№10 რა პოლიტიკური კომბინაცია განახორციელა სტალინმა „ერთა ლიგაში“ შესასვლელად
სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო. დიპლომატიის უზადო ხელოვნებას ფლობდა. ეს ყოველივე კი იქიდანაც ჩანს, რომ მან „ერთა ლიგაში“ საბჭოთა კავშირის გაწევრიანება მოახერხა, რამაც მისი სახელმწიფოს დაუბრკოლებლად განვითარებას დიდად შეუწყო ხელი... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი კაკული ნოსტაევი წერს: „ორგანიზაცია „ერთა ლიგა“ პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა და მასში 44 სახელმწიფო შედიოდა. მათ შორის 31 ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში „ანტანტის“ მხარეს იღებდა მონაწილეობას. დანარჩენი 13 სახელმწიფო კი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო გლობალური ომის არდაშვება და საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარება, ქვეყნების მშვიდობიანი განვითარება და განიარაღება. ასე ეწერა მის წესდებაში. თუმცა, მისი ჭეშმარიტი მიზანი იყო ვერსალის ხელშეკრულების უპირობო დაცვა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ფრანგულ-ბრიტანული ტანდემი მსოფლიო პოლიტიკაში დომინანტად უნდა დარჩენილიყო. გერმანია სულ უკანა პლანზე გადაწეულიყო, საბჭოთა კავშირი კი საერთოდ არავის არაფრად ჩაეთვალა. მეტიც, „ერთა ლიგა“ ყველა ღონეს იყენებდა, რომ საბჭოთა კავშირისთვის ყოველმხრივ, ყველაფერში შეეშალა ხელი და საამისოდ არსებულ ყველა საშუალებას იყენებდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „გამომდინარე იქიდან, რომ „ერთა ლიგის“ მთავარი დამფუძნებლები – დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყვნენ, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, ამოგეცნო მათი მიზანი – ეს, რა თქმა უნდა, „ვერსალის ზავის“ პირობების ბოლომდე შენარჩუნება იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ევროპის პატრონებად უნდა დარჩენილიყვნენ და შეერთებულ შტატებთან ერთად ახალი პოლიტიკა ეწარმოებინათ, რასაც მათმა იდეოლოგებმა „ნიუ პოლიტიკ“ შეარქვეს. სწორედ ამიტომ არ შეუერთდა ლენინი ამ ორგანიზაციას, რადგან საბჭოეთი, ისევე, როგორც გერმანია, „ვერსალის ზავმა“ კაბალურ მდგომარეობაში ჩააგდო. ამ საკითხს („ერთა ლიგაში“ გაწევრიანების შესახებ“) პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე იხილავდნენ. საგულისხმოა, რომ ეს სხდომა იყო ერთადერთი, რომელზეც პოლიტბიუროს ყველა წევრმა შესაშური ერთსულოვნება გამოიჩინა და „ერთა ლიგაში“ გაწევრიანებას უარი უთხრა. მეტიც, სტალინმა ამ სხდომაზე სიტყვა აიღო. ძალიან არგუმენტირებულად, თანამიმდევრულად და პოლიტიკის ღრმა ცოდნით ილაპარაკა, რომ „ერთა ლიგაში“ გაწევრიანება მოცემულ მომენტში (1920 წელი) საბჭოთა კავშირს ხელს არ აძლევდა. თავისი სიტყვის დასასრულს კი თქვა:
– ამხანაგებო, მოვა დრო, როცა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება ჩვენთვის სასარგებლო იქნება. გავწევრიანდებით კიდეც და არ გამოვრიცხავ, ამის გაკეთება თავად შემოგვთავაზონ და შეგვეხვეწონ კიდეც.
ტროცკი რის ტროცკი იყო, რომ სტალინისთვის არ „ეკბინა“ და მას რეპლიკა ესროლა:
– დიახ. ელოდეთ, რომ შეგეხვეწებიან. პირადად თქვენ მოგმართავენ ამ ხვეწნით. თქვენ კი გააჭიანურეთ ეს და ძალიან რომ შეგეხვეწებიან, მხოლოდ მაშინ შედითო.
სტალინმა დამცინავად შეხედა ცინიკოს ტროცკის და მშვიდად მიუგო:
– გამორიცხული არაა, რომ მართლა ასე მოხდეს და ამის თაობაზე აუცილებლად შეგატყობინებთო.
1934 წელს, როდესაც „ერთა ლიგის“ წევრები გავხდით, სტალინმა ეს ეპიზოდი გამახსენა და მითხრა: „დეპეშა გაუგზავნე ტროცკის. ხომ გახსოვს, რომ შევპირდიო“. და, მართლაც, სტალინის სახელით ტროცკის დეპეშა გავუგზავნე...“
1933 წლისთვის მსოფლიოში ძალიან დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა. აშკარა იყო, რომ „ვერსალის ზავის“ დარღვევა და ტერიტორიული პრეტენზიების წინა პლანზე წამოწევა დროის ამბავი იყო. ამის მთავარი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერისა და ნაცისტების მოსვლა გახდა. ფაშისტი ფიურერი ღიად აცხადებდა – „ვერსალის ზავი“ გერმანიის დასაკნინებლად დაიდო, მე კი მას აუცილებლად გავაუქმებო... გაუქმება კი მეორე მსოფლიო ომს ნიშნავდა და ასეთი რამ ბრიტანეთსა და საფრანგეთს არაფერში სჭირდებოდათ. ჰიტლერმა არ დააყოვნა და 1933 წლის 20 ოქტომბერს „ერთა ლიგიდან“ გამოვიდა. ამ დემარშმა ისე შეაშინა ბრიტანელები და ფრანგები, რომ მათ გადაწყვიტეს, სასწრაფოდ მოეძებნათ საპირწონე ვარიანტი და სტალინთან საერთო ენის ძებნას შეუდგნენ. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „მას მერე, რაც ფაშისტურმა გერმანიამ „ერთა ლიგა“ დატოვა, სტალინმა მითხრა: აი, ნახე, ფრანგებმა და ბრიტანელებმა თუ ჩვენზე გამოსვლა არ სცადონ და „ერთა ლიგაში“ შესვლა არ შემოგვთავაზონ, რაც მათი აზრით, ჰიტლერს შეაჩერებს. ჩვენ შევალთ „ერთა ლიგაში“, თუმცა შეაჩერებს თუ არა ეს ჰიტლერს, თავს ვერ დავდებო...“
თავის მონათხრობში მოლოტოვი შეგნებულად ცვლის ერთ წინადადებას, რაც თავისთავად, სტალინის გეგმის არსსაც ცვლის. სტალინმა მოლოტოვს უთხრა: ცოტას კიდევ ვახვეწნინებთ და „ერთა ლიგაში“ გავწევრიანდებით. ხოლო ამით რომ ჰიტლერი შეჩერდეს, ღმერთმა არ ქნას, რადგან ბურჟუები ფულს ჰიტლერის მილიტარისტული პოლიტიკის გამო ჩამოვლენო... სტალინის მარტივი კომბინაცია გამართლდა და ჰიტლერისგან შეშინებულმა „ერთა ლიგის“ დომინანტმა ქვეყნებმა საბჭოთა ინდუსტრიალიზაციაში დიდი ფული ჩადეს. ამან კი საბჭოეთი უმოკლეს დროში ფეხზე დააყენა და მართალია, 1939 წელს საბჭოთა კავშირი ამ ორგანიზაციიდან ფინეთთან ომის გამო გარიცხეს, მაგრამ საქმე გაკეთებული იყო და სტალინმა მორიგი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა.“