურცელი უჩვენა, რომელზეც ეწერა: „მოსასმენ აპარატურას ვეძებ. თუ აღმოვაჩინე, ერთ საათში სპორტის სასახლესთან მოდით და სასიხარულო ამბავს გეტყვით. მშვიდად იყავით და არ „დაიწვათ“. „გაზის“ თანამშრომელმა ბინაში მოსასმენი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინა. ეკას გაუღიმა და უთხრა:
– მე ზურაბის მეგობარი ვარ. ზურაბი ცოცხალია და საღ-სალამათი.
– ზურიკო ცოცხალია? – შეჰკივლა ეკამ.
„გაზის კაცმა“ მას დიქტოფონი ჩაურთო, რომელშიც ზურაბ კაშიას ხმა გაისმა:
– ეკუნა, ცოცხალი ვარ. რასაც ბორისი გეტყვის, ყველაფერი ისე შეასრულე.
ბორისმა ეკას გაუღიმა და უთხრა:
– ჯონდო ხადურს დაურეკავთ და ეტყვით, რომ სამთვიანი ევროვიზის სწრაფ გაფორმებაში დაგეხმაროთ. რომ შვილთან ერთად სამი თვით უცხოეთში გამგზავრება გსურთ და თითქოს ესპანეთში გინდათ წასვლა. როგორც კი ყველაფერი მოგვარდება და ესპანეთში ჩახვალთ, მეორე დღესვე ზურაბთან მიგიყვანთ.
– ზურიკო ესპანეთშია? – სახე გაუნათდა ქალს.
– ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მასთან ერთად იქნებით. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არავინ არ უნდა გაიგოს ზურაბის შესახებ. თქვენი ემოციები დამალეთ და კვლავ გლოვის პოზა მიიღეთ, – უთხრა ბორისმა ეკას და წავიდა.
რვა დღის შემდეგ ეკა და თეა კაშიები უკვე მოსკოვში იყვნენ და ზურაბთან ერთად პოდმოსკოვიეში, ოთარ კასრაძის კუთვნილ, ფეშენებელურ აგარაკზე ცხოვრობდნენ. ხადური კი მალხაზმა გამოიძახა და კაშიას ცოლ-შვილის ამბავი გამოჰკითხა.
– ბატონო მალხაზ, კაშიას ცოლი ესპანეთში გაემგზავრა შვილთან ერთად. მე მთხოვა დახმარება ვიზის აღებაში და გავუკეთე, – მოახსენა ხადურმა მინისტრის მოადგილეს.
– ესპანეთში რა უნდა? – იკითხა მალხაზმა.
– ახალგაზრდა ქალია, ქმარი დაეღუპა, ფული აქვს. აქ რცხვენია და იქ „გაგულავდება“, – დაასკვნა ხადურმა მხიარულად.
„კრეტინი“, – გაიფიქრა მალხაზმა. ხადურს კი უთხრა:
– კარგი. თავისუფალი ხარ. შეგიძლია, დაისვენო.
მალხაზი მაიკლ გაბრიელთან გაემართა კონსპირაციულ ბინაში და უთხრა:
– კაშიას ცოლ-შვილი, ალბათ, უკვე „რუხთანაა“ და რუსებმა ის მოსკოვში ესპანეთიდან ჩაიყვანეს.
– კეთილი. გასაგებია. იმედია, რომ ოპერაციის ფინალიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მისი დასაწყისი.
– იმედია, ბატონო მაიკლ, – მიუგო მალხაზმა ამერიკელს და წავიდა.
მაიკლ გაბრიელმა უკვე იცოდა, რომ ზურაბ კაშიას ცოლ-შვილი ბარსელონადან მოსკოვში ბორისმა ჩაიყვანა. „გაზის კაცმა“, რომელმაც ეკას ზურაბის ხმა მოასმენინა და „ცეერუს“ არც ეს მომენტი გამოჰპარვია და თავისი კარგად გამოწვრთნილი, სპეცაგენტურის მეშვეობით საქართველოსა და ესპანეთში ყველა მის მოძრაობას აკონტროლებდნენ. მოსკოვში კი ამერიკელები ამას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან რუსული უსაფრთხოების სისტემა მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. ოპერაცია „ცეერუს“ მიერ იყო დაგეგმილი და მიზნად ისახავდა ზურაბ კაშიას მოხვედრას ოთარ კასრაძის ოჯახში. ეს ასევე იცოდნენ მერლინ ეშმა, მალხაზმა, თენგიზმა და ბესომ. ჯონდო ხადურს კი უთხრეს, რომ ამ ოპერაციის მიზანი „ბოჩკას“ ლიკვიდაცია იყო და მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ამ ოპერაციაში ამერიკელების მონაწილეობის შესახებ. მაღალჩინოსანთა ტრიოსგან განსხვავებით, ხადურის ლიკვიდაციას არ გეგმავდნენ ამერიკელები და ეს იმიტომ სჭირდებოდათ, რომ საჭიროების შემთხვევაში ეთქვა, ამ ოპერაციის შესრულება მალხაზმა დამავალაო. ამერიკელებს ოპერაციის წარმატებისა თუ წარუმატებლობის შემთხვევაში განზრახული ჰქონდათ, დაეხატათ ისეთი სურათი, რომ თითქოს ეს ოპერაციები ქართველებმა განახორციელეს და ჯონდო ხადურს კი ცოცხალი მოწმის როლი უნდა შეესრულებინა. ეს ყველაფერი მაიკლ გაბრიელმა დაწვრილებით მოუყვა 51 წლის დონალდ ბრუნერს და იმედით დააყოლა:
– ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს, მისტერ ბრუნერ და ასევე უნდა დასრულდეს.
ბრუნერი სპეციალურად ვაშინგტონიდან იყო ჩამოსული გაბრიელთან შესახვედრად და ამ ოპერაციას უშუალოდ კურირებდა. დონალდი გაერთიანებული სადაზღვევო უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და მის მოვალეობას წარმოადგენდა ისეთი ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც უშუალო კავშირში იყო შეერთებული შტატების გლობალურ ინტერესებთან. ბრუნერი სრულიად საიდუმლოდ, ყოველგვარი ვიზის გარეშე იყო ჩამოსული თბილისში და რამდენიმე საათში უკან უნდა გაფრენილიყო.
– რამდენი ხანი დარჩა ფინალამდე? – ჰკითხა ბრუნერმა გაბრიელს.
– ზუსტად ოცდაორი დღე, მისტერ ბრუნერ, – მიუგო გაბრიელმა.
– კეთილი. ამ დროისთვის ჩვენი ზესაიდუმლო კოსმოსური თანამგზავრი „ზორო“ თქვენს სრულ განკარგულებაში იქნება და წარმატებას გისურვებთ!
ბრუნერი ერთი საათის შემდეგ ვაშინგტონში გაბრუნდა. თხუთმეტი საათის მერე კი ოპერაციაში ჩახედულ ყველა პირს მოხსენებას უკითხავდა...
***
ვაშინგტონში დაბრუნებიდან სამი კვირის შემდეგ დონალდ ბრუნერი მოსკოვში ჩაფრინდა და სასტუმრო „კონტინენტალში“ დაბინავდა. ოფიციალური ვერსიით, ბრუნერი მოსკოვში საერთაშორისო ტერორიზმთან მიძღვნილ კონფერენციაზე იყო ჩასული. სინამდვილეში კი დაგეგმილი ოპერაციის ფინალის დღეს ადგილზე უნდა ყოფილიყო, რასაც ამერიკული ტრადიცია მოითხოვდა. ოპერაციის დღეს ბრუნერი საღამოს სასტუმროში დაბრუნდა და მოუთმენლად ელოდა პირობით სიგნალს ოპერაციის წარმატებით შესრულების თაობაზე. მისი ვარაუდით, ოპერაცია საღამოს 10-12 საათზე უნდა განხორციელებულიყო და ღელავდა. პირობითი ნიშანი კი შეერთებული შტატების საელჩოდან განხორციელებული ზარი იყო. მას დაურეკავდნენ და შეეკითხებოდნენ, თუ როდის აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას. თუ არ დაურეკავდნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ოპერაცია ჩაფლავდა. ბრუნერი ზარს დაახლოებით შუაღამეს ელოდა. სასტუმროს ნომერში მოუსვენრად სცემდა ბოლთას, თან ვისკის წრუპავდა. თორმეტს რომ ოცი წუთი აკლდა, კარზე კაკუნის ხმა გაისმა. შემდეგ გაიღო და ზღურბლზე ელეგანტურად ჩაცმული, სამოციოდე წლის მაღალი მამაკაცი გამოჩნდა.
– შეიძლება? – იკითხა ახალმოსულმა. ოთახში შევიდა და კარი მიხურა.
– უკვე შემოხვედით და... – თქვა მასპინძელმა, სტუმარი შეათვალიერა და ჰკითხა:
– ვინ ბრძანდებით?
– გენერალ-პოლკოვნიკი პავლე კოზლოვი, სპეცოპერაციების სამმართველოს უფროსი, მისტერ ბრუნერ, – მიუგო ახალმოსულმა. სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტი ნებართვის გარეშე გააბოლა.
ამერიკელ მაღალჩინოსანს ამ უცერემონიობაზე ყურადღება არ გაუმახვილებია და პირდაპირ ჰკითხა:
– რისთვის შეწუხდით, მისტერ კოზლოვ?
– პირდაპირობაზე პირდაპირ გიპასუხებთ – წინადადებას გაძლევთ, რომ გააუქმოთ ბრძანება თქვენი ზესაიდუმლო კოსმოსური თანამგზავრის, „ზოროს“ ამოქმედების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჩვენ ავაფეთქებთ და მართალია, „ზორო“ სამი მილიარდი დაგიჯდათ, მაგრამ უფრო მეტს იზარალებთ.
„ზოროს“ ხსენებაზე ბრუნერმაც გააბოლა და მწარე ღიმილით უთხრა ახალმოსულს:
– თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად მითხარით და მერე გადავწყვიტოთ.
– თავიდან დავიწყო თუ ბოლოდან? – ირონიით იკითხა კოზლოვმა.
– როგორც გაგიხარდებათ.
– მე ოთარ კასრაძის სიმამრი ვარ. თქვენ, ამერიკელებმა შეიმუშავეთ საკმაოდ მახვილგონივრული ოპერაცია. ერთი შეხედვით, ვითომდა ჩემი ნარკო და იარაღით მოვაჭრე სიძის სალიკვიდაციოდ. სინამდვილეში კი, ზურაბ კაშია იმიტომ შემოუშვით ჩვენთან, რომ მის კბილში ჩამონტაჟებული მინიკაფსულა X დღეს აგემოქმედებინათ და იქ მოთავსებული ქიმიური ნივთიერებით მოგეწამლათ კონკრეტული პირი და პირთა ჯგუფი. ჩვენ გამოვიკვლიეთ ეს ნივთიერება. ის არ კლავს ადამიანს, მაგრამ შესუნთქვიდან სამი კვირის შემდეგ მას დამბლა ემართება და ქმედითუუნარო ხდება. ეს დღე კი დღესაა, ანუ ჩემი სიძის დაბადების დღეზე და სწორი გათვლა გქონდათ. ყოჩაღ, კოლეგებო, მაგრამ არც ჩვენ ვართ დოყლაპიები, კომბინაციას მიგიხვდით და საფრთხე გავანეიტრალეთ. უნდა გითხრათ, რომ სტუმრების სია არ შეცვლილა და დაბადების დღეზე ჩვენი ქვეყნის მმართველებიც იქნებიან, – კოზლოვმა საათს დახედა და დააყოლა, – ისინი უკვე გზაში არიან და აგარაკზე მიდიან, სადაც სუფრაა გაშლილი. იქვეა კაშიაც. თუმცა მას უკვე კბილი აღარ აქვს.
– რას ვიზამ, მართალს ამბობთ, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ ეს ამბავი არ გაბაზრდება, – თქვა ბრუნერმა და მობილური მოიმარჯვა.
– მისტერ ბრუნერ, ოპერაციას რომ გააუქმებთ ჩემს აგარაკზე გიწვევთ, ზღაპრული სუფრაა, თან ჩვენს მმართველებს გაგაცნობთ. წამოხვალთ?
– დიდი სიამოვნებით, – თქვა ბრუნერმა. შემდეგ კი მობილურში ჩასძახა:
– „ზორო“ ადგილზე დააბრუნეთ, ხელშეკრულება გაუქმებულია! არ შეიძლება მუშაობა დაზღვევის გარეშე.
დასასრული