№10 ვის ემუქრება სახსრების დაავადების საფრთხე
კომპიუტერული ტექნიკის ერა, ინტერნეტი, ჩქაროსნული ტრანსპორტი და სხვა კეთილდღეობანი ადამიანს აიძულებს, სულ უფრო ცოტა იმოძრაოს, ნაკლებად გაავარჯიშოს სხეული, რაც ძალზე ცუდ კვალს ტოვებს ჩვენს ჯანმრთელობაზე და უამრავი დაავადების გავრცელებისა და განვითარების პირობას ქმნის. უმოძრაობა ყველაზე ხშირად სწორედ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციებს ზღუდავს და სისტემის სხვადასხვა ნაწილი მწყობრიდან გამოჰყავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოცდამეერთე საუკუნე სახსრების დაავადებებთან ბრძოლის ათწლეულით დაიწყო და ეს შემთხვევითი როდია. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებით შეწუხებულ ადამიანთა რიცხვი უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
* დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი აუცილებლად ავადობს რომელიმე სახსრის პათოლოგიით;
* გავრცელების მიხედვით, ამ ტიპის დაავადებათა შორის ართროზი ლიდერობს – დაავადება, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად იზღუდება სახსრის ფუნქცია;
* ოფიციალური მონაცემებით, ართროზით პლანეტის 15 პროცენტია დაავადებული. ყველაზე ხშირად ის 30 წელს გადაცილებულ პირებში ვითარდება, 60 წლის ასაკისთვის კი მოსახლეობის თითქმის 100 პროცენტისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა;
* სახსროვანი დაავადებები ქალებში გაცილებით ხშირია.
არსებობს რისკჯგუფები – პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებსაც ყველაზე ხშირად ემუქრებათ სახსროვანი პათოლოგიები. უხშირესად ეს პრობლემები პიანისტების ხვედრია; რისკჯგუფს ეკუთვნიან სპორტსმენები; ადამიანები, რომელთა შრომითი საქმიანობა ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება; ის პირები, რომლებიც სამუშაო დღეს მჯდომარე ან ფეხზე მდგარნი ატარებენ.
თანამედროვე მედიცინა სახსროვანი პათოლოგიების რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს.
ჰიპოდინამია: ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი ან არასწორი ფიზიკური დატვირთვა. ასევე, მთელი დღე ოფისში ჯდომის ან დგომის შემდგომ, სხეულის გაჯანსაღების მიზნით, დღის ბოლოს ფიტნესკლუბში აქტიური ფიზიკური დატვირთვა – ასეთი მკვეთრი ცვლილება სახსრების გადატვირთვას იწვევს, რაც მომავალში შესაძლოა, მათი ანთებითი დაზიანების პირობად იქცეს.
ჭარბი წონა და გაცხიმოვნება: ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების მქონე პირთა სახსრები მუდმივად განიცდიან გადატვირთვას, რაც მათი ფუნქციების მოშლას იწვევს.
სახსრების ტკივილსა და მათ დაზიანებას ასევე იწვევს ხერხემლის არასწორი მდებარეობა – ხერხემლის მუდმივად არასწორი პოზა, სქოლიოზი.
ინფექციური დაავადებანი: რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგიერთი ინფექციური დაავადებისას, გართულების სახით სახსრებიც ზიანდება, მაგალითად, ტუბერკულოზის, სიფილისის, გონორეის, ბრუცელოზის, ანგინისა და გრიპის დროს. ასევე, ინფექციას შეუძლია პირდაპირ შეიჭრას სახსარში ტრავმირებული ან დაზიანებული კანიდან.
აუტოიმუნური რეაქციები: აუტოიმუნური რეაქციები, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ – ალერგია საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე, ასევე აზიანებს სახსრებს. იმუნურ უჯრედებს ამ შემთხვევაში იერიში მიაქვთ საკუთარ უჯრედებზე, მათი სამიზნე ამ დროს სახსრების ხრტილოვანი ქსოვილია. ასეთი მექანიზმით განვითარებული ყველაზე გავრცელებული პათოლოგია რევმატოიდული ართრიტია.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა: ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი რგოლის მწყობრიდან გამოსვლის შემდგომ სახსრებში გამოლექვას და ჩალაგებას იწყებს სხვადასხვა ტიპის მარილები. ფიზიკური მოძრაობისას სახსრები სწრაფად ცვდება, ხრტილოვანი ქსოვილი ტრავმულად ზიანდება და ვითარდება ანთებითი პროცესი.
სახსრების მექანიკური ტრავმა – ეს ყველაზე ხშირად პროფესიონალ სპორტსმენებს და იმ პროფესიის წარმომადგენლებს ემართებათ, რომელთა საქმიანობაც სახსრების ქრონიკულ და ხანგრძლივ გადატვირთვას უკავშირდება, მაგალითად, მტვირთავებს, მძღოლებს, მკერავებს, ვიბრაციის შემცველ პროფესიათა წარმომადგენლებს.
მემკვიდრული წინასწარგანწყობა – დადგენილია, რომ რევმატოიდული ართრიტი და რევმატიზმი აშკარად გამოხატული მემკვიდრული ბუნებისაა, ეს პათოლოგიები ყველაზე ხშირად მათ ემართებათ, ვისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისთვისაც ეს პრობლემები კარგად ნაცნობი იყო.
სახსრების დაავადებებს იწვევს, ასევე, არასწორი და დაუბალანსებელი კვება, არაჯანსაღი ეკოლოგიური გარემო, არახელსაყრელი კლიმატი, ქრონიკული სტრესი.