კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რატომ დაუჭრეს და დაუწვეს ფილმი რეზო ესაძეს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

დღეს გთავაზობთ, ცნობილი ქართველი რეჟისორის, რეზო ესაძის ცხოვრების დღიურებს.
„სიყვარულო, ძალსა შენსა…“

„…მე უნდა გამოვტყდე, ერთი დიდი უბედურების, მეტიც, დანაშაულის თანაავტორი გახლავართ. მე-19 სკოლის მე-10-მე-11-კლასში უკვე ლექსებს ვწერდი. სხვათა შორის, გურამ რჩეულიშვილთან ერთად ვსწავლობდი, ჩემზე ერთი კლასით უკან იყო. ერთი ქართულის მასწავლებელი გვყავდა – იაშა ბურჭულაძე. შესანიშნავი პოეტი იყო, „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორად მუშაობდა. ერთ ნომერში, შემთხვევით (თვითონ ავად იყო და ვერ მიაქცია ყურადღება), გადაიტანეს სიტყვა „სტა-ლინი“. ამის გამო მოხსნეს, დახვრეტას გადარჩა, მაგრამ პოეტობას თავი დაანება. მას მერე სკოლაში ასწავლიდა… ჩემს მერხზე იჯდა ჩემი ძმაკაცი, ულამაზესი ბიჭი, მერე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო სპორტში. 23-ე სკოლელი გოგო უყვარდა. გაგიჟებული იყო, მაგრამ გოგო ისეთი იყო… თურმე ერთხელ იმ გოგოს უთქვამს, შემიყვარდები, თუ ლექსს დაწერო. როგორი ლექსი გინდაო, უკითხავს. რეზო რომ წერს, ისეთიო. მოვიდა ეს ჩემი ძმაკაცი, მოკლედ, შეკვეთაა, რომ დავწერო ლექსი. კარგი ლექსი გამოვიდა. მიუტანა გოგოს, როგორც საკუთარი, პირველს მეორე ლექსი მოჰყვა, მეორეს – მესამე… ვწერ და ვწერ ამ ლექსებს… ამასობაში დაქორწინდნენ კიდეც. მერე მე მოსკოვში წავედი. ერთი-ორჯერ იქიდანაც გამოვუგზავნე ლექსი და მერე მომბეზრდა…
ბლატუნიე რეჟისორი
… მამაჩემი რომ გარდაიცვალა, დასასაფლავებელი ფული არ გვქონდა და მაშინ გაიყიდა სოფელი. ახლა ჩემმა შვილებმა, ისე რომ არც კი ვიცოდი, მოსკოვში ვიყავი წასული, დამახვედრეს ამბავი: მამა, სოფელი დავიბრუნეთო… მე ფიზიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ჩემგან კარგ ფიზიკოსს ელოდნენ, იმდენად კარგს, რომ კათედრაზეც დამტოვეს. ჩემს დროს თბილისის უნივერსიტეტი ერთი შიგნით იყო, შენობაში, მეორე – ბაღში. შიდა უნივერსიტეტის რექტორი იყო ნიკო კეცხოველი (ასეთი რექტორი უნივერსიტეტს არ მოსწრებია), ბაღის უნივერსიტეტის რექტორი კი – გენიალური პოეტი, უნიჭიერესი კაცი, ჩვენი თაობის სულიერი წყარო – შოთა ჩანტლაძე… ფიზიკის ფაკულტეტზე შემთხვევით მოვხვდი. ჟურნალისტების რიგში ვიდექი. მაშინ ოქროს მედალი იყო და ოქროს მედალოსნებს უგამოცდოდ იღებდნენ, ერთადერთი შეღავათი ლიმიტი იყო. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე თოთხმეტ მედალოსანს იღებდნენ, მეთხუთმეტეს – აღარ. ამიტომ საღამოდან იწყებოდა რიგი. ვდგავარ რიგში. მეჩვიდმეტე ვარ. ჩემს უკან კიდევ რვა კაცია და იმის იმედით ვარ, თუ ისინი დგანან, რატომ მე არ უნდა ვიდგე, რატომ უნდა დავთმო ჩემი მეჩვიდმეტე ადგილი!.. მანამდე საოჯახო კონსილიუმი იყო, იმსჯელეს, რომელ ფაკულტეტზე შევსულიყავი. ვთქვი, ისტორიკოსობა მინდა-მეთქი, – არ გრცხვენია, ბიჭო, ნესტორიე ერქომაიშვილი, ბლატუნიე ნესტორიე რომაა, იგი უნდა გამოხვიდეო, მითხრეს. ჯავახიშვილს და სხვებს კი არ იხსენებდნენ, არა, მაინცდამაინც ბლატუნიე ნესტორიე ახსოვდათ. ერთი სიტყვით, ჟურნალისტობა გადავწყვიტე და გამოვაცხადე, ლაპარაკი არ გავიგო-მეთქი… და ვდგავართ რიგში მთელი ოჯახი. რიგმა ღამის თორმეტ საათამდე გასტანა.  რომ გათენდა, მეც კაი წაყვინთული ვიყავი, გააღეს უნივერსიტეტის კარი და იგრიალა ხალხმა, ყველა ფაკულტეტის რიგები ერთად იდგა იქ, წამიღეს ნახევრად მძინარე და მიმალესეს იმ ადგილას, სადაც „ფორთოჩკები“ იყო. ერთადერთი საფიქრალი ისღა მქონდა, როგორ გამომეტანა სული იქიდან. გამოვედი დაბოღმილი, ვდგავარ კიბეებზე და, ტურა რომ გამოვარდება საიდანღაც, ისე გამოვარდა კონო ჩხატარაშვილი. ერთად ვსწავლობდით შემოქმედში, თბილისში რომ გადმოვედი, მე-19 სკოლაში, იქაც ერთად ვიყავით და ახლა, აგერ რომ ვარ კიბეზე
დაბოღმილი, ამეტუზა წინ.
– რა ქენი, მე აგერ უნივერსიტეტში ვარ უკვე. მეორე კორპუსში ურიგოდაა თლათო.
– ვაიმე, არიქა, მიშველე-მეთქი.
გავიქეცით ორივენი, მივვარდით, ქალი იყურება „ფორთოჩკაში“, ამთქნარებს.
– ბიცოლა, საბუთებს ღებულობთ? – ვეკითხები.
– მომეცი აგერ, ნენა, თვარა ამგჯა ყბები უსაქმურობითო. გამომართვა, ჩაწერა ყველაფერი და მომცა ქვითარი. გამოვედით გარეთ, მოვდივართ და ეს კონოიე რაღაცას იკრიჭება. რა გაცინებს-მეთქი, ვკითხე.
– შენ იცი, სად ჩააბარეო?!
– უნივერსიტეტში-მეთქი!
– უნივერსიტეტი დიდიაო.
ფიზიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე უნივერსიტეტის ყოჩი გავხდი. გამოსასვლელი სისხლი უნდა გამოვიდესო, იტყვიან გურიაში. გავიხედ-გამოვიხედე უნივერსიტეტში და ვნახე, თურმე აქ სტუდენტური თეატრი იკრიბება. მივედი. ხელმძღვანელი გოგი კობიაშვილი იყო, მერე – ბიჭიკო ჩხეიძე. გოგოლის „რევიზორს“ დგამდნენ. როლების განაწილებისას მკითხეს, შენ მოშორებით რატომ ზიხარო. აქ კარგი ჰაერია-მეთქი. ენა კი მქონდა მიჩვეული. ამ დროს უნივერსიტეტის კლუბის გამგე ოთარ სადრაძე იყო, მის ირგვლივ შემოკრებილი იყვნენ ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი, ბალარჯიშვილი, დიღმელიშვილი, ჩოჩუები, ანზორ ჩაფიძე… ამ დროს ქართლოს კასრაძემ დააარსა უნივერსიტეტის იუმორისტული გაზეთი „ჭინჭარი“, რომლის მთავარი მხატვარი და, მერე რედაქტორიც მე გავხდი. იქ რა ხდებოდა, ცალკე მოსაყოლია.
უნივერსიტეტის ასტროფიზიკის შენობაში, ახლა უნივერსიტეტის ბაღში რომ დგას, იკრიბებოდა ყველა – მწერალიც, არამწერალიც…. „მიფრინავენ წეროები: გამოვიდა მაშინ. ყველამ ცაში აიყვანა ეს სურათი, ერთადერთი მე დავიწუნე, პირველი ნახევარი კარგია, მეორე ნახევარი ნაგავია-მეთქი. გაგიჟდა ნოდარ დუმბაძე, აქ ხალხი პოემებს და ლექსებს ვწერთ და ჩვენთან მაინც არ გეთქვაო. შენ ახლა ჩვენზე მეტი გესმისო?! მესმის, ვუთხარი, მესმის და დაგიმტკიცებ-მეთქი. რითიო? ერთ წელიწადში კინოს გადავიღებ-მეთქი. ამ დროს არც „ვგიკის“ არსებობა ვიცოდი, არც რეჟისურის ამბები. მასეთ ლექსებს შენ რომ წერ, მეც ვწერ-მეთქი, – ვუთხარი. ამაზე სულ გაგიჟდა. ლექსს კი არა ბებიაშენს ვერ მისწერ წერილსო.
– მითხარი, რაზე დავწერო და აქვე დავწერ-მეთქი.
დილა იყო. ბაღში ვიდექით, ქარი ქროდა და გვციოდა. ნოდარმა სწორედ დილაზე, ბაღზე, ქარზე და სიცივეზე „შემიკვეთა“… გაგიჟდნენ. შოთამ ხელი ხელში ჩამჭიდა და აწია. იმ დღეს გადაწყდა, რომ „ვგიკში“ წავიდოდი.
დამწვარი კადრების რეჟისორი მსოფლიო რუკაზე
(წყარო: „ბურუსი“). უნივერსიტეტის შემდეგ „ვგიკი“ დავამთავრე, რუსეთში თხუთმეტი წელი ვიმუშავე, ექვსი წლით დისკვალიფიკაცია მომცეს
ფილმისთვის – „ერთი ნახვით შეყვარება“. იქ დისკვალიფიცირებული აქ გადმომიყვანეს და დამსვეს პირველი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელ-მოადგილედ. მაშინ რაც უფრო მეტად გსჯიდნენ, მით უფრო ფურორში იყავი. რომმა „ვგიკში“ უგამოცდოდ მიმიღო. პირველი კურსიდან კი მრიცხავდა, გადავრჩი, არ გამომრიცხა. მერე მივიღე ყველა სახის სტიპენდია, რაც კი არსებობდა. მოსკოვში ერთადერთი ლენინური სტიპენდია იყო და იმასაც მე ვიღებდი, მაგრამ უცებ ყველაფერი ჩემ საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა, იმდენად, რომ დაჭრეს ჩემი საკურსო სურათი, მისგან კადრიც კი არ დამრჩა. ეს იყო ფილმი „ერთხელ“… ალექსანდრე მაისეევიჩ ვოლოდინმა დამიწერა სცენარი. ჯერ დავწერე „ფრო“ – პლატონოვის, აკრძალული ავტორის ნაწარმოების რეჟისორული სცენარი. კულიჯანოვს რომ მივუტანე, კინაღამ გული წაუვიდა. მომაშორეთ, რაც უნდა დაწეროს, ვისაც უნდა დააწერინოს, ოღონდ პლატონოვი არ გავიგოო. წამოვედი და ალექსანდრე მაისეევიჩმა მითხრა, მე დაგიწერო. პეტერბურგის ზედა და ქვედა ფენებზე დამიწერე-მეთქი. მივიტანე ისევ სცენარი და კულიჯანოვი ისევ აყვირდა, ეს მომაშორეთ, პლატონოვი ჯობიაო. გავაკეთე პლატონოვი და პირველივე ჩვენებისას რვა ნაწილიდან სამი ამოჭრეს და იქვე დაწვეს. მესამე გაერთიანებაც მალე დახურეს… მოკლედ, ასე მივდიოდი… ბედი მქონდა ასეთი… მსოფლიო რუკაზე წყალი რომ მეტია, ბებიაჩემს ესეც ჩემი ბრალი ეგონა…
„ერთი ნახვით შეყვარება“
…ჩემთან პროფესიონალი და არაპროფესიონალი ერთად მუშაობენ და არაპროფესიონალი არაფრით ნაკლები არ არის პროფესიონალზე. რამაზ ჩხიკვაძე „ერთი ნახვით შეყვარებაში“ ფანჩულიძის გვერდით რომ თამაშობდა, თითებს ილოკავდა, მის თამაშს რომ უყურებდა. ფანჩულიძეს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა იყო კინოაპარატი, მილიციელობაზე ოცნებობდა… ჩემი ოცნება იყო, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ვყოფილიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ, იგივეა. შეიძლება, ეს მეტიცაა…“        
скачать dle 11.3