№10 საშიში მემკვიდრეობა
აგათა კრისტი
პუარო ჩარლტონში სადილობდა, როდესაც დარბაზში კაპიტანი ვინსენტ ლემესიურე შემოვიდა. მას თან ერთი ბატონი ახლდა, რომელიც, როგორც მერე გაირკვა, ბიძამისი ჰუგო ლემესიურე იყო. უფროსი ლემესიურე მეცნიერი აღმოჩნდა და ამჟამად, ხელისუფლების დაკვეთით, რაღაც ქიმიურ კვლევებს ატარებდა. მათ პუარო თავის მაგიდასთან მიიპატიჟეს.
ცოტა ხანში საუბარი ახალგაზრდა, მაღალმა კაცმა შეაწყვეტინა. მან ვინსენტს სამწუხარო ამბავი შეატყობინა. ვინსენტის მამა ცხენიდან გადმოვარდა. ექიმები მისი გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, არ იცოდნენ დილამდე გაატანდა, თუ არა. კაპიტანი მაშინვე წავიდა. ვინსენტის კუზენმა, რომელმაც ამბავი მოიტანა, პუაროს საინტერესო რაღაც უამბო.
– ვინსენტს მამასთან ცუდი ურთიერთობა აქვს. ლემესიურე ძალიან ძველი გვარია, რომელსაც საგვარეულო წყევლა უკავშირდება. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ერთმა ლემესიურემ ცოლს საეჭვო ვითარებაში წაასწრო და ღალატში დაადანაშაულა. ქალი იფიცებოდა, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ მოხუც ბარონს, ჰუგოს, არაფრის გაგონება არ სურდა. მან გადაწყვიტა, რომ შვილიც მისი არ იყო და მემკვიდრეობის ჩამორთმევით დაიმუქრა. საბოლოოდ, ბარონმა ცოლი და შვილი კედელში ცოცხლად ჩაატანა. ქალმა სიკვდილის წინ ლემესიურეს გვარი დაწყევლა. წყველის თანახმად, ლემესიურეს გვარში ვერცერთი უფროსი შვილი მემკვიდრეობას ვერ ეღირსებოდა. რამდენიმე ხანში გაირკვა, რომ ლედი მართლაც არაფერში იყო დამნაშავე. ჰუგომ მონანიების მიზნით, დანარჩენი სიცოცხლე მონასტრის კელიაში გაატარა. რაც უნდა უცნაური იყოს, მას შემდეგ, ვერცერთი უფროსი შვილი ლემესიურეს გვარში, ცოცხალი ვერ აღწევდა იმ ასაკამდე, როდესაც მემკვიდრეობა უნდა მიეღო. მამულები უმცროს ძმებს ან ნათესავებს რჩებოდათ, მაგრამ უფროს შვილებს – არასოდეს. ვინსენტის მამა მეორეა ხუთ ძმაში, უფროსი ჩვილობის ასაკში დაიღუპა.
– საინტერესო ისტორიაა, – წარმოთქვა ჩაფიქრებულმა პუარომ; – მაგრამ ახლა მამა სიკვდილის პირასაა. ვინსენტი კი, როგორც უფროსი ვაჟი, მემკვიდრეობას მაინც მიიღებს. თანამედროვე ცხოვრებაში წყევლა არ მუშაობს.
ამბავს გაგრძელება მეორე დღესვე მოჰყვა, როდესაც პუარომ კაპიტან ვინსენტ ლემესიურეს ტრაგიკული დაღუპვის ამბავი გაიგო. ღამით, დაძრული მატარებლიდან გადავარდა. ფიქრობდნენ, რომ მას გონება დაებინდა, რაც ფრონტზე მიღებულმა კანტუზიამ გამოიწვია. მემკვიდრედ ვინსენტის ბიძა გამოცხადდა, რომლის ერთადერთი შვილი ქალაქ სომთან დაიღუპა. ორი წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა და მალე მისი ძმაც მიჰყვა. ჯონი საკმაოდ ჯანმრთელი ადამიანი იყო. მისი სიკვდილის მიზეზი ფუტკრის ნაკბენი გახდა. წყევლა თავის საქმეს აკეთებდა: ჯონის შვილმა, რომელიც იტენში სწავლობდა, გაურკვეველ სიტუაციაში მოიკლა თავი. ახლა უკვე მამული ხუთი ძმიდან უმცროსს, ჰუგოს რჩებოდა, სწორედ იმას, რომელიც პუარომ ჩარლტონში, რესტორანში გაიცნო.
პუაროსთან მადამ ლემესიურეს, ჰუგოს ცოლის სტუმრობა მოულოდნელი იყო. ქალის მონაყოლიდან გაირკვა, რომ მას უფროსი შვილის ბედი აღელვებდა. ორი შვილი ჰყავდა: რონალდი – რვა წლის და ჯერალდი – ექვსის. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რონალდი სიკვდილს სამჯერ ბეწვზე გადაურჩა. პირველად, როდესაც კორნუოლში ისვენებდნენ, კინაღამ დაიხრჩო; მეორედ – ბავშვთა ოთახის ფანჯრიდან გადავარდა; მესამედ კი – სოკოთი მოიწამლა. მის ქმარს ჰუგოს ამ თემაზე საუბარი არ უნდოდა. მაგრამ ქალი დარწმუნებული იყო, რომ მათ გვარს წყევლა არ ასვენებდა და შვილს ვერაფრით უშველიდა. პუარო ამ ამბავს საკმაოდ გულგრილად ისმენდა და ეტყობოდა, რომ არანარი წყევლის არ სჯეროდა. მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როდესაც ქალმა უთხრა, რომ არც მას სჯეროდა წყევლის, რადგან წყევლა სუროს ღეროს სანახევროდ ვერ გადაჭრიდა.
– განა წყველას ასეთი რამის გაკეთება შეუძლია? ბიჭები ხშირად თამაშობდნენ ასე: აძვრებოდნენ და ჩამოძვრებოდნენ სუროზე, ვიდრე ერთხელ (იმ დროს ჯერალდი სახლში არ იყო) სურო არ გაწყდა და რონალდი არ ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. მე მაშინვე დავათვალიერე სუროს ღერო და იგი ღრმად ჩაჭრილი იყო. გესმით, მუსიე პუარო, ჩაჭრილი...
– თქვენს სახლში ვინ ცხოვრობს? – უკვე შეშფოთებულმა ჰკითხა პუარომ.
– მის სონდერსი – გუვერნანტი, ჯონ გარდნერი – ჩემი ქმრის მდივანი და მაიორი როჯერ ლემესიურე. ის ჩვენს შტოს არ ეკუთვნის, მაგრამ თუ არ ვცდები, ახლა ის ითვლება ჩემი ქმრის უახლოეს ნათესავად. ძალიან საყვარელი ადამიანია. ბავშვები მასზე გიჟდებიან.
– საფრთხე რეალურია, – თქვა პუარომ, – თქვენი ქმარი წინააღმდეგი ხომ არ იქნება, რომ რამდენიმე დღით თქვენ გესტუმროთ?
ჰუგო პუაროსთან შეხვედრის შემდეგ საგრძნობლად შეცვლილიყო. ძალიან ფერმკრთალი და გამხდარი იყო.
– დიდი მადლობა ჩვენზე რომ ზრუნავთ, – უთხრა მან, როდესაც პუაროს ჩასვლის მიზეზი გაიგო, – მაგრამ, რაც მოსახდენია, იმას ვერ ავცდებით.
პუარომ მას ჩაჭრილი სურო შეახსენა.
– ეს, ალბათ, მებაღის წინდაუხედაობის ბრალია. რა თქმა უნდა, საქმეში დანა ჩაერია, მაგრამ მას ბედისწერა მართავდა. წყევლის ასრულებას დიდი ხნით ვერ გადავდებთ. მე განწირული ვარ. განუკურნებელი ავადმყოფობა მჭირს, მაგრამ ჩემს სიკვდილამდე, რონალდს წაიყვანენ. მემკვიდრე ჯერალდი გახდება.
პუაროს ჩასვლიდან მეოთხე დღეს სტურმად მაიორი როჯერ ლემესიურე ჩამოვიდა. ბავშვები მას ჟივილ-ხივილით შეხვდნენ. მეორე დღეს ყველა, მათ შორის ბავშვებიც, ლედი კლეიჰეიტთან ჩაიზე დაპატიჟეს. პუარო არ წავიდა. როდესაც ყველა გაიკრიფა, მან მუშაობა დაიწყო. როგორც მეძებარმა ძაღლმა ყველა კუთხე-კუნჭული მოჩხრიკა. თუმცა ამან არავითარი შედეგი არ გამოიღო. საღამოს მის სონდერსთან ერთად, რომელიც დაპატიჟებული არ ყოფილა, ვერანდაზე იჯდა და ჩაის სვამდა. ამ დროს მის სონდერსმა ფუტკრები ახსენა. მან თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ბავშვები კლეიჰეიტებთან სკების სიახლოვეს არ მივლენო. პუაროს ხელში ფინჯანი გაუშეშდა.
– ფუტკრები! – წამოიძახა პუარომ. წამოხტა, თავზე ხელები დაილაგა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა. მალე მასპინძლებიც დაბრუნდნენ. გაირკვა, რომ როლანდს ფუტკარმა უკბინა. დედამისმა თქვა, რომ საშიში არაფერია და ნაკბენი სპირტით დავუმუშავეთო. პუარომ ნაკბენს მაინც დახედა.
– აქ, კისერზე მიკბინა, – სერიოზული სახით წარმოთქვა რონალდმა. – სულ არ მტკივა. მამამ მითხრა: არ გაინძრე, ფუტკარი დაგაჯდაო. მან კისრიდან ფუტკარი აიყვანა, თუმცა საზიზღარმა კბენა მოასწრო. არც მიტირია.
პუარო ნაკბენს დააკვირდა და ჩაილაპარაკა, ცოტა წამუშავება მომიწევსო.
შუაღამისას, ჩუმად როლანდის ოთახში შევიდა და ბნელ კუთხეში დაიმალა. ბავშვს მშვიდად ეძინა.
– ბავშვი სპეციალურად წამლით დააძინეს, რათა არ იყვიროს, როდესაც ნემსს გაუკეთებენ, – ჩაიჩურჩულა პუარომ, – არამზადები...
ათი წუთიც არ იყო გასული, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა და ლოგინისკენ გაემართა. ფანრის ანთების ხმა გაისმა – შუქმა მძინარე ბავშვი გაანათა. შემოსულმა ფანარი იატაკზე დადო, მარცხენა ხელით ბავშვის კისერს შეეხო, მარჯვენათი კი შპრიცი მიუახლოვა... პუარო წამოხტა და უცნობს დაეტაკა. ფანარი გაგორდა და ჩაქრა. სიბნელეში დიდხანს იბრძოდნენ, ეს კაცი ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც მოერია პუარო. სახლში ყველამ გაიღვიძა. ვიდრე ფანარს მოიტანდნენ, პუარო თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ის საძაგელი კუზენი, როჯერი დაიჭირა, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად უნდოდა ბავშვის სიკვდილი. პიუარომ ფანარი მოიმარჯვა, მაგრამ კინაღამ ხელიდან გაუვარდა, როდესაც შუქზე ბავშვების მამის სახე დაინახა ლემესიურე უგონოდ იყო. ის თავის საძინებელში გადაიყვანეს. პუარომ ხელიდან შპრიცი გამოართვა და ყველას აჩვენა.
– ეს ალბათ, ჭიანჭველის მჟავაა. გამახსენდა – იგი პროფესიით ქიმიკოსია. შეიძლება, მან ის სახლის პირობებშიც დაამზადა. ხოლო სიკვდილს ფუტკრის ნაკბენს დააბრალებდნენ.
– ღმერთო დიდებულო! – წამოიძახა ადგილობრივმა კონსტებელმა, – საკუთარ შვილს კლავდა?
– კი. – პუარომ თავი დააქნია, – გიჟია. ოჯახური ლეგენდის საფუძველზე შეიშალა. დაუძლეველმა სურვილმა, მამულის მფლობელი გამხდარიყო, მას დანაშაულებების ჩადენისკენ უბიძგა. შეიძლება, პირველად მას ეს აზრი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ვინსენტთან ერთად ჩრდილოეთისკენ მიემგზავრებოდა. მას არ შეეძლო იმის დაშვება, რომ წინასწარმეტყველება არ ახდენილიყო. რონალდის შვილი დაიღუპა, თავად რონალდი ისედაც სიკვდილის პირას იყო. თავისი ძმა ჯონი, მან იმავე ხერხით მოკლა, რომლითაც საკუთარი შვილის მოკვლას აპირებდა – ჭიანჭველას მჟავა შეუყვანა. შემდეგ ჯონის შვილს ესროლა. ბოლოს და ბოლოს მისი ამბიციები დაკმაყოფილდა და იგი საგვარეულო მამულების მფლობელი გახდა. მაგრამ მისი ტრიუმფი ხანმოკლე გამოდგა. მან გაიგო, რომ მძიმე დაავადებით მალე მოკვდებოდა. ამ დროისთვის იგი უკვე შეპყრობილი იყო მანიაკალური იდეით, რომლის თანახმადაც ლემესიურების გვარის არცერთი უფროსი ვაჟი მემკვიდრეობის მფლობელი არ უნდა გახდეს. ამიტომ საკუთარი შვილის მოკვლა სცადა.
– მე კიდევ როჯერზე ვეჭვობდი, – თქვა ჰუგოს ცოლმა.
– ბუნებრივია! მას მოტივი ჰქონდა, თუ ორივე ბავშვი მოკვდებოდა, მემკვიდრე ის ხდებოდა, მაგრამ რამდენიმე მომენტმა დამაეჭვა: რატომ ჩაჭრეს სურო, მაშინ, როდესაც სახლში მხოლოდ რონალდი იყო. როჯერს ხომ ორივე ბავშვის სიკვდილი აწყობდა! დღეს, კი როდესაც ბავშვმა თქვა, რომ ფუტკარი კისრიდან მამამ მოაშორა, ფუტკრის ნაკბენით გარდაცვლილი კიდევ ერთი ლემესიურე გამახსენდა.
რამდენიმე თვეში ჰუგო ლემესიურე სულით ავადმყოფთა კერძო კლინიკაში გარდაიცვალა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ