№10 ხახვის სამკურნალო და უარყოფითი თვისებები
ცნობილია, რომ ხახვი მეტად სასარგებლო მცენარეა. განსაკუთრებით ეფექტურია ხახვის გამოყენება გაციების დროს, რადგან ხახვი ამაღლებს იმუნიტეტს და ორგანიზმს უფრო ძლიერს ხდის. ამისათვის – გავხეხოთ სამი ცალი საშუალო ზომის ხახვი და მიღებული ხახვის ფაფის არომატი ათი წუთის განმავლობაში შევისუნთქოთ. კარგია ხახვის გამოყენება ინჰალაციისთვისაც – ოთხ სუფრის კოვზ გვირილას დავასხათ ნახევარი ლიტრი წყალი და ხუთი წუთის განმავლობაში ვადუღოთ, გავწუროთ. მიღებულ ცხელ ნაყენს ჩავუმატოთ ორი სუფრის კოვზი ხახვისა და ლიმონის ნარევი. შემდეგ შეგვიძლია თავზე პირსახოცი გადავიფაროთ და ჭურჭლიდან ამომავალი ორთქლი შევისუნთქოთ.
ხახვის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია ფურუნკულის დროსაც. ამისათვის, შევურიოთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული ხახვის ფურცელი და მრავალძარღვას ფოთლები (1:1), შემდეგ დავამატოთ თაფლი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომის კვერი დავიდოთ ფურუნკულზე (ან დიდი ხნის შეუხორცებელ ჭრილობაზე) და დავიმაგროთ ლეიკოპლასტირით. შეგვიძლია 1-2 დღე გაჩერება, შემდეგ კი კანი სპირტით გავიწმინდოთ.
უმი ხახვი საკვებად მხოლოდ გაფცქვნისთანავე უნდა გამოვიყენოთ. რაც მეტ დროს გაატარებს გაფცქვნილი და გაჭრილი ხახვი ჰაერზე, მით მეტ ბაქტერიას შეიწოვს. 2-3 დღის შემდეგ, ამგვარად დატოვებული ხახვი ინფექციების ძალიან საშიშ წყაროდ იქცევა და მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.
ასე რომ, ხახვის შენახვა მხოლოდ გაუფცქვნელ მდგომარეობაში შეიძლება. მაგრამ სწორად შენახვის შემთხვევაშიც კი, არ ღირს ამ ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება. განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშრებით. ხახვი (მათ შორის მწვანე ხახვიც) ძლიერ ამაღლებს კუჭის მჟავიანობას და აღიზიანებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანს. ამიტომ, ადვილი შესაძლებელია, ჭარბი მოხმარება გასტრიტის, შემდეგ კი წყლულის მიზეზი გახდეს. თუ აღნიშნული პრობლემები უკვე გაწუხებთ, უმჯობესია, საერთოდ უარი თქვათ ხახვზე. საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ხახვის უარყოფითი გავლენებიდან, ასევე, აღსანიშნავია მეტეორიზმი და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
ხახვის მიღება არ არის რეკომენდებული ასევე მათთვის, ვინც მიდრეკილია თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმი. ხახვის წვენი აძლიერებს და მნიშვნელოვნად აჩქარებს ამ პროცესს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის გარდა ხახვი უარყოფითად მოქმედებს, ასევე, გულისა და სუნთქვის ორგანოების მუშაობაზე. ნერვულ სისტემაზე გამაღიზიანებელი და აღმგზნები ზემოქმედების გამო მას ადვილად შეუძლია ასთმის ან სხვა ალერგიული რეაქციის პროვოცირება. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მოვუსმინოთ: თუ რაიმე მიზეზის გამო ხახვის სუნი ზიზღსა და გულისრევას იწვევს, არ ღირს ძალად მიირთვათ ის. ეს ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი სიგნალია, რომ მოცემული პროდუქტი მისთვის არასასურველი ან საზიანოა.
უმი ხახვის კიდევ ერთი უარყოფითი თვისებაა ისიც, რომ შეუძლია, აამაღლოს არტერიული წნევა და ცუდად იმოქმედოს გულის რიტმზე. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი გულის მანკი, სისხლძარღვთა დისტონია, გადაიტანეს ინფარქტი ან აქვთ არტერიული წნევის პრობლემები, უმჯობესია, ამ ბოსტნეულის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანონ. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და დაეხმარება მათ თავი უკეთ იგრძნონ.
ხახვის საზიანო თვისებები არ მცირდება მისი მოხარშვით ან შეწვით. პირიქით, ამ დროს ის თავის დადებით თვისებებს კარგავს, საზიანო კი – რჩება. განსაკუთრებით საზიანოა შემწვარი ხახვი. შეწვის დროს ის შეიწოვს მთელ კარცეროგენულ ნივთიერებებს, რომლებიც გაცხელებულ ზეთში არსებობს. კარცეროგენები კი, ყველამ იცის, რომ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის წყაროა. შემწვარი ხახვი იწვევს მუცლის შებერილობასა და ბოყინს, რაც უკიდურესად საზიანოა პანკრეატიტის, გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს. პაციენტებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ კუჭზე, ღვიძლსა და ნაწლავებზე, ექიმები ურჩევენ, საერთოდ უარი თქვან ხახვზე.