№10 ღალატის საზღაური
მთელი ცხოვრება დიდ, ნათელ, წრფელ და თავგანწირულ სიყვარულზე ოცნებობდა; მზრუნველ, მხიარულ და რომანტიკულ ქმარზე, მაგრამ, გამოუცდელობისა და გულუბრყვილობის გამო არ იცოდა, რომ ასეთი კაცები ბუნებაში არ არსებობენ, ამიტომ იმას გაჰყვა ცოლად, ვინც დედამ შეურჩია თანამეცხედრედ.
არასდროს უოცნებია სულით ხორცამდე პროვინციელ, გამწლეულ, შეუხედავ, მშიერ და დიალექტზე მოლაპარაკე ქმარზე, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ძალიან ჰყვარებოდა თავის მეორე ნახევარს, თვითონ კი თანდათანობით აუცილებლად შეიყვარებდა და მართლა უაღრესად გულწრფელად გაიმხნევა თავი: „ჯერ ერთი, მთავარი ეს ყველაფერი კი არა, მთავარი გული და ადამიანობაა (ოღონდ თვითონაც არ იცოდა, რა შუაში იყო ანზორიკოს შემთხვევაში ან გული, ან ადამიანობა). არც ეს იცოდა და არც ის, რომ სინამდვილეში ანზორიკო ზინიკოს კი არა, მისი ქონების სიყვარულით იწვოდა და იდაგებოდა. ამ საკითხში პროვინციელი სასიძო არც პირველი იყო და არც უკანასკნელი – სოფლებიდან ჩამოსული, განსაკუთრებით კი ძალზე გაჭირვებული, მაგრამ ძალზე ამბიციური და, ასევე, ძალზე რისკიანი და საკმაოდ თავხედი გოგოები და ბიჭები, დედაქალაქში დასახლების მიზნით, გულმოდგინედ ეძებდნენ და ძალიან ხშირად პოულობდნენ კიდეც მდიდარ და, ამავე დროს, გულუბრყვილო და სხვადასხვა მიზეზის გამო კენტად დარჩენილ გაუთხოვარ თუ განათხოვარ (ზოგჯერ რამდენჯერმეც) გოგოებს, თუნდაც შვილიანს და, ასევე, უცოლო თუ ცოლგაყრილ კაცებს (ამ შემთხვევაშიც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა შვილების არსებობასა და მათ რაოდენობას, რადგან, გაუთხოვარი, მდიდარი, უშვილო, ოჯახის შექმნას დანატრებული და პატიოსანი საცოლის ან საქმროს პოვნა თუ შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო). აი, ანზორიკოს კი, რომ იტყვიან, ტუზი დაეცა – სასიდედრომ თვითონ იპოვა და უთხრა:
– დედისერთა გოგო მყავს, განათლებული, პატიოსანი, კარგი შესახედავი, მდიდარი და, თუ იქნები დამჯერი და ჭკვიანი სიძე, მოგათხოვებ და ვიცხოვროთ ერთად. ოღონდ, იცოდე, ძალიან მძიმე ხასიათი მაქვს. გამიძლებ?
– მერე, თქვენი შვილი თანახმა იქნება? – გურულად მოუქცია სიხარულის ტაქიკარდიაშეყრილმა ყმაწვილმა და ამ კითხვით უპირობო თანხმობა გამოუცხადა მომავალ სასიდედროს.
– იქნება, შენც თუ მომეხმარები, – თქვა ქალმა, ცალი წარბი ასწია და დაეჭვებით შეათვალიერა სასიძოდ შერჩეული ობიექტი, რომელიც თავისი უცნაური ჩაცმულობის წყალობით საკმაოდ საბრალოდ გამოიყურებოდა. მისმა არარესპექტაბელურმა გარეგნობამ და მოულოდნელად თავს დატეხილი ბედნიერებით გაბადრულმა სახემ, რომელსაც კუდის გაქიცინების დარი სხივი გამოეფრქვა გაცისკროვნებული თვალებიდან, სასიდედრო წამით დააეჭვა თავისი არჩევნის სისწორეში და დააპირა კიდეც, ეთქვა, გაგეხუმრეო (ან გადავიფიქრეო), თუმცა, რატომღაც, არ უთხრა და დაელოდა, თავის მხრივ რას ეტყოდა, რა პირობას წაუყენებდა (ამაზე ქალს გულში ჩაეცინა), ან, ბოლოს და ბოლოს, რა კითხვას დაუსვამდა გაოგნებული, მაგრამ არცთუ დაბნეული ყმაწვილი.
– მე როგორ უნდა დაგეხმაროთ? – კი არ ჰკითხა, უფრო ხმამაღლა გაიფიქრა ბიჭმა და კეფა მოიფხანა.
– ახალგაზრდა კაცი მაგას მე არ უნდა მეკითხებოდეს, – მეორე წარბიც ასწია ქალმა.
– არა, ეს ისე ვთქვი, – დაიბნა ანზორიკო, – ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე. ხვალიდანვე შევუდგები საქმეს. გაცნობასაც თვითონ მოვახერხებ, თქვენი დახმარების გარეშე!
„ნამეტანი უქცევს გურულად, მეტყველების პედაგოგი უნდა ავუყვანო!“ – გაიფიქრა ქალმა და საკმაოდ უხეშად ჰკითხა:
– სხვა არაფერი შეკითხვა არ გაქვს ჩემთან?
– არა, ყველაფერი გასაგებია.
– არ დაინტერესდი, რაღა მაინცდამაინც შენზე შევაჩერე არჩევანი?
– განსაკუთრებით მოგეწონეთ და იმიტომ, – გულწრფელი დარწმუნებით უპასუხა ყმაწვილმა.
„მაგარი კერკეტი კაკალი ჩანს. ადვილი არ იქნება ამის მოთვინიერება. მაგრამ, თუ ძალიან გაჯიუტდა, საკუთარ თავს დააბრალოს“, – გაიფიქრა ქალმა, ხმამაღლა კი ცივი, გამანადგურებელი ღიმილით უთხრა:
– ჩემო კარგო, იქნებ შენს ამ ამბიციურ ფრაზაში სიტყვა „ალბათ“ მაინც ჩაგემატებინა?!
– რატომ? ჩემზე მეტად სხვა რომ მოგწონებოდათ, მე ხომ არ მომმართავდით თქვენი თხოვნით? – ბიჭი ამ შემთხვევაშიც აბსოლუტურად გულწრფელი იყო თავის სიტყვებში და ამიტომ თამამად შეხედა ქალს თვალებში.
– პრინციპში, ლოგიკურად მსჯელობ, მაგრამ რადგან მაინც ვერ ხვდები საქმის ვითარებას, მე ვუპასუხებ ჩემსავე შეკითხვას, – სასიდედროს ხმაში ცუდად დაფარულმა მუქარამ გაჟონა, რადგან სიტყვა „თხოვნა“ განსაკუთრებით ეცა გულზე, – შენზე ორი რამის გამო შევაჩერე არჩევანი: ერთი მიზეზი ის არის, რომ, რადგან ჩემს ფაბრიკაში ფიზიკურად მუშაობა არ გეზარება, ესე იგი, მშრომელი ბიჭი ხარ და მე ძალიან ვაფასებ ადამიანში ამ თვისებას.
ანზორიკოს კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე, მაგრამ სასიდედრომ მაშინვე ჩაუხშო ეს წამიერი კმაყოფილება:
– აი, მეორე მიზეზის გაგონება კი, შესაძლოა, სულაც არ გაგიხარდეს, მაგრამ მე ტყუილის თქმა არ მეხერხება და არც მიყვარს. ამიტომ პირდაპირ გეტყვი: მეორე მიზეზი ის არის, რომ სიძედ მინდა სოფლიდან ჩამოსული, გაჭირვებულ ოჯახში გაზრდილი პატიოსანი ბიჭი, რომელიც ყველაფერში დამემორჩილება, მე კი სანაცვლოდ კარიერასაც გავუკეთებ, მეფესავით ვაცხოვრებ – კარგს ვაჭმევ, კარგს ვასმევ, კარგს ჩავაცმევ, ცხადია, გარკვეულ დრომდე; განათლებას მივცემ, საზოგადოებაში გამოვიყვან და შვილებსაც გავუზრდი. ოღონდ, რა თქმა უნდა, კარგი ქმარი უნდა იყოს – მინდა, ჩემს შვილს ბედნიერს და გახარებულს ვხედავდე...
ანზორიკომ უგემური ლუკმასავით გადაყლაპა წყენა. ასეთი „კულტურული“ შეურაცხყოფა კარგა ხანია, არავის მიუყენებია, მაგრამ ფსონი სიდედრის მხრიდან ისეთი დიდი, ისეთი მომხიბლავი, ისეთი მრავლის მთქმელი იყო, რომ დამცირების შეგრძნება მაშინვე გაფერმკრთალდა და ბოლოს მთლიანად გაქრა.
„აჰა, ასეა საქმე?! უკვე ომს მიცხადებ? კი ბატონო, ვიღებ გამოწვევას. შენ არ იცი, ქალბატონო დირექტორო, ვის შეეჭიდე! არა უშავს, გეგონო საცოდავი სოფლელი, ვნახოთ, გამარჯვება ვის დარჩება, შენ ოღონდ ცოტა ხანს მაცადე!
მერე რა, რომ ფაბრიკის დირექტორი ხარ და მდიდარი ბრძანდები! ძალიან მალე მთელი შენი ქონება ჩემი გახდება, ოღონდ, ჯერ შენს დედისერთა შვილს უნდა შევუყვარდე, მერე კი მე ვიცი!“ – ამას ფიქრობდა მორცხვ ღიმილად დაღვრილი ანზორიკო, მორჩილად შესციცინებდა თავის დირექტორ ქალბატონს (სამსახურში დირექტორს) და შინაგანად უკვე ემზადებოდა იმისთვის, რომ ეს ქალბატონი მალე მისი პირადი ცხოვრების დირექტორიც უნდა გამხდარიყო, ოღონდ, დროებით. მერე კი...
ასე დაიწყო მომავალ სიძე-სიდედრს შორის ცივი ომი ჯერ კიდევ მათ დანათესავებამდე თითქმის მთელი წლით ადრე, რომლის შესახებაც ზინიკოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ან საიდან ექნებოდა, როცა ცივი ომის კი არა ანზორიკოს არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდა.
***
ანზორიკომ იმავე საღამოს დააწყო გეგმები, როგორ გაეცნო დედისერთა მდიდარი გოგო, როგორ შეეყვარებინა მისთვის თავი, როგორ შეერთო ცოლად, როგორ გამკლავებოდა „ცეცხლისმფრქვეველ“ სიდედრს, რომელსაც მან პირობითად კოდური სახელი „დედი“ შეარქვა (აბა, „სიდედრი“ რომ შეერქმია, კოდური აღარ იქნებოდა), როგორ დაემარცხებინა ის უსისხლოდ და უმტკივნეულოდ და როგორ ასულიყო ოჯახის სამეფო ტახტზე ზარ-ზეიმით (რადგან სასიმამრო გარდაცვლილი იყო, გვირგვინის მორგება უფრო გაუადვილდებოდა). ეს ყველაფერი რომ დაგეგმა, წარმოიდგინა, როგორი მოწიწებით მიმართა მას „დედიმ“, მის წინ მუხლმოყრილმა და მორჩილად თავჩაღუნულმა: „ო, დიდო მეფეო, ნება მიბოძე, ჩემი სათხოვარი მოგახსენო!..“ – და ისეთი ენით აუწერელი სიამოვნება იგრძნო, რომ ხმამაღალი სიცილი აუტყდა და თავისი „თანამესარდაფე“ მეგობარი გააღვიძა, რომელსაც მის გვერდით, ყუთებისა და ფიცრებისგან შეკოწიწებულ საწოლზე ეძინა.
***
თავისი გეგმების პირველი რამდენიმე პუნქტი ანზორიკომ წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა და დაახლოებით ერთ წელიწადში ის საკუთარ ქორწილში იჯდა ნეფის სკამზე, პრესტიჟულ რესტორანში, მაღალ საზოგადოებაში, ძვირფასად გამოწყობილი და თავი სიზმარში ეგონა.
ერთი სიტყვით, ამ თორმეტიოდე თვის განმავლობაში ანზორიკომ საკუთარი თავისგან სულ სხვა ანზორიკო მიიღო – გაცილებით უფრო გაშალაშინებულ-ხიწვებგაცლილი, თუმცა პროვინციელის იერი ჯერ კიდევ... მოკლედ, აღარ არის მეტის თქმა საჭირო.
სიდედრს მოეწონა მისი სასიკეთო სახეცვლილება და საკმაოდ თვალებდამთბარი და გულდამტკბარი შეხვდა შესამჩნევად გაქალაქებულ სიძეს. ამიტომ სიტყვა შეასრულა და ყველა იმ სიკეთეს აზიარა, რაც ფულს, წრესა და წარმატებულ კარიერას მოჰყვება ხოლმე.
ანზორიკოც რისი ანზორიკო იყო, ბედისა და იღბლის ასეთი უსიგრძეგანო ღიმილი არ შეეფერებინა და ათმაგად სათავისოდ არ გამოეყენებინა! ამიტომ მაქსიმალურად მოინდომა და შედეგიც მაქსიმალური მიიღო: ცოლს თავი ისე შეაყვარა, მის გამო ზინიკო დედასაც გადაუდგებოდა და მთელ ქვეყანასაც; ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დაამთავრა (ისე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ანზორიკოს სამი მნიშვნელოვანი თვისება გააჩნდა: ნიჭიერება, მიზანსწრაფულობა და მოხერხება და ამიტომაც მისთვის სასურველი შედეგი თითქმის ყოველთვის დადებული ჰქონდა); სიდედრისა და მისი მეგობრების დახმარებით საკმაოდ პრესტიჟულ და შემოსავლიან სამსახურშიც მოეწყო და ბიზნესიც წამოიწყო; მალე კი თავისი საკუთარი ფულით ახალი „ჯიპიც“ იყიდა, სიდედრი და ცოლ-შვილიც ძვირფასი საჩუქრებით აავსო და სახლში რემონტიც წამოიწყო.
პირველი სერიოზული კონფლიქტი სიდედრთან ანზორიკოს პირველი შვილის სახელთან დაკავშირებით მოუვიდა: „დედი“ დარწმუნებული იყო, რომ მადლიერი სიძე პირველ ქალიშვილს მის სახელს დაარქმევდა, მით უფრო, რომ პრესტიჟული და ყოველთვის მოდური სახელი – ნინო ერქვა. ანზორიკო თავიდან თითქოს თანახმა იყო, მაგრამ ბავშვის დაბადების მოწმობა რომ მოიტანა და სიდედრმა თავისი სახელის ნაცვლად მძახლის სახელი – ელიზა ამოიკითხა, ჯერ გული შეუღონდა, მერე კი ისეთი დღე აწია სიძეს, მთელი სამშობიარო აშველებდა და აწყნარებდა.
უმძიმესი სიტუაცია ზინიკომ განმუხტა და მამალი ტყუილი გამოაცხო დედამისის დასაწყნარებლად: არავისთან წამოგცდეს, მაგრამ ჩემს დედამთილს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩენია და, მინდოდა, გამეხარებინა. ანზორიკო არაფერ შუაშია, ეს ჩემი იდეა იყოო (იმ დღის მერე დედამთილმა კიდევ ძალიან დიდხანს იცოცხლა). ანზორიკო გულში აღტაცებული ზეიმობდა პირველ სერიოზულ გამარჯვებას.
ზედსიძის მეორე გამარჯვება მეორე ქალიშვილის გაჩენამ გამოიწვია. „დედის“ ეგონა, ახლა მაინც დააფასებდა სიძე, მაგრამ მეორე შვილიშვილის დაბადების მოწმობაში სახელი „ნადეჟდა“ (ანზორიკოს ბებიის სახელი) რომ ამოიკითხა, მართლა გული წაუვიდა. მისი გონზე მოსვლისა და „მესამე მსოფლიო ომის“ გადატანის შემდეგ კი ანზორიკო იძულებული გახდა, დროებით გარიდებოდა ატომური ბომბის აფეთქების საშიშ ზონას და ერთი თვე ნათესავთან აფარებდა თავს, მაგრამ მერე ისევ ზინიკოს ძალისხმევით მოშუშდა სიტუაცია და უმადური სიძე ოჯახს დაუბრუნდა.
სიდედრი თითქმის აღარ ელაპარაკებოდა ანზორიკოს, მაგრამ იმას ფეხებზე ეკიდა და თავისას აწვებოდა: ფულს შოულობდა, სხვათა შორის, ოჯახსაც უვლიდა, სახლში პურმარილებსაც მართავდა სიდედრის ნებართვის გარეშე (პირდაპირ ფაქტის წინაშე აყენებდა) და დაუპატიჟებელ სტუმრებს, რომლებსაც ძალიან მალე ავიწყდებოდათ, რომ სტუმრები იყვნენ და აღარასდროს აღარ ფიქრობდნენ წასვლაზე, ზინიკო ჰყვებოდა თან, რაზეც დედაც უბრაზდებოდა და შვილებიც საყვედურობდნენ.
მოგვიანებით უკვე წამოზრდილ ლიზასა და ნადიკოს (ანუ ელიზას და ნადეჟდას) ისიც აღიზიანებდათ, რომ ზინიკო თითქოს მონუსხულ-მოჯადოებული იყო ქმრით: მას ყველაფერში ამართლებდა, მისი ყველაფერი მოსწონდა და, რაც მთავარია, ყველაფერი სჯეროდა.
ზინიკოს სამი მთავარი დადებითი თვისება ჰქონდა – ადამიანების სიყვარული, უკიდეგანო სიკეთე და გულჩვილობა, რაც, საბოლოოდ, მსუბუქად რომ ვთქვათ, სიბრიყვეში გადასდიოდა და ამით, უპირველესად, ქმარი სარგებლობდა: მართალია, საჭმელ-სასმელსა და ჩასაცმელ დასახურავს არ აკლებდა და უცხოეთშიც უშვებდა ხოლმე სასეირნოდ, მაგრამ, ამის პარალელურად, ტყუილებით ბერავდა – საკუთარ გმირობებზე, ნიჭიერებაზე, პატიოსნებასა თუ ქველმოქმედებაზე თხზავდა ლეგენდებს. ამ ჩურჩუტს კი ყველაფერი სჯეროდა და ქმარი მართლაც ციდან მოვლენილ რაინდად ჰყავდა წარმოდგენილი. ეჭვიანობის ნატამალიც არ გააჩნდა. არც მაშინ უფიქრია რამე, როდესაც უკვე გაფულიანებულმა, გამოწკეპილმა და მეტ-ნაკლებად გაქალაქებულმა, სახლში უცხო ქალების მიყვანა დაიწყო სტუმრების სტატუსით. ზოგზე ამბობდა, ჩემი თანაკლასელიაო, ზოგს თანაკურსელობა „დააბრალა“, ზოგს – თანამშრომლობა და ზოგსაც – ძმაკაცის დობა ან ცოლობა. ზინიკოც ყველას ხელგაშლით ხვდებოდა, გულში იხუტებდა, უდაქალდებოდა და საჩუქრებით ავსებდა. მხოლოდ ქალბატონმა ნინომ აიღო ეჭვი, დაუდარაჯდა სიძესაც და მის მოყვანილ გოგოებსაც და ძალიან მალე დარწმუნდა, რომ თითოეული მათგანი ახლა უკვე გამძღარ-გაზიზინებული ანზორიკოს ნაშა იყო, ზოგი ერთმანეთის პარალელურად, ზოგიც – ცალ-ცალკე. უთხრა კიდეც შვილს, თვალები მოიფშვნიტე და ყურები გამოიქექე, ქმარი შენს სახლშივე გღალატობსო, მაგრამ ზინიკოს ამის გაგონებაც არ უნდოდა – ანზორიკოს მე ვუყვარვარ და, რაც ცოლად შემირთო, ჩემ მეტი ქალი არ უნახავსო.
ანზორიკო მიხვდა (ცოლმა სიტყვასიტყვით ჩაუკაკლა დედის ნათქვამი), რომ ცუდად იყო საქმე, სასწრაფოდ „მაშველი რგოლები“ გადაუგდო საკუთარ თავს პოზიციის გასამაგრებლად და თავისი „სიმართლის“ დასამტკიცებლად და, ერთ დღესაც ოჯახში საზეიმოდ გამოაცხადა:
– ამ შაბათს ბავშვების მონათვლა გადავწყვიტე!
– ასე მოუმზადებლად? – მორიდებით იკითხა ზინიკომ.
– რა მომზადება გვინდა? ისედაც ძალიან დავაგვიანეთ ამ გადადება-გადადებაში. სუფრას რესტორანში ვაკეთებ, ნათლიები შერჩეული მყავს: ჩემი თანაკლასელი მანჩო და ჩემი ბავშვობის მეგობარი ციცინო. თქვენი გასაკეთებელი არაფერი იქნება, – ცოლს და სიდედრს გადახედა ამაყად, – ორივეს მოგცემთ ფულს, მძღოლსაც გაგაყოლებთ და ახალი ტანსაცმელი იყიდეთ თქვენთვისაც და ბავშვებისთვისაც, სხვა არაფერი მოგეთხოვებათ.
– იქნებ ჩვენთვისაც გეკითხა, ვინ გვინდოდა ნათლიებად? თუ, აღარაფერს წარმოვადგენთ ამ სახლში და მარტო შენი გადასაწყვეტია ყველაფერი? – თანდათან ხმას აუწია სიდედრმა, – ბოლოს და ბოლოს, იქნებ სხვა კანდიდატურები გვყავდა?!
– კი ბატონო, – მაშინვე უკან დაიხია ანზორიკომ, – თითო ნათლიაც თქვენი მხრიდან იყოს, გაძლევთ უფლებას!
– რაო? უფლებას გაძლევო?! – მთლად გადაირია სიდედრი, – შენ ვინ მიგდიხარ, რომ ჩემს სახლში რამის უფლება მომცე ან არ მომცე? – იკივლა ნინომ, მაგრამ შეშინებულმა ბავშვებმა ტირილი დაიწყეს და ანზორიკომ შემრიგებლური ღიმილით მიმართა ლამის ჭკუიდან გადასულ ქალს:
– დედა, მაპატიე, შეიძლება, მთლად ლამაზად ნათქვამი არ გამომივიდა, მაგრამ, ხომ შეიძლება, ჩხუბის გარეშე მოვაგვაროთ საქმე? თქვენ თქვენი კანდიდატურები თქვით და ჰყავდეთ ბავშვებს ორ-ორი, თუნდაც სამ-სამი ნათლია, რა მოხდა? უბრალოდ, მანჩოს და ციცინოს უარს ვეღარ ვეტყვი, უხერხულია, მთელი თვე ვეხვეწებოდი და ძლივს დავითანხმე. ჩვენი მშობლებიც მეგობრობდნენ და იმათაც ეწყინებათ. ჰა, რას იტყვით?
გაგრძელება შემდეგ ნომერში