№10 რატომ გადააქციეს თანამედროვე ადამიანებმა ღმერთი პრობლემების მოგვარების საშუალებად და რატომ ივსება ეკლესიის დაცარიელების შემდეგ საპატიმროები და საავადმყოფოები
ეკლესიაში უკვე დაიწყო დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდი. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ცოდვილებად მიიჩნევენ, დიდმარხვის მოსამზადებელ პერიოდში, უფრო კი უძღები შვილის კვირაში, განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. როგორ უნდა გავიგოთ გვიყვარს თუ არა უფალი, გვსურს თუ არა მისი შემეცნება, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– რამდენად ვბრუნდებით ღმერთთან – ეს ადამიანის სულიერება აღსარებიდან გამომდინარე იგრძნობა. როგორ აღსარებასაც ამბობს ადამიანი, ისეთია მისი სულიერებაც. სახლში რომ მიბრძანდებით, საკუთარ თავს კითხვები დაუსვით ხოლმე, რამდენად განვიცდით ჩვენს ცოდვებს, დავბრუნდით თუ არა ეკლესიაში, უფალთან. ყველამ უნდა გაიხსენოთ თავისი პირველი აღსარება და თვალი გადაავლოთ საკუთარ სულიერ გეოგრაფიას: სად თქვი, როდის თქვი, როგორ თქვი და მიხვდები, რომ ის ძალიან მწირია. ძალიან ბევრი მცნება იყო ძველ აღთქმაში და ასევეა ახალ აღთქმაში. თუმცა, ქრისტემ გვითხრა, რომ რჯულში ორი მთავარი მცნებაა: შეიყვარე უფალი შენი ღმერთი, ყოვლითა გულითა, გონებითა და ნებითა და მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი.
– როგორ უნდა გავიგოთ, ღმერთი გვიყვარს თუ არა?
– ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩეროთ, ეკლესიის მტერი, ეკლესიური, წარმართი, ყველა გეტყვის: მე მღვდელი და ეკლესია არ მწამს, თორემ ღმერთი როგორ არაო. წმიდა მამების დახმარებით მინდა, საკუთარ თავს ჩავუტაროთ ტესტირება, რამდენად გვიყვარს ღმერთი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ღმერთი არ გვიყვარს. შეყვარებული ვინ არ ყოფილხართ ან არ ხართ. პირველი: რა გრძნობაა, როცა ვინმე გიყვარს? მასზე ფიქრობ 24 საათის განმავლობაში და უფალი თუ გიყვართ, სულ ფიქრობთ მასზე? წირვაზეც პირადად მე გამფანტია გონება, სახლის პრობლემებზე დამიწყია ფიქრი და გონებაგაფანტულს მიწირია. ასე ხართ თქვენც. ხშირად არ ვართ ღმერთთან. როცა შეყვარებული ხარ, სულ თვალწინ გიდგას ის პიროვნება, რომელიც გიყვარს: ესაუბრები, ეალერსები, ეღუღუნები. ჩვენ გვიდგას ღმერთი თვალწინ? ან რაღაცას აშავებ, განკითხვაში ხარ, ღმერთზე რომ ფიქრობდე, მაშინ ასე ხომ არ მოიქცეოდი? შეგრცხვებოდა ადამივით. ცოდვაშიც იმიტომ ვვარდებით, რომ ღმერთზე კი არა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, წავალ ახლა ეკლესიაში, ვეზიარები, რომ კარგად გავხდე, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ხელი მომემართოს. აი, ასეთ დროს ვფიქრობთ ღმერთზე და ღმერთიც ხვდება, რატომ ვფიქრობთ მასზე. ღმერთი ჩვენი შემეცნების წყარო კი არ არის, არამედ იმის საშუალება, რომ მორწმუნე გავხდები, ოჯახს შევქმნი, ყველაფერი დამილაგდება, შვილები კარგად მეყოლება და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცუდია, ღმერთი ჩვენი მიზანი, ცხოვრების წყარო უნდა იყოს. მეორე: როცა გიყვარს ვინმე, გინდა, კარგად გაიგო, ვინ არის, როგორია. როცა გიყვარს ღმერთი, ფიქრობ მასზე, უნდა შეიმეცნო. მაგრამ საკუთარი თავი არ შეგვიცნია და ღმერთს როგორ შევიცნობთ. თუ ღმერთს შევიცნობთ, მერე საკუთარ თავსაც ადვილად შევიცნობთ.
– როგორ უნდა შევიცნოთ ღმერთი?
– უნდა წავიკითხოთ წმიდა წერილი. პავლე მოციქული რომაელებს ასე მიმართავს: ღმერთის უხილავი და მარადიული ძალა ქმნილებათა ხილვით შეიცნობაო. მზე, რომ ამოვიდა, მიხვდი, რომ თავისით არ ამოსულა. რომ იღვიძებ, სუნთქავ, პეპელა დაფრინავს, ხომ უნდა მიხვდე, რომ ამ ყველაფერს თავისი შემოქმედი ჰყავს. მაგრამ ჩვენ ისეთი გათამამებულები ვართ, გვგონია, რომ ღმერთი უკვე შევიმეცნეთ, მართლმადიდებლები ვართ, 20 წელია, ეკლესიაში ვარ, მღვდელი ვარ, მედავითნე. ყველაფერი თუ არა, რაც შეგიძლია, რაც გამოგიცხადა ღმერთმა, ის მაინც უნდა იცოდე და არ უნდა თქვა: არ ცოდნა არ ცოდვააო, როგორც ამას ხშირად ამბობენ. ღმერთზე ღმერთი უნდა გელაპარაკოს და შენ რომ ადამიანი ხარ, ღმერთმა გიშვილა და შენც უკვე ღვთისშვილი გახდი იესო ქრისტეში, ვისშიც სიბრძნის სისავსეა დამკვიდრებული. ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს ღმერთზე, არ შევიმეცნეთ ის, როგორც მე, ასევე, თქვენც. მესამე მდგომარეობა: როცა ადამიანი გიყვარს, იცი, მას რაც უყვარს, რა ესიამოვნება და მას ჩუქნი. შენ უნდა იცოდე, რა ესიამოვნება ღმერთს შენგან. თუ იცნობ ღმერთს, იცი, რომ ის არ შეიწირავს ოქროსა და ვერცხლს, ცხოველებს, ის შეიწირავს მხოლოდ ადამიანის გულსა და სულს. მომეცი, შვილო, შენი გული, – გეუბნება უფალი. ტაძარიც ააშენე, თუ გინდა, შესაწირიც გააკეთე – ამაში არაფერია ცუდი, მაგრამ ღმერთს ჩვენი გული და სული უნდა დამდაბლებული და შემუსვრილი. არ მინახავს დიდი შემწირველი ადამიანები, რომლებიც ეკლესიურად ცხოვრობენ. სულ ამაყობენ: ამდენი თანხა ჩავრიცხე, ეს გავაკეთე, ის, მაგრამ არც გული აქვს შემუსვრილი და არც სული. რადგან ფიქრობს: თანხა ხომ გადავიხადე და ამით ინდულგენცია იყიდა. ბევრი მოძღვარი მათ წინა ადგილებზე აყენებს დიდი კელაპტრებით, აზიარებს. ღმერთთან არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს: მე ეს ვარ და მე – ის, თანხით არაფერი წყდება. უნდა ვიცოდეთ, რას შეიწირავს უფალი და რა უყვარს მას. ღმერთს უყვარს ჩვენი ცხონება, კარგად მოქცევა, როდესაც ვუჯერებთ მას, გონივრულად ვიქცევით, უმადლოები, უმადურები არ ვართ. მეოთხე: როცა ვინმე გიყვარს, ეძებ ადგილს, რომ მას შეხვდე, ემზადები. ღმერთს სად უნდა შეხვდე? უპირველეს ყოვლისა ტაძარში, საპყრობილეში, საავადმყოფოში, უპატრონო ბავშთა სახლში. ყველაზე მეტად ღმერთი იქ არის, სადაც ადამიანებს უჭირთ, სადაც ლანძღავენ, აგინებენ, ჩაგრავენ, ამცირებენ, სადაც შიათ, სწყურიათ. თუ გინდა ღმერთთან შეხვედრა და უნდა გინდოდეს, აუცილებლად უნდა მოიკითხო გაჭირვებულები, წახვიდე ეკლესიაში. ეკლესიის გარეშე არ არსებობს ცხონება. თუ ეკლესიურად არ ცხოვრობ და სადმე იმიტომ მიდიხარ, რომ ხუთმა კამერამ გადაგიღოს, როგორ მიიტანე კანფეტები, ეს არ არის ღმერთთან შეხვედრა. თუ გინდა, რომ გაღარიბდე, შაბათ-კვირას იმუშავე და ბარაქა არ გექნება და არც გაქვს. განა რა საქმე გაქვს ისეთი, რომ ღმერთთან შეხვედრა არ გინდა. აბა, შეხვდი უფალს, ესაუბრე და როგორ არ მოგიგვარებს ის პრობლემებს. და ბოლოს მეხუთე მდგომარეობა: ვინც გიყვარს, იმას იხუტებ გულში. ზოგი ფიქრობს, მოძღვარს თუ ჩაეხუტები, ესე იგი, უფალსაც ჩაეხუტები. არა, მოძღვრის ჩახუტება მოძღვრის ჩახუტებაა, მოყვასის სიყვარულია. ღმერთთან ჩახუტება აღსარებითა და ზიარებით ხდება. პირველი უძღები ავაზაკი იყო, რომელიც დაკარგული იყო და სამოთხეში აახილა თვალები. არ უნდა დაიწყოთ თავის მართლება, თქვით: არ ვარ ღირსი, რომ ამ ეკლესიის მრევლი ვიყო და ჩაგიხუტებთ გულში. თქვით მოკლედ, რომ ცოდვილი ხართ და არ გინდათ ზედმეტი საუბარი. პირველ მცნებას არავინ ვასრულებთ და თუ პირველს არ ვასრულებთ, მეორე როგორ შესრულდება. როგორ შეიძლება, ღმერთი არ გვიყვარდეს და ჩვენი მსგავსი ადამიანი გვიყვარდეს. ამიტომაც ვართ დანევროზებულები, დეპრესიაში და ადამიანი ადამიანს რომ ხვდება, საერთო ენა აღარ აქვთ, რადგან მათ შორის არ არის ღმერთი. როცა ეკლესიები ინგრევა და ცარიელდება, საავადმყოფოები და ციხეები ივსება. ცოდვილი ადამიანი შეიძლება, დაამარცხონ, პატრიარქსაც შეულახონ ავტორიტეტი, მაგრამ იესო ქრისტეს ვერაფერს დააკლებენ. ილია მეორე და ყველა ეპისკოპოსი თვითონ აგებენ პასუხს თავის ცოდვებზე და ის, რასაც დღეს ჩვენი შვილები ხედავენ, ჩვენს მომავალზე ცუდად აისახება.