№10 ჩემი მაზლი სხვა თვალით მიყურებს
ჩემი მაზლი სხვა თვალით მიყურებს
რომ გითხრათ, სიყვარულით გავთხოვდი-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, მიშა შეძლებული ოჯახიდან იყო, კარგ სამსახურში დასაქმებული, გავლენიანი მეგობრები ჰყავდა და ჩემი ყურადღება ამით მიიპყრო. მართალია, ფიზიკურად არ შემეფერება – დაბალი, ჩაფსკვნილი და მელოტია, მაგრამ ხასიათები კარგი აქვს და ხელის გულზე მატარებს. მე კი გარეგნობით ყოველთვის გამოვირჩეოდი. ახლაც, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ყურადღების ცენტრში ვარ. მადლობა ღმერთს, შვილებიც მე დამემსგავსნენ. დედამთილ-მამამთილთან და მაზლთან ერთად ვცხოვრობ. სიმართლე გითხრათ, ამდენი წელია, მათი რძალი ვარ და დედამთილისა და მამათილისგან, არასდროს მიგვრძნია სიცივე და არც გადაკრული ნათქვამი გამიგონია. პირველივე დღესვე საკუთარი ქალიშვილივით მიმიღეს და დღესაც ასეა. თავიდან ჩემი მაზლიც დასავით მიყურებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში შევამჩნიე, რომ შეიცვალა. ისეთი დაჟინებული მზერით მიყურებს ხოლმე, მრცხვენია. ჩემი ქმარი არც მოკლე კაბებს მიშლის და არც გულამოღებული სამოსის ჩაცმას. პირიქით, მეუბნება: რაც გიხდება, ის ჩაიცვი. მინდა ყველამ ნახოს, როგორი ლამაზი მყავხარ და შურდეთ ჩემიო. ჩემი მაზლი კი, ისე მიყურებს ფეხებზე და მკერდზე, რომ მის გამომეტყველებაში უხამს აზრებსა და ფიქრებს ვამჩნევ. ეს რომ ჩემს ქმარს ვუთხრა, გადაირევა და ცემით მოკლავს. არადა, უკვე ვერიდები მის გვერდით მარტო დარჩენას. ამას წინათ სამზარეულოში შემოვიდა, მარტო მომიხელთა და ვითომ ხუმრობით მითხრა: გამიკვირდა, მიშას რომ გაჰყევი ცოლად. ვიცოდი, არ გიყვარდა, არც შეგეფერებოდა და ასეთმა ლამაზმა გოგომ, ამდენი ხანი როგორ გაძელი, სხვას რომ არ შეხედეო. ეს ნათქვამი გავატარე, არ მიპასუხია. ან, რა უნდა მეთქვა, არაკაცი ხარ-მეთქი? მიუხედავად იმისა, რომ მიშას სიყვარულით არ გავყოლივარ, მას სიგიჟემდე ვუყვარვარ, არაფერს იშურებს ჩემთვის და მის ღალატს გულშიც კი არ გავივლებ. როგორ არ დავუფასო ის, რასაც მე და ჩემს შვილებს გვიკეთებს? მისი ძმა კი მასზე ასეთ რამეებს მეუბნება. არ დამავიწყდება, ახალი საძინებელი ვიყიდეთ. დედამთილ-მამამთილი სოფელში იყვნენ, ბავშვები სკოლაში გავუშვი და მიშა კი – სამსახურში. მე და ჩემი მაზლი მარტო დავრჩით. სახლს ვალაგებდი და უცბად, ჩემი საძინებლიდან მეძახის: მოდი, რაღაც მინდა გკითხოო. მივედი და რას ვხედავ – ჩემს ახალ საწოლზე, გადაშხლართული წევს, მოკლე შორტებით და მეუბნება: უი, მართლა რა კომფორტული ყოფილა. შენთან ერთად ამაზე წოლას მეც არ დავიწუნებდიო. გაბრაზებულმა გამოვიჯახუნე კარი და გამოვედი. თვითონ კი სიცილით გამოვიდა: რა იყო, ხუმრობა არ გესმისო? რომელ რძალს მოეწონება ასეთი ხუმრობა მაზლისგან. სახლში ხალათით ვერ გამივლია. როცა ჩემი მაზლი სახლშია, აბაზანიდანაც ისეთი ჩაცმული გამოვდივარ, გეგონება, სადმე მივდივარ. არასდროს გამიგია მისგან, ვინმე მიყვარს ან გოგო მომწონსო. მარტო სხვის ცოლებზე ლაპარაკობს. ადრე, ახალი რძალი რომ ვიყავი, სულ იცოდა რაღაცების ყიდვა და ხანდახან ისეთი ინტიმურ რაღაცებს მჩუქნიდა, მიკვირდა, მაგრამ ვფიქრობდი, დასავით მიყურებს და რა მოხდა-მეთქი. ვფიქრობ, ალბათ, მაშინაც სხვა თვალით მიყურებდა და ვერ ვამჩნევდი. ახლა კი არ მალავს, რომ ჩემ მიმართ სხვა განზრახვები აქვს.
ნინი, 31 წლის.